"ჭრილობები ძალიან მტკიოდა, მაგრამ მაინც გახარებული ვიყავი - ცხინვალი დავიბრუნეთ-მეთქი"

"ჭრილობები ძალიან მტკიოდა, მაგრამ მაინც გახარებული ვიყავი - ცხინვალი დავიბრუნეთ-მეთქი"

ასობით გმირულად დაღუპული მეომრის გარდა, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომმა უამრავი ცოცხალი გმირი შემოგვინახა, რომელთა შესახებ "გზაში" არაერთი სტატია მოგვიმზადებია, მაგრამ რაც დროს გადის, ვხვდებით, რომ მათზე კიდევ ბევრია მოსაყოლი და გასახსენებელი...

ომის დაწყებამდე, რეზო გაბიტაშვილი იმ ბატალიონში მსახურობდა, რომელსაც ყველაზე დიდი დანაკარგი ჰქონდა. IV ბატალიონის სერჟანტი ცხინვალის ნაძვნარში დატრიალებულ ჯოჯოხეთზე მოგვითხრობს.

- ომის დაწყებამდე, რამდენიმე დღით ადრე, 3 აგვისტოს, ოსური პოზიციებიდან ინტენსიური სროლის ხმა ისმოდა. მოწინააღმდეგე ქართულ სოფლებს ბომბავდა და ჩვენი ბატალიონი თავდაცვის მიზნითა და პოზიციების გასაძლიერებლად, ცხელ წერტილში გადაისროლეს. რამდენიმე დღის შემდეგ, ისევ ნაწილში დავბრუნდით. 6 აგვისტოს, სამხედრო ნაწილში ჩვეულებრივი დილა გათენდა. როგორც ყოველთვის, პირადი შემადგენლობის ერთი ჯგუფი შვებულებაში იყო, დანარჩენები ბრიგადაში არსებულ დღის განრიგს ვასრულებდით.

იმავე საღამოს, 3 საათზე განგაში გამოცხადდა, ნაწილში გვიბარებდნენ. ალბათ, სასწავლო განგაშია-მეთქი, - ვიფიქრე. ვიცოდი, ცხინვალის მხარეს რაც ხდებოდა, მაგრამ ომის დაწყებას არ ველოდი. ცხინვალის მიმართულებით დავიძარით. ბიჭები გზაში ვლაპარაკობდით, ალბათ, მორიგი შეტევაა-თქო. სპეციალობით მეკავშირე ვარ, ქვეით ჯართან მიწევდა ყოფნა. უკან არტილერია მოგვყვებოდა. მეთაურებს კოორდინატებს გადავცემდით...

- გზადაგზა წინააღმდეგობები გხვდებოდათ?

- სანამ ცხინვალის მისადგომებს მივუახლოვდებოდით, გზაში, რამდენჯერმე, ორღობეებიდან "სამოქალაქოები" გამოგვიხტნენ - ზოგი ქვეითად, ზოგიც ჩვეულებრივ მანქანაში იჯდა. "კალაშნიკოვის" ავტომატები ჰქონდათ... მცირე წინააღმდეგობებით გავიარეთ სოფლები - ხეთაგუროვი, ტბეთი, თამარაშენი...

ცხინვალის მისადგომებთან მოწესრიგებულად მივედით. არც ერთი შეცდომა არ დაგვიშვია... პირველი ჭურვი რომ წამოვიდა, მაშინ მივხვდით, რომ ომი დაიწყო... მეორესა და მესამე აფეთქებას უკვე მომზადებულები შევხვდით. რეალურ ომში პირველად მოვხვდი და სიკვდილსაც პირველად ჩავხედე თვალებში, უფრო სწორად, ვნახე, როგორ იხოცებოდნენ ადამიანები - ბიჭები, ვისთან ერთადაც ვიყავი... მაგრამ თანდათან შევძელი და თავი ხელში ავიყვანე...

- ვიცი, რომ გვერდში ბევრი გამოცდილი მებრძოლი გყავდათ...

- დიახ, ალეკო თანდაშვილი, ერეკლე ყულოშვილი და კიდევ უამრავი ბიჭი იყო, ვისი იმედიც მქონდა და მათი დახმარებით ემოციებს მოვერიე (სამწუხაროდ, ერეკლე და ალეკო ბრძოლის ველზე გმირულად დაეცნენ)... მთლიანად ჩემს საქმეზე ვიყავი გადართული და ვფიქრობდი, დავალება სწორად შემესრულებინა... ჩვენი ჯარი უკვე ცხინვალში იყო და სიფრთხილე უნდა გამოგვეჩინა, რომ შეტევის დროს ისინი არ დაგვეზარალებინა. ამიტომ, ბრძანებას ცხინვალის მისადგომებთან ველოდებოდით. იმ პერიოდში ავიამოიერიშეებიც გამოჩნდნენ, რამაც დაგვაბნია - ზოგს ეგონა, რომ ქართული სამხედრო ავიაცია წამოგვეშველა, არადა, მოწინააღმდეგეები იყვნენ, ისინი გააქტიურდნენ და შემოგვიტიეს.

სნაიპერის ტყვიამ, რამდენიმე თანამებრძოლი თვალწინ მომიკლა და რამდენჯერმე ტყვია მცირე მანძილით ამცდა. მეკავშირე გახლდით, სამმეტრიანი ანტენით დავდიოდი და ალბათ, ადვილი სამიზნე ვიყავი მათთვის. ერთი სიტყვით, როცა რუსული ავიამოიერიშე წამოვიდა, კავშირი გაწყდა, რასაც ნაწილში არეულობა მოჰყვა. იმ დროს ნაძვნარს ვიყავით შეფარებულები. ჩემ უკან, ნაწილის მეთაური - ერეკლე ყულოშვილი მითითებებს მაძლევდა (არ შემიძლია, ერეკლე როგორც კარგი არტილერისტი, თავისი საქმის პროფესიონალი და შესანიშნავი ადამიანი რამდენიმე სიტყვით არ გავიხსენო. არასდროს გაგრძნობინებდა, რომ უფროსი იყო და სხვაზე მეტი იცოდა.

მის გვერდით არაფრის მეშინოდა. გამოსავლის პოვნა ყველანაირ სიტუაციაში შეეძლო), შორიახლოს ალეკო თანდაშვილიც ტრიალებდა. მისი დახმარებით, რამდენჯერმე დაბომბვას გადავურჩით. ალეკომ მითხრა: - დაბომბვის დროს ეცადე, ორმოში ჩაწვე და გადარჩებიო, მაგრამ როცა გარშემო ბომბები სკდება და გამაყრუებელი ხმაურია, ძნელია, თავის ხელში აყვანა და საიმედო თავშესაფრის პოვნა.

- იმ დროს ოსი ტყვეებიც თან გყავდათ?

- დიახ, ვიდრე ინტენსიური დაბომბვა დაიწყებოდა, ისინი ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ იყვნენ. ერთ-ერთმა რუსულად მთხოვა, - სიგარეტის მოწევა შეიძლებაო? - მოწიე-მეთქი და მივაწოდე. მის ადგილას ჩემი თავი წარმოვიდგინე. ტყვეების მიმართ აგრესია არავის გამოუხატავს. არადა, ომის შემდეგ ინტერნეტში ვნახე კადრები, როგორ სასტიკად სცემდნენ ოსები ქართველ სამხედროებს, მათ შორის, დაჭრილებს და სიბრაზისგან თვალთ დამიბნელდა...

- რეზო, ნაძვნარის დაბომბვისას დაიჭერით?

- დიახ. როცა საჰაერო იერიში დაიწყო, თვითმფრინავიდან ტყვიამფრქვევი გადაგვატარეს. ჩემ გვერდით მყოფი ბიჭი ბარძაყში დაიჭრა. ექიმს ვეძახდი საშველად, თან, იარაღი მეჭირა და ვისროდი. ქალაქში ერთი გზა შედიოდა. ირგვლივ შენობები იყო, საიდანაც გვესროდნენ... მახსოვს, ერეკლემ დამიძახა, - რეზო, დაწექი, გვბომბავენო!.. ეს მისი ბოლო სიტყვები იყო. შემდეგ დაბომბვა დაიწყო და აღარ მინახავს. იმავე ადგილზე ათმეთაური - ალეკო თანდაშვილიც დაიღუპა... შემდეგ დავინახე, რუსულმა ავიციამ "კასეტური" ბომბები თუ როგორ ჩამოყარა.

რამდენიმე ნაძვნარს დაეცა, გასკდა და გაიშალა... ყველაფერი ისე ელვისებურად მოხდა, მიწაზე დაცემაც ვერ მოვასწარი, მხოლოდ ფეხის გადადგმა შევძელი. აფეთქების ძალამ ჰაერში ამაგდო. გამაყრუებელი ხმაურისგან სმენა და მხედველობა დავკარგე. ვყვიროდი და საკუთარი ხმა არ მესმოდა. თითქოს გონებაც დავკარგე. რამდენიმე წამის შემდეგ, ენით აუწერელი ტკივილი ვიგრძენი, მეგონა, აფეთქების დროს ფეხი მომწყდა, მაგრამ როგორღაც გავინძერი და მივხვდი, რომ ზედ მიწა მეყარა. მუხლს ქვემოთ ხორცი მოგლეჯილი მქონდა. ჰაერში საშინელი დამწვრის სუნი ტრიალებდა. პირველად ერეკლე დავინახე, - მუცლით იწვა მიწაზე. იქნებ ცოცხალი იყოს-მეთქი და მისკენ ფორთხვით წავედი. ჭრილობები მტკიოდა, აღჭურვილობაც მამძიმებდა; თან, ჯავშანჟილეტი მეცვა და განძრევა მიჭირდა. თავშიც დაჭრილი ვიყავი და სისხლი თვალებში ჩამდიოდა. ერეკლეს ხელი მოწყვეტილი ჰქონდა და სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა... რამდენიმე მეტრის იქით კიდევ ერთი ბიჭი დავინახე, კაპრალი - მამუკა ალთუნაშვილი.

ისიც დაჭრილი იყო (როგორც შემდეგ გავიგე, ფილტვი ჰქონდა გახვრეტილი და ტყვია კისერშიც მოხვედრილი), მაგრამ ლაპარაკი შეეძლო. ბავშვებივით გაგვიხარდა ერთმანეთის დანახვა; ცოცხლები ვართ-თქო, - ვამბობდით. შემდეგ ჩვენებისთვის ხმის მიწვდენას ვცდილობდით. უცებ ალთუნაშვილმა კანკალი დაიწყო და გონება დაკარგა. მის დანახვაზე ტკივილი დამავიწყდა. ძალა მოვიკრიბე და ყვირილი ავტეხე, - კაცი კვდება-მეთქი... ყვირილს ვამბობ, თორემ ყელიდან ხავილი ამომდიოდა.

- გარშემო არავინ იყო?

- ორი სამხედრო ექიმი გვყავდა და ისინიც დაგვიჭრეს... თავი როგორღაც წამოვწიე და "პიკაპებსა" და "ჰაელუქსებს" მოვკარი თვალი, სადაც უამრავი ადამიანი ირეოდა. მათკენ ხოხვით მივიწევდი, თან, ხელებს ზევით ვწევდი და დახმარებას ვითხოვდი. შემამჩნიეს და მანქანაში ჩამსვეს. ვუთხარი, ნაძვნარში კიდევ ერთი ბიჭია, ალთუნაშვილი, ცოცხალია და უშველეთ-მეთქი. მძღოლმა მანქანის დაქოქვაც ვერ მოასწრო, რუსების ქვეითი ჯარი წამოვიდა შეტევაზე და "პიკაპი", რომლითაც სამშვიდობოს უნდა გავსულიყავით, დაცხრილეს. ჩემ გვერდით 2 ბიჭი მოკვდა.

მივხვდი, რომ მეც მათ ბედს გავიზიარებდი და მანქანის კარი გაჭირვებით გამოვაღე... მაგრამ როცა დავინახე, ჯავშანტრანსპორტიორში დაჭრილებს ათავსებდნენ, კეთილი ვინებე და მათკენ გავხოხდი. არ ვიცოდი, ვინ იყვნენ ის ბიჭები და მაშინ არც თავად უკითხავთ რამე, ისე ჩამსვეს მანქანაში. მერე გავიგე, კონტრდაზვერვის თანამშრომლები ყოფილან... ავნევში პირველადი დახმარება აღმომიჩინეს, მაგრამ იმან არ მიშველა. ყველას ვეხვეწებოდი, წყალი დამალევინეთ-მეთქი. არ გვაქვსო, მპასუხობდნენ: თურმე არ შეიძლებოდა. ერთმა ექიმმა რომ დამხედა, თავი უიმედოდ გაიქნია - თბილისამდე თუ ჩააღწია, შეიძლება იქ გადავარჩინოთო...

ტკივილმა გაგიჟებამდე მიმიყვანა და სამედიცინო პერსონალს ვეხვეწებოდი, არაფერი გამიკეთოთ, მაინც ვკვდები-მეთქი და "მამაო ჩვენოს" ლოცვა დავიწყე... იქიდან ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადავუყვანივართ. რამდენიმე დღის შემდეგ კი გონს მოვედი. როგორც ჩანს, სიკვდილი არ მეწერა.

- დაჭრილ ალთუნაშვილზე არაფერი გაგიგიათ?

- მამუკა გადარჩა, ერთმანეთს საავადმყოფოში შევხვდით. იქ ჩემს სანახავად ეტლით მოვიდა. მალე გამოჯანმრთელდა და სამხედრო სამსახურს აგრძელებს... საავადმყოფოში გონზე რომ მოვედი, მეგონა, ყველანაირი ოპერაცია დასრულებული იყო, მაგრამ ოპერაციებისა და მკურნალობის კიდევ რამდენიმე ეტაპი დამჭირდა... 6 თვის განმავლობაში ფეხზე ვერ ვდგებოდი. 2 მეტრამდე ნაწლავი ამომაჭრეს. ტკივილები დღემდე მაწუხებს...

მაშინ მეგონა, რომ ომი მოვიგეთ და ვამბობდი, ჯანდაბას ჩემი თავი, სამაჩაბლო დავიბრუნეთ-მეთქი. ოჯახის წევრები არაფერს მეუბნებოდნენ, მაგრამ ერთ დღეს, სამედიცინო პერსონალში პანიკა ატყდა, - დაჭრილები ქალაქის მე-8 საავადმყოფოში უნდა გადაგიყვანოთო. გავოცდი, - რატომ-მეთქი? - შეიძლება დაგვბომბონო... ვინ უნდა დაგვბომბოს, ჩვენ ხომ გავიმარჯვეთ-მეთქი?! ერთ-ერთმა ექიმმა სინანულით მითხრა, - არა, შვილო, დავმარცხდითო... ამის შემდეგ მხოლოდ ის მახსოვს, რომ ექიმებს ვუძალიანდებოდი, - თავი დამანებეთ-მეთქი... დიადი მიზნისთვის კაცი სიცოცხლესაც დათმობს, მაგრამ როცა უახლოეს ადამიანებსა და ჯანმრთელობას წაგებულ ომს შესწირავ, ცხოვრების გაგრძელება ძნელია!..

ლალი პაპასკირი, ჟურნალი ”გზა”

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე