დიზაინერი ბიჭოლა საქართველოში ორი კვირით დაბრუნდა. 4 თვის მანძილზე მან მილანისა და პარიზის "ფეშენ ვიკებზე" სტუმრობა და კიევში ჩვენების გამართვა მოასწრო... მიუხედავად იმისა, რომ ბევრს მუშაობს და მოგზაურობს, მეგობრები არასდროს ავიწყდება: ვიდრე თიკა ჯამბურიასა და ბექა ხოფერიას დაშორების ამბავი მის ყურამდე მიაღწევდა, მან მეგობრის - თიკას გასაჭირი იგრძნო... პრობლემების მიუხედავად, თიკა და ბიჭოლა სულ კარგ ხასიათზე არიან. რამდენიმე ხნის წინ მომღერალმა სოციალურ ქსელში ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც მეგობრების ცეკვა-სიმღერა იყო ასახული და როგორც ჩემთან საუბრისას აღიარეს, "არქივში" კიდევ ბევრი და "უარესი" ვიდეო ჰქონიათ...
თიკა:
- ისე ვერთობით, როგორც ბევრი ახალგაზრდა.
ბიჭოლა:
- მეგობრები ვიკრიბებით, ვსაუბრობთ, ერთმანეთს ჩვენს ცხოვრებაში მომხდარ სიახლეებს ვუზიარებთ... როცა ერთად ვისვენებთ, ყველა კომპლექსს ვიხსნით. თუმცა შებოჭილი ისედაც არა ვარ. ვიდეოჩანაწერი, რომელიც ინტერნეტში ნახეთ, სიონში ყოფნისას გადავიღეთ. მაშინ თიკას ჯგუფელებთან ერთად კარგი დრო გავატარე, მანამდე კი წყნეთში ვიყავით და იქაც კარგი ამბები გადაგვხდა... სხვათა შორის, თიკა უგემრიელეს სალათებს ამზადებს, რომლებსაც მეგობრები სიამოვნებით შევექცევით.
- აღნიშნული ვიდეოს გადაღებისას ნასვამი იყავით?
თიკა:
- არა! უბრალოდ, სიმღერა ჩავრთეთ, ბიჭოლამ ცეკვა დაიწყო, ჩვენ კი ეს ყველაფერი ვიდეოკამერით გადავიღეთ და ცეკვაში ავყევით.
- ცეკვასთან ერთად, ბიჭოლა სტეფანეს სიმღერას მონდომებით ასრულებდა.
ბიჭოლა:
- ის სიმღერა ძალიან მომწონს!.. დილით პლაჟზე უნდა წავსულიყავით, მაგრამ "მინორში" ვიყავით. ჰოდა, გადავწყვიტეთ, "მაჟორი" შემოგვეტანა - ვიმხიარულეთ...
- ერთი შეხედვით, გულღია ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებ... თიკა, ბიჭოლას რაიმე საიდუმლო თუ იცი?
- ერთმანეთის ბევრი საიდუმლო ვიცით - მეგობრები ვართ!
- კამათობთ ხოლმე?
ბიჭოლა:
- შეიძლება, რაღაც საკითხზე განსხვავებული მოსაზრებები გვქონდეს და ცხადია, ამის გამო ვკამათობთ. როცა შოუბიზნესში მუშაობას ვიწყებდი, იმხელა გამოცდილება არ მქონდა, როგორიც - თიკას. ჰოდა, იმ პერიოდში რჩევებს მაძლევდა და მეც ვითვალისწინებდი, არ ვეკამათებოდი. ახლა "გაძლიერებული" ვარ, გამოცდილება დამიგროვდა და რაღაც თემებზე ვკამათობთ კიდეც. მაგალითად - კონცერტზე მის ჩაცმულობასთან დაკავშირებით. სხვათა შორის, კონფლიქტური ადამიანი არ ვარ.
თიკა:
- არც მე.
- და ეს მშვიდი ადამიანები რამ შეიძლება, გაგაბრაზოთ?
- ბიჭოლა ტყუილის, "ცუდი ენის" გამო ბრაზდება.
ბიჭოლა:
- ყველაზე მეტად ფარისევლობა მაბრაზებს.
თიკა:
- ორპირი ადამიანები არც მე მიყვარს!
ბიჭოლა:
- პირდაპირი ადამიანი ვარ: თუკი ვინმე არ მომწონს, ამას გამოვხატავ. ზურგს უკან ჭორაობა არ მსიამოვნებს.
- მსგავს უსიამოვნებას ხშირად აწყდები?
- თბილისში - განსაკუთრებით ხშირად. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, შოუბიზნესის წარმომადგენლები ერთმანეთს "ჭამენ", მაგრამ ამას ბევრი ფულის გამო აკეთებს, საქართველოში კი ასეთ რაღაცებს მხოლოდ იმისთვის კადრულობენ, რომ ტელეეკრანზე მაქსიმუმ, ორჯერ გამოჩნდნენ...
- გულდაწყვეტილი მეჩვენები.
- გულდაწყვეტილი კი არა, გახარებული ვარ: ჩემ მიმართ პრესაც გულღიაა და საზოგადოებაც. მერწმუნეთ, უბედნიერესი ადამიანი გახლავართ!..
- დღის განმავლობაში ერთმანეთს ხშირად ხვდებით?
თიკა:
- ახლა - იშვიათად. ხომ იცით, ბავშვი მყავს, თან ბიჭოლაც საზღვარგარეთ იყო. მართალია, ინტერნეტით სულ ვკონტაქტობთ, მაგრამ ადრე თითქმის ერთად ვცხოვრობდით.
- შენს გათხოვებამდე?
- მერეც!
ბიჭოლა:
- მე და ბექაც ვმეგობრობთ.
- ისეთივე კარგი მეგობრები ხართ, როგორიც შენ და თიკა?
- ბექა ძალიან მიყვარს. ის თიკასგან გავიცანი.
- თიკას პატარას თუ მოსწონხარ?
- (იცინის) ნინა პირველად სამშობიაროში ვნახე, მერე საზღვარგარეთ გავემგზავრე და მისი მეორედ ნახვა მხოლოდ დღეს მოვახერხე - გალამაზებულია, უკვე "ვიღაც-ვიღაცებს" დაემსგავსა...
- მამას ჰგავს?
- შოკში ვარ, ბექას ისე ჰგავს!
თიკა:
- თავზე "აბადოკს" ვუკეთებ იმისთვის, რომ გოგოს დაემსგავსოს...
- ბიჭოლა, შოუბიზნესის რომელიმე წარმომადგენელთან ცუდი ურთიერთობა ხომ არ გაქვს?
- არა. როცა ურთიერთობა ფუჭდება, მას საერთოდ ვწყვეტ. პრობლემების მიუხედავად, მე და თიკა ყოველთვის კარგ ხასიათზე ვართ.
თიკა:
- ცუდ განწყობილებაზეც რომ ვიყო, ამას არ შევიმჩნევ.
- როცა რომელიმე თქვენგანს რაღაც უჭირს, ამას გრძნობთ?
ბიჭოლა:
- ზოგადად, ძალიან ყურადღებიანი ვარ და სადაც უნდა ვიყო, მეგობართან დარეკვა არასდროს მეზარება. ბექას და თიკას პრობლემის შესახებ ვიღაცისგან კი არ გავიგე, ვიგრძენი და თიკას მივწერე: რა ხდება, როგორ ხართ-მეთქი? ბექაც და თიკაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები არიან, მათ დაშორებას ძალიან განვიცდი. თიკას თანავუგრძნობ...
- თიკა, შენი და ბექას ურთიერთობა ჭორებმაც გაართულა?
- ჭორები არ გამკვირვებია. ჩვენს ურთიერთობაში ყველა ერეოდა: ჟურნალისტები, უცხო ადამიანები... აბსოლუტურად შეგუებული ვიყავი იმ აზრს, რომ თუკი ერთმანეთს დავშორდებოდით, ამას მთელი ამბავი მოჰყვეებოდა.
- მარტოხელა დედობა რთულია?
- ცხოვრებას ჩვეულებრივად ვაგრძელებ - ჩემთვის და ჩემი შვილისთვის.
- ბიჭოლა, პირად ცხოვრებაში რთული პერიოდები შენც გქონია?
- როცა პირადი ცხოვრება სააშკარაოზე გამოაქვთ, ბევრი პრობლემა იქმნება, ამიტომ ამ თემაზე ლაპარაკი არ მიყვარს. დაე, პაპარაცები ელოდონ, თიკა ვისთან ერთად გაივლის...
- მოდი, ინტერვიუს სევდიანი თემით ნუ დავასრულებთ...
- მე და თიკამ დუეტი ჩავწერეთ, რომელიც ძალიან მაგარი გამოვიდა! სხვათა შორის, უკვე რადიოშიც "ტრიალებს". ტექსტი ნანა ცინცაძემ დაგვიწერა, მუსიკა - ქეთი გაბისონიამ (თიკას ბიცოლამ).
თიკა:
- ქეთი ჩემთან მოდის და ვმღერით. ერთხელ სიმღერაში ბიჭოლაც აგვყვა. ქეთიმ შეაქო და დუეტის ჩაწერის იდეაც მაშინ გაგვიჩნდა.
ბიჭოლა:
- სიმღერა 4 წლის წინაც ჩავწერეთ, მაგრამ ახლა უფრო სრულფასოვანი დუეტი გვაქვს.
თიკა:
- ბიჭოლა პროფესიონალი არაა, მაგრამ მოყვარულის დონეზე კარგად მღერის.
ბიჭოლა:
- სიმღერას ცოტათი ავუღე ალღო.
- ამ სფეროში დამკვიდრებასაც ხომ არ აპირებ?
- არა, მომღერლობა ერთ-ერთი ურთულესი პროფესიაა.
თიკა:
- როცა ადამიანი მღერის, მისი სხეულის ყველა კუნთი დაჭიმულია და შესაბამისად, ძალიან იღლება. თან, მომღერალს მყარი ნერვები უნდა გქონდეს, ბევრი უნდა იმეცადინო, სულ ფორმაში უნდა იყო... ახლა მუსიკისა და დრამის ფაკულტეტზე ვსწავლობ. მიუზიკლს - "ქეთო და კოტე" ვდგამთ, რომელშიც ქეთოს როლს ვასრულებ. პრემიერაზე აუცილებლად დაგპატიჟებთ.
ეთო ყორღანაშვილი
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)