მიხეილ სააკაშვილმა ნიკიტა მიხალკოვის ქალიშვილის ქორწილში მოილხინა

მიხეილ სააკაშვილმა ნიკიტა მიხალკოვის ქალიშვილის ქორწილში მოილხინა

რუსეთში მოღვაწე ქართველმა რეჟისორმა რეზო გიგინეიშვილმა ცნობილი რუსი რეჟისორის, ნიკიტა მიხალკოვის ქალიშვილ ნადია მიხალკოვაზე იქორწინა. წყვილმა ჯვარი 29 ოქტომბერს, ბოდბის მონასტერში დაიწერა, ქორწილი კი წინანდალში გადაიხადა. მათი სიყვარულის ისტორია ორი წლის წინ დაიწყო. რეზო გიგინეიშვილსა და ნადია მიხალკოვას 4 თვის ქალიშვილი ჰყავთ. რეზო 28 წლისაა, ნადეჟდა - 25-ის. ცნობილია, რომ პატარძლის მამა თავის დროზე ეწინააღმდეგებოდა ამ ქორწინებას, თუმცა, ბოლოს იძულებული შეიქნა შვილის არჩევანი მიეღო. რეზო გიგინეიშვილი მეუღლესთან ერთად ბოლო სამი თვის განმავლობაში საქართველოშია. ის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე ფილმს იღებს, რომლის სამუშაო სათაურია "სიყვარული აქცენტით". გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქორწილს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც ესწრებოდა და გვარიანადაც მოილხინა. სოციალურ ქსელში გავრცელდა პრეზიდენტის სურათი, გამავრცელებლების მტკიცებით, ეს ფოტო სწორედ ქორწილშია გადაღებული. სოციალურ ქსელებში გაიმართა მსჯელობა იმის თაობაზეც, უნდა მოელხინა თუ არა სააკაშვილს ქართველების არცთუ მოყვარულ მიხალკოვთან ერთად...

გვესაუბრება ჟურნალისტი ნინო დარასელი, რომელიც სხვა ცნობილ ქართველებთან ერთან იმყოფებოდა ამ ქორწილში:

- ნინო, ქორწილში როგორ მოხვდი?

- სიძის მხრიდან (იცინის). რეზიკოს კარგად ვიცნობ. დიდი ხანია ვმეგობრობთ. ნადია კი ქორწილში გავიცანი და ჩემზე არაჩვეულებრივი შთაბეჭდილება დატოვა - ძალიან თბილი და თავმდაბალია. ქორწილი კი დიდი დღესასწაული იყო თავისი დიდი კონცერტით, ყოველგვარი პოლიტიკური გადახვევების გარეშე.

- ამბობენ, რუსეთიდან ქორწილში 60-კაციანი მაყრიონი ჩამოვიდაო. ცნობილი ადამიანებიდან ვინ იყო სტუმრებს შორის?

- რეჟისორი ფიოდორ ბონდარჩუკი მეუღლითურთ, მსახიობი და რეჟისორი ფილიპ იანკოვსკი, რა თქმა უნდა, ნიკიტა მიხალკოვი. კიდევ უამრავი ადამიანი იყო, რომლებსაც არ ვიცნობ.

- თქვეს, მომღერალი ვლადიმირ პრესნიაკოვიც იყოო...

- პრესნიაკოვი არ ყოფილა, არც ნანი ბრეგვაძე. ეკა მამალაძე კი ნამდვილად იყო.

- მიხეილ სააკაშვილიც...

- დიახ. თუმცა ისეთი შინაურული ატმოსფერო იყო, რომ პრეზიდენტის იქ ყოფნის გამო არ დავძაბულვართ. ისე, პრეზიდენტი კარგად არც მინახავს. როდის მივიდა, ვერ შევამჩნიე, ისეთი მხიარულება იყო...

- ცნობილია ნიკიტა მიხალკოვის ანტიპათია არარუსი ეროვნების ადამიანებისადმი, კერძოდ, კავკასიელებისადმი. არადა, მისი სიძე ქართველია... თუ იგრძნობოდა ქორწილში ქართველების მიმართ მისი დამოკიდებულება?

- ქორწილში ბატონი ნიკიტას მხრიდან ასეთი რამ არ მიგრძნია. ასე რომ, სიყვარულმა გაიმარჯვა. სიყვარული ხომ ქსებოფობიასაც ამარცხებს (იცინის).

ანა გიორგაძე და ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება