რეჟისორმა დიმა ხვთისიაშვილმა ახმეტელის თეატრის რეპერტუარს კიდევ ერთი სპექტაკლი შეჰმატა. შადიმან შამანაძის 28 წლის წინ დაწერილი პიესა, რომელიც მძიმე სოციალურ პრობლემებს ეხება, ქართულ ოჯახებში დღესაც აქტუალურია... მთავარ როლებს სპექტაკლში ასრულებენ: ნუგზარ ყურაშვილი, თამარ ბეჟუაშვილი, გვანცა კანდელაკი და ამირან ქაჩიბაია. "ღია შუშაბანდი" მუსიკალურად ლექსო ტურიაშვილმა ორიგინალურად გააფორმა, რაც შესანიშნავ განწყობილებას უქმნის სპექტაკლზე მისულ მაყურებელს.
- ბატონო დიმა, რატომ გადაწყვიტეთ პიესის - "ღია შუშაბანდის" დადგმა?
- როდესაც ახმეტელის თეატრის ხელმძღვანელობისგან მივიღე შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!, სპექტაკლი დამედგა, იქვე გამოითქვა სურვილი, რომ ქართული პიესა ყოფილიყო. მოგეხსენებათ, ფართო არჩევანია, მაგრამ შევჩერდით პიესებზე - "ღია შუშაბანდი" და "გუშინდელნი". ვინაიდან ამ უკანასკნელის რეპეტიციები სხვა თეატრშიც მიმდინარეობს, საბოლოოდ, შადიმან შამანაძის პიესა ავირჩიეთ (წლების წინ ის თეატრში, იური კაკულიას დროს დაიდგა). სხვათა შორის, "ღია შუშაბანდი" მაშინ თითქმის ყველა თეატრის სცენაზე დაიდგა და აღსანიშნავია, რომ არც დღეს დაუკარგავს აქტუალობა.
სპექტაკლში გაჭირვების, სტრესული ფონისა თუ დეპრესიული განწყობილების მიუხედავად, წინა პლანზეა წამოწეული თბილი ადამიანური ურთიერთობები - სიყვარული, ურთიერთპატივისცემა. პიესა სცენაზე მხატვრული სახეების გამოძერწვის საშუალებას იძლევა და ახმეტელის თეატრში მეგულებოდა ის არტისტული პოტენციალი, რომელიც ამას "გაქაჩავდა". გადავწყვიტე, რომ სპექტაკლის რეჟისურა აქტიორულ ურთიერთობებზე ყოფილიყო დამყარებული და არა - სპეცეფექტებზე. პიესა განგებ არ გავათანამედროვე, არც თემის პოლიტიზება მივიჩნიე მართებულად. მ
იხარია, რომ ამ სპექტაკლში ჩემი ჯგუფელი - მსახიობი თამრიკო ბეჟუაშვილი თამაშობს, რომელთან ერთადაც სტუდენტობის პერიოდში, როგორც მსახიობს, არაერთ სპექტაკლში მითამაშია.
- მკითხველისთვის გასაგები რომ იყოს, მოკლედ ჩამოგვიყალიბეთ პიესის ფაბულა ანუ - რატომ უნდა მოვიდნენ და ნახონ ეს სპექტაკლი?
- ამბავი ერთი ჩვეულებრივი ქართული ოჯახის ცხოვრებას ასახავს, რომლის წევრებიც არიან - დედა, მამა და 2 შვილი. ოჯახის უფროსი "ვერშემდგარი" ადამიანია; მართალია, მუშაობს, მაგრამ ოჯახს ისე არჩენს, როგორც თვითონ ესმის, არადა, მასზე უფრო მეტ იმედს ამყარებდნენ.
კონფლიქტი იწყება იქიდან, რომ მის ვაჟიშვილსაც "არშემდგარობის" საშიშროება ექმნება, მამას კი არ სურს, რომ მანაც იგივე გზა განვლოს, რაც თვითონ ხვდა. ამ სიტუაციაში, დედა თითქოს მედიატორის როლს ასრულებს. "არშემდგარობის" პრობლემას ამძიმებს უკიდურესი გაჭირვება, რომელსაც ოჯახი განიცდის - მისი წევრები ბოთლებს აბარებენ, წვალობენ და ისე ირჩენენ თავს. ასე რომ, 1983 წელს დაწერილი პიესა დღესაც აქტუალურია...
- სპექტაკლში ასეთი ფრაზაა: "მართალია, ღარიბები ვართ და გვიჭირს, მაგრამ სამაგიეროდ, დათიკო კაპანაძეს წესიერი, პატიოსანი კაცის სახელი აქვს"; ამით თითქოს მისი წარუმატებლობის გამართლება ხდება...
