"ჯინსების თაობა" - ჰოლივუდის ვარსკვლავების მონაწილეობით

"ჯინსების თაობა" - ჰოლივუდის ვარსკვლავების მონაწილეობით

თითქმის 30 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც "თვითმფრინავის ბიჭებად" ცნობილ ახალგაზრდებს ტრაგიკული ამბავი გადახდათ თავს, მაგრამ ამ ფაქტთან დაკავშირებით, ბევრი რამ დღემდე ბურუსითაა მოცული. 30 წლის წინ საზოგადოების აზრი ორად გახლდათ გაყოფილი: ნაწილი მათ ტერორისტებს უწოდებდა, ნაწილი - გმირებს; ზოგი ამბობდა, - ამ ბიჭებმა კარგი საქმის გასაკეთებლად ცუდი გზა აირჩიესო... მოგეხსენებათ, მწერალმა დათო ტურაშვილმა სწორედ "თვითმფრინავის ბიჭებს" მიუძღვნა "ჯინსების თაობა", დავით დოიაშვილმა ამ ნაწარმოების მიხედვით სპექტაკლი დადგა, ახლა კი ამ ამბავზე რეჟისორი ნიკა ხომასურიძე ფილმის გადაღებას აპირებს...

- როგორც ვიცი, პროფესიით იურისტი ხარ. რა ასაკიდან დაინტერესდი და როგორ მოხვდი კინოინდუსტრიაში?

- იურიდიული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ თეატრისა და კინოს ინსტიტუტში, მასობრივ სანახაობათა რეჟისორის პროფესიას დავეუფლე, მოგვიანებით საბანკო საქმესა და ფინანსებზე, მერე კი ლოს-ანჯელესის კინოსკოლაში ვსწავლობდი. თავიდან კლიპებს ვიღებდი, ვაწყობდი მასობრივ ღონისძიებებს, არაერთი ქართველი მომღერლის კონცერტი მაქვს "გაკეთებული", მაგრამ მერე დიდ პროექტებზე მუშაობის ინტერესი გამიჩნდა. კინოინდუსტრიაში დაახლოებით 5 წლის წინ ჩავერთე - ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიის სიყვარულმა განაპირობა. საინტერესო წარსული გვაქვს. ძალიან მინდოდა, დიდგორის ომზე და იმ 200 რჩეულ მეომარზე გადამეღო ფილმი, რომლებმაც ნახევარმილიონიანი არმია დაამარცხეს.

დავიწყე ფიქრი და თავგანწირული მეომრის სიმბოლო შევქმენი (იდეა ნიკა ხომასურიძეს ეკუთვნის, ნახატის ავტორი კი მხატვარი იკო ცაბაძეა), მერე ფილმის გადაღების სურვილი გამიჩნდა, მაგრამ არ ვიცოდი, როგორ უნდა გადამეღო. სამაგიეროდ, ვიცოდი, სად შეიძლებოდა ამ საქმის კარგად შესწავლა და ლოს-ანჯელესის კინოსკოლაში მივედი.

- რა მოგცა ლოს-ანჯელესის კინოსკოლამ?

- იქ სხვა სამყაროა, ირგვლივ ყველა კინოთი ცხოვრობს, სკოლაში პროფესიონალები გასწავლიან და ა.შ. ლოს-ანჯელესში კინოინდუსტრია უმაღლეს დონეზეა განვითარებული. იქ თითქმის წელიწადი ვსწავლობდი, მერე კი გადავწყვიტე, რაღაც პერიოდი ამ ქალაქში მეცხოვრა და ახლა ხან იქ ვარ, ხან - თბილისში. ერთი თვეა, რაც ჩამოვედი. ლოს-ანჯელესში ნაყოფიერი შეხვედრები მაქვს იქაურ პროდიუსერებთან, მსახიობებთან, სკოლის მეგობრებთან.

- ვიდრე "ჯინსების თაობაზე" ვილაპარაკებთ, მინდა, "დავიწყებულ მეფეზე" გკითხო; ამ ფილმის წყალობით ხომ მსოფლიო რეკორდი მოხსენი...

- დიახ, ეს უწყვეტი კადრით გადაღებული 105-წუთიანი ფილმია.

- ამ ფილმს ქართველი მაყურებელი როდის იხილავს?

- კინოთეატრში ფილმის პრემიერა სავარაუდოდ, იანვრის ბოლოს ან თებერვალში გაიმართება.

- როგორც ვიცი, კანის ფესტივალზე ფილმის შიდაჩვენება მოაწყვე. პროფესიონალებისგან როგორი შეფასება მიიღე?

- ვინც ნახა, ყველას მოეწონა, დაინტერესდნენ...

- რატომ დაარქვი ფილმს "დავიწყებული მეფე"?

- მთავარი გმირი დემნა უფლისწულია. ის მეფე უნდა გამხდარიყო, მაგრამ როგორც გადმოცემით ვიცით, დაასაჭურისეს და გარდაიცვალა, თუმცა ფილმში არ კვდება - შოთა რუსთაველად გარდაისახება და "ვეფხისტყაოსნის" წერას იწყებს. მას ჰყავს მემკვიდრე, რომელიც დროში მოგზაურობს. ფილმის გადაღება ორთაჭალაში დავიწყეთ და დიღომში, "ქართული ფილმის" პავილიონში დავასრულეთ.

- ახლა აპირებ ფილმის გადაღებას იმ ამბავზე, რომლის ბევრი დეტალი ბურუსითაა მოცული. როგორ დაიბადა იდეა, გაგეკეთებინა ფილმი "თვითმფრინავის ბიჭებზე"?

- "დავიწყებული მეფის" გადაღების შემდეგ დავფიქრდი, თანამედროვე ისტორიიდან რა თემას შეიძლებოდა შევხებოდი. "თვითმფრინავის ბიჭების" შესახებ რაღაცები კი ვიცოდი, მაგრამ მას შემდეგ, რაც დათო ტურაშვილის "ჯინსების თაობა" წავიკითხე, მივხვდი, რომ ამ ამბავზე კარგი ფილმის გადაღება შეიძლებოდა. ჰოდა, დათოსგან უფლება მივიღე და ახლა სცენარზე ვმუშაობთ.

- სცენარზე კონკრეტულად, ვინ მუშაობს?

- ამერიკელი ტომას დანი, რომელიც ამჟამად საქართველოში იმყოფება. ჩვენ შევხვდით დაღუპული ბიჭების ოჯახის წევრებს და პილოტს, რომელიც იმ თვითმფრინავს მართავდა. მან საკმაოდ საინტერესო რაღაცები გვიამბო და ისიც გვითხრა, რომ ბიჭები მომხდარს ნანობდნენ. თურმე გარკვეული დროის მანძილზე, მათმა ახლობლებმა ისიც კი არ იცოდნენ, ცოცხლები იყვნენ თუ არა. ამ ფილმზე ტიმ მანგულო, სპეცეფექტების ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი იმუშავებს. ცნობისათვის, ის მუშაობდა ფილმებზე: "ტერმინატორი", "სპაიდერმენი", "არმაგედონი"...

- ფილმის გადაღებას როდის დაიწყებ?

- აპრილში დავიწყებთ. ფილმი ინგლისურენოვანი იქნება და მასში ჰოლივუდის მსახიობები ითამაშებენ.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ გეგა კობახიძის როლში ლეონარდო დი კაპრიო მოგვევლინება. ეს ამბავი სიმართლეს შეესაბამება?

- არა, ამ როლზე ჯერჯერობით არავინაა დამტკიცებული. სავარაუდოდ, ფილმში მაყურებელი ჯოშ ჰარტნერსა და ჯეიმს ფრანკოს იხილავს.

- ფილმში მხოლოდ უცხოელი მსახიობები იქნებიან?

- ქართველებიც იქნებიან, მაგრამ მთავარ როლებში - არა.

- მათ ვინაობას გაგვიმხელ?

- დასამალი არაფერია, მაგრამ ჯერ თავადაც არ ვიცი, ვის ან რას შევთავაზებთ. ფილმს საქართველოში, პოლონეთსა და ლოს-ანჯელესში გადავიღებთ.

- პოლონეთში - რატომ?

- იქ ჰყავთ თვითმფრინავი "ტუ-134", რომელიც აუცილებლად დამჭირდება... თუ არაფერი შეგვიშლის ხელს, გადაღებას 5-6 კვირაში დავასრულებთ.

- ასე სწრაფად?

- მთავარია, მომზადებული იყო, გრაფიკი გაწერილი გქონდეს და ფილმის გადასაღებად ეს დროც საკმარისია. დიდი სურვილი მაქვს, საქართველოს კინოთეატრებში "ჯინსების თაობის" პრემიერა 18 ნოემბერს შედგეს.

- ისტორიულ ჟანრში მუშაობა რატომ გადაწყვიტე? შენგან განსხვავებით, სხვა ახალგაზრდა რეჟისორები ამ თემას იშვიათად ეხებიან...

- იმ ჟანრში უნდა იმუშაო, რომელიც გაინტერესებს. საკუთარი ძალები სხვა ჟანრშიც მოვსინჯე, მაგრამ მივხვდი, რომ იქ ჩემი ადგილი არ იყო.

- შენი გადაღებულია "მამაჩემის გელფრენდი". ამ ნამუშევარს როგორ აფასებ?

- ჩვეულებრივი, სახალისო ფილმია, მაგრამ... ახლა ხომ სწორედ ეს გითხარი - სახალისო ფილმების "კეთება" ჩემი საქმე არ არის! საერთოდ, აწმყოზე მეტად, წარსული მაინტერესებს.

- ხომ არ აპირებ ფილმის გადაღებას მსოფლიოს ისტორიაში მომხდარ მნიშვნელოვან ამბავზე ან პიროვნებაზე?

- 12 წლის რომ გავხდი, დაბადების დღეზე მაჩუქეს წიგნი ჰანიბალის ცხოვრების შესახებ. წავიკითხე და ძალიან მომეწონა. მას შემდეგ ამ წიგნს არაერთხელ მივუბრუნდი. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ ჰანიბალზე ფილმის გადაღების სურვილი გამიჩნდა?! გარდა ამისა, მინდა "სპარტაკზე" და "სამ მუშკეტერზეც" ვიმუშაო. აუცილებლად გადავიღებ გრიგოლ აბაშიძის "დიდ ღამეს"... ლაშა კანკავასთან ერთად ვიმუშავე ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრების ამსახველ სცენარზე, რომლის მიხედვითაც მალე ფილმს გადავიღებთ. "ჯინსების თაობის" შემდეგ აუცილებლად ვიმუშავებ ფილმებზე: "დიდგორი", "მამლუქი", "ვეფხისტყაოსანი", "დიდი ღამე"...

- ნიკა, საქართველოში როდემდე რჩები?

- ლოს-ანჯელესში "დავიწყებული მეფის" პრემიერის შემდეგ დავბრუნდები.

- როგორც ვიცი, ლექციებსაც კითხულობ, არა?

- ლექციების წასაკითხად ერთ-ერთ სკოლასთან არსებულ სტუდიაში მიმიწვიეს, სადაც ახლახან სცენარების კონკურსი მოვაწყვეთ და 16 წლის ანა გაგოშვილმა გაიმარჯვა. ის მალე ფილმსაც გადაიღებს...

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება