ის ჟურნალისტებს შეხვედრაზე იშვიათად გვთანხმდება. ამბობს, რომ ინტერვიუები და ყურადღების ცენტრში ყოფნა არ უყვარს, მაგრამ იმასაც აცნობიერებს, რომ მისი პროფესიის ადამიანისთვის ეს აუცილებელია. მსახიობ აპოლონ კუბლაშვილს მას შემდეგ დავუკავშირდი, რაც ავთო ვარსიმაშვილის ახალი ფილმი - "ისპაჰან-ბათუმი" ვნახე. ამ ფილმში აპოლონი ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს. სანამ ინტერვიუზე დამთანხმდებოდა, ჩემგან პირობა მიიღო, რომ მხოლოდ ფილმზე ვილაპარაკებდით და პირადი ცხოვრების შესახებ არაფერს ვკითხავდი.
- დიდი ხანია, შენი ინტერვიუ არსად წამიკითხავს. ჟურნალისტებთან ურთიერთობაზე უარს რატომ ამბობ?
- გულწრფელად გეტყვი: ინტერვიუს მიცემას მირჩევნია, საკუთარი საქმე ვაკეთო. ვიცი, რომ მსახიობისთვის ესეც საჭიროა, რადგან ერთგვარი პიარია, მაგრამ რა ვქნა, ყურადღების ცენტრში ყოფნა არ მიყვარს.
- ჩვენი დღევანდელი შეხვედრა რას მივაწერო?
- გაგიმართლა (იცინის). როცა დამირეკე, კარგ ხასიათზე ვიყავი და შეხვედრაზე დაგთანხმდი, თან - შენგან პირობა მივიღე, რომ მხოლოდ ფილმზე ვილაპარაკებდით. რატომღაც ჟურნალისტებს ჰგონიათ, რომ ადამიანის მოტყუება იოლია. ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი პოპულარული შოუდან დამირეკეს, - იქნებ მობრძანდეთ, გვინდა, ფილმზე (მაშინ "მიდი, ძმაო, მიდი" ახალი გამოსული იყო) გესაუბროთო. ვუპასუხე: აქცენტს ფილმზე თუ აკეთებთ, რეჟისორი და სხვა მსახიობებიც უნდა მოიწვიოთ-მეთქი. - კი, ბატონოო, - მითხრეს და სანამ დამემშვიდობებოდნენ, მთხოვეს, მეუღლეც წამოიყვანეო. გავღიზიანდი. ძნელი მისახვედრი არ იყო, რაც აინტერესებდათ. ეგონათ, მიმიტყუებდნენ, მაგრამ არ გამოუვიდათ.
- ავთო ვარსიმაშვილის ახალ ფილმში - "ისპაჰან-ბათუმი" ქართველი და ირანელი მსახიობები მონაწილეობთ...
- პაპანაქება ზაფხულში ვიმუშავეთ, 30-40 გადასაღები დღე გვქონდა. სცენები ბათუმში, ისპაჰანში და თბილისშია გადაღებული. ისპაჰანში მხოლოდ რეჟისორი და ოპერატორები ჩავიდნენ, ქართველ მსახიობებს კი იქ სათამაშო სცენა არ გვქონდა.
- ფილმშიც აპოლონი გქვია. რამდენად საინტერესო იყო ამ როლზე მუშაობა?
- მეც აპოლონი მქვია და თამუნა ნიკოლაძის გმირსაც - თამუნა, ასე ბატონმა ავთომ გადაწყვიტა. როლზე მუშაობა საინტერესო იმით იყო, რომ გროტესკული "ძველი ბიჭი" "გავაკეთე". როცა ჩემს პერსონაჟზე ვმსჯელობდით, გამოვთქვი აზრი, რომ ტრაფარეტული "ძველი ბიჭი" არ ვყოფილიყავი ანუ ნარკოტიკის მოყვარული, "შავი გაგების" და კიდევ, ჩაცუცქულს არ მელაპარაკა. ეს ახალ ქართულ ფილმებში არაერთხელ გვაქვს ნანახი, ასეთი პერსონაჟით ვერავის გააკვირვებ. მოკლედ, გადავწყვიტეთ, გროტესკული, ცოტა "პიჟონური", ფეთქებადი, ექსცენტრიკული პერსონაჟი შეგვექმნა. ეს ფილმი ბოლო დროს გადაღებული სხვა ფილმებისგან იმითაც განსხვავდება, რომ მასში არ არის მკვლელობა, ნარკოტიკი, სისხლი და "წამალზე" ლაპარაკი. ეს ყველაფერი რეალურ ცხოვრებაშიც ბევრი ვნახეთ და აღარ გვინდა, რა...
- ფილმი პრემიერამდე, ე.წ. დახურულ ჩვენებაზე ვნახე და მინდა გითხრა, რომ როლს თავი კარგად გაართვი.
- მადლობა. მიხარია, რომ მოგეწონა.
- ფილმში საზიზღარი ძმა ხარ - დას ძალით ათხოვებ ადამიანზე, რომელსაც არც კი იცნობს.
- ჩემს დას რომ ჰკითხო, ცხოვრებაში უფრო საზიზღარი ძმა ვიყავი.
- ასეთ პასუხს არ ველოდი! შენი და ასე რატომ ამბობს?
- ერთი და მყავს, რომელიც ასაკით ჩემზე უფროსია. ჩვენს ოჯახში ჩემი დისთვის არ არსებობდა ფრაზა: "მამამ თქვა და არ წახვიდე" ან "არ გააკეთო"; უფრო აქტუალური იყო - "პოლიკა რას იტყვის?"
- მკაცრი ხარ?
- ცოტა აზიატი და მკაცრი ვიყავი, ალბათ ცოტა ბავშვური კომპლექსებიც მქონდა.
- შენი და ამას არ აპროტესტებდა?
- აპროტესტებდა რომელია, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა.
- წლებმა შეგცვალა?
- ისეთი ნამდვილად აღარ ვარ, ჯვარი მწერია.
- ფილმს დავუბრუნდეთ. გადასაღებ მოედანზე ყოველთვის ხდება საინტერესო ამბები, რაც კადრს მიღმა რჩება. რას გაიხსენებ?
- მხოლოდ ერთი შემთხვევა მახსენდება: უკვე ვთქვი, რომ ფილმშიც აპოლონი მქვია. ერთ-ერთ სცენაში, ჩემს სასახლეში გოგა ბარბაქაძის გმირი მოდის და დაცვა არ უშვებს. ჰოდა, უნდა იყვიროს: აპოლონ! აპოლონ! გოგამ რამდენჯერმე დაიძახა, - აპოლონო, მერე კი წამოსცდა: პოლიკა (რეალურ ცხოვრებაში ასე მეძახის)! ბატონმა ავთომ ეს კადრი არ ამოჭრა. სხვათა შორის, გოგა ბარბაქაძე არაჩვეულებრივი მსახიობი და პარტნიორია.
- ეს ავთო ვარსიმაშვილის რეჟისორობით გადაღებული მესამე ფილმია, რომელშიც მონაწილეობ. სხვა რეჟისორებთან არ თანამშრომლობ თუ არ გიწვევენ?
- მსახიობისთვის იმის თქმა, რომ სხვა რეჟისორთან არ იმუშავებს, არ შეიძლება! სხვა თეატრში ან რეჟისორთან თანამშრომლობასაც არავინ მიშლის. მოხდა ისე, რომ რამდენჯერმე როლზე უარი ვთქვი.
- რატომ?
- გაუგებარი როლი მომცეს და იმიტომ. არ მაქვს პრეტენზია, რომ აუცილებლად მთავარ როლს ვასრულებდე. ჩემთვის თავად როლია მნიშვნელოვანი. მას უნდა ჰქონდეს დასაწყისი, განვითარება და ფინალი. განა რამდენი უნდა გადამიხადონ, რომ გაუგებარი როლის შესრულება მიღირდეს? როცა აქ (გულზე ხელს იდებს) არ გინდა, თამაში არც გამოგივა...
ავთო ვარსიმაშვილის გარდა, ნანა ჯანელიძესთანაც მიმუშავია, დათო ქვარცხავამ კი 2 ფილმში გადამიღო. რა თქმა უნდა, ძირითადად ვარსიმაშვილთან ვმუშაობ. ის, რომ ბატონი ავთო ფილმებში თავისი თეატრის მსახიობებს გვიღებს, ჩვენთვისაც და თეატრისთვისაც მომგებიანია: ეკრანი მსახიობის პოპულარობას უწყობს ხელს და მერე თეატრში მეტი მაყურებელი მოდის...
- მსახიობებს ამა თუ იმ გადაცემის წამყვანად ხშირად ეპატიჟებიან. მსგავსი შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! არ გქონია?
- როგორ არა, "იმედიდან" მქონდა შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! და მივედი კიდეც. გადაცემის რეჟისორისა და პროდიუსერისგან სიმპათია ვიგრძენი, ვილაპარაკეთ. სცენარი მომცეს და მთხოვეს, - საცდელი ვერსია იმ დღესვე გადაგვეღო. შევთავაზე: სცენარს შინ წავიღებ, წავიკითხავ და ჩასაწერად ხვალ მოვალ-მეთქი. დამთანხმდნენ. საღამოს რომ წავიკითხე, იმ საქმეში საკუთარი თავი ვერ დავინახე და მეორე დილით დავურეკე, - ეს ჩემი საქმე არ არის-მეთქი. ცოტა კი გაუკვირდათ, მაგრამ რეჟისორმა მადლობა მაინც გადამიხადა, - ასეთი რამ ჯერ არავის გაუკეთებიაო.
- ბევრი უარს ფინანსური დაინტერესების გამო არ იტყოდა...
- მართალია! ეს ჩემთვისაც მნიშვნელოვანია, მაგრამ რაც არ მსიამოვნებს, იმას ფულის გამოც ვერ გავაკეთებ.
- ირანელ მსახიობებთან გქონდა ურთიერთობა?
- მათთან საერთო სცენა არ მქონია, მაგრამ ერთმანეთი გავიცანით და ვიცი, რომ საქართველო ძალიან მოეწონათ. ფილმის 2 ვარიანტია გადაღებული და მათ პირობითად, თბილისისა და ირანის სცენები დავარქვით. ირანულში ქალებს აუცილებლად, გრძელმკლავიანი სამოსი აცვიათ. კაცი ქალს არ ეხება. ფეხი რომ გამოგიჩნდეს, იქ პორნოგრაფიად მიიჩნევა. ბუნებრივია, ჩვენი მსახიობები - თამუნა ნიკოლაძე (ფილმში აპოლონის და) და ქეთა ლორთქიფანიძეც (აპოლონის მეუღლე) ამ წესს დაემორჩილნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფილმს იქ ვერ გაუშვებდნენ. მათ კიდევ ერთი წესი აქვთ: ირანელ მსახიობ ქალს თმა არ უნდა უჩანდეს, ჩვენს გოგონებს კი ეს აკრძალვა არ ჰქონდათ.
- ფილმში არის სცენები, სადაც მეუღლეს ხელით ეხები, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებ. ამ ეპიზოდების ირანული ვარიანტი როგორია?
- შეხება არ შეიძლება რომანტიკული სცენის გადაღებისას, ეს კი კონფლიქტური სცენებია ანუ როცა ქეთას გმირს ხელით ვეხები და დივანზე ვაგდებ, ეს ირანულ ვარიანტშიც არის. ისე, კაცმა არ იცის, შეიძლება ამოჭრან კიდეც. მალე ირანში თეატრალური ფესტივალი დაიწყება და მასში მონაწილეობას ჩვენც მივიღებთ - "მშვენიერი ქართველი ქალი" მიგვაქვს. სწორედ ჩვენს ჩასვლას დაემთხვევა "ისპაჰან-ბათუმის" პრემიერაც.
- შენს შემოქმედებაში სხვა რა სიახლეა?
- ახალ სპექტაკლზე - "მექანიკური ფორთოხალი" ვმუშაობთ, რომლის პრემიერა თვის ბოლოს შედგება.
- მუშაობა სად უფრო საინტერესოა - თეატრში თუ გადასაღებ მოედანზე?
- თეატრში! თეატრი ჩემი ცხოვრებაა. როცა აქ ვარ, თავი საკუთარ სახლში მგონია. ფილმში იმიტომ ვთამაშობ, რომ საქმეს სჭირდება ასე. ისე, სიამოვნებით ვიქნებოდი მხოლოდ თეატრის მსახიობი.
- შენს პარტნიორებზე რას გვეტყვი?
- თეატრში რომ მოვედი, ნიკო გომელაურს დავუმეგობრდი. იმ პერიოდში ბატონმა ავთომ მუშაობა "ძმებზე" დაიწყო, როლები გაანაწილა და რას მივხვდი, იცი? პარტნიორზე ბევრი რამაა დამოკიდებული. ნიკო ისე შემოგხედავდა, სათქმელს ისე გეტყოდა, რომ აუცილებლად, სწორი გზისკენ გიბიძგებდა. არიან პარტნიორები, რომლებიც გინდ მდგარან სცენაზე და გინდ - არა, ზოგი ხელსაც კი გიშლის, თამაშს გირთულებს. მგონი, თავად არ ვარ ცუდი პარტნიორი და ეს კოლეგებს არაერთხელ უთქვამთ კიდეც.
- რომელ ჟანრში უფრო კარგად გრძნობ თავს, კომედიაში თუ...
- (მაწყვეტინებს) ირონიულიც ვარ, ცინიკურიც, მაგრამ კომედიაში საკუთარ თავს მაინც ვერ ვხედავ. ჩემი როლებიდან მიყვარს სანდრო ("ძმები"), ალი ("ღმერთო, დაგვიფარე ჩვენ და ადამიანები"), ნიკალა ("მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ").
- "მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ" - შენთვის ალბათ, იმითაც არის გამორჩეული, რომ სწორედ ამ სპექტაკლით დაიწყო შენი და მსახიობ მარიამ ჯოლოგუას რომანი, არა?
- ნამდვილად, ჩვენ შეყვარებულები ვითამაშეთ.
- მარიამი როგორ არის? დიდი ხანია, ინტერვიუ მასთანაც არ ჩაგვიწერია.
- კარგად არის. თეატრში თამაშის პარალელურად, ხელოვნების სტუდიაში, ქეთა ლორთქიფანიძესა და მაიკო დობორჯგინიძესთან ერთად მუშაობს.
- ბავშვს ხომ არ ელოდებით?
- ჯერ არა! ხომ შევთანხმდით, პირად ცხოვრებაზე არ უნდა გეკითხა.
- ფილმში, გარდა იმისა, რომ ცუდი ძმა ხარ, ცუდი მეუღლეც ბრძანდები. მარიამმა ფილმი ნახა?
- ერთად ვნახეთ.
- შენი ნამუშევარი როგორ შეაფასა?
- მარიამის აზრი თუ გაინტერესებს, მას ჰკითხე. იმ დღეს, როცა ფილმი ვნახეთ, შინ დაბრუნებულებს 3-საათიანი საუბარი გვქონდა, ბევრი ვიმსჯელეთ და ვიკამათეთ.
- რა საერთო გაქვს ამ გმირთან?
- (ფიქრობს) საერთოდ არაფერი, გარდა სახელისა.
სტატიის მომზადებისას აპოლონის მეუღლეს - მარიამ ჯოლოგუასაც დავუკავშირდით და შთაბეჭდილების გაზიარება ვთხოვეთ. მისი პასუხი ასეთი იყო:
- ვიცი, რომ პოლიკასთან ინტერვიუ ჩაწერეთ. ნუ მიწყენთ, მაგრამ არც ფილმზე და არც მის როლზე ლაპარაკი არ მინდა.
P.შ. ირანელი ბიჭისა და ქართველი გოგოს სიყვარულის ამბავზე გადაღებული კომედიური ჟანრის კინოსურათის პრემიერა თბილისში გასულ კვირას შედგა, ირანელი მაყურებელი კი მას იანვარში იხილავს.
თამუნა კვინიკაძე
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)