- ჩემთვის ხშირად უკითხავთ, - რატომ არ დგამ უფრო მეტ სპექტაკლსო? თეატრში თუ არ მიმიწვიეს და თანამშრომლობა არ შემომთავაზეს, კარდაკარ სიარული და თხოვნა არ შემიძლია - სპექტაკლი დამადგმევინეთ-მეთქი; დღევანდელი ახალგაზრდები კი საოცრად გაბედულები არიან.
როცა თეატრალურ ინსტიტუტში სამსახიობო ფაკულტეტი დავამთავრე, სამუშაოდ მარჯანიშვილის თეატრში მიმიწვიეს და სანამ მედეა კუჭუხიძემ ჩემს პედაგოგს არ დაურეკა, რომ ეკითხა, - რატომ არ მოდისო? - მისვლა მომერიდა... როგორც ჩანს, ჩვენ სხვა თაობის "პროდუქტები" ვართ. ბოლო დროს კი ბევრი რამ შეიცვალა, რაც მართებულად მიმაჩნია. თუ სხვა ჩემზე პოპულარული რეჟისორია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის უწესოა და წარმატებას ამით მიაღწია. წესიერების შეფასების კრიტერიუმები სხვადასხვაგვარია.
ბევრი რამ იღბალსა და გამართლებაზეც არის დამოკიდებული, მხოლოდ ნიჭიერება როდი განსაზღვრავს ყველაფერს. ზოგჯერ სიტყვა "წესიერი" - ფუქსავატი და უქნარა ადამიანის სინონიმია; თუ არაფერს აკეთებ, რას დააშავებ?! მაგრამ თუ შესაძლებლობა მოგეცემა და არ მოიპარავ, მაშინ ხარ პატიოსანი! დათიკოს შემთხვევაში, ვფიქრობ, სწორადაა ნათქვამი - პატიოსნად შრომობს, მაგრამ მეტი არ ძალუძს.
- თავის დროზე, "ღია შუშაბანდი" პირველად რუსთაველის თეატრში დაიდგა, სადაც დედის როლი ზინაიდა კვერენჩხილაძემ ითამაშა და ახალი სპექტაკლი სწორედ მის ხსოვნას მიუძღვენით...
- დიახ, ეს პიესა პირველად, გულსუნდა სიხარულიძემ დადგა რუსთაველის თეატრში და ქალბატონი ზინა შესანიშნავად ასრულებდა ამ როლს; პარტნიორობას ედიშერ მაღალაშვილი უწევდა; კახა თავართქილაძე და დარეჯან ხარშილაძე კი და-ძმის როლში იყვნენ. ქალბატონ ზინასთან ერთად, თეატრალურ ინსტიტუტში ორი სამსახიობო ჯგუფი მყავდა და ძალიან მიყვარდა იგი.
ამ პიესის დადგმა პირველად სტუდენტებთან მოვსინჯე; რეპეტიციას ქალბატონი ზინაც დაესწრო. ძალიან მოეწონა და თანხმობაც მოგვცა, გაგვეგრძელებინა მასზე მუშაობა. მას ახმეტელის თეატრთანაც ჰქონდა შეხება და გადავწყვიტეთ, სწორედ მისთვის მიგვეძღვნა ეს სპექტაკლი.
შადიმან შამანაძე, პიესის ავტორი:
- საკმაოდ კარგი სპექტაკლია. საპრემიერო ჩვენებაზე მსახიობები ცოტათი კი ღელავდნენ, მაგრამ არაფერია, წარმოდგენა თანდათან დაიხვეწება. მთავარია, რომ 80-იან წლებში დაწერილ პიესას აქტუალურობა არ დაუკარგავს, რაც გამიკვირდა კიდეც. მსახიობებიც მაღალპროფესიონალურად თამაშობენ, განსაკუთრებით დედის როლის შემსრულებელი მომეწონა. თბილი, ლირიკული სპექტაკლია, სოციალური პრობლემების ფონზე ადამიანური, ოჯახური ურთიერთობებიც კარგადაა წარმოჩენილი. მთავარია, რომ სპექტაკლი შედგა და მაყურებელზე კარგად მოქმედებს, ამას დარბაზის რეაქციებზე მივხვდი. დღესდღეობით, უმეტესად, სანახაობით წარმოდგენებს დგამენ, ეს კი დრამატული თეატრის კარგი ნიმუშია.
თამთა დადეშელი
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)