რით ანებივრებს სოფო კუჭავა შვილს

რით ანებივრებს სოფო კუჭავა შვილს

მომღერალი სოფო კუჭავა ფართო საზოგადოებამ სატელევიზიო პროექტით - "ნუცას სკოლა" გაიცნო. ამ პროექტმა მას ბევრი რამ შესძინა და ფაქტობრივად, მისი მუსიკალური კარიერაც სწორედ აქედან დაიწყო. თუმცა ბავშვობიდან ბადრი ტუღუშთან, ანსამბლ "ნადურში" მღეროდა, შემდეგ - თამრიკო ჭოხონელიძის სტუდიაში. პროფესიით გერმანისტია, მაგრამ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის II სამუსიკო სასწავლებელში ვოკალის განხრით, ნუნუ გაბუნიასთან სწავლობდა. მოგვიანებით ძალები მუსიკალურ კონკურსში - "ჯეოსტარი" მოსინჯა და გაუმართლა: მართალია, "ჯეოსტარი 2005" გიორგი შარაბიძე გახდა, მაგრამ სოფოს ტოლი არავისთვის დაუდვია. მან ღირსეულად განვლო კონკურსის ურთულესი ეტაპები, რომელსაც მხოლოდ ნახევარფინალში გამოეთიშა... ვინაიდან "ჯეოსტარი 2011"-მა დიდ საკონცერტო დარბაზში სტარტი უკვე აიღო, სოფოს, როგორც ერთ-ერთ "ჯეოსტარელს", ამ კონკურსის შეფასება ვთხოვე.

-  "ჯეოსტარი" მასშტაბური კონკურსია. ბედნიერებაა, როდესაც ფილარმონიაში გამოდიხარ და არაჩვეულებრივი ბენდის თანხლებით მღერი. დღესაც დიდი სიყვარულით ვიხსენებ ბენდის თითოეულ წევრს და მადლობას ვუხდი გაწეული შრომისა და თანადგომისთვის; გარდა იმისა, რომ მონაწილეებს პროფესიული თვალსაზრისით გვეხმარებოდნენ, ფსიქოლოგიურადაც მხარში გვედგნენ. "ჯეოსტარის" მიმდინარეობისას ბევრი რამ ვისწავლე, უამრავი ადამიანი გავიცანი, მეგობრები, მსმენელი და გულშემატკივარი შევიძინე...

-  "ჯეოსტარის" შემდეგ არაერთ ღონისძიებასა თუ კონცერტში მონაწილეობდი, სხვადასხვა კომპოზიტორთან გიმუშავია, მაგრამ ამ ეტაპზე, მუსიკალური თვალსაზრისით, აღარ აქტიურობ. რა არის ამის მიზეზი?

-  არაერთს უთქვამს, - გვენატრები და გვინდა, სცენას დაუბრუნდე, სიმღერა გააგრძელოო. მეც მაქვს ამის სურვილი და მომცეს კიდეც რამდენიმე სიმღერა (ლილიკო ნემსაძის, ქეთი გაბისიანის; ასევე, ნანა მესხმა და მამუკა ჩარკვიანმაც დამიწერეს ულამაზესი სიმღერები), მაგრამ მათი ჩაწერა გარკვეულ თანხასთანაა დაკავშირებული და ამიტომაც ვფერხდები. მართალია, შემოქმედებითი პაუზა ცოტა გამიხანგრძლივდა, მაგრამ მსმენელს არ ვავიწყდები... იმედი მაქვს, მალე გამოჩნდება პროდიუსერი, რომელიც მხარში ამომიდგება და დიდ სცენაზე ძალებს ისევ მოვსინჯავ...

-  ალბათ, ამ ხანგრძლივი პაუზის მიზეზი გარკვეულწილად, შენი მცირეწლოვანი შვილიცაა, რომელსაც ყურადღებას ვერ აკლებ...

-  გეთანხმები, ბავშვს მართლა სჭირდება დედა და ვცდილობ, მასთან რაც შეიძლება მეტი დრო გავატარო. თათუკა უკვე წამოიზარდა, აპრილში 4 წლის გახდება. კარგი შვილია. ცელქი და შემაწუხებელი ბავშვი ნამდვილად არ არის. უყვარს სიმღერა, ცეკვა, ლექსები, ზღაპრები. ხელში სულ წიგნი უჭირავს და მთხოვს, წავუკითხო. ოჯახში ყველანი ვმღერით, რაც ძალიან მოსწონს; ყურადღებით გვისმენს და ხმას აგვაყოლებს ხოლმე, ეს კი მშვენივრად გამოსდის. ვცდილობ, ხარისხიანი სიმღერები მოვასმენინო...

-  "ჯეოსტარი" კვლავ გრძელდება და ფილარმონიის დარბაზში უკვე სტარტიც აიღო... როგორ მოგეწონა წლევანდელი ჟიურის წევრების მუშაობა და გაიხსენე ის ჟიურიც, რომელმაც შენ აღმოგაჩინა.

-  2005 წელს ჟიურის წევრები იყვნენ: ნიკა მემანიშვილი, ნატო მეტონიძე, ნანიკო ხაზარაძე და დუტა სხირტლაძე, კონკურსის წამყვანები კი - ხატია შამუგია და ნიკა ლომიძე... ეს კონკურსი ახლა ბევრად დახვეწილია. კონკურსანტებს ჰყავთ ვოკალის პედაგოგები, მათ ჩაცმულობაზე დიზაინერები ზრუნავენ, ჩვენ კი ვოკალის პედაგოგებიც არ გვყოლია. თუკი რომელიმე ჩვენგანს რაიმე სჭირდებოდა, ერთმანეთს ვთხოვდით რჩევას ან ბენდის წევრები გვეხმარებოდნენ; კონსულტაციებს გვიწევდნენ ნიკა მემანიშვილი და ნატო მეტონიძეც. რაც შეეხება ჟიურის, მისი სათქმელი ნებისმიერ დროს ერთნაირია, რაც შესაძლოა, ყველასთვის სასიხარულო და სასიამოვნო მოსასმენი არ იყოს, მაგრამ სხვანაირად არ გამოვა. როდესაც ჟიურის წევრი ვინმეს შენიშვნას აძლევს, ეს კონკურსანტმა ისე კი არ უნდა აღიქვას, თითქოს ის მისი მტერია, არამედ პირიქით - ნებისმიერი შენიშვნა რჩევად უნდა მიიღოს და მომავალში გაითვალისწინოს.

-  როგორ ფიქრობ, წლევანდელ ჟიურის რაიმე ხომ არ შეეშალა?

-  წლევანდელ შესარჩევ ტურებს, მოუცლელობის გამო, თვალყურს ვერ ვადევნებდი, ამიტომ ვერაფერს გეტყვი. თუმცა მათ ადგილას შეიძლება, რომელიმე კონკურსანტის ნიჭი მეც არასწორად შემეფასებინა, მაგრამ მერწმუნეთ, ჟიურის წევრებზე უკეთ არავინ იცის, ამ შოუკონკურსისთვის როგორი ადამიანები სჭირდებათ. "ჯეოსტარში" ხომ მხოლოდ სიმღერა არ ფასდება - მნიშვნელოვანია მომღერლის არტისტულობა, გარეგნობა, პლასტიკურობა, შარმი... თუ ადამიანი არ არის არტისტული, სიმღერის აღქმის უნარი არ გააჩნია, არ შეუძლია სიმღერის ტექსტის გააზრება, ავტორის სათქმელი მსმენელამდე ვერ მიაქვს, ნამღერს ემოციურად ვერ გადმოსცემს, მხოლოდ ტექნიკურად გამართულ შესრულებას აზრი არა აქვს. მომღერალი სცენაზე ბოლომდე უნდა დაიხარჯოს.

-  რა რჩევას მისცემდი წლევანდელ კონკურსანტებს, რომლებსაც წინ სერიოზული მარათონი ელის?

-  მნიშვნელობა არა აქვს, გაიმარჯვებენ თუ არა. მთავარია ახსოვდეთ, რომ უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, რადგანაც მათ უამრავი ადამიანი უსმენს და აფასებს. ამიტომ საკუთარ თავს მოდუნების უფლება არ უნდა მისცენ, ხალხს თავი უნდა დაამახსოვრონ.

-  სოფო, საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნებაში" დილის გადაცემა - "განთიადი" მიგყავს. იქ როგორ მოხვდი?

-  "განთიადი" პირველად 2008 წლის 19 იანვარს წავიყვანე. მართალია, პროფესიით ჟურნალისტი არ ვარ, გერმანისტი გახლავართ, მაგრამ ამ საქმეში ის სატელევიზიო გამოცდილება დამეხმარა, რაც "ნუცას სკოლასა" და "ჯეოსტარში" მივიღე. ასევე არაერთ გადაცემაში ვმონაწილეობდი. სწორედ "იმედში", ერთ-ერთ გადაცემაში ვიყავი სტუმრად მიწვეული და დავით კიკვაძემ, იმავე კულუმბურამ მითხრა, რომ საპატრიარქოს ტელევიზია სიახლეებს გეგმავდა და მირჩია, ქეთი დუმბაძესთან (ნოდარ დუმბაძის ქალიშვილი მაშინ იქ მუშაობდა), მივსულიყავი. მივედი და სწორედ მისგან შევიტყვე, რომ არხზე დილის გადაცემა უნდა დაწყებულიყო. ჩავწერეთ სინჯები და მოწონება დავიმსახურე. მინდა, შემთხვევით ვისარგებლო და უღრმესი მადლობა გადავუხადო მეუფე პეტრეს - ჭყონდიდელს, რომელიც ჩვენი ტელევიზიის ხელმძღვანელი გახლავთ. არ დამავიწყდება პირველი ეთერი. მართალია, ძალიან ვინერვიულე, მაგრამ პირველი გადაცემა წარმატებული აღმოჩნდა... იქ მუშაობით უკვე დიდი გამოცდილება დამიგროვდა. ჩვენი ტელევიზია არის ერთი დიდი ოჯახი. ბედნიერი ვარ, იქ მომუშავე ადამიანებთან რომ მიწევს ურთიერთობა. ჩვენთან უდიდესი სიყვარული და ერთსულოვნება სუფევს, რადგანაც ერთმანეთის სულიერი და-ძმები ვართ. პარალელურად ვმუშაობ ლევან სამხარაულის სახ. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.

-  ვიცი, რომ ცოტა ხნის წინ პრესტიჟული ფესტივალის - "ჩვენებურების" წაყვანა მოგანდვეს. ეს როგორ მოხდა?

-  წლევანდელი ფესტივალი უკვე მეთხუთმეტედ ჩატარდა. მასში 7 ქვეყანა მონაწილეობდა. ჩამოსულები იყვნენ: ისრაელიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ირანიდან, თურქეთიდან, აშშ-დან, საფრანგეთიდან. ფესტივალი გაიხსნა ბათუმში, შემდეგი ღონისძიება ანაკლიაში გაიმართა, მერე კი კონცერტები გრიბოედოვის თეატრსა და მთაწმინდის პარკში გვქონდა. ამ ფესტივალის დამფუძნებელი და პრეზიდენტი ქალბატონი გიული ალასანია გახლავთ, ვიცე-პრეზიდენტი - დარეჯან კუხიანიძე, სამხატვრო ხელმძღვანელი - ანზორ ერქომაიშვილი; ფესტივალის გენერალური დირექტორი კი გია კალანდაძეა... ქალბატონი დარეჯანი დამიკავშირდა და მაცნობა, - გვინდა, რომ ფესტივალის წამყვანი შენ იყოო. გამიხარდა, მაგრამ იქვე უდიდესი პასუხისმგებლობა ვიგრძენი. დიდი ბედნიერებაა იმ ადამიანებთან ურთიერთობა, ვინც ჩამოვთვალე და მათთანაც, ვინც საქართველოში სპეციალურად ამ ფესტივალისთვის ჩამოვიდნენ. მათ ხომ გულით უყვართ საქართველო. ეს ადამიანები ყველაფერ ქართულს კბილებით იცავენ, შვილებს ქართულად ზრდიან და ტრადიციებს გადასცემენ, რაც დასაფასებელია. მათ სიმღერაში, ცეკვაში იგრძნობოდა, რომ აქ ყოფნა საოცრად უხაროდათ. ფესტივალზე ყველა იმ ადამიანმა მოიყარა თავი, ვისაც მართლა უყვარს და სტკივა ყველაფერი ქართული... ფესტივალი კიდევ იმითაა მნიშვნელოვანი, რომ მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველი ემიგრანტები ერთმანეთს უმეგობრდებიან. ფესტივალის დასასრულს, ისინი თვალცრემლიანები ემშვიდობებოდნენ ერთმანეთს, აქედან წასვლა აღარ უნდოდათ... ძალიან მიხარია, მოწონება რომ დავიმსახურე - როგორც წამყვანმა. მითხრეს, - "ჩვენებურების" მუდმივი წამყვანი იქნებიო...

-  გილოცავ. ჩვენ თითქმის ყველაფერზე ვილაპარაკეთ, გარდა შენი პირადი ცხოვრებისა. მეორედ გათხოვებას ხომ არ აპირებ?

-  პირად ცხოვრებაზე საჯაროდ არასდროს ვლაპარაკობ. ის იმიტომ არის პირადი, რომ მართლაც პირადია!..

ლალი ფაცია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება