სერიალის "შუა ქალაქში" მაყურებლისთვის სვეტა კარგად ნაცნობი სახელია. ადამიანი, რომელსაც მსახიობ სოსო გოგიჩაიშვილის გმირი - კოტე ბაბუა ხშირად ახსენებს. ცოტა ხნის წინ, ბატონმა სოსომ ინტერვიუში გაგვიმხილა: სვეტა მართლა არსებობს, მას ბავშვობიდან ვიცნობ, ლამაზი გოგო იყო და ბევრ ბიჭს გვიყვარდა, მასთან დღემდე ვმეგობრობო. ქალბატონ სვეტას მისი დახმარებით დავუკავშირდით და შინ ვეწვიეთ. ის მომხიბლავი და საოცრად თბილი ქალბატონი აღმოჩნდა.
სვეტა ლომთაძე:
- ერთ დღეს, სოსომ დამირეკა და მითხრა: სვეტა, შენთვის სიურპრიზი მაქვს, საღამოს სერიალს "შუა ქალაქში" აუცილებლად უყურეო. გამიკვირდა, რა სიურპრიზი უნდა ჰქონდეს-მეთქი? სერიალის დრო რომ მოვიდა, ტელევიზორთან მოვკალათდი. თუ გახსოვთ, მისი გმირი ერთ ეპიზოდში ამბობს: ჩემს კლასში ლამაზი გოგო სწავლობდა, სვეტა ბევრ ბიჭს უყვარდა და ბოლოს ერთმა გადარეულმა წაიყვანაო... მივხვდი, ჩემზე ლაპარაკობდა. მაშინვე გადავურეკე, - დიდი მადლობა ამ სიურპრიზისთვის, ბავშვობაში დამაბრუნე-მეთქი, - ჯერ სად ხარ, აწი ნახე, რა მოხდებაო. მეორე სერიასაც ვუყურე: სოსო დალურჯებული თვალით რომ დავინახე, გამეცინა...
- მაშინ კოტე ბაბუამ თქვა, რომ თვალი სვეტას ქმრისგან ჰქონდა დალურჯებული.
- ისევ დავურეკე: - მანამდე არ დამანებე თავი, სანამ არ მიგბეგვეს-მეთქი?
- ე.ი. თქვენი მეგობრობა სკოლიდან დაიწყო...
- ორივე ბათუმელები ვართ. მე-4 საშუალო სკოლაში დავდიოდით. თავიდან ვაჟთა და ქალთა სასწავლებლები ცალ-ცალკე იყო. მე-9 კლასში შეგვაერთეს. ბიჭები რომ გადმოიყვანეს, ვნერვიულობდი, აწი გაკვეთილს ნეტავ, როგორ მოვყვები-მეთქი (იცინის)? სოსო ნიჭიერი ბიჭი იყო, იუმორით სავსე. ამბავს ისე მოჰყვებოდა, მეგობრებს სიცილით გვხოცავდა, თვითონ კი მიმიკაც არ ეცვლებოდა. მახსოვს, ერთ წვიმიან დღეს, სკოლაში დაგვიანებით მოვიდა და კლასში გაშლილი ქოლგით შემოვიდა. ყველას სიცილი აგვიტყდა, მასწავლებელმა ძლივს დაგვაწყნარა... აქტიური ბავშვი ვიყავი, სკოლის გუნდში ვმღეროდი, ფორტეპიანოზე ვუკრავდი, ოლიმპიადაზეც ხშირად ვიმარჯვებდით. მე და სოსოს თავიდანვე გვეტყობოდა, რომ ხელოვნების გზას უნდა გავყოლოდით.
მოგეხსენებათ, მან თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა, მე მუსიკალური განათლება მივიღე. 30 წლის მანძილზე ფორტეპიანოს ვასწავლიდი ჯერ ბათუმში, შემდეგ - ქუთაისში. სოსო მარჯანიშვილის თეატრში თამაშობდა, ფილმებში იღებდნენ... მისი წარმატებით ყველანი გახარებულები ვიყავით. მეგობარ გოგონებს თეატრსა და კინოში ხშირად გვპატიჟებდა. წლები გავიდა... მე ქუთაისში გავთხოვდი, იქ ვცხოვრობდი. თანაკლასელებს დროებით დავშორდი. მოგვიანებით, საცხოვრებლად, თბილისში გადმოვედი. ბავშვობის მეგობრებმა ურთიერთობა განვაახლეთ. ახლა ტრადიცია გვაქვს, ყოველ 10 იანვარს, ჩემი დაბადების დღეს, ვიკრიბებით და ახალგაზრდობას ვიხსენებთ. ჩემი შვილის მეგობრებიც მოდიან. ამბობენ, სოსო იქნება და დროს კარგად გაგვატარებინებს, ვიმხიარულებთო.
- ლამაზი ქალბატონი ბრძანდებით. კითხვაც არ უნდა, ახალგაზრდობაში ბევრი თაყვანისმცემელი გეყოლებოდათ...
- (იცინის) რა დასამალია, მართლა ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა. ერთხელ ჩემს შვილიშვილს ეუბნებოდნენ, სვეტას რა ძალიან ჰგავხარო. მაშინ 12 წლის იყო. სვეტას კი ვგავარ, მაგრამ იმ დროს სვეტა ბევრ ბიჭს უყვარდა, მე კი ბევრი თაყვანისმცემელი არ მყავსო, დაიჩივლა...
- თქვენს თაყვანისმცემელთა რიცხვში ბატონი სოსოც შედიოდა?
- არ ვიცი, გულში რას ფიქრობდა, ჩემთვის კი არ უთქვამს. ყველაზე მეტად სოსოს მეგობარს, - გოჩას ვუყვარდი, ჩვენი თანაკლასელი იყო. დაუქორწინებელი დარჩა.
- სერიალში ამბობს: სვეტას გამო ბიჭები ხშირად ვჩხუბობდითო, ესეც რეალური ამბიდან აქვს აღებული?
- კი, ასეთი შემთხვევებიც იყო. ერთმანეთს ხვდებოდნენ, საქმეს არჩევდნენ და იყო ერთი ამბავი... ვცდილობდი, არ ეჩხუბათ, ეს ხან გამომდიოდა, ხან - არა.
- თქვენს მეუღლეზეც მიამბეთ.
- ჩემი მეუღლე ზურაბ ტყეშელაშვილი გახლდათ. ქუთაისში ცხოვრობდა. ახლობლის ოჯახში გავიცანი. მანამდე მის დას ვიცნობდი. ერთ დღესაც ქუთაისში მე და ის ერთად ჩავედით. სარძლოდ მოვწონდი. ნათესავთან უნდა წავსულიყავი, მაგრამ არ გამიშვა. ახლა გვიანია, სად უნდა წახვიდეო და თავისთან წამიყვანა. მისი ოჯახი პურმარილით დამხვდა. მეორე დღეს ყველანი შემომიჩნდნენ, დარჩიო. როგორც ჩანს, ჩემი ბედი იყო, ასე დავრჩი ქუთაისში. მეუღლის ოჯახში საკუთარი ფეხით მივედი. 2 ქალიშვილი შეგვეძინა. ერთი ეკონომისტია, მეორე - ტექნოლოგი. 4 შვილიშვილი მყავს, ოთხივე - გოგოა. უფროსი იტალიაში, კონსერვატორიაში სწავლობს, ჩემი პროფესია აირჩია. წარმატებებიც აქვს, საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია.
- მეუღლეს თქვენს თანაკლასელ ბიჭებთან როგორი ურთიერთობა ჰქონდა?
- ბათუმში დარჩენილ თანაკლასელებთან მეც და მასაც კარგი ურთიერთობა გვქონდა... ჩემი მეუღლე 1987 წელს გარდაიცვალა...
- სერიალში ნახსენებ სვეტაში ალბათ არაერთმა თქვენმა ახლობელმა ამოგიცნოთ.
- ყველა აღფრთოვანებული მირეკავს. მეუბნებიან, შეიძლება, შენ სერიალშიც კი მიგიწვიონო. არ მინდა. რაღა დროს ჩემი მსახიობობაა. სოსოს ვუთხარი, რადგან შენ სკოლის პერიოდი მოგენატრა, სურათს გამოგიგზავნი-მეთქი და ქუთაისიდან აი, ეს სურათი წამოვიღე (ფოტოს მაჩვენებს. - ავტ.).
- როგორც ვიცი, ბატონი სოსოს მეუღლესთან მეგობრობთ.
- ნანა არაჩვეულებრივი ადამიანია. სოსოს ვუთხარი, ბედი გქონია, ასეთი მეუღლე რომ შეგხვდა-მეთქი. ჩვენს ურთიერთობაზე ბევრს იცინის.
თამუნა კვინიკაძე
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)