აშშ-ის სიმბოლო - "თავისუფლების ქანდაკება" 125 წლისაა. ის 1886 წლის 28 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა გროვერ კლივლენდმა გახსნა.
აშშ-ში ამ თარიღის აღსანიშნავად მრავალი ღონისძიებაა დაგეგმილი. ჰოლივუდის ვარსკვლავი სიგურნი უივერი პოეტ ემა ლაზარუსის სონეტს - "ახალი კოლოსი" - წაიკითხავს. მწერალმა ეს სონეტი "თავისუფლების ქანდაკებას" მიუძღვნა. აშშ-ის შინაგან საქმეთა მინისტრი კენ სალაზარი საფრანგეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს სამახსოვრო საჩუქრებს მიართმევს.
შეასრულებენ საფრანგეთისა და აშშ-ის ჰიმნებს. 125 იმიგრანტს საზეიმო ვითარებაში მიანიჭებენ აშშ-ის მოქალაქეობას. დასასრულ, ამერიკელები გრანდიოზულ ფეიერვერკს იხილავენ.
მონუმენტის სიმაღლე 92 მეტრია. მას სხვაგვარად "თავისუფლების ლედისაც" უწოდებენ. ის ლიბერტი-აილენდზე მდებარეობს ნიუ-იორკის უბეში, მდინარე ჰუძონის შესართავთან, როგორც ამერიკაში ჩამოსულთათვის კეთილმოყვარეობის გამოხატვის სიმბოლო. ამერიკელ ხალხს ქანდაკება საფრანგეთმა უსახსოვრა. სპილენძის ქანდაკება, რომელიც 1886 წლის 28 ოქტომბერს გაიხსნა, აშშ-ის ასი წლისთავს მიეძღვნა და ამ ორ ერს შორის მეგობრობის გამოხატვის ჟესტი იყო. ის მოქანდაკე ფრედერიკ ბარტოლდის ეკუთვნის.
მომზადებულია yoki-ს მიხედვით.