ჟურნალმა The Hollywood Reporter-მა კინოპრემია "ოსკარის" ექვსი პოტენციური ლაურეატი მრგვალ მაგიდასთან მიიწვია - შეხვედრაში შარლიზ ტერონი, მიშელ უილიამსი, ქერი მალიგანი, გლენ ქლოუზი, ოქტავია სპენსერი და ვიოლა დევისი მონაწილეობდნენ. მათი ერთობლივი ფოტო ჟურნალის ახალი ნომრის გარეკანზე დაიბეჭდა.
კრიტიკოსებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მამაკაცად გარდასახულმა გლენ ქლოუზმა ფილმში - "იდუმალი ალბერტ ნობსი" და მიშელ უილიამსმა, რომელმაც ფილმში - "შვიდი დღე და ღამე მერლინ მონროსთან ერთად" მერლინი განსახიერა. წელს ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა ქერი მალიგანი ეროტიკულ დრამაში "სირცხვილი" შესრულებული როლით და შარლიზ ტერონი, ფილმით - "ახალგაზრდა სრულწლოვანი". ოქტავია სპენსერმა და ვიოლა დევისმა კრიტიკოსთა ყურადღება ფილმ "მოსამსახურეში" შესრულებული როლებით მიიპყრეს. ვარსკვლავებს გამარჯვების თითქმის თანაბარი შანსები აქვთ.
ინტერვიუში მსახიობებმა თავიანთი პერსონაჟების, რთული ეროტიკული სცენებისა და იმის შესახებ ისაუბრეს, თუ რაზე დაწყდათ გული, ან არ მოეწონათ გადაღების პროცესში.
ქერი მალიგანმა სტივ მაქუინის ფილმში საკუთარ როლზე ასე ისაუბრა - "არასდროს მინდოდა შიშვლად გადაღება და საბედისწერო ლამაზი ქალის განსახიერება, ამის მეშინოდა, მაგრამ ფილმ "სირცხვილისთვის" ამის გაკეთება მაინც შევძელი. ამაში ფრანჩესკა ვუდმანის ისტორია ძალიან დამეხმარა: ის ფოტოგრაფი იყო და საკუთარ თავს 15 წლის ასაკიდან შიშვლად იღებდა, 22 წლის ასაკში კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ფრანჩესკასთვის სიშიშვლე მხატვრის იარაღი იყო, ისევე როგორც ჩემი გმირისთვის. როდესაც ეს გავიაზრე, გახდა გამიადვილდა. გარდა ამისა, იმ წუთებში გვერდით მხოლოდ ერთი კამერა და შიშველი მაიკლ ფასბენდერი იყო".
შარლიზ ტერონმა კოლეგას მხარი დაუჭირა და აღნიშნა, რომ გადაღებების დაწყებამდე ყოველთვის შიშს გრძნობს, რაც შემდეგ ქრება.
გლენ ქლოუზმა ბავშვობა გაიხსენა და მოყვა, თუ როგორ ნახა პირველად ფილმი "საბედისწერო სწრაფვა":
"მე აფრიკაში, ფერმაში ვიზრდებოდი, იქ კინოთეატრი არ იყო. მაგრამ დედაჩემს კინო ძალიან უყვარდა, ამიტომ ყოველ პარასკევს ღია ცის ქვეშ ავტოკინოთეატრში დავდოდით. ფილმის ნახვამდე აფიშას ვეცნობოდით და თუ ფილმის ყურება ბავშვებისთვის აკრძალული იყო, დედა ავტომობილში მმალავდა. ასე ვნახე პირველად "საბედისწერო სწრაფვა". რვა წლის ვიყავი, დედა გვერდით იჯდა და შოკში იყო იმით, რასაც ეკრაზე ხედავდა. შემდეგ კი ფილმის შესახებ საუბარი დავიწყეთ. საუბარი სექსის შესახებ დიალოგში გადაიზარდა. ამან შემძრა", - განაცხდა გლენ ქლოუზმა.
მომზადებულია The Hollywood Reporter-ის მიხედვით.