ზოი სალდანა - "რეჟისორებს ჩემი გაშიშვლება მოსწონთ"

ზოი სალდანა - "რეჟისორებს ჩემი გაშიშვლება მოსწონთ"

ოქტომბრის დასაწყისში მსოფლიო კინოთეატრების ეკრანებზე გამოვიდა ახალი ტრილერი "კოლომბიანა", რომელიც ფრანგმა რეჟისორმა ოლივიე მეგატონმა გადაიღო. მთავარ როლზე მან "ავატარის" ვარსკვლავი ზოი სალდანა დააკავა, რომლის გმირიც ნამდვილი მებრძოლი ქალია.

დოსიე

ზოი სალდანა ნიუ-ჯერსიში დაიბადა, დომინიკელისა და პუერტორიკოელის ოჯახში. მას ლიბიური, ირლანდიური, იამაიკური და ინდური ფესვები აქვს. ზოი კარგად ფლობს ესპანურ და ინგლისურ ენებს. 10 წელი დომინიკის რესპუბლიკაში იცხოვრა, იქვე დაინტერესდა ბალეტით. 17 წლისა ამერიკაში დაბრუნდა და თეატრალურ დასში ჩაირიცხა. ცეკვისადმი მიდრეკილების და ასევე სამსახიობო ნიჭის წყალობით სამსახიობო სააგენტოში აიყვანეს სამუშაოდ. პირველი როლი სწორედ ცეკვის გამო მისცეს - ბალერინა განასახიერა ფილმში "ავანსცენა" (2000 წელს). მერე კი მსოფლიო აღიარება "ავატარით" ეწვია. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ზოი თავის ძველ მეგობარზე, მსახიობ კიტ ბრიტონზეა დანიშნული.

"ჩემი გმირი შურისძიებით არის შეპყრობილი"

- ახალი ფილმის სიუჟეტის მიხედვით, კატალია ახალგაზრდა მკვლელია, რომლის ანგარიშზეც 23 მკვლელობაა და მას საკმაოდ ბნელი წარსული აქვს - მის თვალწინ მისი მშობლები დახოცეს. - არ გაგიჭირდათ შურისძიებით შეპყრობილი ქალის განსახიერება?

- იცით, მასში ეს სიძულვილი ერთადერთი მიზნით დაგროვდა - უნდა იპოვოს ისინი, ვინც მისი ოჯახი გაანადგურა. ის შურისძიებით ცხოვრობს, ამიტომაც გარეგნულად ქვასავით არის. თუმცა მაინც ადამიანია და უცხო არ არის მისთვის ადამიანური ემოციები, ის მარტოსულია.

- კატალია ძალიან ლამაზი სახელია, ამ ამბავში რა დატვირთვა აქვს მას?

- საერთოდ, კატალია ველური ყვავილია, რომელიც მხოლოდ კოლუმბიაში ხარობს. ჩემს გმირს ასე იმიტომ უწოდეს, რომ ოჯახში ერთადერთი შვილი იყო, ერთადერთი ქალიშვილი. და თავიდანვე იცოდნენ, რომ განსაკუთრებული გოგონა იქნებოდა.

- რას უნდა ელოდოს მაყურებელი თქვენი ფილმიდან, რომელიც დატვირთულია საბრძოლო სცენებით?

- "კოლომბიანა" არის ფილმი შურისძიებასა და მონანიებაზე, ეს არის ნამდვილი ექშენი დევნისა და ეფექტური სროლების სცენებით, რომელიც რამდენიმე ქვეყანაში ვითარდება. სიცილს ტირილი შეცვლის, მერე ისევ გაიცინებთ. ჩემი გმირი სახლებს ააფეთქებს, იარაღიდან ისვრის, მას სცემენ კიდეც და თვითონაც მიბერტყავს რამდენიმე ნაძირალას. შეიძლება ითქვას, რომ ეს კლასიკური ბოევიკია სულიერი განცდების ელემენტებით. იმედი მაქვს, მაყურებელი სათანადოდ შეაფასებს.

"იარაღის დაშლა-აწყობა ვისწავლე"

- არ გაგიჭირდათ თქვენ, ასეთ ნაზსა და მოღიმარს, ამ სასტიკი მკვლელის როლში შესვლა?

- ეს მსახიობური თვალსაზრისით ძალიან საინტერესო იყო. იდეებით გავივსე სცენარის წაკითხვისთანავე. თუმცა კატალიას სისასტიკე და მისი ტკივილი ჩემთვის მაინც ძნელი წარმოსადგენი იყო. ბევრი უნდა მემუშავა, რომ მისი შინაგანი სამყარო გადმომეცა, მას ხომ მოკვლაც უნდა შესძლებოდა და ტირილიც.

- ფიზიკურად თუ მოგიწიათ მომზადებამ?

- რასაკვირველია, ფიზიკურადაც ძალიან რთული იყო. ყოველდღე ვვარჯიშობდი საბრძოლო სცენების დამდგმელთან, რეჟისორის რჩევით საათობით ვუყურებდი დოკამენტურ ფილმებს ველურ ცხოველებზე, მათ პლასტიკას ვაკვირდებოდი, იმიტომ, რომ თავისი მსხვერპლის დევნისას კატალია ძალიან უნდა ჰგავდეს ველურ ცხოველს. იარაღიდან სროლაც ვისწავლე და იარაღის აწყობა და დაშლაც.

- რეჟისორები ხშირად ამოკლებენ თქვენი გმირების კაბებს. "ვარსკვლავურ გზაში" ჯეი აბრამსმა კოსმოსურ სამოსში გამოგაწყოთ, "ავატარში" კემერონმა პრაქტიკულად შიშველს გარბენინათ. რეჟისორებს თქვენი გახდა მოსწონთ?

- როგორც ჩანს, ასეა (იცინის). მახსოვს, როცა "ვარსკვლავური გზისთვის" ჩემი სამოსის ესკიზებს ვუყურებდი, მომეჩვენა, რომ ყველაფერი კარგად იყო, მშვენიერი კაბები, თეძოს შუამდე სიგრძის. მაგრამ უკვე გასინჯვაზე ძალიან მოკლე მომიტანეს და შევიცხადე კიდეც. დიზაინერმა რეჟისორის თხოვნით დაამოკლა. ასე მომიხდა მიკროსკოპული კაბით სირბილი.

- არასდროს გითხოვიათ რეჟისო­რებისთვის, რომ თქვენთვის მოსაწონი სამოსი გადაღებების შემდეგ დაეტოვებინათ?

- მითხოვია (იცინის). თუმცა არ დამრთეს ნება. მაგალითად, "ვარსკვლავური გზიდან" კაბის მოპარვაზეც კი ვფიქრობდი, ისე მომწონდა, მაგრამ ალბათ მომკლავდნენ, რომ გაეგოთ. კოსტიუმებს ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ და ის არქივში რჩება.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება