ნიუ-იორკში Christie's აუქციონზე იმპრესიონისტებისა და მოდერნისტების მთავარი ლოტები არავინ შეიძინა.
აუქციონის ორგანიზატორებმა ედგარ დეგას სკულპტურა - "პატარა 14 წლის მოცეკვავე" ("Petite danseuse de quatorze ans") ვერ გაყიდეს, ლოტის საწყისი ფასი 25-35 მლნ დოლარს შეადგენდა. აუქციონის მონაწილეთაგან ლოტისთვის 18,5 მლნ დოლარზე მეტი არავის შეუთავაზებია.
მყიდველი არ გამოუჩნდა ასევე პაბლო პიკასოს ორ ნახატს - "მძინარე გოგონასა" ("Femme endormie") და "ქალი იისფერი ქუდით" ("Tete de femme au chapeau mauve"), თითოეული ლოტის გაყიდვას ორგანიზატორები 12-18 მლნ დოლარად ვარაუდობდნენ.
სულ იმპრესიონისტებისა და მოდერნისტების აუქციონზე 82-დან 51 ლოტი გაიყიდა. საერთო შემოსავალმა 140,7 მლნ დოლარი შეადგინა.
მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.