ცოტა ხნის წინ გადაცემა "პროფილმა" გია სურამელაშვილს ბენეფისი მოუწყო. იმ დღეს "პროფილის" სტუდიასთან გადაცემაზე დასწრების მსურველთა ტევა არ იყო. ყველაზე მაღალი რეიტინგიც თურმე სწორედ ამ "პროფილს" ჰქონდა. რატომაა ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი მომღერალი დღეს გია სურამელაშვილი და რა დაუმალა "პროფილის" მაყურებელს მომღერალმა, დღეს ჩემი რესპონდენტი თავად გიამბობთ.
- გია, ფაქტობრივად, ბენეფისი მოგიწყვეს "პროფილში"...
- სხვათა შორის, ამ გადაცემას ძალიან მაღალი რეიტინგი ჰქონდა.
- სტუდიაში მოწვეულ აუდიტორიაში შენი ახლობლებიც იყვნენ?
- დაცვას თუ არ ჩავთვლით, არა. ორი კაცი მყავდა წაყვანილი. მეტი რად მინდოდა, მოსაკლავად და დასაპორჭყნად არავინ დამდევს, ყველას სიყვარულისა და სითბოს გამოხატვა უნდა და ხალხს ამის უფლებას ვაძლევ. ერთი ტიპი ლამის გადმოვარდა ცეკვის დროს სკამიდან (იცინის). გადაცემის მერე მთელ დარბაზთან გადავიღე ფოტოები. სამი იმდენი ადამიანი დარბაზში ვერ შემოვიდა, გარეთ იცდიდა, მაია გაგიჟდა.
- მაიამ ყურადღება გაამახვილა შენს ჩაცმულობაზე...
- მე ჩემი მსმენელისთვის, ჩემი მაყურებლისთვის გამოვეწყვე ასე. ყველას არ აქვს საშუალება, რესტორანში მოვიდეს და იქ მომისმინოს, მნახოს. ამიტომ ჩავიცვი ისე, როგორც მაცვია სცენაზე. ვფიქრობ, პატივი უნდა სცე შენს მსმენელს, ისე არ უნდა გამოხვიდე სცენაზე თუ გადაცემაში, როგორც დადიხარ ქუჩაში, ხარ სახლში. სწორედ ამაში ვიღებ ფულს, სცენაზე ორჯერ მაინც უნდა გამოვიცვალო.
- პერანგის გარეშე სცენაზე გამოსვლა მსმენელის პატივისცემაა?
- ეს არის სცენის კოსტიუმი. ჟილეტი და ზემოდან პიჯაკი. რა გაუკვირდათ, ვერ გავიგე. ზაფხულში გახდილები დადიან. ეტყობა, ეს ფორმა ძალიან მიხდება და ზედმეტად ხვდებათ თვალში, თორემ გადასარევი "ნარიადი" მეცვა. მესმის, აეტეხათ ერთი ამბავი, ბანჯგვლები რომ მქონოდა მკერდზე და ზედ ტილები. ანგელოზივით ბიჭი ვიჯექი რაა (იცინის).
- სცენას წვეტიანი ფეხსაცმელიც უხდება?
- რა თქმა უნდა, საკონცერტო "ნარიადს" უხდება. შარვალზე ლაკის ფეხსაცმელი ლამაზად ჩანს.
- არავინ არ დაიჯერა, რომ ის ყველა დიდთვლიანი ბეჭედი, ხელზე რომ გეკეთა, ბრილიანტი იყო...
- რატომ უნდა მეკეთოს ბიჟუტერია? იმას რატომ იჯერებენ, რომ შეიძლება, ბიჟუტერია მეკეთოს?! აი, ეს არ მესმის.
- ალბათ ეგ ბეჭდები საკმაოდ ძვირად ღირებულია, ვინ გიკეთებს ამ საჩუქრებს?
- თვითონ. ძალიან მიყვარს, საკუთარ თავს რომ ვასაჩუქრებ, მით უმეტეს დაბადების დღეზე.
- ბოლოს რით დაასაჩუქრე საკუთარი თავი დაბადების დღეზე?
- ბრილიანტის ბეჭედი არ მიყიდია, მაგრამ მეორე დღეს ფხიზელმა რომ გავიღვიძე, კინაღამ გული გამისკდა, როცა გამახსენდა, რამდენი გადავიხადე აი, ამ ქურქში, რომელიც ტყავით, კარაკულითა და წაულით არის გაწყობილი. მაღაზიებში ხშირად ვერ დავდივარ. დაქალმა მითხრა, ძალიან მაგარი ქურქი იყიდება და უნდა განახვოო. ვნახე და ვიყიდე. საწოლის თეთრეულში 600 ლარი გადამიხდია, ფული არ მენანება იმაში, რაც კარგია.
- თეთრეულზე გამახსენდა, ცოტა ხნის წინ ინტერნეტსაიტზე "ოდნოკლასნიკი" ახალი ფოტოები ატვირთე, რომელიც გადაღებულია საწოლში, თეთრი ხალათითა და თეთრი სათვალით.
- ჰო, თვითონ დავდე ეს ფოტოები. აუზიდან ამოვედი, სათვალე მეკეთა, მზეს ვეფიცხებოდი. ხალათი მოვიცვი და საწოლზე წამოვწექი. ახლობელმა გადამიღო ფოტოები. მომეწონა და დავდე. რა არის ამაში გასაკვირი?
- ინტერნეტსივრცემ ეს ფოტო მალევე აიტაცა და ხუმრობის საგნადაც აქცია. შენი ფოტო ბერების ფოტოს მიამონტაჟეს და ასეთი სათაურით გამოაქვეყნეს - "ასეთი გენდერული დისბალანსი პარლამენტშიც კი არ არის"...
- უი, არ მინახავს, რას ამბობ?! რა უნდა ვთქვა, არიან უსაქმურები, მათ მთელი ცხოვრება ვერ გავექეცი. ილაპარაკონ! იხუმრონ! როცა აღარ ილაპარაკებენ, მერე იქნება ჩემი საქმე ცუდად (იცინის).
- საინტერესოა, როგორია შენი დამოკიდებულება რელიგიისადმი?
- მართლმადიდებელი ვარ, ქრისტიანი, თუმცა ეკლესიაში ხშირად ვერ დავდივარ. ჩემდა სამარცხვინოდ, მოძღვარი არ მყავს. ვერ ვმარხულობ, რადგან ვერ ვამბობ უარს სიგარეტზე, ალკოჰოლზე, ქალებზე...
- "პროფილს" დავუბრუნდეთ, იქ თქვი, რომ შენს ცხოვრებაში არის გოგონა, რომელიც გიყვარს. მერე თაკო მელიქიშვილთან ერთად შეასრულე სიმღერა და გაჩნდა კითხვა, ხომ არ არის ის გოგონა თაკო?
- არა, მე და თაკო მეგობრები ვართ. თაკოს სხვა უყვარს, მე - სხვა (იღიმის). მაიას კი შევპირდი, პირველს შენ გეტყვი იმ გოგონას ვინაობას-მეთქი, მაგრამ სანამ "პროფილამდე" მივალ, პირველს შენ გაგიმხელ, როცა ამის დრო მოვა.
- "გაპატიე", - ასე ჰქვია შენს ახალ სიმღერას. ვის რა აპატია გია სურამელაშვილმა?
- საერთოდ არ ვიცი პატიება, ადამიანებს წყენას რთულად ვპატიობ. ამის გამო ბევრი დამიკარგავს ცხოვრებაში. წლები თავისას შვრება. დავფიქრდი და მივხვდი, შეცდომას ვუშვებდი, რამდენიმე ადამიანი ამის გამო რომ დავკარგე. ახლა შეიძლება, რომელიმე მათგანთან ბედნიერი ვყოფილიყავი. ძალიან მალე გაჰიტდა ეს სიმღერა. ეს იმას ნიშნავს, რომ ბევრი ადამიანის სათქმელი ვთქვი. სხათა შორის, სიტყვები მე მეკუთვნის. მეორე დღეს რადიოში ისეთი ამბავი ატყდა, სასწრაფო დახმარების თანამშრომლები, პატრული, სუპერმარკეტების ქსელების თანამშრომლები, ყველა ამ სიმღერას ითხოვდა (იცინის).
- გადაცემაში ილაპარაკე შვილზეც, დისტანცია ახსენე. რას გულისხმობდი?
