ეკა კვალიაშვილმა კარიერის დასრულება გადაიფიქრა

ეკა კვალიაშვილმა კარიერის დასრულება გადაიფიქრა

ჩვენს ქვეყანაში არსებულმა, რბილად რომ ვთქვათ, არასტაბილურმა პოლიტიკურმა მდგომარეობამ ყველა სფეროზე მოახდინა გავლენა. მათ შორის შოუბიზნესზეც. პოლიტიკური დებატები საკანონმდებლო ორგანოების საზღვრებს გასცდა და საკონცერტო დარბაზებისა თუ თეატრების კულისებში გადაინაცვლა. ხელოვანები, ნებსით თუ უნებლიეთ, ამ პროცესებში ჩაებნენ. გაჩნდა ტერმინები: სახელისუფლებო კონცერტი, სამთავრობო ღონისძიება, ოპოზიციის მომღერალი, ხელისუფლების კარის ხელოვანი და ა.შ.

ცოტა ხნის წინ, ტელეკომპანია "იმედმა" საეთერო დრო ქართულ შოუბიზნესს დაუთმო. გადაცემაში "1000C" მომღერლები, კომპოზიტორები, ჟურნალისტები მიიწვიეს. გადაცემა ქართულ შოუბიზნესში არსებულ პრობლემებს მიეძღვნა. სტუმრებს შორის ვერ მოხვდა ეკა კვალიაშვილი, რომელიც ქართული ესტრადის ბედ-იღბალზე გულახდილად გვესაუბრა.

- ეკა, რატომ არ იყავი გადაცემის სტუმარი, როგორც ერთ-ერთი რიგითი ქართველი მომღერალი?

- იმიტომ, რომ მე არ ვარ ერთ-ერთი რიგითი მომღერალი (იღიმის). სხვათა შორის, მეც დამირეკეს მაგ გადაცემიდან, სავარაუდოდ პროდიუსერმა. ხომ მოხვალთო, შემითანხმდნენ. რასაკვირველია, დავთანხმდი, მაგრამ მერე აღარ შემეხმიანნენ. მამიდაჩემისგან გავიგე, რომ ამ გადაცემის ჩაწერისთვის ემზადებოდნენ. ისიც ვიცი, რომ მამიდაჩემმა სწორედ ამ გადაცემაში შეკითხვა დაუსვა სტეფანეს, - რატომ არ ჩანან ღირსეული მომღერლები სცენაზე და რა კრიტერიუმებით არჩევთ ამა თუ იმ კონცერტისთვის შემსრულებლებსო. სტეფანეს უთქვამს, არ ვიცი, ეს ჩემზე არაა დამოკიდებული, მე გამზადებულ სიებს მაწვდიანო. ეს კი ეთერში ვერ მოხვდა. საბოლოო ჯამში მიხარია კიდეც, რომ იქ არ ვიყავი.

- რას გულისხმობ?

- მამიდაჩემი, ღრმად პატივცემული მარიკა კვალიაშვილი რუსა მორჩილაძის უკან იჯდა. რუსა ნიჭიერი ადამიანია, მიყვარს და პატივს ვცემ, მაგრამ დავიწყოთ იქიდან, რომ რუსა არ არის მამიდაჩემის ასაკის. ძალიან დიდი შემოქმედებითი გზა უნდა გაიაროს, მის დონემდე რომ მივიდეს, ისიც, ან მივა, ან - ვერა. უფრო მგონია, რომ ვერ მივა. რუსა მორჩილაძის უკან მობუზული მამიდაჩემი რომ დავინახე, სამაცხვინო ქვეყნის მაგალითი დამიდგა თვალწინ. იმიტომ არა, რომ ის ჩემი მამიდაა. ნებისმიერი ღრმად პატივცემული კომპოზიტორი ან მომღერალი რომ მჯდარიყო მამიდაჩემის ადგილას, იგივე რეაქცია მექნებოდა. მარიკა კდემამოსილი ქალბატონია, კულტურული. პირველ რიგში საკუთარ თავს სცემს პატივს და მერე მაყურებელს. შეეძლო პრეტენზია გამოეხატა, მაგრამ ეს არ გააკეთა.

- რაც იქ ითქვა, რომ დღეს საქართველოში არ არსებობს შოუბიზნესი და რომ ქართული შოუბიზნესი დიმპიტაურაა, მისაღებია შენთვის?

- რა თქმა უნდა. არც არსებობს და თუ არსებობს, დიმპიტაურაა და თან საშინლად ტენდენციური. გადაცემის მესამე ნაწილს თუ უყურეთ, ნახავდით, რომ სტეფანემ თქვა, დღეს არც ერთი მომღერალი არ ჭაჭანებს არსად, სად არის ეს გასაჭაჭანებელი ადგილი, მაჩვენეთო. ამ ლოგიკით ყველა დროის მოთხოვნადი მომღერალი არ უნდა გვყავდეს, არავის აღარ უნდა ითხოვდეს მსმენელი. მაგრამ მე ვიცი, რომ ითხოვენ და ეს არის ნინო ჩხეიძე (იღიმის). მას თავისი მსმენელი ჰყავს, დიდი მასა. მე ჩემი მსმენელი მყავს. კი ვარ მოთხოვნადი და არა მარტო მე, ის მომღერლებიც, ვინც ძალიან მოენატრა ხალხს და ვინც მართლა მომღერალია, მაგრამ არ გვაჭაჭანებენ არსად! ყველამ იცის, რომ გადაბლოკილი ვარ. თუ რომელიმე მომღერალს ოპოზიციური აზრი გააჩნია, ის სცენაზე არ გამოჰყავთ.

- საჯაროდ შენი პოლიტიკური განცხადებები არავის ახსოვს, პოლიტიკურად აქტიური არასდროს ყოფილხარ...

- არ მინდა, ჩემში პოლიტიკა და ხელოვნება აზელილი იყოს ერთმანეთში ისე, როგორც ეს ქვეყანაშია, ამიტომაც არ ვაკეთებ პოლიტიკურ განცხადებებს, თორემ სათქმელი მეც ბევრი მაქვს.

- მაშინ რატომ ბლოკავენ ეკა კვალიაშვილს?

- რა გითხრათ, ეს პერიოდი კომუნისტურ წყობას მაგონებს, როცა დითირამბებს უმღეროდნენ კომუნიზმს და თუ არ იყო კომუნიზმზე მიმღერება ნაწარმოებში, ისე არც წიგნებს ბეჭდავდნენ და არც სცენაზე უშვებდნენ სამღერად.

- ვის უმღერიან დღეს დითირამბებს?

- მთავრობას.

- შენ რომ არ უმღერი, იმიტომ გბლოკავენ?

- მე ყველას ვუმღერი, ადამიანებს ვუმღერი და სულ ერთია ჩემთვის, ის ადამიანი მთვარობის წარმომადგენელია თუ ოპოზიციის. ჩემთვის გაუგებარია, რატომ ვიბლოკები. მარტო მე არა, ჩემი უამრავი ნიჭიერი კოლეგა იბლოკება დღეს და ვიღაცამ ხმა ხომ უნდა ამოიღოს!

- გადაცემის მესამე ნაწილი ახსენე, სადაც ყველა დროის მოთხოვნადი მომღერალი წარუდგინეს მაყურებელს, ამან გაგაღიზიანა?

- არა (იღიმის), საერთოდ არ მინდა იმაზე ლაპარაკი, რამდენად მოთხოვნადია დღეს ლელა წურწუმია. ეს თვითონ უკეთ იცის. უბრალოდ, ერთი ძველი გადაცემა მინდა გავიხსენო, სადაც თქვეს, რომ ოთხმილიონიან ქვეყანაში წურწუმიას 6 მილიონი დისკი აქვს გაყიდული. ბევრი ვიფიქრე ამაზე, ვიანგარიშე, მაგრამ ვერანაირი გამოთვლებით ვერ მივედი ამ ინფორმაციის ჭეშმარიტებამდე. ჯერ ერთი, არ ვართ არც ხუთი და არც ოთხმილიონიანი ქვეყანა. რომც ვიყოთ, გამოდის, რომ ლელას დისკებზე თავ-პირს ალეწავენ ერთმანეთს საზღვარგარეთ ჩვენი ემიგრანტები, მის დისკებს ასევე ყიდულობს სოციალურად დაუცველი ფენა, რომელსაც დისკის კი არა, მწვანილის ფული არ აქვს, რომ შვილებს აჭამოს. ამ მომღერლის დისკებს ყიდულობენ პენსიონერები, თავშესაფარში მცხოვრები მოხუცები, მიუსაფართა თავშესაფარში მცხოვრები ბავშვები და გამოდის, რომ წეწვა-გლეჯა აქვთ ლელას დისკებზე ახალშობილ ბავშვებს.

- ამ გათვლებით შენ ახლა სახლში, სულ ცოტა, სამი დისკი უნდა გქონდეს...

- სამი რატომ? - ექვსი. თითო ადამიანს ორ-ორი დისკი გვაქვს ნაყიდი თურმე (იცინის). იცი რაა, ხალხის მასაზეც აღარ ჭრის არარეალური პიარკამპანიები, მე კი დიდი ხანია უკვე ამ სფეროში ვარ. ძალიან მეცინება ამ ყველაფერზე. გამოდის, რომ სამშობიაროში ბავშვები რომ იბადებიან, თავით კი არ გამოდიან, ხელს იწვდიან, რომ წურწუმიას დისკი მიაწოდონ (იცინის). სიმართლე გითხრა, ეს დღის ფრაზად გადაგვექცა იმ პერიოდში მე და ჩემს მეგობრებს და ბევრი ვიხალისეთ.

- რისი თქმა გინდა, გადაცემაში ლელას პიარი გაუკეთეს?

- რა თქმა უნდა! აბა, მე რატომ არ ვიყავი იქ ან სხვები, მონატრებული მომღერლები?! წარმოიდგინეთ, ბოლოს ჩვენ რომ გამოვსულიყავით და გვემღერა არა ფონოგრამაზე, არამედ ცოცხლად, რა ამბავი ატყდებოდა.

- ტაშს დაგიკრავდნენ...

- ტაშს?! ტაშს კი არა, ფეხზეც დადგებოდა მაყურებელი. ჩემი რეზიუმე არავის სჭირდებოდა იქ... ქაოტური იყო ყველაფერი. ვერ გავიგე, რისი თქმა უნდოდათ ამ გადაცემით. ამბობდნენ, მდარე მუსიკის შემსრულებლებს პროპაგანდას არ ვუწევთო. აბა, საიდან გავიგეთ იმ გოგონას არსებობის შესახებ, გადაცემის პირველ ნაწილში რომ ამღერეს?! თუ მიგაჩნია, რომ ის მომღერალი დასაცინია, მაშინ ნუ მიიწვევ. სოციალურ ქსელზე თვითონ ვნახავთ და როგორმე გადავწყვეტთ, მოვუსმინოთ თუ არა. ნატო მეტონიძეს, ნუკრი კაპანაძეს, მერაბ სეფაშვილს, თამრიკო ჭოხონელიძეს, მაია ჯაბუას რომ არ დაუძახებ გადაცემაში, სადაც თემა გაქვს შოუბიზნესი, რა უნდა ვთქვა, აღარც ვიცი.

- ალბათ, უბრალოდ, უნდოდათ ეჩვენებინათ მაყურებლისთვის, რომ ასეთი მომღერლები არიან დღეს პოპულარულები...

- მე საერთოდ არ ვიცოდი, ასეთი მომღერალი თუ არსებობდა და იმ დღეს გავიგე.

- ეკა, გამოსავალს რაში ხედავ?

- ვერანაირ გამოსავალს ვერ ვხედავ. სანამ ასეთი ტენდენციური იქნება ეს ყველაფერი, მანამდე გამოსავლის ძიება გაგვიძნელდება. ვაჟა აზარაშვილი რომ ამბობდა, სამხატვრო საბჭო უნდა იყოსო, მაშინვე წინააღმდეგობა შეხვდა ახალგაზრდებისგან. არადა, ასეთი საბჭოს არსებობის შემთხვევაში, სცენაზე ვერ გამოვლენ "მგზავრები" და "ფრანიო", ამბობდნენ. რატომ ვერ გამოვლენ, ეს საბჭო "ბაბაიაგებით" კი არ იქნება დაკომპლექტებული, ყველა მუსიკალურ მიმდინარეობას თავისი შემფასებელი ეყოლება. თიკო სადუნიშვილი კარგი გოგოა, ვენაცვალე, კარგად აკეთებს თავის საქმეს, მაგრამ რა შუაშია სამხატვრო საბჭოსთან თიკო სადუნიშვილის აზრი, როცა ვაჟა აზარაშვილი ლაპარაკობს?! ეს იგივეა, სტეფანემ და პაატა ბურჭულაძემ ერთად რომ იმღერეს. აი, ასეთი ანომალიები ხდება ჩვენს ქვეყანაში.

- ეკა, ერთ-ერთ ინტერვიუში მითხარი, რომ სიმღერაზე უარს ამბობ და რომ კარიერა დაამთავრე...

- (მაწყვეტინებს) იცი რააა, არაფერსაც აღარ ვამთავრებ. ამ ყველაფერს რომ ვუყურე, ისეთი გაბრაზებული ვარ... არაფერსაც აღარ ვამთავრებ. ახლა მოვდივარ და ცოტა მაგრად დადგნენ, ვოკალში იმეცადინონ (იცინის). მე თუ სიმღერას თავი დავანებე, ან სხვა მართლაც ღირსეულმა მომღერლებმა, აი, მაშინ მართლა აღარაფერი ეშველება ქართულ ესტრადას!

როგორც აღმოჩნდა, ეკას მამიდას, ქალბატონ მარიკა კვალიაშვილს ბევრი რამ დარჩა სათქმელი, რაც გადაცემაში ვერ მოახერხა.

- ქალბატონო მარიკა, როგორ მოხვდით გადაცემაში?

- საერთოდ, არ მიყვარს პოლემიკა, რომელიც ართულებს საქმეს, რომელიც გამოიწვევს უსიამოვნებას. თუ სადმე ვერევი, ყოველთვის გამზავებლის როლში ვარ, მაგრამ რადგან მიმიწვიეს, უარი არ ვთქვი. მეც მეხებოდა ის თემა, რომელიც იქ უნდა განხილულიყო. ეს იყო ქართული ესტრადა, შოუბიზნესი. გულახდილად რომ ვთქვა, ქართული სიმღერა შეურაცხყოფილია, როცა მას შოუს არქმევენ... რადგან აღმოვჩნდი იმ გადაცემაში, ყოველ სიტყვას ვუკვირდებოდი, რათა ისედაც აღელვებულ დარბაზში ვნებათაღელვა არ გამომეწვია. სამი-ოთხი ჩართვა მქონდა და აქედან გადაცემაში მხოლოდ პირველი ჩართვის ნაწილი მოისმინა ხალხმა. ბოლო ჩართვით სტეფანეს მივმართე, მისი გვარი არც ვიცი, სახელით არის მხოლოდ ცნობილი. ვიცი, რომ ერთ-ერთი იმათგანია, ვინც სამთავრობო და სადღესასწაულო კონცერტებს უწევს ორგანიზებას. ვკითხე, მაინტერესებს, ასეთ კონცერტებზე როგორი მსმენელი გყავთ, რომელთა გემოვნებაშიც ვერ ჯდებიან ეკა კვალიაშვილი, ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, თამრიკო ჭოხონელიძე, ნუკრი კაპანაძე, ანსამბლი "ფორტე", ეკა მამალაძე, მაია ჯაბუა. ეს ჩამონათვალი ქართული ესტრადის მშვენებაა. ზოგს მეტად სწყალობს ბედი, ხანდახან ნუკრი კაპანაძეს და ეკა მამალაძეს მაინც ვხედავთ სცენაზე, დანარჩენები კი აბსოლუტურად იგნორირებულნი არიან.

- რა გიპასუხათ?

- მიპასუხა, რომ მას ეს საკითხი არ ეხებოდა. ვერც შემდეგ შეკითხვაზე, ეთქვა, ვინ ბლოკავს ამ მომღერლებს, რა თქმა უნდა, პასუხი ვერ მივიღე... ზემოხსენებული პროფესიონალი მომღერლების ჩანაცვლება ხდება უნიჭო მომღერლებით და მაშინ რატომღა გვიკვირს, რომ ქართულ სცენას ღირებულება მოაკლდა?! ჩემი გამოსვლის ეს ნაწილი საერთოდ ვერ მოხვდა გადაცემაში და გამოვიდა, რომ იქ ვიჯექი როგორც ჩვეულებრივი დამსწრე, რომელსაც არაფერი მეთქმოდა. არადა, ნამდვილად მეთქმის, ამის უფლება მაქვს ჩემი დამსახურებით. ვარ ჩვენი ქართული სიმღერის, ჩემი ქართველი მომღერლების გულშემატკივარი და ქომაგი, და ყოველთვის ვიტყვი იმას, რისი თქმის უფლებაც მაქვს. იქ ვიღაცამ თქვა, - თქვენ, ღვაწლმოსილები გვერდზე გადექით და გზა ახალგაზრდებს დაუთმეთო. განა ჩვენი შემოქმედება ახალგაზრდა არ არის?! - ახალგაზრდაა, იმიტომ, რომ ჩვენს სიმღერებს ახალგაზრდები მღერიან. ბევრი საუკეთესო სიმღერა იწერება, როგორც უფროსი თაობის, ისე ნიჭიერი ახალგაზრდების მიერ, მაგრამ უსახსრობის გამო ეს სიმღერები მსმენელამდე ვერ აღწევს. თავი თუ მოგვწონს, მოგვწონს ხალხური სიმღერით, ქართული ცეკვით, ქართული სიტყვით და ღირებული ესტრადით. ქართული რადგან ჰქვია, გასაგებიც უნდა იყოს, გამოცნობა არ უნდა სჭირდებოდეს. იმ გადაცემაში კი ისიც ვერ გავიგე, რა ენაზე იმღერა იმ ბავშვმა.

- გამოსავალს რაში ხედავთ?

- იქ დაისვა შეკითხვა, ვინ უნდა შეაფასოს ეს ყველაფერი, ვის ვკითხოთ აზრი? სამხატვრო საბჭო აღარ არსებობს. არადა მაკონტროლებელი ორგანო საჭიროა. ის მაღალი კატეგორიის პროფესიონალებისგან უნდა შედგებოდეს, რომელთაც უფლება აქვთ შეაფასონ მათ წინაშე გამომსვლელთა შემოქმედება.

- ცუდი მუსიკა ხომ ადრეც იყო, ქალბატონო მარიკა?

- იყო, მაგრამ ასე აქტიურად არ ტრიალებდა. ამას სამხატვრო საბჭო აწესრიგებდა.

- იქ იყო ლაპარაკი იმაზე, რომ თუ შეიქმნება მაკონტროლებელი ორგანო, სცენაზე ბევრი ახალგაზრდული ჯგუფი თუ შემსრულებელი ვერ მოხვდება...

- მე მივესალმები ანსამბლებს, რომლებიც ახლა იწყებენ შემოქმედებით გზას, ღმერთმა ხელი მოუმართოთ. მაგრამ რჩევები არც მათ აწყენდათ. თქვენ ახლა ჩემგან ინტერვიუ რომ აიღეთ, მასალას რედაქტორი ხომ გიკონტროლებთ. ესე იგი ეს საჭიროა, ხომ?! რატომ არსებობენ დირექტორები, რედაქტორები, ხელმძღვანელები, იმისთვის, რომ შეცდომები არ გაიპაროს, რომ სრულფასოვანი პროდუქტი მივიღოთ. მუსიკაში კონტროლი ყველაზე მეტად არის საჭირო. სიმღერა ხმამაღალი ნათქვამია და ყველას ესმის.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება