გერმანიაში მიხეილ ხოდორკოვსკის საბანკო ანგარიშები აღმოაჩინეს. თანხა სულ 15 მლნ ევროს შეადგენს. გაზეთ Sueddeutsche Zeitung-ის ცნობით, რამდენიმე თვის წინ გერმანელმა გამომძიებლებმა ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.
გამოცემის ინფორმაციით "იუკოსის" ყოფილი მფლობელის აქტივები გადასახებისგან თავის არიდების შემთხვევების გამოძიებისას აღმოაჩინეს. შემოწმება გერმანიის ჩრდილო-სამხრეთით მდებარე ქალაქ მიუნსტერში შვეიცარიული ბანკის Julius Baer-ის განყოფილებასაც შეეხო. ინსპექტორებმა ბანკის კლიენტების მონაცემების შემცველი დისკი შეისწავლეს, შემდეგ კი ბანკის ფრანკფურტში მდებარე შტაბ-ბინა შეამოწმეს. დოკუმენტების საფუძვლიანად გაცნობის შემდეგ ინსპექტორებმა დაადგინეს, რომ ხოდორკოვსკისა და მისი ოჯახის წევრების ანგარიშებზე 15-დან 20 მლნ ევრომდე თანხა ინახება.
ახლაც გრძელდება თუ არა რამდენიმე თვის წინ დაწყებული გამოძიება, უცნობია.
შეგახსენებთ, მიხეილ ხოდორკოვსკი და ჯგუფ "მენატეპის" ყოფილი თავმჯდომარე პლატონ ლებედევი ამჟამად სასჯელს ციხეში იხდიან. მათ ბრალი ფულის გათეთრებასა და 200 მლნ ტონა ნავთობის მოპარვაში ედებათ. 2010 წელს მოსკოვის სასამართლომ მათ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. შემდეგ ლებედევსაც და ხოდორკოვსკისაც ეს საჯელი ერთი წლით შეუმცირდათ. ისინი ციხიდან 2016 წელს გამოვლენ.
მომზადებულია www.sueddeutsche.de-ს მიხედვით.