ინდოეთში, ქალაქ საფაში არა მხოლოდ ინდოეთის, არამედ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ქორწილი გაიმართება. 23 წლის პრატიკ იადავასა და 21 წლის აპარნი ბიშტის ქორწილი პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის, ასევე პრინც ალბერისა და შარლენ უიტსტოკის ქორწილებს დაჩრდილავს. წყვილი ამაჟამად დიდ ბრიტანეთში სწავლობს.
6-დღიან საქორწინო ცერემონიაში სულ 100 000 ადამიანია მიწვეული. სასიძო და საპატარძლო ინდოეთის ორი ძალიან ცნობილი ოჯახის წარმომადგენლები არიან. სასიძო სოციალისტური პარტიის ლიდერისა და ინდოეთის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული უტარ-პრადეშის შტატის მთავრობის სამგზის მეთაურის, ასევე ინდოეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრის - მაულაიმ სინგხი იადავას ვაჟია, საპატარძლო კი - ყველაზე გავლენიანი ინდური გაზეთის Times of India-ს რეგიონული გამოცემის მთავარი რედაქტორის - არვინდ სინგხი ბიშტის ქალიშვილია.
სტუმრების სია არა მხოლოდ პოლიტიკის, არამედ ბიზნესის, სპორტის, კულტურისა და სხვა სფეროს წარმომადგენელ მრავალ ცნობილ ადამიანს მოიცავს.
მდიდრული ქორწილის მომზადებას ნახევარი წელი დასჭირდა. ქორწილი 2 დეკემბერს საფაში დაიწყება და 7 დეკემბერს უტარ-პრადეშის დედაქალაქ ლაკნოუში 1 500 პერსონაზე გათვლილი ბანკეტით დასრულდება. თავად საქორწინო ცერემონია მესამე დღეს გაიმართება. სწორედ ამ დღეს მოიყრის თავს საფაში 100 000 სტუმარი ინდოეთის ყველა კუთხიდან. საზეიმო ღონისძიებები ქალაქის ქუჩებსა და მოედნებზე გაგრძელდება.
მომზადებულია kp.ru-ს მიხედვით.