ჩვენი ჟურნალის მკითხველს კარგად ემახსოვრება მომღერალ მარკუს მეტრეველის ბოლო ინტერვიუ, სადაც ის თავის ყოფილ მეუღლეს ბრალდებებს უყენებდა. მომღერალი ამბობდა, რომ ყოფილი ცოლი მას არ აჩვენებს შვილებს და ამის გამო მარკო ხშირად დეპრესიაშია. ისიც თქვა, რომ შვილების ნახვის სანაცვლოდ მისი ყოფილი ცოლი იმ ქონების ნახევარს ითხოვს, რომელიც ყოფილმა ცოლ-ქმარმა ერთად ცხოვრების პერიოდში დააგროვა.
მომღერლის ყოფილი ცოლი, პროფესიით ჟურნალისტი ლალი ქურდაძე რედაქციაში დაგვიკავშირდა და მარკოს ამ ბრალდებებზე პასუხის გაცემა ისურვა.
- დიდი ხანი თავს ვიკავებდი, საჯაროდ მელაპარაკა მარკუს მეტრეველზე, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი. მე მგონია, რომ მარკო თავისი ინტერვიუებით მიწვევს. ეს თამაშს ჰგავს. თამაშში კონკურენტი თუ ბოლომდე მიუშვი, ის ფინალშიც გავა. მე კი მარკოს ბოლომდე აღარ გავუშვებ!
- რეალური თამაში, ანუ სიყვარული როდის დაიწყო თქვენ შორის?
- მინდა გითხრათ, რომ მე მარკოსთან ქორწინებაში არ ვყოფილვარ. არც ხელი მოგვიწერია და არც ჯვარი დაგვიწერია. ერთმანეთი თბილისში, ერთ-ერთ ტურისტულ ფირმაში გავიცანით. ორივე საკუთარი მიზნების განსახორციელებლად მივდიოდით საბერძნეთში. იქ რამდენიმე თვის შემდეგ მარკო დამიკავშირდა. ალბათ ჩემთან მეგობრობა უნდოდა. მეც არ მითქვამს უარი. სიმართლე გითხრათ, ის კარგ დაქალობას მიწევდა. შოპინგი იყო თუ სხვა მეგობრული საკითხი, ერთმანეთს კარგად ვუგებდით. მერე ეს ურთიერთობა მეგობრობის საზღვრებს გასცდა, რასაც დღემდე ძალიან ვნანობ. ეს ყველაზე დიდი შეცდომა იყო ჩემს ცხოვრებაში. რა მოხდა, დღესაც არ ვიცი. ერთად ხუთი წელი ვიცხოვრეთ საბერძნეთში და ჩვენი თანაცხოვრება სკანდალით დამთავრდა.
- შეიძლება, მიზეზი გკითხოთ?
- ბევრი მიზეზი იყო. ვფიქრობ, რომ ქალიც და მამაკაციც იმისთვის იბადება, რომ შექმნას ოჯახი და გახდეს მშობელი, შვილებს შეუქმნას სრულყოფილი, ნორმალური გარემო. მე მარკოში ამის სურვილი ვერ დავინახე.
- არ იყო კარგი მამა?
- შვილებთან ურთიერთობა არც ჰქონია. ხუთი წლის განმავლობაში ერთად ცოტა დრო გავატარეთ. იყო გაუთავებელი სკანდალები, დაშორებები, შერიგებები.
- რატომ ურიგდებოდით, რას გპირდებოდათ?
- მარკო რას უნდა შემპირებოდა (იღიმება). მთავარი მიზეზი, რის გამოც უკან ვდგამდი ნაბიჯს, იყო სურვილი, მქონოდა ოჯახი და ჩემს შვილებს ჰყოლოდათ მამა, ჰქონოდათ ოჯახი, სადაც დედა და მამა ერთად იცხოვრებდნენ.
- მოთმინების ფიალა როდის აივსო?
- საქართველოში დაბრუნების შემდეგ, როცა მის ოჯახში გადავედით საცხოვრებლად. იქ ჩვენ გარდა ცხოვრობდნენ მარკოს დედა, ქალბატონი ლალი მეტრეველი და მარკოს ბებია.
- მესამე პირი გახდა თქვენი ოჯახის დანგრევის მთავარი მიზეზი?
- წყვილის ცხოვრებაში შეიძლება ჩაერიოს მესამეც, მეოთხეც და მეხუთე პირიც, მაგრამ როცა ცოლ-ქმრის ურთიერთობა ჩამოყალიბებულია და გრძნობები გარკვეულია, ვერავინ ვერავის გააგიჟებს და ვერავინ არევს ცხოვრებას. დღეს ვფიქრობ, რომ მარკოს ცხოვრება ჩემთან ერთად იყო თამაში.
- რას თამაშობდა?
- რა გითხრათ, მის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში, რომელიც "რეიტინგში" დაიბეჭდა, წავიკითხე, რომ გაურკვეველია მისი პირადი ცხოვრება, მისი ორიენტაცია.
- მარკომ იქ ბოლომდე არ გახსნა კარტები...
- რაც ძალიან მიკვირს. ის იმდენად გახსნილი და გულწრფელი ადამიანია, როგორც ამბობს, თანამედროვედ აზროვნებს, არ უნდა იყოს მისთვის პრობლემა, ბოლომდე გახსნას კარტი და ყველაფერი აღიაროს.
- რა უნდა აღიაროს?
- როგორც თვითონ თქვა, ტრანსსექსუალთან აქვს ურთიერთობა და მასთან ოჯახის შექმნას აპირებს. დარწმუნებული ვარ, ამაზე წამსვლელია. ჩვენი ოჯახის დანგრევის მთავარი მიზეზიც სწორედ ეს იყო.
- მარკო ჩემთან ინტერვიუში ამბობდა, რომ თქვენმა ეჭვიანობამ დაანგრია თქვენი ოჯახი...
- ვისზე უნდა მეეჭვიანა, ქალზე? ნეტავ ასე ყოფილიყო. დარწმუნებული ვიყავი, რომ მარკო ქალთან არასდროს მიღალატებდა. მე მისთვის ვიყავი პირველი და ერთადერთი ქალი. ჩვენი ოჯახის დანგრევის მიზეზი მისი სექსუალური ორიენტაცია გახდა. ამის თქმის არ მეშინია.
- რისი თქმა გინდათ?
- (დიდხანს ფიქრობს - ავტ.) ის არავის უწევს ანგარიშს. მე არ მინდოდა, ამის თქმა, მაგრამ დღეს პირდაპირ გეტყვით - მარკო მეტრეველი გეია.
- იმ პერიოდში, როცა, როგორც ამბობთ, მარკო კარგ დაქალობას გიწევდათ, არ გიფიქრიათ იმაზე, რომ ამ ადამიანს არ ჰქონდა მამაკაცური თვისებები, თუ ბინდი გქონდათ გადაკრული თვალებზე, როგორც ემართებათ ხოლმე შეყვარებულებს?
- დღეს ვფიქრობ, რომ მარკო არც მიყვარდა. ეს ბავშვური სისულელე იყო.
- რამდენი წლის იყავით მაშინ?
- 19-ის.
- ლალი, თქვენ გყავთ შვილები, ისინი ხომ მარკოს შვილები არიან?
- შვილი იმისია, ვისაც ამაგი აქვს მასზე. ისინი არიან ჩემი და ჩემი მეუღლის შვილები.
- რატომ არ აძლევთ მარკოს შვილების ნახვის უფლებას?
- თქვენ როგორ მოიქცეოდით ჩემს ადგილას, მარკოსნაირ ადამიანს აჩვენებდით შვილებს? მე გაურკვეველი სექსუალური ორიენტაციის ადამიანს შვილებს არ ვაჩვენებ! მინდა, ჩემი შვილები ნორმალურ ადამიანებად ჩამოვაყალიბო. ვერ გავიგე, საერთოდ რა უნდა ამ ადამიანს. ერთს ამბობს და მეორეს აკეთებს. მარკოს რომ ოჯახი და შვილები ნდომოდა, ასე ადვილად არ დათმობდა. ოჯახი სათამაშო არ არის, მოიწყინო და მიაგდო. დღეს მოგინდეს და ხვალ - აღარ.
- ოჯახის დანგრევის გადაწყვეტილება მან მიიღო?
- ისეთი პირობები შემიქმნეს, რომ მაიძულეს, შვილებისთვის მომეკიდა ხელი და წამოვსულიყავი.
- მის ოჯახის წევრებთან თუ გილაპარაკიათ თქვენს პრობლემებზე?
- ვისთან უნდა მელაპარაკა, მარკოს დედასთან, რომელიც ორი წელიწადია არ დაინტერესებულა საკუთარი შვილიშვილების ბედით?! დღეს ძალიან აქტუალური იარაღია ჩანგალი, მაგრამ ვერ დავიჭერ და ვერ მივადგები, რატომ არ ზრუნავთ ჩემს შვილებზე-მეთქი.
- მარკო ამბობს, რომ შვილების ნახვის სანაცვლოდ თქვენ სთხოვთ იმ ქონების ნაწილს, რომელიც ერთად ცხოვრების პერიოდში შეიძინეთ...
- ჩემი შვილები არ მიღირს იმად, რომ ავეჯში გავცვალო. ან რომელ ქონებაზეა ლაპარაკი. მარკოს ამ ქონების ნაწილიც არ შეუძენია. ხუთ წელიწადში სულ რამდენიმე თვე აქვს ნამუშევარი. ჩვენ საბერძნეთში ნულიდან დავიწყეთ ცხოვრება. ასე რომ, ვითხოვ იმას, რაც მე მეკუთვნის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შვილები რომ ნახოს ადამიანმა, მათი სიყვარული უნდა მოიპოვოს. მას ეს არ გაუკეთებია.
- ბავშვები რას ამბობენ, ახსოვთ მამა?
- მათ ჰყავთ გამზრდელი მამა, მათ იციან, რომ მათი მამა არის ჩემი მეორე ქმარი. რაც აზროვნება დაიწყეს, მას მერე გამზრდელ მამას უყურებენ, ის ჰგონიათ მამა და მათი ფსიქიკის შერყევას ნამდვილად არ ვაპირებ. იცით რატომ? დღეს რომ გამოჩნდება მარკო, ზუსტად ვიცი, რომ ხვალ ისევ გაქრება. ჩემი შვილების ნერვიულობის ფასად არ მიღირს მარკოს წამიერი ახირება.
- თქვენ თქვით, რომ თქვენი ეჭვიანობის საბაბი იყო მამაკაცი...
- არ ვიცი, მამაკაცი თუ მამაკაცები.
- მარკო კი ამბობდა, რომ თქვენ მის ფან გოგონებზე ეჭვიანობდით.
- სად ჰყავდა მარკოს ფანები? მეცინება ამ ყველაფერზე. მარკო ინტერვიუში ამბობდა, რომ ავტოგრაფს სთხოვდნენ, ეხუტებოდნენ, კალთაში უჯდებოდნენ. სასაცილოა. მარკო მეტრეველის გამო საბერძნეთში არავინ იხევდა ტანზე სამოსს. მას ნიჭიერებას ვერ დავუკარგავ, მართლაც ნიჭიერი ადამიანია, ხელოვანია, კარგი ვოკალური მონაცემები აქვს და კარგი ხედვა. მაგრამ საბერძნეთში მარკო სწავლობდა მუსიკალურ აკადემიაში, არ იდგა სცენაზე და ამით ფულს არ შოულობდა. იმ ინტერვიუში, წეღან რომ მოგახსენებდით, ამბობს, დიზაინის აკადემია მაქვს დამთავრებულიო. არ ვიცი, ამდენი ხნის განმავლობაში ერთად ვცხოვრობდით და მას დიზაინის კუთხით არ უსწავლია. რა, თვალები მქონდა ახვეული?!
საქართველოში რომ დავბრუნდით, გადავწყვიტეთ, ერთად აგვეგორებინა მარკოს პიარი, რომ ქართულ შოუბიზნესს გაეცნო მარკუს მეტრეველი, როგორც მომღერალი. მე მას ყველანაირად ვედექი მხარში. თქვენ ალბათ მისი ნამდვილი სახელი და გვარიც არ იცით. მარკო მეტრეველი სინამდვილეში არის გიორგი გაგოშვილი. მეტრეველი დედამისის გვარია. მანამდე მას საქართველოში იცნობდნენ, როგორც გიორგი ტიტანს. დღეს მარკო რატომ ჰქვია, არ ვიცი, მას ჰკითხეთ.
- საინტერესოა... ლალი, ეჭვიანობისთვის რეალური საბაბი თუ გქონდათ, იყო ფაქტები, რომელზეც შეგიძლიათ გულახდილად გველაპარაკოთ?
- იყო, მაგრამ ამაზე საჯაროდ ლაპარაკი არ მინდა, თუ ამის საჭიროება დადგება, არც ამაზე დავიხევ უკან. მე ჩემს სიტყვებზე პასუხს ვაგებ.
- ის ადამიანები, ვისზეც ეჭვიანობდით, ცნობილები არიან ქართულ შოუბიზნესში?
- არა, მე საქართველოში მარკოსთან ერთად ცოტა ხანს ვიცხოვრე. ეს ყველაფერი საბერძნეთში ხდებოდა.
- როგორ წარმოგიდგენია, თქვენი მომავალი ურთიერთობა, შეიძლება, საერთო ენა გამონახოთ შვილების გამო მაინც?
- არა, მარკოს არ გამოვაყენებინებ ჩემს შვილებს თავისი კარიერისთვის და ორიენტაციის დასამალად. მე შემიძლია, მარკო მეტრეველს კარიერა დავუმთავრო საქართველოში. ისე გავუხდი საქმეს, თვითონ გარბოდეს ბილეთის ასაღებად საბერძნეთის რეისზე.
- შანტაჟს ჰგავს თქვენი სიტყვები...
- შანტაჟის ოსტატი მარკოა. მე ვაფრთხილებ, თავი დაანებოს ჩემს ცხოვრებას, ნუ ცდილობს დაარღვიოს ჩემი ოჯახური სიმყუდროვე, თორემ მე მის სიმყუდროვეს - კარიერას დავანგრევ.
ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)