ირჟი კილიანი - თანამედროვე ბალეტის კლასიკოსი

ირჟი კილიანი - თანამედროვე ბალეტის კლასიკოსი

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა ქართული საბალეტო დასის მიერ წარმოდგენილი ირჟი კილიანის ბალეტი იყო, კილიანი დღესდღეობით ერთ-ერთ უდიდეს ქორეოგრაფად მიიჩნევა, რომელმაც დროს ფეხიც აუწყო და გაასწრო კიდეც.

მსოფლიო დონის ბალეტმაისტერი 1947 წელს დაიბადა ჩეხეთის ქალაქ პრაღაში. თავისი პროფესიონალური მომზადება პრაღის ნაციონალური თეატრის საბალეტო სკოლაში ჯერ კიდევ ცხრა წლისამ დაიწყო. იმავე ასაკიდან ამ თეატრში ცეკვავდა. თხუთმეტი წლის ბიჭუნა უკვე პრაღის კონსერვატორიაში სწავლობდა, თანაც ჩეხეთის კომუნისტური დიქტატურის პერიოდში, თუმცა ირჟი კილიანმა მაინც მოახერხა ამ გარემოში სრულიად თავისუფალ, ავანგარდულ შემოქმედად ჩამოყალიბებულიყო.

20 წლის კილიანმა სწავლის გაგრძელება ლონდონის საბალეტო სკოლაში გადაწყვიტა, სადაც ქორეოგრაფიის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებს ეზიარა - ბალეტს და თანამედროვე ცეკვებს.

1973 წელს შტუტგარტის საბალეტო თეატრში ბალეტის მოცეკვავედ მოეწყო. დროთა განმავლობაში, ამ პერიოდის ყველაზე გამოჩენილ ქორეოგრაფსა და შტუტგარტის ბალეტის დირექტორ ჯონ კრანკოს დაუახლოვდა, რომელმაც კილიანის მოცეკვავის მუდმივი კონტრაქტი და საკუთარი საცეკვაო ნამუშევრის მომზადება შესთავაზა.

იმავე წელს ნიდერლანდური ცეკვის თეატრისთვის ბელა ბრატოკის მუსიკაზე დადგმული ქორეოგრაფიული ნომრის შემდეგ კილიანისა და საქვეყნოდ ცნობილ ჰოლანდიურ კომპანია Nanerdlands Dans Theater-ს შორის ურთიერთობები დამყარდა, რის შედეგადაც კილიანმა ამ დასისთვის 50 საცეკვაო სპექტაკლი დადგა. ამან მას, როგორც რეჟისორს, მსოფლიო აღიარება მოუტანა. 1975 წლიდან დღემდე კილიანი ამ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია.

1995 წელს საქვეყნოდ აღნიშნეს ირჟის დასში მოღვაწეობის 20 წელი და წარმოადგინეს სპექტაკლი "არჩიმბოლიდო". კილიანის დადგმები მსოფლიოს წამყვანი დასების რეპერტუარში შევიდა.

შესანიშნავი ჩეხი რეჟისორი ორჯერ დააჯილდოვეს Benoisde la Danse-თი, როგორც სცენოგრაფი. იგი კიდევ ორჯერ იყო ნომინირებული ამ პრიზზე.

უკვე თავის პირველ ნამუშევრებში საცეკვაო ტექნიკის განახლებისა და კლასიკური და თანამედროვე ცეკვების დაახლოებისკენ მიისწრაფოდა, რაც მის შემოქმედებით ახალგაზრდობაში აბსურდად მიიჩნეოდა.

ჩეხეთში კომუნისტური დიქტატურის დროს ხელოვნებას ნაზიარებმა, მან დროთა განმავლობაში თავისი განუმეორებელი სტილი შექმნა, რომელსაც მომხრეები და მიმდევრები გამოუჩნდნენ არა მარტო დასავლეთ ევროპაში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ამრიგად, ჩეხური წარმოშობის კილიანის წყალობით, XX საუკუნის ბოლოს ნიდერლანდებმა მოწინავე ქორეოგრაფიული ქვეყნების რიგში გადაინაცვლა.

პირველი სპექტაკლები

1978 წელს კილიანი ჰოლანდიური დასის უპირობო ლიდერი გახდა. დასში მიწვევა მან სიმბოლურად გამოხატა ბალეტ "სხვის ქვეყანაში დაბრუნების" ახალ ვერსიაში, რომელიც შეიქმნა ჩეხი კომპოზიტორის იანაჩეკას მუსიკაზე. "იცოცხლო - ნიშნავს აზროვნებდე, გარდაიცვალო - ესე იგი ამ ზღვარს უნდა გადააბიჯო და უცხო ქვეყანაში უგონო მდგომარეობაში აღმოჩნდე". - ასე ხსნის ამ ნაწარმოების თემას თავად ბალეტმაისტერი.

ერთ-ერთ ინტერვიუში კილიანმა თავს "ეკლექტიკოსი" უწოდა, რომელიც თანამედროვე და კლასიკური ცეკვების გაერთიანებისკენ მიილტვის". ბალეტმაისტერის აზრით, ცეკვის ამ ორმა მიმართულებამ მშვიდობიანად უნდა თანაიარსებოს და ერთმანეთი თავიანთი საღებავებით შეავსონ.

ბევრი კრიტიკოსი კილიანის კლასიკური ცეკვის პაროდისტად, მის შემოქმედებას კი "კალამბურად" აღიქვამს, მაგრამ სწორედ ამ "კალამბურში" ჩანს, როგორ თავისუფლად გრძნობს ქორეოგრაფი ცეკვის ანაბანას. პაროდირება წინ იწევს მაშინ, როდესაც ჩნდება ჩამკვდარი, დაძველებული გამომსახველობის ახალი ხედვით შეცვლის მიზეზი. კილიანი ევროპული კლასიკური ცეკვის კრიზისიდან გამოყვანის საკუთარ გზებს ეძებდა და თავისი ქორეოგრაფია სტილური ელემენტებით გაამდიდრა. მან გაცილებით მეტი ადამიანი მიიყვანა ბალეტის სანახავად და ბალეტი დიდ შოუდაც აქცია. მარტო შიშველი ბალერინების სანახავად, მხოლოდ ინტერესის გამო, უამრავ ადამიანს "შეუჭყეტია" კილიანის დადგმებზე, მერე კი ბალეტის ჭეშმარიტ გულშემატკივრად ქცეულა.

ბალეტის კლასიკოსი

კილიანის, თავისი სახელმოხვეჭილი კოლეგებისგან განსხვავებით, მონუმენტური სიმფონიური ნაწარმოებები უფრო იზიდავს, რომლებიც რთულ იდეურ-ემოციურ შინაარსს შეიცავს. გარდა ამისა, მას, როგორც ბალანჩინს, უნდა, რომ ცეკვა მუსიკისგან წარმოიშვას. ამასთან, მნიშვნელოვანია ის, რომ მუსიკა შინაგან იმპულსებს ემსახურება, ქორეოგრაფი მისი კლასიკური ანალოგისკენ კი არ მიილტვის, არამედ საკუთარ კომპოზიციას ქმნის.

მოცარტის მუსიკაზე შექმნილი "პატარა სიკვდილი", რომელშიც ექვსი წყვილი მონაწილეობს, ფრანგული გამოთქმის პარაფრაზია, რომელიც "სასიყვარულო ექსტაზს" ნიშნავს. ეს ბალეტი გრძნობების ბრძოლაზეა, რომელიც ცხოვრებაში ყოველთვის არსებობს. კილიანის ბალეტი, როგორც მთლიანად მისი შემოქმედება, ძალიან თეატრალურია, მასში არის საკუთარი დრამატურგია, საკუთარი სცენური ილეთები, რომლებიც ბალეტს საერთო წარმოდგენად აქცევს, მნიშვნელოვან როლს ასრულებს დაშნები, რომლებსაც მოხერხებულად ხმარობენ მამაკაცები, კაბა-ხაბარდები, რომლებიც იოლად სცილდება მოცეკვავეებს სხეულებიდან და უხილავი გორგოლაჭებით სცენიდან ქრება.

1995 წელს კილიანის მიერ შექმნილი სპექტაკლი "შავი და თეთრი" მისი შემოქმედების მწვერვალად და უკვე კლასიკად იქცა. მის დადგმებს უსიტყვო ანსამბლს უწოდებენ. კილიანი ბრწყინვალედ ფლობს ცეკვის ანაბანას. უბრალო, საყოველთაო, კლასიკურ მოძრაობასა და მოდერნის ცეკვას უხამებს ერთმანეთს.

სწორედ ამის გამო რეჟისორი კლასიკოსად იქცა და მისი შემოქმედება მსოფლიო ბალეტის მოყვარულებს აღაფრთოვანებს.

კილიანის ნაწარმოებები მსოფლიოს 80-ზე მეტ დასსა და სკოლაში სრულდება. კილიანიმ ბალეტები შექმნა როგორც ნიდერლანდების ცეკვის თეატრის, ასევე შტუტგარტის ბალეტის, პარიზის ოპერის, შვედეთის ტელევიზიისა და ტოკიოს ბალეტისათვის. კილიანმა კარიერის განმავლობაში მრავალი საერთაშორისო ჯილდო დაიმსახურა. იგი არის ჰოლანდიის Orange-Nassau სამეფო ორდენის ოფიცერი, ნიუ-იორკის ჯულიარდის სკოლის საპატიო დოქტორი, ნიჟინსკის ჯილდოს სამგზის ლაურეატი (საუკეთესო ქორეოგრაფიის, დასისა და ნაშრომისათვის), მიღებული აქვს ჯილდოები მოსკოვსა და ბერლინში, არის ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მიერ გადაცემული საპატიო მედლისა და საფრანგეთის საპატიო ლეგიონის კავალერი.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება