აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ჟურნალ Forbes-ის მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანების რეიტინგში ლიდერობს. რეიტინგში მეორე ადგილი რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა დაიკავა. შარშანდელ რეიტინგში პუტინი მეოთხე ადგილზე იყო. გავლენიანი ადამიანების რეიტინგში სულ 70 ადამიანია.
მიუხედავად აშშ-ში გაზრდილი უმუშევრობისა და ეკონომიკური კრიზისისა, რასაც ბარაკ ობამას რეიტინგზე არ შეიძლებოდა უარყოფითად არ ემოქმედა, Forbes-ი ობამას საერთაშორისო არენაზე მიღწეული წარმატებებით გამოარჩევს. როგორც ჟურნალი წერს, ობამას წყალობით შეერთებული შტატები დღემდე მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოა. სააგენტო Reuters-ი ამასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ობამას გავლენა "ალ-ქაიდას" ლიდერის, ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციამ და ლიბიაში ნატოს ოპერაციის წარმატებამ გაზარდა.
ვლადიმერ პუტინი, რომელიც რუსეთის 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იღებს მონაწილეობას, "ფორბსის" რეიტინგში მეორე ადგილზეა, ხოლო რუსეთის მოქმედი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი - 59-ე ადგილზე.
მესამე ადგილი შარშანდელი რეიტინგის ლიდერმა - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ხუ ძინტაომ დაიკავა. შარშან ის რეიტინგის პირველ ადგილზე იყო. რეიტინგის ავტორებმა ხუ ძინტაოს დაქვეითება იმით ახსნეს, რომ პოლიტიკოსი მალე ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივნის თანამდებობას დატოვებს. როგორც მოსალოდნელია, მისი მემკვიდრე სი ძინპინი გახდება, რომელიც ამჟამად რეიტინგის 69-ე ადგილზეა.
მეოთხე ადგილი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს ხვდა წილად, ხოლო ლიდერთა ხუთეულს Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსი აგვირგვინებს.
Forbes-ის რეიტინგში ყველაზე ახალგაზრდა სოციალურ ქსელ Facebook-ის დამფუძნებელი 27 წლის მარკ ცუკერბერგია (მეათე ადგილი). შარშან ანალოგიურ რეიტინგში მან მე-40 ადგილი დაიკავა. ამგვარად, ერთი წლის განმავლობაში დაწინაურების მხრივ ცუკერბერგმა რეიტინგის დანარჩენ ყველა წარმომადგენელს გაუსწრო.
პირველ ათეულში მოხვდნენ ასევე საუდის არაბეთის მეფე აბდულა იბნ აბდელ-აზიზი (მე-6 ადგილი), რომის პაპი ბენედიქტ XVI (7), აშშ-ის ფედერალური სარეზერვო ფონდის ხელმძღვანელი ბენ ბერნანკე (8) და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი (9).
მომზადებულია Forbes-ის მიხედვით.