- ამ თემაზე არ მინდა ვილაპარაკო. დრო მოვა და ვიტყვი ყველაფერს, ახლა არ მინდა. ერთს ვიტყვი მხოლოდ, ცოტა ბუტია ვარ. ახლა შვილთან გაბუტული ვარ.
- ხომ არ იცი მისი რეაქცია გადაცემაზე?
- გაუკვირდა, ხმამაღლა რატომ არ თქვი, რომ არ მელაპარაკებიო. ყველას ვუთხარი, მაიასაც, გადაცემის პროდიუსერებსაც და ყველას გასაგონად რა საჭირო იყო-მეთქი, ვუპასუხე.
- რატომ გაებუტე შვილს?
- მისი პირადულიდან გამომდინარე, მეტს არაფერს ვიტყვი. რაღაც არ დამიჯერა და მეწყინა. გადავწყვიტე, უფლება მიმეცა, იცხოვროს ისე, როგორც ის მიიჩნევს სწორად. სრული დამოუკიდებლობა მივეცი. 23 წლის არის, წესით, აღარ უნდა შეეშალოს. გვერდით ვედექი, როცა ყველაზე მეტად უჭირდა და დავუდგები კიდეც. ჩემი შვილია, მე გავზარდე.
- ახლახან დაბრუნდი ისრაელიდან...
- ჰო და ძალიან ბედნიერი დავბრუნდი. მართლა არ მეგონა, ამდენ ხალხს თუ ვუყვარდი ისრაელში. 50-60 წლის ხალხი ჩემს სიმღერებზე ცეკვავდა. 10 სიმღერა ვიმღერე. ძალიან დიდი სითბო მივიღე იქაური ქართველებისგან.
- ამბობ, რომ მაღალანაზღაურებადი მომღერალი ხარ. ეს რითია განპირობებული?
- ალბათ იმით, რომ ჩემი სიმღერები უყვართ, გია უყვარს ხალხს და ფულსაც იხდის. ამერიკაში ორჯერ არ წავედი დაბალი ანაზღაურების გამო და ერთხელ საბერძნეთში. მე და ეთერ კაკულია უნდა წავსულიყავით და ვუსაყვედურე, უჩემოდ რატომ მოელაპარაკე თანხაზე-მეთქი.
- შეიძლება გკითხო, რამდენს ითხოვს ერთ სიმღერაში გია სურამელაშვილი?
- არა, მაგას ვერ გეტყვი (იღიმის). თუმცა შეღავათებიც მაქვს, როცა ძალიან მთხოვენ. მაგალითად, ამას წინათ საბერძნეთიდან დამირეკეს, სიურპრიზი გვინდა გავუკეთოთ დეიდებმა დისშვილს, რომელსაც თბილისში აქვს ქორწილი, მოულოდნელად უნდა მიხვიდეთ. ვიცით, რომ ბევრს ითხოვთ და ისეთი თანხა დაგვისახელეთ, რომ შეწვდეთო. რა უნდა მექნა, უარი ვერ ვუთხარი, როცა საქმე სიყვარულს, ქორწილს ეხება, უძლური ვარ.
- სიურპრიზებით ძალიან განებივრებენ თაყვანისმცემლები. ერთ-ერთ ბოლო სიურპრიზზე გვიამბე...
- გუშინ ერთ-ერთმა "ნორკის შუბა" გამომიგზავნა. ცოტა გადასაკეთებელია, ისე ძალიან მომწონს.
- ქართველია შენი თაყვანისმცემელი, "ნორკის" ქურქის ავტორი?
- (იცინის) ოხ, შენ რა ხარ! კი ქართველია. თაყვანისმცემელმა არ მიყიდა მანქანა?! ამ მხრივ განებივრებული ვარ. ახლა ერთი სახლს დამპირდა, ვნახოთ.
- ეგ ამბავი არ გამოგვაპარო.
- შენ რას გამოგაპარებს კაცი (იცინის)!
- საახალწლო კონცერტზე არასდროს მინახავხარ...
- მაგ დღეებში ისეთი დატვირთული ვარ, ისეთი კარგი ჰონორარი მიგროვდება, რატომ გავიყინო და გავითოშო ქუჩაში, როცა შემიძლია, ესკორტით მივიდე რესტორანში, ვიმღერო და იმაზე მეტი ფული ავიღო, რასაც ისინი იღებენ იქ, მოედნებზე?!
ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)