რომელი როლით ამაყობს "ჰოლივუდელი" ელენე სატინი-სხირტლაძე

რომელი როლით ამაყობს "ჰოლივუდელი" ელენე სატინი-სხირტლაძე

"ელენე სატინი-სხირტლაძე - მილა იოვოვიჩსა და ოლგა კურილენკოს ჩაჩოჩება მოუწევთ" - სწორედ ამ სახელწოდებით გამოქვეყნდა ჰოლივუდელი ქართველის - ელენე სატინის ინტერვიუ პრესტიჟულ ჟურნალ Instyle-ში, რომელიც, როგორც წესი, მხო­ლოდ მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავებს "ანებივრებს" თავისი ყურადღებით.

ელენე სატინის მონაწილეობით უახლესი ფილმი - "დრო", რომელშიც პარტნიორობას უწევენ ჯასტინ ტიმბერლეიკი და ამანდა სეიფრიდი, ახლახან გამოვიდა ეკრანებზე. ასევე მის ახალ ნამუშევრებს შორის არის ადამ სანდლერის პარტნიორობა სურათში "თავი მოაჩვენე ჩემს ცოლად". ყოფილი საბჭოთა კავშირიდან ჰოლივუდში წარმატებით მოღვაწე ვარსკვლავებს - მილა იოვოვიჩს, ოლგა კურილენკოს, მილა კუნისს რა ხანია ელენეც შეემატა, რომელიც საკმაოდ დიდ ნაბიჯებს დგამს კარიერაში.

ელენე თბილისშია დაბადებული, სოჭში გაიზარდა და ჯერ კიდევ 1995 წელს "კინოტავრზე" გამოიჩინა თავი, როცა "შალახო" იცეკვა გიორგი შენგელაიასთან ერთად, მერე კი ვლადიმერ მაშკოვსა და ლიდია შუკშინასთან ერთად იმღერა. ბავშვობიდან მსახიობური და მუსიკალური ნიჭით გამორჩეულს მშობლები ყველანაირად უწყობდნენ ხელს. თერთმეტი წლისა ნიუ-იორკში პროფესიონალურ ხელოვნების სკოლაში ჩაირიცხა და სამსახიობო ოსტატობის დაუფლებას შეუდგა. "შემოქმედებითი გენი დედისგან მაქვს - ის ოპერის მომღერალია, ყოფილი მსახიობი და მოდელი, - ჰყვება ელენე, - მამას სცენასთან ურთიერთობა არ აქვს, საფეიქრო ბიზნესს უძღვება, მაგრამ ჩემით ძალიან ამაყობს და ყოველთვის მხარში მიდგას. მე და ჩემს ძმას არასდროს გვბოჭავდნენ პროფესიის არჩევაში - თავისუფლებას გვანიჭებდნენ".

როგორც ბევრ მის კოლეგას, ელენესაც მოუხდა რუსეთიდან ჩამოსული გოგონას განსახიერება - მისი პირველი როლი იყო რუსი ნადია სერიალში "დეტექტივი რაში". "ამ როლით ვამაყობ, შემეძლო არა მხოლოდ სამსახიობო თამაში მეჩვენებინა, არამედ სიმღერის უნარიც.

თაყვანისმცემლების გასახარად, ელენე სერიალ "სმოლვილის საიდუმლოებებშიც" გამოჩნდა - დროის უმეტესი ნაწილი ეკრანზე ბიკინებში გაატარა და მშვენიერი სხეული წარმოაჩინა, რომელიც წლების განმავლობაში სპორტითა და ცეკვებით გაილამაზა. "მიყვარს ჩოგბურთი, გორგოლაჭები, ციგურები, ცეკვა კი საერთოდ ჩემი მთავარი გატაცებაა. ახლა მაიამიში ვმუშაობ - ამერიკულ სერიალ Magic city-ში მიღებენ ოლგა კურილენკოსთან ერთად და გადაღებების შემდეგ ჩვენ ხშირად დავდივართ საცეკვაო დარბაზში". "მოდაზე ვგიჟდები. მაღაზიებში სიარული კი ჩემთვის ნამდვილი ტანჯვაა, - არ მალავს ელენე, - ჩემი მაშველი რგოლი ამ საკითხში დედაა. მთლიანად მას ვენდობი: კარგი თვალი აქვს და ზუსტად იცის ისიც, რა მომწონს". ელენეს გემოვნება კლასიკურია მოდის მიმდევრის კვალობაზე: "შანელის" სამოსი და "კრისტიან ლობუტინის" ფეხსაცმელი. "დიახ, სამოსში სექსუალურობასა და ელეგანტურობას ვაფასებ. ჩემი აზრით, ეს მომგებიანი კომბინაციაა".

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება