ფიროსმანის ტილოები საქართველოში და საზღვარგარეთ

ფიროსმანის ტილოები საქართველოში და საზღვარგარეთ

"ფიროსმანის დაახლოებით 250 ნამუშევარი თბილისში ხელოვნების მუზეუმში ინახება, მცირე ნაწილია მირზაანის მუზეუმში და რამდენიმე ნამუშევარია სიღნაღში. თბილისში, იმ სახლში, სადაც ფიროსმანი ცხოვრობდა, მხოლოდ სურათების ასლებია დაცული. 1913 წელს, მოსკოვში ფიროსმანის გამოფენაზე ნამუშევრები ზდანევიჩებმა წაიღეს და რამდენიმე იქვე დარჩა. საბჭოთა კავშირის პერიოდში სხვადასხვა დროს, ბევრმა რუსმა მხატვარმა, საზოგადო მოღვაწემ და მწერლე­ბმა ფიროსმანი საქართველოში კერძო კოლექციებიდან შეიძინეს. განსაკუთრებით ბევრი სურათი გაიყიდა გასული საუკუნის 90-იან წლებში. იმ დროს საქართველოდან ბევრი ღირებული ნივთი გავიდა. ახლა ქვეყნიდან ფიროსმანის გატანა აიკრძალა და ვთვლი, რომ ეს სწორია" - ამბობს ჟურნალისტი და ფიროსმანის მკვლევარი ნელი კობიაშვილი.

- საქართველოში ფიროსმანის ნამუშევრები ძალიან ცოტა დარჩა. მართალია, როცა სურათი კერძო საკუთრებაა, მისი მფლობელი როგორც უნდა, ისე მოიხმარს, მაგრამ ფიროსმანთან დაკავშირებით ეს განსაკუთრებით გულსატკენია. პოეტ ევგენი ევტუშენკოს ფიროსმანის ორი ნახატი აქვს. რუსეთში ზურაბ წერეთელმა სხვადასხვა პირებისგან შეისყიდა ნახატები და რამდენიმე წლის წინ მას ფიროსმანის 18 ნამუშევარი ჰქონდა, რომლებიც თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში აქვს გამოფენილი. ფიროსმანის სურათები მოსკოვის მუზეუმებშიცაა. მოსკოვში, ლილი ბრიკის საოჯახო კოლექციაში დღემდეა ფიროსმანის სამი ნამუშევარი, მათ შორისაა თუნუქის აბრა, რომელსაც აწერია "ლუდი".

სურათი "ქალი დაირით", რომლის რამდენიმე ვარიანტი არსებობს, საბჭოთა პერიოდში ქვეყნიდან შტეფან ცვაიგმა გაიტანა და როგორც ამბობენ, ახლა ის ამერიკის შეერთებულ შტატებშია. ცნობილი ნამუშევარი "არსენალის მთა ღამით" არაგონის მემკვიდრესთან ინახებოდა, როცა 2003 წელს მივაკვლიე და მისი დაბრუნება მინდოდა. სამწუხაროდ, ეს ვერ მოვახერხეთ და შემდეგ ეს ნამუშევარი სოთბის აუქციონზე 1 მილიონ 800 ათას დოლარად გაიყიდა. შემდეგ მეორედაც გაიყიდა ლონდონში და თუ არ ვცდები, მესამედაც. ფიროსმანის ნამუშევრებს შორის ყველაზე დიდი თანხა გადახდილია ნახატში "არსენალის მთა ღამით". ეს შედევრების შედევრია და ეს სიტყვები თენგიზ მირზაშვილს ეკუთვნის. ჩემამდე ამ ნახატს რეზო თაბუკაშვილი ეძებდა. ოცნებობდა, ის საქართველოსთვის დაებრუნებინა, ან პარიზში ლუვრს გადასცემოდა საკუთრებაში, მხოლოდ იმ გარანტიით, რომ ის მუდმივმოქმედ გამოფენაში იქნებოდა, რომ მთელ მსოფლიოს ენახა, თუმცა ასე არ მოხდა.

ძალიან კარგია, რომ კულტურის სამინისტრომ ფიროსმანის საქართველოდან გატანაზე კონტროლი გაამკაცრა. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ფიროსმანის ბევრი ნახატი დღემდე საცავებშია. ჩვენთან ქვეყანა რამდენჯერმე აირია, რა გარანტია გვაქვს, რომ იმ დროს ეს ნამუშევრები საცავებიდან არ გაჰქონდათ. შეიძლება თბილისში მუზეუმს დაცვა ჰყავს, მაგრამ მირზაანში როგორაა ისინი დაცული. ანზორ მაძღარაშვილი კი ამბობს, რომ იქ ყველაფერი ხელუხლებელია, მაგრამ თქვენ გგონიათ ადვილია შემოწმება ნამუშევარი ორგინალია თუ გაყალბებული?! საქართველოში არ არის ნახატის კვლევის სათანადო პირობები. ასპროცენტიანი დასკვნის გამოტანა მხოლოდ ქიმიური ანალიზის შედეგად შეიძლება. ამის პირობები კი საქართველოში არ არის.

- რატომ, სპეციალისტები არ გვყავს, თუ უბრალოდ, შესაბამისი ტექნიკა არ არის?

- დრო და მოთხოვნები იცვლება. გაყალბებებზე უკვე ძალიან სერიოზული მხატვრები მუშაობენ. გაყალბების ტექნიკა უწინდელთან შედარებით ძალიან დაიხვეწა და გაუმჯობესდა. აქედან გამომდინარე, გაყალბების გამოკვლევის მეთოდებიც შესაბამისი უნდა იყოს. ამ თემაზე მთელი მსოფლიო მუშაობს. ეს დიდი და სერიოზული ბიზნესია.

- ქალბატონო ნელი, თქვენი აზრით, ერთი პრიმიტივისტი ქართველი მხატვარი, როგორიც ფიროსმანია, რატომაა ასეთი ძვირი სხვა ქართველი მხატვრებისგან განსხვავებით?

- ფიროსმანს ეს აღიარება დაუმსახურებლად არ მიუღია. ფიროსმანთან ისეთი ფერებია, ისეთი უშუალობა და იმდენად დადებითი ენერგეტიკა მოდის, რომ ამას სპეციალისტები განსაკუთრებულად აღიქვამენ.

- რამდენი შემთხვევაა, რომ ფი­როსმანის ნახატი საქართველოში დაბ­რუნებულიყო?

- არ ვიცი, ბიძინა ივანიშვილს თუ აქვს რაიმე შეძენილი, მაგრამ, სამწუხაროდ, მას შემდეგ, რაც ზდანევიჩებმა, გიორგი ლეონიძემ, დიმიტრი შევარდნაძემ უსასყიდლოდ გადასცეს მუზეუმებს ნამუშევრები, აქ ფიროსმანი აღარ ჩამოუტანიათ. ძალიან კარგი იქნება, თუ ფიროსმანის ტილოებს შეძლებული ქართველი კოლექციონერები შეიძენენ. როგორც ვიცი, ზურაბ წერეთელი საქართველოში თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს ხსნის და დიდი იმედი მაქვს, რომ ფიროსმანის რამდენიმე ტილო აქაც ჩამოვა.

პ.ს. ქართველი მხატვრებიდან ნიკო ფიროსმანის ნამუშევრები ყველაზე ძვირად ღირებულია. მცირე ხნის წინ, ნიკო ფიროსმანის ერთ-ერთი ნამუშევარი "ნაბდიანი მწყემსი წითელ ფონზე" ლონდონის აუქციონზე 600 ათას გირვანქა სტერლინგად გაიყიდა; მყიდველის ვინაობა უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, ნახატი თბილისში, დავით კაკაბაძის ოჯახში ინახებოდა და რამდენიმე წლის წინ მფლობელებმა ის რიგაში გააჩუქეს.

იმას, რომ ფიროსმანის ეს ტილო კაკაბაძეებს ეკუთვნოდათ, ადასტურებს 1984 წლის რუსეთში გამოცემული კატალოგი, სადაც წერია: "ნაბდიანი მწყემსი - წითელ ფონზე". 100 X 53, მუშამბა, დავით კაკაბაძის კოლექციიდან". აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ფიროსმანს მწყემსის რამდენიმე ტილო აქვს შექმნილი, მათ შორისაა: "ნაბდიანი მწყემსი წითელ ფონზე", "მწყემსი ფარასთან ერთად" და სხვები. ამ უკანასკნელი ნახატის "ბინად" აღნიშნულ კატალოგში კომპოზიტორ ირაკლი მაჭავარიანის კერძო კოლექციაა მითითებული.

ლონდონის აუქციონზე გაყიდული სურათის - "ნაბდიანი მწყემსი წითელ ფონზე" შესახებ მასალებში, ინტერნეტსივრცეში გავრცელებულია სწორედ ამ ორი ნამუშევრის ფოტო, მაგრამ ნელი კობიაშვილის დახმარებით დავადგინეთ, რომ კაკაბაძეების საკუთრებაში სწორედ "ნაბდიანი მწყემსი წითელ ფონზე" გახლდათ და არა რომელიმე სხვა...

ანა კალანდაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება