"აჯობებს, მე ვთქვა, ვიდრე სხვამ ილაპარაკოს"

"აჯობებს, მე ვთქვა, ვიდრე სხვამ ილაპარაკოს"

ის პირად ცხოვრებაზე ყოველთვის ღიად ლაპარაკობს, ამას კი ასეთ ახსნას უძებნის: "აჯობებს, მე ვთქვა, ვიდრე სხვამ ილაპარაკოს". მსახიობი და ტელეწამყვანი ნანკა კალატოზიშვილი საკუთარი შემოქმედებისა და ახლახან გავრცელებული ჭორის, - თითქოს მისი და კალათბურთელ ირაკლი კეიდიას 2-წლიანი რომანი დასრულდა, - შესახებ გულახდილად გვესაუბრა.

- თეატრალური ფესტივალი ძალიან კარგ საქმეს აკეთებს - თბილისში ბევრი პროდიუსერი ჩამოდის და ქართულ დასებსაც არაერთ ქვეყანაში იწვევენ. 2 წლის წინ მუსკომედიის თეატრში "მაკბეტი" ვითამაშეთ. ამ სპექტაკლმა უამრავი პრიზი აიღო, ახლა კი პოლონეთში მიგვაქვს, ცოტა ხნის შემდეგ - ერევანში.

- ახალ სპექტაკლზე მუშაობას არ იწყებთ?

- ჯერ არა, რადგან დათო დოიაშვილი იტალიაში მიდის, სადაც სპექტაკლი უნდა დადგას. სხვათა შორის, მას საზღვარგარეთ ხშირად იწვევენ.

- ცნობილია, რომ ფილმში გადაგიღეს...

- ამ ფილმზე ჯერ არავისთან მილაპარაკია, რადგან ამის არც უფლება მქონდა და არც - საშუალება. თქვენ წარმოიდგინეთ, გადაღების დროს ოჯახის წევრებსაც კი ვერ ვნახულობდი... 10 სექტემბრამდე სომხეთში "მიმინოს" (პროექტი, რომლის ფარგლებში ქართველი და სომეხი ვარსკვლავები ერთმანეთს სხვადასხვა სფეროში ეჯიბრებოდნენ. - ავტ.) ჩაწერაზე ვიყავი და უკან დაბრუნებულმა დასვენება ვერ მოვასწარი - ახალბედა რეჟისორმა, ნიკა ჯავახიშვილმა ფილმის გადაღება დაიწყო და მეც მიმიწვია. ის ჩემი მეგობარია, ბავშვობიდან ვიცნობ. რეჟისორობა ყოველთვის უნდოდა. რამდენიმე წლის მანძილზე ლონდონში სწავლობდა, მერე სამშობლოში დაბრუნდა და ოცნებაც აიხდინა.

- ფილმზე ვილაპარაკოთ...

- სრულმეტრაჟიანი ფილმია, "ნაწილები" ჰქვია. სცენარი ნიკამ მეუღლესთან ერთად დაწერა. მართალია, სცენარისტი არაა, მაგრამ მისი ნაშრომი ბევრს მოეწონა; გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც გადაღება დაუფინანსეს. ფილმზე მუშაობა 2 კვირაში დასრულდება და თუ არ ვცდები, მას მაყურებელი მარტში იხილავს.

- შენს გმირზე რას გვეტყვი?

- ყველაფრის მოყოლა არ შემიძლია, მაგრამ იმას კი გეტყვი, რომ საინტერესო პერსონაჟს ვთამაშობ. ნიკას მუშაობისთვის კარგი გარემო ჰქონდა შექმნილი. მინდა აღვნიშნო, რომ ხმის რეჟისორი, ოპერატორი და გამნათებელი ამერიკიდან ჩამოიყვანა. მათ მსახიობებთან მუშაობის დიდი კულტურა აქვთ. მაგალითად, თუ სატირალი სცენაა, ყველას აჩუმებენ, რათა თამაში გაგიიოლონ. სამწუხაროდ, ქართველები ამას არ ვითვალისწინებთ. იყო სცენა, სადაც ნამტირალევი სახე უნდა მქონოდა. ვინაიდან თვალების დასივებას დიდხანს ტირილი სჭირდება, ნახევარი საათით სადღაც გავდიოდი, ვტიროდი და კამერასთან ისეთი სახით ვბრუნდებოდი, როგორიც კადრისთვის იყო საჭირო.

- "ნაწილებში" კიდევ, რომელი მსახიობები მონაწილეობენ?

- ნიკუშა თავაძე, გიორგი გურგულია, გიორგი კალანდაძე და ლაშა ონიანი. გიორგი კალანდაძეს შორიდან ვიცნობდი. გადაღებების დროს მივხვდი, რომ საყვარელი ბიჭია და დავმეგობრდით. მარინა ჯანაშიაზე მთელი გადამღები ჯგუფი ვაბოდებდით - გარდა იმისა, რომ გენიალური მსახიობია, არაჩვეულებრივი პიროვნებაც გახლავთ.

- ფილმი სად გადაიღეს?

- დავითგარეჯაში, თბილისში, ერთ-ერთ ლაბორატორიაშიც... სხვათა შორის, მსახიობებს ბევრი კურიოზი შეემთხვათ, რასაც ალბათ, რაღაც პერიოდის შემდეგ, თავად მოჰყვებიან.

- შენ რა შეგემთხვა?

- ხომ იცი, რაღაცას ძალიან რომ მოინდომებ, ის საქმე ზოგჯერ არ გამოგდის. ერთ-ერთი სცენის გადაღებისას ისტერიკული სიცილი ამიტყდა, თამაში ვერ შევძელი და ბოლოს, ათასი ბოდიში გამიხდა მოსახდელი.

- ასეთი გადაღლის შემდეგ, დასვენება თუ შეძელი?

- მე და კედო 3 კვირაზე მეტხანს, ზღვაზე ვიყავით, მაგრამ კვირაში 3 დღეს იქაც ვმუშაობდი - "ფეისკონტროლის" ჩაწერა გვქონდა; გარდა ამისა, კლუბებში საღამოები მიმყავდა. ჩემს საქმეს რომ მოვრჩებოდი, მერე იქ მივდიოდი, სადაც კედო იყო და კარგად ვერთობოდით. წყნარად დასვენება გვინდოდა და ამიტომაც, ბინა არა ბათუმში, არამედ ქობულეთში ვიქირავეთ. მოკლედ, წელს უცნაური დასვენება გამოგვივიდა: 3 დღე სიამტკბილობა და 4 დღე - გადარევა.

- კედო როგორ არის?

- კარგად. ქუთაისში იყო და გუშინ ჩამოვიდა. ახლა "დინამოში" თამაშობს.

- თქვენს დაშორებაზე ჭორი რატომ გავრცელდა?

- დატვირთული დღის რეჟიმის გამო, საზოგადოებაში მასთან ერთად ისე ხშირად ვეღარ ვჩნდებოდი. არ მეცალა და ამის გამო კედო სახლში ხომ არ დაჯდებოდა?! ერთმა ჟურნალისტმა მკითხა: - ღამე სახლში, დედაშენთან რატომ გძინავსო? დედა ერთადერთი ადამიანია, ვისაც შეუძლია, დილის 8 საათზე გამაღვიძოს, რათა გადაღებაზე წავიდე. ერთი პერიოდი 11 და 12 საათზე ვიყავი ასადგომი. დედაჩემი კედოს ურეკავდა, კედო კი მე მაღვიძებდა, არადა, ძილი ჩემზე მეტად უყვარს. ჰოდა, ბოლოს ტელეფონის გათიშვა დაიწყო. "ნანკა, გაიღვიძე, შენი ადგომის დროა" - ეს სიტყვები ჩემზე არ ჭრის; სანამ საბანს არ წამართმევენ, ვერ ვფხიზლდები.

- დედასთან ამიტომაც გადაბარგდი?

- სხვათა შორის, ბინა დედაჩემის სახლის გვერდით ვიქირავეთ. როცა ჩვენი დაშორების შესახებ დაიწერა, იმ დღეს კინოთეატრში ვიყავით და ყველა მე და კედოს გვიყურებდა; ვერ გაიგეს, რა ხდებოდა. ჟურნალისტი იმაზეც კი ჩამეძია, - არც გიჩხუბიათო? 2 წელია, ადამიანთან ერთად ვცხოვრობ და ცხადია, ამ დროის მანძილზე ერთხელ მაინც ვიჩხუბებდით, მაგრამ თავად კედოა ისეთი ტიპი, რომ ჩხუბში არ მყვება; როცა ვბრაზობ, მიყურებს და იცინის. საერთოდ, ჩემ ირგვლივ ჭორები უხვადაა. მაგალითად, ახლახან ნოე სულაბერიძეზე "გამათხოვეს". რა ყოფილა ეს ქალაქი: ჩანხარ - ჭორაობენ, არ ჩანხარ და მაინც ჭორაობენ. მოკლედ, ჭორებზე იმუნიტეტი მაქვს. ყველაზე სასაცილო ისაა, რომ იმ დღეებში, როცა ნოეზე "გამათხოვეს", კედო მასთან ერთად ისვენებდა.

- ამ ყველაფერზე კედო როგორ რეაგირებს?

- მას პრესასთან ურთიერთობა არ უყვარს, ერთად ინტერვიუც კი არასდროს მიგვიცია...

- ნანკა, თქვენი ურთიერთობა შეიძლება ქორწინებით დასრულდეს?

- დაქორწინების სურვილი არასდროს მქონია. ზუსტად ისეთი ადამიანი მყავს გვერდით, რომლისთვისაც ქორწინება, ხელის მოწერა და მსგავსი ფორმალობები აუცილებელი არ არის. მთავარი ისაა, რომ კედოს საყვარელი ადამიანი ვიყო და მეც მიყვარდეს. 2 წელია, ერთად ვართ და ჩვენს ურთიერთობას ოჯახს ვეძახით.

- როგორია შეყვარებული ნანკა?

- ყველაფერი უხარია. მე და კედოს ერთი მსოფლმხედველობა გვაქვს. ძალიან კეთილია, მისგან აუგს ვერავისზე მოისმენ, ადამიანში ყოველთვის კარგს ეძებს, მე კი მისი ეს თვისებები ძალიან მომწონს.

- სიურპრიზს ხშირად გიწყობს?

- ხშირად - არა, მაგრამ როცა მიწყობს, ჩემს გაოცებას ნამდვილად ახერხებს. ბოლოს სიურპრიზი დაბადების დღეზე მომიწყო: მთელი დღის მანძილზე არც ერთმა მეგობარმა არ დამირეკა. ძალიან კი გამიკვირდა, მაგრამ არ შემიმჩნევია. იმ დღეს "მუსიკალური ლიგის" ჩაწერა მქონდა და ტელევიზიაში ფეიერვერკი მომიწყვეს - ეგ იყო და ეგ. საერთოდ, დაბადების დღეს არასდროს ვიხდი, ჩემს ძმასთან (ნანკა ტყუპისცალი ჰყავს. - ავტ.) ავდივარ და ერთად აღვნიშნავთ ხოლმე. საღამოს კედოს დავურეკე და ვუთხარი, - ჩემს ძმასთან ავიდეთ-მეთქი. მიპასუხა: ცოტა ხანი დამელოდე, გამოგივლი და ერთად წავიდეთო. გამომიარა კი არა, საოცრება ჩაიდინა: კლოუნის ფორმაში გამოწყობილი მეგობრებთან ერთად მოვიდა და თეატრალიზებული წარმოდგენა გამართეს, მერე კი ერთ კლუბში წავედით და ვის ზარსაც ველოდებოდი, ყველა იქ დამხვდა. ბევრი ვიმხიარულეთ, ბოლოს კი ჩემს ძმასთან ავედით. ძალიან მაგარი, დაუვიწყარი დღე იყო. კედოს მსგავსი თბილი ადამიანი იშვიათად შემხვედრია. მას მართლაც, ბევრი დადებითი თვისება აქვს.

- უარყოფითი?

- (დაფიქრდა) იმდენად მიყვარს, მისი უარყოფითი თვისებები არ მაინტერესებს.

- ამ 2 წლის მანძილზე ისე არ გაუბრაზებიხარ...

- (მაწყვეტინებს) რომ თმა გამეშალოს?.. არა, მშვიდი ადამიანია.

- კედოს ოჯახის წევრებს იცნობ?

- რა თქმა უნდა, ვიცნობ. ფანტასტიკური ადამიანები არიან. კედო ასეთი კარგი იმიტომაა, რომ არაჩვეულებრივი მშობლები ჰყავს. ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს მის დასთან, დისშვილი კი ჩემი საუკეთესო მეგობარია.

- სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვი?

- ახლა ყველაზე მთავარი ისაა, რომ "ნაწილებზე" მუშაობა დავასრულოთ. პარალელურად, "მუსიკალურ ლიგას" ვწერთ. სამორი არაჩვეულებრივი პარტნიორია, ეკრანსაც ძალიან უხდება და უამრავ გოგოსაც მოსწონს. იმ დღეს ვეუბნებოდი, - სადაც უნდა მივიდე, ყველგან შენზე მელაპარაკებიან-მეთქი. იმედია, მალე გადაცემაში სიახლეს შევიტანთ.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება