”მის ბებია” - "ახლა ჩემთვის ანაა ყველაფერი, მხოლოდ მისთვის ვცოცხლობ!"

”მის ბებია” -  "ახლა ჩემთვის ანაა ყველაფერი, მხოლოდ მისთვის ვცოცხლობ!"

მომხიბვლელი ქალბატონი ირინა თალაკვაძე საზოგადოებამ 1999 წელს გაიცნო, როცა მან სილამაზის კონკურს "მის ბებიაში" გაიმარჯვა.იმხანად ქალბატონი ირინა 44 წლის იყო და კონკურსის ჟიურისთან ერთად ბევრი აღაფრთოვანა თავისი სილამაზით. მას შემდეგ 12 წელიწადი გავიდა. ოჯახში დატრიალებულმა ტრაგედიამ ქალბატონ ირინაზე ძალიან იმოქმედა, თუმცა უწინდელი მომხიბლაობა ვერ წაართვა.

ირინა თალაკვაძე პროფესიით ინჟინერ-ფიზიკოსია. მუშაობს ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის საფინანსო-ეკონომიკურ განყოფილებაში.

- საქართველოში ერთადერთხელ ჩატარდა სილამაზის კონკურსი "მის ბებია" და ეს ტიტული სწორედ თქვენ მოიპოვეთ...

- დიახ, ეს მოხდა 1999 წლის დეკემბრის ბოლოს. როდესაც ბებიების სილამაზის კონკურსი გამოცხადდა, ჩემმა აწ განსვენებულმა ქალიშვილმა, ხათუნამ, და მისმა მეგობრებმა მთხოვეს, მონაწილეობა მიმეღო. იმხანად არ ვმუშაობდი და ძალიან გვიჭირდა, ამიტომ დავუჯერე ჩემს ქალიშვილს და ერთი დღე მაინც რომ გამეხალისებინა, გავედი კონკურსზე. ჟიურის თავმჯდომარე რამაზ ჩხიკვაძის მეუღლე, ქალბატონი ნატაშა უნდა ყოფილიყო, მაგრამ წინა დღეს მათი ბინა გაქურდეს და მოსვლა ვეღარ მოახერხა, ამიტომ ბორის წიფურია დანიშნეს ჟიურის თავმჯდომარედ...

სხვათა შორის, მეხერხება დიზაინერობა, კერვა, ქსოვა... რაც ამ კონკურსზე მეცვა, ყველაფერი ჩემი ხელით იყო შეკერილი.

- არაჩვეულებრივად გამოიყურებით. თავის მოვლის რაიმე საიდუმლოც ხომ არ იცით?

- ახლა სადღა მაქვს სილამაზე, სამი წლის წინ კიდევ შეიძლებოდა ამაზე ლაპარაკი... დედა უკრაინელი მყავდა, ბებია - პოლონელი. მამაჩემის დედა კი მეუბნებოდა, იტალიური წარმოშობა მაქვსო... ასე რომ, ჩემში ნარევი სისხლი ჩქეფს. სიმართლე გითხრათ, არასოდეს გამჩენია ნაოჭების გასწორებისა თუ პლასტიკური ოპერაციის გაკეთების სურვილი. სილამაზე ბუნებრიობაა.

- ოზურგეთში დაიბადეთ. ალბათ, რაიონში ყველაზე ლამაზი გოგო იყავით...

- სკოლა ოზურგეთში დავამთავრე. 10 წელი ვცეკვავდი, შემდეგ თბილისში ჩამოვედი და იმდროინდელ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში საინჟინრო ფიზიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე. არ ვიცი, რატომ ავირჩიე ეს ურთულესი სპეციალობა, მაგრამ ძალიან კარგად გავართვი თავი და დღემდე ჩემი პროფესიით ვმუშაობ... 17 წლისა გავთხოვდი. ცოლად რეზო თვალაძეს გავყევი. როცა ჩემი შვილი 9 წლის იყო, ქმარს დავშორდი და მარტომ განვაგრძე ცხოვრება.

მთელი ცხოვრება შემართული და საბრძოლოდ განწყობილი ვარ, დღეს კი ძალა უფრო მეტად მჭირდება, რადგან შვილიშვილი, 17 წლის ანა მყავს გასაზრდელი. ეს მხოლოდ მიზანი კი არა, ვალიც არის აწ განსვენებული ქალიშვილის, სიძისა და უმცროსი შვილიშვილის წინაშე.

ჩემი ერთადერთი ქალიშვილი ხათუნაც 17 წლისა გათხოვდა. ხელოვნებათმცოდნე იყო, საბაჟოზე დეკლარანტად მუშაობდა. 33 წლისა დაიღუპა... მისი მეუღლე, ალექსანდრე ასანიძე, შინაგან საქმეთა სამინისტროში, სამძებრო განყოფილებაში, კრიმინალური პოლიციის უფროსი გახლდათ.

მათი შვილი, 11 წლის ვატო ასანიძე, ფეხბურთელი იყო და 161-ე სკოლაში მისი სახელობის ტურნირები დღემდე იმართება... დღეს ეს ადამიანები აღარ მყავს. ზუსტად სამი წლის წინ საჩხერეში ქორწილში მიდიოდნენ, მანქანამ უმტყუნათ და 4 ადამიანი დაიღუპა: ჩემი ქალიშვილი, მისი მეუღლე, მათი ვაჟი და 18 წლის დედისერთა გოგონა, ანა კი შემთხვევით გადარჩა. ჩემ გარდა მას არავინ ჰყავს. მეც მისით ვსულდგმულობ. ანა დედამისს კალთაში ეჯდა და ჩემს ქალიშვილს ისე ჩაუკრავს გულში, რომ საშინელი ავარიის შემდეგ ერთი ნაკაწრიც არ ჰქონია... ანა ღვთისმშობელმა დაიფარა... არ ვიცი, როგორ გადავიტანე ეს ტრაგედია, ამას თუ გადატანა ჰქვია...

- როგორ გამოხვედით მდგომარეობიდან?

- რწმენამ, ეკლესიამ გადამარჩინა. მათი გარდაცვალებიდან 40 დღის განმავლობაში სახლში მათ სურნელს ვგრძნობდი. ვგრძნობდი, რომ მათი ენერგია ჩემზე გადმოდიოდა. მგონია, ღვთისმშობელმა მომცა ის ძალა, რომლითაც დღეს ვარსებობ. ანა რომ არ ყოფილიყო, თავს არ ვიცოცხლებდი, ცოდვაში ჩავდგებოდი და ვეღარც მათ საფლავებს მივხედავდი... დღეს მე ვარ მათი საფლავების პატრონი. მეგობრებისა და ანას გარდა ქვეყანაზე არავინ დამრჩა.

- ანა უკვე აბიტურიენტია. სად აპირებს ჩაბარებას?

- იურიდიულ ფაკულტეტზე. სურს, მამის კვალს გაჰყვეს. ყველაფერი მამისა უნდა. მის შარვლებსა და ქურთუკებს იცვამს ხოლმე. არადა, ნაზი გოგოა, თან მათემატიკური ნიჭი აქვს და ვურჩევ, ეკონომიკურზე ჩააბაროს. ვმეგობრობთ. ყველაფერს მიჯერებს. რა თქმა უნდა, დედას ვერ შევუცვლი, მაგრამ რაც ბებიას მოეთხოვება, ყველაფერს ვახერხებ.

- რომ არა ეს ტრაგედია, როგორი იქნებოდა დღეს თქვენი ცხოვრება?

- სულ სხვანაირი. მადლობა ჩემს მოძღვარს, მამა ზურაბს (მამა ზურაბ მჭედლიშვილი, ზემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი - ნ.მ.), რომელმაც სული ხელახლა ჩამიდგა... ძალიან ლამაზი და კარგი შვილი მყავდა, სათნო და გულიანი, თუმცა ეს მისთვის არასოდეს მითქვამს. ახლა ანაა ჩემთვის ყველაფერი, მხოლოდ მისთვის ვცოცხლობ!

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება