"შუა ქალაქში" ახალი გმირები ცხოვრობენ, ძველებიდან კი მხოლოდ 2 პერსონაჟი დარჩა: ლაშა ტორონჯაძე (ბაჩო ქაჯაია) და ბარმენი პაატა ფერაძე (ნოდარ გურგენაშვილი), უფრო სწორად - ყოფილი ბარმენი, რომელიც მაყურებელმა ახლა, როგორც კოტეს შვილიშვილი, ისე გაიცნო. როგორ განვითარდება მოვლენები "შუა ქალაქში", მოახერხებს თუ არა გათავადებული ფერაძე თეკლას მოხიბვლას? - ეს სცენარისტებზეა დამოკიდებული. ჩვენ ნოდარ გურგენაშვილს შევხვდით და მის შესახებ ბევრი საინტერესო რამ შევიტყვეთ.
- მაყურებელს გაუხარდა, შენი პერსონაჟი "შუა ქალაქში" რომ დატოვეს.
- მართლა? მინდა ყველას მადლობა ვუთხრა. ჩემი პერსონაჟის დატოვება სცენარისტებმა გადაწყვიტეს. ვნახოთ, რას მოიმოქმედებს მომავალში პაატა ფერაძე.
- სახასიათო პერსონაჟი შექმენი. ალბათ არაერთი ფრაზა თამაშის დროს, ექსპრომტად იბადება.
- რა თქმა უნდა! ზოგჯერ ისეთი რამ წამოგცდება, სცენარში სულ რომ არ წერია, მაგრამ სიტუაციას უხდება. ჰოდა, ასეთ ფრაზებს ტოვებენ.
- ვიცი, რომ "შუა ქალაქში" კასტინგის გზით მოხვდი. მანამდე სად იყავი, რას საქმიანობდი?
- სოხუმის თეატრში ვთამაშობდი. სხვათა შორის, კასტინგის გზით რაიმეს მიღწევა თუ შეიძლებოდა, არ მეგონა, მაგრამ დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ მსახიობისთვის აქტიურობა აუცილებელია; თუ საჭირო იქნება, დღეში 5 კასტინგზეც კი უნდა მიხვიდე. აქ გასაუბრება გავიარე, მერე დამირეკეს და მითხრეს, როლზე დაგამტკიცეთო. აი, ასე გავხდი პაატა ფერაძე.
- სოხუმის თეატრთან კვლავ თანამშრომლობ?
- არა, წამოვედი.
- სცენა არ გენატრება?
- მენატრება. თეატრი ძალიან მიყვარს, მაგრამ ცხოვრებაში სხვა რაღაცებიც მაინტერესებს.
- როგორც ვიცი, მუსიკალური ჯგუფი გყავს.
- ჯგუფი - არა, მარტო ვარ. ტექსტსაც და მუსიკასაც თავად ვწერ, ინსტრუმენტებზეც ვუკრავ და ვოკალისტიც გახლავართ. კონცერტების დროს უბრალოდ, მეგობრებს დახმარებას ვთხოვ - ხან დრამია საჭირო, ხან ბასი და ყველაფერზე ერთდროულად ხომ ვერ დავუკრავ?! თეატრიდან წამოსვლის შემდეგ უფრო მეტი თავისუფალი დრო დამრჩა. მოკლედ, პროფესიით მსახიობი ვარ, მაგრამ მუსიკა ძალიან მიყვარს.
- ამ მხრივ მომავალში განვითარებას არ აპირებ?
- ჯერ არ ვიცი. მუსიკალური განათლება არ მიმიღია, მაგრამ მაინც, მუსიკა ჩემი ცხოვრებაა, მის გარეშე ერთ დღესაც ვერ გავძლებ.
- ბევრი კომპოზიცია გაქვს შექმნილი?
- საკმაოდ. თავისუფალ დროს მთლიანად მუსიკას ვუთმობ.
- რომელ ჟანრში მუშაობ?
- ჩემი მუსიკა სხვადასხვა ჟანრის სინთეზია. მიმაჩნია, რომ კარგი მუსიკის პოვნა ნებისმიერ ჟანრში შეიძლება, ამიტომ თავადაც ყველაფერს ვუსმენ. ტექსტს ინგლისურ ენაზე ვწერ, რადგან ქართული არ უხდება. ჩემი შემოქმედება ბევრს მოსწონს, რაც სტიმულს მაძლევს და ამიტომაც, უკვე არაერთი კონცერტი გავმართე. მომავალშიც ვაპირებ, მაგრამ ჯერჯერობით, ამას ვერ ვახერხებ, რადგან ერთ-ერთი ფილმის გადაღებებში ვმონაწილეობ.
- იმ ფილმს გულისხმობ, რომელსაც ირაკლი კაკაბაძე იღებს, არა?
- დიახ. ამ ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ვასრულებ. ჩემი გმირი პაატა ფერაძისგან სრულიად განსხვავებულია. მუშაობა, ცოტა არ იყოს, რთულია, რადგან ფილმსა და სერიალში თამაში პარალელურ რეჟიმში მიწევს. მომწონს, განსხვავებულ პერსონაჟს რომ ვთამაშობ. მსახიობი თუ ხარ, ყველანაირი როლი უნდა მოირგო.
- როგორი როლები უფრო გიზიდავს?
- უმეტესად, კომედიურ როლებს ვასრულებ, მაგრამ ტრაგიკული უფრო მიზიდავს. ჩემმა მეგობარმა თეატრალურ უნივერსიტეტში "ჟანა დ"არკი" დადგა, სადაც ინკვიზიტორი ანუ ის ადამიანი განვასახიერე, რომელიც ჟანას ცეცხლზე წვავს. ეტყობა, ასეთ როლს იმდენად მოწყურებული, მონატრებული ვიყავი, რომ ჩემი ინკვიზიტორი ძალიან საზიზღარი გამოვიდა.
- პეტოს რით ჰგავხარ?
- არა მგონია, რაიმეთი ვგავდე.
- სამაგიეროდ, ამ პერსონაჟის წყალობით დღეს ბევრი ადამიანი გიცნობს. მაყურებელთან როგორი დამოკიდებულება გაქვს?
- მართლა ბევრი მცნობს. ამ სერიალს ყველა თაობის მაყურებელი ჰყავს და ბევრს უკვირს, რატომ ჩავდივარ მეტროში, რატომ მხედავენ სამარშრუტო ტაქსიში. პატარებს ჰგონიათ, რომ ის, რაც სერიალში ხდება, ჩემი რეალური ცხოვრების ნაწილია. მაგალითად, შაბათ-კვირას ვინმესთან სტუმრად თუ ვარ და საღამოს 10 საათი ახლოვდება, ბავშვები ნერვიულობენ და მეკითხებიან: - მალე "შუა ქალაქში" იწყება და არ დაგაგვიანდებაო? ეგ არაფერი, მსგავსი რაღაცები უფროსებსაც ემართებათ. ცოტა ხნის წინ ერთმა კაცმა მკითხა, - ერთ თამაშში მართლა 7 გოლი გაიტანე (ამ სიტყვებს ერთ-ერთ სერიაში ვამბობ)? ფეხბურთზე დადიოდიო? ახსნა-განმარტებას ხომ არ დავუწყებდი და თანხმობის ნიშნად, თავი დავუქნიე. ზოგს ისიც ჰგონია, რომ ჩვეულებრივად კი არა, სიმღერ-სიმღერით ვლაპარაკობ.
- ბევრი თაყვანისმცემელი გოგო გყავს. შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?
- რას გულისხმობ?
- შეყვარებული ხარ?
- ამ თემაზე ლაპარაკი არ მიყვარს... მას შემდეგ, რაც ეკრანზე გამოვჩნდი, საპირისპირო სქესის მხრიდან მართლა დიდ ყურადღებას ვგრძნობ, რაც დიდად არ მსიამოვნებს, რადგან ვხვდები, რომ ისინი მხოლოდ და მხოლოდ ჩემი პოპულარობის გამო ცდილობენ დამიახლოვდნენ. ჩემთვის მთავარია, ადამიანმა ისეთი მიმიღოს, როგორიც ცხოვრებაში ვარ და არა - ეკრანზე. არ მინდა მხოლოდ იმიტომ უნდოდეთ ჩემთან ყოფნა, რომ ცნობილი ადამიანი ვარ და თუ ჩემთან ერთად ქუჩაში გაივლიან, ისინიც ყურადღების ცენტრში მოექცევიან. ასეთ ხალხთან ურთიერთობას გავურბივარ.
- როგორი გოგონები მოგწონს?
- ჭკვიანი და ჯანსაღი იუმორის მქონე.
- კაცების უმრავლესობას ჭკვიანი ქალები აფრთხობენ.
- მე ასეთი მამაკაცების კატეგორიას არ მივეკუთვნები. მიმაჩნია, რომ ჭკვიან ქალთან ურთიერთობა ძალიან საინტერესოა. ისეთი გოგონები უფრო მაღიზიანებენ, რომელთა საუბრის თემა მოდური ტანსაცმელია, რომლებიც მხოლოდ ბარებში სიარულსა და გართობაზე ზრუნავენ.
- თავისუფალ დროს როგორ ატარებ? შენთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალება რა არის?
- ან თავად უნდა დავუკრა და ვიმღერო, ან მუსიკის მოსასმენად რომელიმე კლუბში წავიდე და ცოცხალ შესრულებას მოვუსმინო. სხვათა შორის, რეჟისურაც მაინტერესებს, სცენარებსაც ვწერ.
- მომავალში ფილმის გადაღებასაც ხომ არ გეგმავ?
- ჩემი სცენარებით ფილმის გადაღება თავისუფლად შეიძლება, მაგრამ ამ საქმეს ჯერჯერობით, ხელს ვერ მოვკიდებ. არ შეიძლება, ადამიანმა ერთდროულად რამდენიმე საქმე აკეთო.
- დიდი ხანია, რაც სცენარებს წერ?
- დაახლოებით 2 წელია.
- შენს სცენარებს სხვა რეჟისორს ვერ ანდობ?
- როგორ არა, მაგრამ დიდი სურვილი მაქვს, თავად გადავიღო.
- საკუთარ ფილმში ითამაშებ?
- რა თქმა უნდა! საერთოდ, როცა სცენარს ვწერ, ყოველთვის ვფიქრობ, თავად რომელ როლს შევასრულებ.
- წარმატებას გისურვებ!
თამუნა კვინიკაძე
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)