ვატიკანს სერბების, ებრაელებისა და ბოშების ქონების მითვისებაში ადანაშაულებენ. ამერიკელი ადვოკატი, ჯონათან ლივი, რომელიც ხორვატიის ფაშისტური მოძრაობის მსხვერპლთა ინტერესებს იცავს, ვატიკანის ბანკის საქმიანობასთან დაკავშირებით გამოძიების ჩატარებას ითხოვს. ადვოკატი, რომელიც უსტაშების მსხვერპლთა რამდენიმე ორგანიზაციის სახელით საუბრობს, ირწმუნება, რომ ბანკში მეორე მსოფლიო ომის დროს სერბებისგან ებრაელებისგან და ბოშებისგან მითვისებული 80 მლნ დოლარის ექვივალენტი ოქრო-ვერცხლი ინახება.
საუბარია ოქროს ზოდებზე, ვერცხლეულზე და სხვა ძვირფასეულობებზე, რომელიც 1941-46 წლებში ხორვატიის ფაშისტურმა რეჟიმმა სერბების, ბოშებისა და ებრაელების ფიზიკური განადგურების შემდეგ მიიტაცა. 1946 წელს განძმა ვატიკანის ბანკის საცავებში დაიდო ბინა.
"ჩემი კლიენტები - ჰოლოკოსტის მსხვერპლთა სერბული და ამერიკული ორგანიზაციები მათ დაბრუნებას ითხოვენ", - ნათქვამია წერილში, რომლითაც ჯონათან ლივი ვატიკანის საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარეს, კარდინალ ალტილიო ნიკორის მიმართავს და სთხოვს, თავად ვატიკანი დაინტერესედეს უსტაშების ქონების საკითხის გამოძიებით.
ადვოკატის ინფორმაციით, უსტაშების განძზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებაც მომზადდა, სადაც აღნიშნულია, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ვატიკანი ჩართული იყო საკონცენტრაციო ბანაკებიდან ძვირფასეულობის გატანის პროცესში. აშშ-ის სპეციალური აგენტის, უილიამ გაუენის ჩვენებით, რომელმაც ქონების ტრანსფერში მონაწილე უსტაშები დაკითხა, დასტურდება, რომ ვატიკანი ამ ქონებას ნამდვილად ფლობს.
ამ ეტაპზე აღმოჩნდა, რომ განძის დაბრუნების საკითხი მხოლოდ ვატიკანის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, რადგან სასამართლო სისტემა ამ პრობლემის წინაშე უძლურია - ჯონათან ლივის საადვოკატო ფირმა აშშ-ის სასამართლოებში ვერაფერს გახდა, რადგან ვატიკანი ვერ გასამართლდება.
ამიტომ ლივი კვლავ ვატიკანს მიმართავს. მისი განაცხადი წმინდა ანკლავმა წარმოებაში მიიღო, რითაც სცადა დაემტკიცებინა, რომ რომის კათოლიკური ეკლესია დაინტერესებულია განძის საკითხის სამართლიანი გადაწყვეტით.
იმ შემთხვევაში, თუ ვატიკანი სათანადო ინიციატივას არ გამოიჩენს და საკითხი კვლავ ღია დარჩება, უსტაშების მსხვერპლთა საზოგადოებრივი ორგანიზაციები ბანკს ევროკავშირში უჩივლებენ.
უსტაშები ხორვატული ნაცისტური მოძრაობის წევრები იყვნენ, რომლებმაც 1941-1945 წლებში სერბების, ებრაელებისა და ბოშების მასობრივი გენოციდი განახორციელეს. გერმანიის მაგალითზე მათ საკონცენტრაციო ბანაკები შექმნეს, სადაც 500 000-ზე მეტი სერბი, ებრაელი და ბოშა დაიღუპა.
მომზადებულია inosmi.ru-ს მიხედვით.