ანი ცინცქილაძის ქმარს ცოლის მსახიობობა არ მოსწონს

ანი ცინცქილაძის ქმარს ცოლის მსახიობობა არ მოსწონს

მსახიობ ზურა ცინცქილაძის ქალიშვილი ანი ცინცქილაძე პროფესიით მსახიობი არ არის, თუმცა ხშირად ჩნდება სხვადასხვა სარეკლამო რგოლში. ახლა უკვე სერიალის "გოგონა გარეუბნიდან" ახალ სეზონშიც მოხვდა. რატომ არ ჩააბარა სამსახიობოზე, ამას თავად ანი გიამბობთ, მაგრამ მე გეტყვით, რომ ის 18 წლის ასაკში, სკოლის დამთავრებისთანავე გათხოვდა და ახლა უკვე სამი წლის ტყუპი - მაშო და მერაბიკო ჰყავს.

- ანი, როგორ ხარ, რას საქმიანობ? ბოლოს შენთან ინტერვიუ რომ ჩავწერე მითხარი, ვსწავლობო, დაამთავრე თუ ჯერ არა?

- კარგად ვარ, გმადლობთ. ამ ზაფხულს წარმატებით დავამთავრე სამხატვრო აკადემიის გრაფიკული დიზაინის ფაკულტეტი. ახლა ვაპირებ, ტანსაცმლის დიზაინის მოდელირების განხრით გავაგრძელო მაგისტრატურაში სწავლა და ამისთვის ვემზადები.

- გარდა იმისა, რომ სწავლაზე ხარ გადართული, ასევე გხედავთ სარეკლამო რგოლებში, სწავლას მსახიობობასაც უთავსებ?

- ვცდილობ. ახლა 18 წლის რომ ვიყო, აუცილებლად თეატრალურში სამსახიობოზე ჩავაბარებდი. გული მწყდება, რომ ეს სფერო არ ავირჩიე. დედას ძალიან უნდოდა, სამსახიობოზე ჩამებარებინა. ბოლო წუთამდე მთხოვდა, იქნებ გადაიფიქრო და თეატრალურში ჩააბაროო, მაგრამ არ დავუჯერე. მამაც არ იყო წინააღმდეგი.

- აბა, რატომ არ ჩააბარე?

- მიზეზი ალბათ გაურკვევლობა იყო. მაგ ასაკში ადამიანს აზრი ხშირად ეცვლება, ჩამოუყალიბებელია, ვერ ხვდება ზუსტად რა უნდა. ბავშვობიდან მსახიობობასა და მოდელიერ-დიზაინერობაზე ვოცნებობდი, ჩაბარების დროს კი ცოტა აზრები შემეცვალა. ვფიქრობდი, ისეთი რამ ამერჩია, რაც ცხოვრებაში გამომადგებოდა და რაც იმ დროისთვის მოთხოვნად პროფესიად ითვლებოდა.

მართალია, ახლა ჩემი სფეროც მოთხოვნადია და დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი ჩემი პროფესიითაც, მაგრამ მინდა მაგისტრატურა მოდელირების განხრით გავიარო. ბავშვობიდან ვხატავ, უცებ მუზა მომივა, დავხატავ და მერე ვცდილობ მკერავს ჩემი ესკიზის მიხედვით შევაკერინო სამოსი, რათა რეალურად ვნახო რა გამოვა. ჩემი იდეით შექმნილი უამრავი სამოსი მიკიდია გარდერობში, ზოგს ვიცვამ, ზოგს - ვერა, არა იმიტომ, რომ არ მომწონს, უბრალოდ, ყოველდღიურობაში არ გამოდგება.

- ახლობლებს თუ შეუკერიათ შენი დიზაინით სამოსი და მერე თუ ჩაუცვამთ?

- კი, როგორ არა. ყოფილა ასეთი შემთხვევებიც.

- მიუხედავად იმისა, რომ სამსახიობოზე არ ჩააბარე, ნაწილობრივ მაინც ისრულებ ოცნებას და პატარ-პატარა როლებს თამაშობ. სერიალში "გოგონა გარეუბნიდან" ახალ სეზონში გამოჩნდი. ეპიზოდური იქნება შენი როლი თუ ხშირად გიხილავთ?

- ამას ვერ გეტყვით, რადგან სცენარი თანდათან იწერება, ამიტომ არ ვიცი, ჩემი გმირი გააგრძელებს თუ არა არსებობას სერიალში. ამ ეტაპზე მაყურებელს მდივნის როლში მოვევლინე. რაც შეეხება ჩემს მსახიობობას, ამ პატარა როლებით სულ ცოტათი მაინც ვიკმაყოფილებ ჩემს სურვილს. მიყვარს კამერის წინ მუშაობა, ამ დროს დაღლას ვერ ვგრძნობ. ოღონდ, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ როლი, რომელსაც მთავაზობენ, საინტერესო იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთი სული მაქვს, როდის დამთავრდება გადაღება. ხანდახან ვფიქრობ, ახლა ავდგები და გავიქცევი-მეთქი, მაგრამ თავს ვიკავებ.

- და რომელი როლი იყო ასეთი?

- დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ, უბრალოდ გეტყვით, პატარ-პატარა რეკლამების დროს დამმართვია ასეთი რამ.

- ანი, როგორ მოხვდი სერიალში, მამა ხომ არ დაგეხმარა?

- ყველას ასე ჰგონია და ბუნებრივიცაა, რადგან მამა იქ თამაშობს, მაგრამ ჩემს შემთხვევაში საქმე სხვაგვარადაა. სანამ ამ სერიალის პირველი სეზონი დაიწყებოდა, მეგობრებთან ერთად მივედი კასტინგზე, ჯერ იქ მამაც არ იყო დაკავებული. სერიალი ისე დაიწყო, რომ კასტინგის შემდეგ აღარავინ შემხმიანებია, ახლა კი, ამ სეზონის დასაწყისში ყველასგან დამოუკიდებლად დამირეკეს და მონაწილეობა შემომთავაზეს, რაზეც დიდი სიამოვნებით დავთანხმდი.

ისე, სიმართლე გითხრათ, იმ ეტაპზე სერიალისთვის არ მეცალა, რადგან ვიყავი მეორე კურსზე, ბავშვებიც პატარები იყვნენ და ფიზიკურად ვერ მოვახერხებდი მონაწილეობას, არადა თავიდან, სცენარი რომ წავიკითხე, ძალიან მომეწონა და მინდოდა მისი ერთ-ერთი გმირი გა­ვ­მ­ხდარიყავი.

- მერე, როცა გაიგე, რომ მამა მიიწვიეს ამ სერიალში, გული ცოტათი მაინც არ დაგწყდა?

- არა, პირიქით, ძალიან გამიხარდა. მამას როგორც კი შესთავაზეს მონაწილეობა, მაშინვე მე მკითხა აზრი, როგორ მოვიქცეო?! მე ვუთხარი, აუცილებლად დათანხმდი-მეთქი.

- მერე და მერე ალბათ მუდმივად ადევნებდი თვალს სერიალს...

- კი, აბა რა. ძალიან კარგი და განსხვავებული სერიალია, შემიძლია ხმამაღლა ვთქვა, რომ ქართული სერიალებიდან საუკეთესოა. ყველანაირად მომწონს, ყველა ასაკის მაყურებელზეა გათვლილი.

- ამდენი პროფესიონალის გარემოში ხომ არ დაკომპლექსდი? ხომ არ გაგიჭირდა დაკისრებული მოვალეობის შესრულება?

- არა, როგორც გითხარით, გადაღებები ძალიან მიყვარს, ამ დროს თავს ისე ვგრძნობ, როგორც თევზი წყალში. მართალია, ჩემს მსახიობობასთან დაკავშირებულ ოცნებას ასე პატარ-პატარა როლებით ვიხდენ, მაგრამ ყველაზე მეტად სპექტაკლში თამაში მინდა. ეს მართლაც ჩემი ოცნებაა, რომელსაც ალბათ ვერ ავიხდენ, რადგან, თუ პროფესიით მსახიობი არ ხარ, თეატრის სცენაზე ვერ მოხვდები, სცენაზე თამაში საერთოდ სხვა რამ არის, ამას დიდი პროფესიონალიზმი სჭირდება.

- იმედს ნუ დაკარგავ, ყველაფერი ხდება. ახლა კი შენი პირადი ცხოვრების შესახებ ვისაუბროთ, როგორც ვიცი, პატარა გათხოვდი...

- კი, სკოლა დავამთავრე, ეროვნული გამოცდები ჩავაბარე და გავთხოვდი. მანამდე მე და ჩემს მეუღლეს ორი წელი გვიყვარდა ერთმანეთი. სკოლის დამთავრების შემდეგ ნიშნობა გვქონდა და მერე გავთხოვდი. ნიშნობის წინა ღამეს მამამ ისე ინერვიულა, 40 ჰქონდა სიცხე, ძალიან განიცადა. საერთოდ, ადრე გათხოვება გენეტიკურად მოგვდგამს მგონი. დედაც, ბებიაც, ჩემი დაც და მეც 18 წლისები გავთხოვდით (იღიმება).

მერე მეყოლა შვილები, ტყუპი - მარიამი და მერაბიკო, მოფერებით მაშიკოს და ბიკოს ვეძახით. ბავშვობიდან ვოცნებობდი ტყუპ შვილზე, ასევე იყო ჩემი მეუღლეც. როდესაც ექოსკოპიაზე გავიგეთ, ტყუპი გვაყვდა, ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ახლა ჩემი პატარები სამი წლისანი არიან. 1-ელ სექტემბერს ბაღში მივიყვანეთ, თავიდან ძალიან არ უნდოდათ, მაგრამ სამი დღის შემდეგ შეუყვარდათ იქაურობა და ახლა უკვე თვითონ მაღვიძებენ, ადექი, ბაღში წაგვიყვანეო. იქ კარგად ერთობიან და მოსწონთ.

- ცოტა მეტი მოგვიყევი შენი მეუღლის შესახებ...

- ჩემი მეუღლე 28 წლისაა, იურისტი გახლავთ, მაგრამ თავის პროფესიას არ მიჰყვება, პატარ-პატარა ბიზნესითაა დაკავებული. მართალია, არ უყვარს გადაღებები და მსგავსი რაღაცები, მაგრამ წინააღმდეგობას არ მიწევს, რადგან იცის, რომ მე ეს საქმე ძალიან მიყვარს. ამ საკითხზე შეყვარებულობის დროს უფრო გვქონდა დავა, მაგრამ ახლა მიხვდა, რას ნიშნავს ეს ყველაფერი ჩემთვის და აღარაფერს ამბობს (იღიმება).

- რამდენად რომანტიკული ურთიერთობა გაქვთ? ანებივრებთ ერთმანეთს საჩუქრებითა და სიურპრიზებით?

- კი, მაგრამ ახლა ძირითადად ბავშვების განებივრებაზე ვართ გადართულები. ის ბიჭისთვის ყიდულობს საჩუქრებს, მე - გოგოსთვის, თვითონ ბავშვებმა მოითხოვეს ასე, მერაბიკოს უნდა, რომ მამამ უყიდოს ყველაფერი, მაშოს კი - დედამ.

- ოჯახი, ქმარი, შვილები, სწავლა, გადაღებები, ამდენ რამეს როგორ უთავსებ ერთმანეთს? არ გიჭირს? მეუღლე არ გსაყვედურობს ყურადღების ნაკლებობისთვის?

- რა თქმა უნდა, ძნელია ყველაფერი ერთად, მაგრამ მაინც ვახერხებ დროის განაწილებას. სამსახიობოზე რომ ჩამებარებინა, მართლა არ ვიცი, როგორ მოვახერხებდი ამდენ რამეს. თეატრალურში სწავლა მთელი დღის იქ გატარებას მოითხოვს, რასაც რეპეტიციები მოჰყვება. ამ შემთხვევაში ძალიან გამიჭირდებოდა, მაგრამ ახლა ვუმკლავდები ამ ყველაფერს. რაც შეეხება მეუღლეს, არც მას ვაკლებ ყურადღებას, როცა საჭიროა, ერთად დავდივართ გასართობად, კინოში. ასე რომ, ამ მხრივ პრობლემა არ მექმნება.

ციცი ომანიძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება