დღეს შოუბიზნესსა და ქართველ მომღერლებს რომ ყველაზე მეტად უჭირთ, ამაში ახალი არაფერია. მაგრამ ქართველი რეპერის მონათხრობმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ლექს-სენი იძულებულია, მუშაობა სხვა ქვეყანაში გააგრძელოს. ახლა სწორედ მოლაპარაკებების პროცესშია. ჯერ კონცერტების გამართვას, შემდეგ კი ცოლ-შვილთან ერთად უკრაინაში გადაბარგებას გეგმავს.
მანამდე ქართველმა რეპერმა კიდევ ერთი ახალი სიმღერა აჩუქა მსმენელს, - "სამყარო იცვლება" და ამით, გარკვეულწილად, ქართულ შოუბიზნესში, პოლიტიკაში განსახორციელებელ ცვლილებებს გამოეხმაურა.
- ლექსო, ბოლო დროს არ ჩანხარ. ორი კვირის განმავლობაში ტელეფონიც გათიშული გქონდა. ხომ მშვიდობაა?
- არ ვიყავი საქართველოში, წასვლას ვცდილობ.
- სად მიდიხარ?
- სადაც კარგი ცხოვრებაა.
- სად არის კარგი ცხოვრება შენთვის?
- ყველგან, საქართველოს გარდა.
- სერიოზული გეგმები გაქვს?
- ჯერჯერობით მოლაპარაკების დონეზეა ყველაფერი. საცხოვრებლის პრობლემაა. სხვა ქვეყნებში ბინები არ მაქვს, რომ ჩავიდე და უპრობლემოდ ვიცხოვრო. ამიტომ კარგად უნდა გავთვალო, შევძლებ თუ არა, სიმღერით ბინის ქირაც გადავიხადო და ცოლ-შვილიც ვარჩინო. ამ ეტაპზე უფრო კონცერტების გამართვას ვგეგმავ სხვა ქვეყანაში, ვიდრე მთლიანად გადაბარგებას. ვნახოთ, რა გამოვა. არც ესაა ადვილი.
- მაინც რომელ ქვეყანაში აპირებ კარიერის გაგრძელებას?
- უკრაინაში. იქ უფრო შემოსავლიანია ეს ბიზნესი.
- საქართველოში ამოწურე შენი შესაძლებლობები?
- არა. უბრალოდ ვხვდები, რომ მარტო ვარ. ადრე ვამბობდი, მარტო ვმუშაობ-მეთქი და მაინც ვმუშაობდი. მერე მივხვდი, რომ მარტო კაცი ჭამაშიც ცოდვაა. თუ რაღაცები რადიკალურად არ შეიცვლება, არაფერს აზრი არ აქვს.
- არც კონცერტის გამართვას?
- დადგება დრო და აქაც გავაკეთებ კონცერტს. ახლა რომ გამოვჩნდე, რა უნდა ვთქვა?
- სათქმელი არაფერი გაქვს?
- სათქმელს რა გამოლევს, მაგრამ, ყველაფერს თავისი დრო აქვს.
- რა გარანტია გაქვს, რომ უკრაინაში შენი მუსიკა ისე გაიყიდება, როგორც შენ გინდა?
- გარანტია არ არსებობს, უბრალოდ, უნდა სცადო. თუ გულხელდაკრეფილი იჯდები, არც ისე გაიყიდება შენი მუსიკა და არც - ასე.
- ბოლოს რადიო "აფხაზეთის ხმაში" მუშაობდი. გავიგე, წამოსულხარ. რატომ?
- მგონია, რომ ფინანსური პრობლემაა ამ რადიოში. არ აქვთ საშუალება, ყველა თანამშრომელს გადაუხადონ ხელფასი და ამიტომაც მოხდა შემცირება.
- გინდა მითხრა, რომ აქამდე უხელფასოდ მუშაობდი?
- არა, უხელფასოდ არ ვმუშაობდი. უბრალოდ, ჩემი კონტრაქტი ერთწლიანი იყო. ამოიწურა და აღარ გამიგრძელეს. არაფერი მეთქმის, ეს მათი უფლებაა. უმადური ვერ ვიქნები. სამსახური მათ შემომთავაზეს და ურთიერთობის დასრულებაც მათვე გადაწყვიტეს.
- დღეს რას აკეთებ?
- ჩავწერე ახალი სიმღერები, გადავიღე კლიპი სიმღერაზე "სამყარო იცვლება". ტექსტი მე მეკუთვნის, მუსიკა - ჩემს ახალ კლიპმეიკერ პეპეს. სიმღერა გარკვეულწილად დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაციასაც ეხმაურება. გარშემო ყველაფერი შესაცვლელია და ამის თქმა მინდოდა ამ სიმღერით.
- "პატრიოტების" დრო დამთავრდა?
- პატრიოტები ხომ დავაფრთიანე!.. დაიზარდნენ და გაფრინდნენ. კარგია, თუ ახსოვს ხალხს ჩემი შემოქმედების ეგ ნაწილი, მაგრამ ახლა სხვა დრო დადგა.
- ყველაფერი შესაცვლელიაო, თქვი, პოლიტიკური სიტუაციაც?
- პირველ რიგში პოლიტიკური სიტუაციაა შესაცვლელი.
- დღეს ქართულ პოლიტიკაში ახალი სახე გამოჩნდა, ბიძინა ივანიშვილი. შენი მოსაზრება თუ გაქვს მასთან დაკავშირებით?
- მივესალმები, მოხარული ვარ. გულის სიღრმეში ყოველთვის მქონდა იმის იმედი, რომ ეს ადამიანი გამოჩნდებოდა საქართველოში, ისევ საქართველოსთვის. ძალიან გამიხარდა.
- ქართული შოუბიზნესი უკვე ემზადება საახალწლო კონცერტისთვის, შენთვის ხომ არ დაურეკავთ?
- მე, ხომ იცით, რომ "გამირტყია" მაგათი საახალწლო კონცერტებისთვის. ერთხელ ვთქვი ხმამაღლა, რომ მათ ორგანიზებულ კონცერტებში მონაწილეობას არ მივიღებ და სიტყვას არ გადავალ. მე გაცილებით მეტ ჰონორარს ვითხოვ სიმღერაში, ვიდრე ისინი მომღერლებს უხდიან. მირჩევნია, ის ორი კაპიკი არ ავიღო. ეს სიტუაციაც შეიცვლება, სულ ეგენი არ იქნებიან ორგანიზატორები. მაგათი დროც წავა.
- თვითონ არ გიცდია, კონცერტი გამართო, თუნდაც სოლოკონცერტი?
- დღეს ამის გაკეთება მხოლოდ საკუთარი ძალებით რთულია. თუ ბიძაშვილი არ გყავს ზედა ეშელონებში ან ფულიანი მამიკო - შეუძლებელია.
- არ გყავს ბიძაშვილი მთავრობაში?
- როგორ ფიქრობ, რომ მყოლოდა, ახლა უმუშევარი ვიქნებოდი?
- "პატრიოტები" ხომ იმღერე, ეგ არ არის "ბიძაშვილობის" ამბავი?
- აღმოჩნდა, რომ არ არის (იცინის). ნუ დამიმახინჯებ ნათქვამს, ეს სიმღერა ვიღაცისთვის თავის მოსაწონებლად ან გულზე მალამოს მოსაცხებად არ მიმღერია. მაშინ საჭიროდ ვთვლიდი, რომ უნდა მემღერა და ვიმღერე. არავის მხარეს არ ვმდგარვარ. ვიდექი ყოველთვის სიმართლის მხარეს და დღემდე ასე ვარ. გაუმარჯოს სიმართლეს!
- დღეს ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო კამპანიისთვის რომ გთხოვონ სიმღერის დაწერა ან შესრულება, დათანხმდები?
- რატომაც არა, სიამოვნებით. ამხელა რამ გააკეთა ამ ადამიანმა ქვეყნისთვის და მე რა მაქვს მისი საწინააღმდეგო. ვფიქრობ, ქართველები ამ კაცს ისე უნდა გავუფრთხილდეთ, როგორც მარგალიტს.
- გასულ კვირას ქართულ შოუბიზნესს გადაცემა მიეძღვნა. იქ რომ ყოფილიყავი, რას ჰკითხავდი სტეფანეს?
- ეგ გადაცემა არ მინახავს, მაგრამ როგორც მითხრეს, ისეთი ხალხი ჰყოლიათ მიწვეული, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ვისაც ქართულ შოუბიზნესში სიტყვა არ ეთქმით. სტეფანეს რაც შეეხება, ეგ ადამიანი არ მაინტერესებს. კითხვა უნდა დაუსვა ადამიანს, ვისაც აზრი მოეკითხება, მაგ ადამიანთან ყველაფერი გარკვეულია, შეკითხვებიც აღარ მაქვს.
- ბოლო დროს ქართველმა რეპერებმა დუეტებს მიჰყვეს ხელი. კაბუმ ნინო ჩხეიძესთან იმღერა, ძვალმა - მაიკო კაჭკაჭიშვილთან...
- მე ეგ პერიოდი დიდი ხნის წინ გავიარე (იღიმის). კარგია, მიხარია, ყველა სიახლე მახარებს, რაც ქართულ შოუბიზნესში ხდება. მთავარია, შრომა დაუფასდეთ.
- თუ არ გამოდიხარ კონცერტებზე, არსად არ მუშაობ, რით ცხოვრობ დღეს?
- ეს კითხვა დღითიდღე უფრო მზარავს. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ დღეს მეგობრებისა და მეუღლის მშობლების ხარჯზე ვცხოვრობთ.
- სიდედრ-სიმამრში გაგიმართლა ამ მხრივ?
- არც მათ ულხინთ დიდად. მიზერულია ის თანხა, რასაც გვიგზავნიან, მაგრამ ამისთვისაც მადლიერი ვარ. იმის გარანტია მაინც მაქვს, რომ ჩემი ოჯახი მშიერი არ იქნება.
- ილია რა ასაკისაა?
- წლინახევრის პატარა რეპერია. დარბის და რეპავს. ძალიან უყვარს მუსიკა, კომპიუტერი და მანქანა.
- მანქანა, რომელიც მამას არ ჰყავს?
- ეყოლება.
- ტატიანას ალბათ უხარია, რომ შესაძლოა, მის მშობლიურ უკრაინაში გადახვიდეთ საცხოვრებლად?
- ერთი სული აქვს (იცინის).
- მან ხომ არ დაგიყოლია?
- როცა ვსაუბრობთ, ხშირად ვკამათობთ და მეუბნება, შენნაირი ადამიანი დღეს ასე არ უნდა ცხოვრობდესო, მე კი ვერაფერს ვპასუხობ, რადგან მართალია. მრცხვენია იმის, რომ ოჯახის შენახვა არ შემიძლია.
- როგორ შეეგუა შენი მეუღლე თბილისურ ყოფას?
- ნორმალურად. ქართულ სამზარეულოსაც ადვილად დაეუფლა. ხაჭაპურის ოსტატია უკვე. გუშინ აჭარული ხაჭაპურიც კი გამოაცხო. ისე მივლის, როგორც ქართველ ქმარს შეეფერება. ზოგჯერ მირეკავს, სად ხარ, რას შვრები, ნუ წვალობ, კარგი, მოდი სახლში, პურის ფული ხომ გვაქვს, ვიმყოფინებთო.
- გული არ გწყდება, საქართველოდან რომ მიდიხარ?
- არა, რაც გაავაკეთე, კარგად გავაკეთე. ვამაყობ ჩემი წარსულით. თუ ეკონომიკური მდგომარეობა შეიცვლება ქვეყანაში, აქაც სიამოვნებით გავმართავ კონცერტებს.
ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)