რა სკანდალში გახვიეს თამუნა ამონაშვილი

რა სკანდალში გახვიეს თამუნა ამონაშვილი

მომღერალი თამუნა ამონაშვილი მეუღლესთან, რეზიკო არჩვაძესთან ერთად უკვე წლებია, მოსკოვში ცხოვრობს.  თბილისში ჩამოსული თამუნა ქართული შოუბიზნესის ხმაურიანი ამბის უნებლიე მონაწილე გახდა. ანრი ჯოხაძემ "ვანოს შოუში" ლელა წურწუმიასა და თამუნას გასვენება წარმოიდგინა და აღნიშნა, რომ თამუნას გასვენებაში ორჯერ ნაკლები ხალხი მივიდოდა, ვიდრე ლელა წურწუმიასი. ეს ანეკდოტი თამუნას რომ მოვუყევი, ძალიან გაუკვირდა და ეწყინა, თუმცა ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ უნდოდა. თამუნას მოსკოვში გამგზავრების წინ შევხვდი.

- რა აზრის ხარ ანრი ჯოხაძის "ღამის შოუში" ნათქვამ ხუმრობაზე?

- ბევრი რამის თქმისგან თავს შევიკავებ. ორივემ ჩავატაროთ კონცერტები და გამოჩნდება, ჩემი თაობის მომღერლები უფრო უყვართ თუ ანრი. ამ თემაზე ბევრი ლაპარაკი არ მინდა. ანრის პირისპირ რომ შევხვდები, სათქმელს თავად ვეტყვი.

- თამუნა, როგორც გავიგე, ყიფშიძეზე ვარსკვლავების კორპუსში ბინის მოწყობა დაამთავრე.

- ბინის მოწყობა ჯერ კიდევ შარშან დავიწყე, მაგრამ ვერ დავამთავრე. ისეთი ფასებია, დიდი ფულის პატრონები ვერ ახერხებენ რემონტის დროულად გაკეთებას და მით უფრო, მე ვერ მოვახერხებდი. ვარსკვლავების სახლი გარეგნულად საშინლად გამოიყურებოდა, მაგრამ ზუსტად დღეს დაიწყეს შეღებვა.

- გავიგე, ბათუმშიც შეგიძენია ბინა.

- ბათუმი ძალიან მიყვარს და ამ ქალაქში ბინის შეძენა ყოველთვის მინდოდა. შვიდი წლის წინ დავიწყე მშენებარე კომპლექსში ბინისთვის ფულის გადახდა, მაშინ დიდ თანხად მეჩვენებოდა, მაგრამ გამოვიდა, რომ არცთუ ძვირად შემიძენია. ღვთის წყალობით, შევძელი იმ თანხის გადახდა. გავმართე რამდენიმე კონცერტი. მერე რეზიკოს გავყევი ცოლად და ის დამეხმარა. ბათუმში ბინა რომ გვაქვს, ამაში რეზიკოს ლომის წილი მიუძღვის.

- როგორც ვიცი, რეზიკო თბილისში უკვე რამდენიმე წელია არ ყოფილა.

- რეზიკო ყველაფერ ქართულს მოკლებულია და ამის გამო დიდ განცდებშია. ვერაფრით ვერ მოვახერხეთ, რომ ჩამოვიდეს. რეზიკო მოსკოვში მუშაობს. ამ ქა­ლაქში კი ერთი დღე რომ არ იმუშაო, ჩათვალე, რომ ყველაფერი გაფუჭდება.

- ვიცი, რომ კახეთში ტურნე გქონდა, როგორ ჩაიარა კონცერტებმა?

- ძალიან კარგი კონცერტები ჩატარდა. ხალხისგან ძალიან დიდი სიყვარული ვიგრძენი. ბოლო წლებში ქართველების სითბოს მოკლებული ვიყავი და ახლა სულ ავინაზღაურე.

- საქართველოში საბოლოოდ დაბრუნებას როდის აპირებ?

- ძალიან მალე დავბრუნდები. საქართველოა ჩემი ქვეყანა. უბრალოდ, ახლა ჩემს ოჯახს სჭირდება, რომ რამდენიმე წლით რუსეთში ვიცხოვრო.

ამ ხნის განმავლობაში ჯაზურ სტილში დავიწყე სიმღერა. "პაპსა" სიმღერები ნაკლებად მაქვს. დიზაინერულ სფეროში უფრო მეტ განათლებას ვიღებ.

- მოგვიყევი, როგორ ცხოვრობ მოსკოვში.

- მოსკოვში ცხოვრებას თავისი პლუსები და მინუსები აქვს. მე პოლიტიკოსი არ ვარ, რომ ვინმემ შემაწუხოს. ჩვეულებრივი მომღერლის ცხოვრებით ვცხოვრობ, ოჯახს ვუვლი. არაფერს გრანდიოზულს იქ არ ვაკეთებ და მალე დავბრუნდები.

- როგორც ვიცი, ქართველი მომღერლები შენთან იკრიბებიან ხოლმე.

- არა მარტო მომღერლები, მოსკოვში ბევრი ქართველი და რუსი მეგობარი მყავს. მათ ძალიან უყვართ ჩემი მომზადებული კერძები. რატომღაც თბილისში რომ ვარ, ვერასდროს ვახერხებ საჭმლის მომზადებას. მოსკოვში კი ძალიან ბერი რამის გაკეთება ვისწავლე და როგორც ამბობენ, ყველაფერი გემრიელი გამომდის. მგონი, ეს ნიჭი გენეტიკურად მაქვს. დედაჩემიც და ჩემი დაც არაჩვეულებრივად ამზადებენ და კერავენ. ყველანაირი საქმე მეხერხება. თუ დამჭირდა, შემიძლია, ლურსმანიც დავაჭედო. ინტერიერის შექმნაც მეხერხება. მოკლედ, რასაც ხელს მოვკიდებ, ყველაფერი გამომდის.

- როგორც ვიცი, იუდაშკინს შენი ნახელავი მოეწონა და თავისთან მუშაობა შემოგთავაზა.

- შემომთავაზა, მაგრამ მასთან მუშაობა არ დავიწყე. მინდოდა, სხვაგან მიმეღო განათლება. დროში ვეღარ ვეტეოდი და უარი ვუთხარი, მაგრამ დიდად ვდარდობ ამ ამბავს-მეთქი, ვერ ვიტყვი.

- მოსკოვში საკუთარი ბინა გაქვთ?

- არ მაქვს და რაც თბილისში ჩამოვედი, ყველა ამ კითხვას მისვამს. ალბათ ვიყიდი (იცინის). თუმცა მირჩევნია, თბილისში მქონდეს ბინა. მოსკოვში ყოფნა არ მიყვარს. მოსკოვი კარგია, როცა იქ ათი დღით ჩადიხარ და დროს ატარებ. საცხოვრებლად ძალიან რთული ქალაქია. მე არ მომწონს მეგაპოლისები. თბილისისნაირი პატარა და მყუდრო ქალაქები უფრო მიყვარს.

- როგორც მითხარი, რეზიკო უკვე რამდენიმე წელია, არ ყოფილა საქართველოში. რა გთხოვა, რომ მისთვის ჩაგეტანა?

- ღანძილი და გოჭი უყვარს ძალიან და წინა ჩამოსვლაზე მთხოვა, ჩამეტანა მისთვის. მეც შევუსრულე თხოვნა. მოსკოვში ყველაფერს იშოვი ღანძილის გარდა. წელს რეზიკოსთვის მარტო ჩურჩხელები მიმაქვს.

- ამჯერად რატომ სტკენ გულს და ღანძილი რატომ არ მიგაქვს?

- თვითონ არ უნდა. თან აეროპორტში რამის გატანაც ხომ თანხა ღირს და ვცდილობ, რაც შეიძლება ნაკლები რამ წავიღო.

- რუსეთში რომელი ქართული სიმღერა მოსწონთ ყველაზე მეტად?

- ქართველი მომღერლები ძალიან უყვართ. ქეთა თოფურიას, თამრიკო გვერდწითელს, სოსო პავლიაშვილს დიდ პატივს სცემენ. ქართული სიმღერებიდან "თბილისო" და "სულიკო" იციან. კიდევ "არგო" უყვართ ძალიან. კონცერტს სწორედ ამ სიმღერით ვამთავრებ ხოლმე.

მერი კობიაშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

რა სკანდალში გახვიეს თამუნა ამონაშვილი

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება