"ხალხის ნებიერა "დიდი ბავშვი" - ეროსი"

 "ხალხის ნებიერა "დიდი ბავშვი" - ეროსი"

ქართული თეატრის ისტორიაში იყვნენ ეროსი მანჯგალაძეზე დიდი მსახიობები, რომელთაც ხალხისგან იმ სიყვარულისა და ერთგულების მეათედიც არ რგებიათ წილად, რაც ეროსი მანჯგალაძეს ერგო.

უსაზღვრო ნიჭიერებასა და პიროვნულ მომხიბვლელობასთან ერთად, საქართველოს სახალხო არტისტი ეროსი მანჯგალაძე ეროვნული მუხტის მქონე მსახიობი იყო, რასაც უტყუარი ალღოთი ხვდებოდა სახელმწიფოებრიობადაკარგული ქვეყნის მაყურებელი და არტისტს გამორჩეულ პატივს მიაგებდა.

ეროსი მანჯგალაძეზე რუსთაველის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობები, რესპუბლიკის დამსახურებული არტისტები, დავით პაპუაშვილი და სოსო ლაღიძე   გვესაუბრებიან, რომლებსაც მსახიობთან არაერთი წლის მეგობრობა და პარტნიორობა აკავშირებდათ.

"რაც ცხოვრებაში იყო, ის იყო სცენაზე"

დავით პაპუაშვილი: - ეროსი მანჯგალაძე ახლოს 1963 წელს გავიცანი, როცა თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტები რუსთაველის თეატრში გაგვანაწილეს. თეატრში ბრწყინვალე თაობა დაგვხვდა: რამაზ ჩხიკვაძე, ეროსი მანჯგალაძე, გოგი გეგეჭკორი, გურამ საღარაძე, ჯემალ ღაღანიძე. ისინი ახალგაზრდა მსახიობებს აღფრთოვანებით შეგვხვდნენ და კრების შემდეგ რესტორანშიც დაგვპატიჟეს. სუფრასთან ეროსი მანჯგალაძემ გვითხრა; თქვენ ჩვენი საქმე უნდა განაგრძოთ, ახალმა თაობამ ახალი სიტყვა უნდა თქვას თეატრშიო... მისმა სიტყვამ ძალა შეგვმატა.

რესტორნიდან გამოსვლისას ბატონმა ეროსიმ მკითხა: სად ცხოვრობო? როცა ვუთხარი, ვაკეში-მეთქი, გაუხარდა, მეზობლები ვყოფილვართო. გზაში ოჯახის შესახებ გამომკითხა, როცა ვუთხარი, რაჭველი ვარ-მეთქი, გაუხარდა, - დედა მყავს რაჭველიო. ეროსის დედა, თამარ ბენდუქიძე, რომელიც უბედური შემთხვევის გამო სრულიად ახალგაზრდა დაინვალიდდა, ეროსის განსაკუთრებით უყვარდა, დღეში ასჯერ ურეკავდა დედას, უფრთხილდებოდა, ატყობინებდა, სად იყო... ასე დაიწყო ჩვენი ახლობლობა.

სცენაზე პირველად მიხეილ თუმანიშვილის სპექტაკლ "გვადი ბიგვაში" მომიწია ეროსისთან პარტნიორობამ. სოფლის გუნდის დირიჟორს ვთამაშობდი. ეროსის მოეწონა ჩემ მიერ შექმნილი გროტესკული სახე, მაქებდა, მამხნევებდა, დიდი ბავშვივით იყო, სხვისი წარმატება ახარებდა, რისი ნიჭიც, სამწუხაროდ, ბევრ მსახიობს არა აქვს. ასევე დაუვიწყარია ჩემთვის ტელესპექტაკლი "უჩინმაჩინის ქუდი", რომელიც დღემდე არ ჩამოდის ეკრანიდან. ბრწყინვალე რეჟისორმა კახა კახაბრიშვილმა მსახიობთა შესანიშნავი ანსამბლი შეკრიბა და სპექტაკლი მართლა ერთი ამოსუნთქვით შეიქმნა, რა თქმა უნდა, ეროსი მანჯგალაძის თავკაცობით.

- ამბობენ, რომ ის უცნაური, ცოტა ახირებული კაცი იყო.

- ეროსი მანჯგალაძე მართალი, ზედმეტად მიამიტი იყო, სჯეროდა, რასაც გარშემომყოფნი ეუბნებოდნენ და თვითონაც ქვენა გრძნობებით არასოდეს მოქმედებდა. ეს სცენაზეც ეტყობოდა. სპექტაკლ "პეპოში", სადაც მის მოსამსახურეს, სამსონს ვთამაშობდი, სცენაზე გამოსვლისთანავე ჩემი გმირის დანახვაზე ეღიმებოდა. ეროსი იმპროვიზაციის დიდოსტატი გახლდათ...

თითქმის ყოველ კვირას, დილით, შინ გამომივლიდა ხოლმე, წამოდი, ჯერ მცხეთაში პური ვიყიდოთ და მერე წავიდეთ თეატრში რეპეტიციაზეო, მცხეთური პური განსაკუთრებით უყვარდა. უშუალო ადამიანი იყო, მაგრამ ყველასთან არ ითქვიფებოდა, სასურველი სტუმრებისთვის საიდუმლო პაროლიც ჰქონდა: ორი მოკლე და ერთი გრძელი ზარი, რის შემდეგაც ეროსის სახლში შესვლა ნებადართული გქონდა. ნარდის თამაში უყვარდა და მოგებაც ბავშვივით უხაროდა. შესანიშნავი თამადა იყო, ამბობდა: შევარცხვინე სადღეგრძელო, რომელიც ჭიქის ხელში აღებამდეა მოფიქრებულიო, საოცარი თანადგომა იცოდა, თან გადაგყვებოდა. ამქვეყნიდან მისმა წასვლამ ჩემში, ჩემს ოჯახში დღემდე გაუმრთელებელი  ბზარი გამოიწვია...

ხალხს ეროსი მართლაც საოცრად უყვარდა. თეატრში მოსული მაყურებელი, რომელსაც ვერაფერს გამოაპარებ, გრძნობდა დიდი არტისტის გულწრფელობას, შინაგან სიმართლეს. ეროსი მანჯგალაძე რაც  ცხოვრებაში იყო, ის იყო სცენაზეც.

"მას ქართველ ლევიტანს უწოდებდნენ"

სოსო ლაღიძე: - ჩვენი ურთიერთობა ჯერ კიდევ ჩემი სტუდენტობის პერიოდში დაიწყო, როცა რუსთაველის თეატრის სპექტაკლებში  ვმონაწილეობდი. იმხანად თეატრებს საკუთარი ფეხბურთის გუნდები ჰყავდათ და გამონაკლისი არც რუსთაველის თეატრი იყო, რუსთაველის გუნდის ძირითად შემადგენლობაში, როგორც ყოფილი ფეხბურთელი, ნოდარ ჩხეიძესთან, კოტე მახარაძასთან, ჯემალ ღაღანიძესთან, გოგი გეგეჭკორთან, კარლო საკანდელიძესთან, ეროსი მანჯგალაძესთან ერთად ვთამაშობდი.

რაც შეეხება პარტნიორობას, 1958 წელს ერთად ვითამაშეთ ფილმში "წარსული ზაფხული", რომელიც გაგრაში გადავიღეთ და  რომელშიც მონაწილეობდნენ გოგი გეგეჭკორი, ეროსი მანჯგალაძე, რამაზ ჩხიკვაძე, მედეა ჯაფარიძე, ბელა მირიანაშვილი. გადამღები ჯგუფი სასტუმრო "გაგრიფშში" ვცხოვრობდით. ერთ საღამოს სასტუმროში გოგი გეგეჭკორს ცნობილი მომღერალი დავით გამრეკელი ესტუმრა მეუღლესთან, ბუბუსია თვალავაძესთან ერთად, რომელიც იმდროინდელი თბილისის ცნობილი ლამაზმანი იყო. გოგისთან, ოთახში, ეროსი, რამაზი და მე ვიყავით. სასტუმრო "გაგრიფში" საკავშირო დაქვემდებარებისა იყო და სრული წესრიგი სუფევდა. 12 საათის შემდეგ "ოტბოი" ცხადდებოდა.

სუფრა გაიშალა და ღიღინი წამოიწყეს, თუკი შეიძლება ასე ეწოდოს ეროსის, რამაზის, დათკა გამრეკელის ხმას, რომელსაც განუმეორებელი ხმის ტემბრი ჰქონდა. შემდეგ თანდათან მოუმატეს, ქეიფი ეშხში შევიდა და "მრავალჟამიერზე" რომ გადავიდნენ, ორს იყო გადაცილებული, თუმცა, არც ერთ დამსვენებელს პროტესტი არ გამოუთქვამს, ისეთი ღვთიური ხმები ისმოდა. სწორედ ხმამ მოუტანა ეროსის პოპულარობა, ქართული რადიოს ერთ-ერთ საუკეთესო დიქტორს "ქართველ ლევიტანს" უწოდებდნენ, რასაც თეატრში განსახიერებული ბრწინვალე როლები მოჰყვა. საფეხბურთო გადაცემები ისე მიჰყავდა, რადიომსმენელი სტადიონზე გრძნობდა თავს. მან დაამკვიდრა ტერმინები "თანამსაჯი", "გოლი მომწიფდა"...

რუსთაველის თეატრში 31 წლის ასაკში მოსულმა მსახიობმა  ოიდიპოსი, ივანე მრისხანე, ლოპესი ("ესპანელი მღვდელი") ითამაშა. აღარაფერს ვამბობ "ხანუმასა" და "პეპოზე", რომელმაც ეროსი მანჯგალაძეს არნახული პოპულარობა მოუტანა. მახსოვს, სერგო ზაქარიაძე საგანგებოდ იმ სცენის სანახავად შემოდიოდა დარბაზში, რომელშიც ეროსი მანჯგალაძე, რამაზ ჩხიკვაძე  და სალომე ყანჩელი მონაწილეობდნენ. ეს იყო იმპროვიზაციის კასკადი, თუმცა ნაფიქრისა და გააზრებულის. მახსოვს, "ჭინჭრაქაში", მოულოდნელად, მედეა ჩახავას ჰკითხა - ბადრიჯანს რომ ფრთები ჰქონდეს, რა იქნებოდაო? და რაკი პარტნიორისგან პასუხი ვერ მიიღო, თვითონვე უპასუხა: თვითმფრინავი იქნებოდაო. ოიდიპოსი ბრწყინვალედ ითამაშა და როცა საქმე "ოტელოზე" მიდგა, პირდაპირ თქვა: ხორავას მერე ოტელოს ვერ ვითამაშებო. 

ხომ უზადო მეტყველება ჰქონდა ეროსის, მაინც ყოველ საღამოს ვარჯიშობდა, მისი სამაგიდო წიგნი "ვეფხისტყაოსანი" იყო. წიგნიერი ადამიანი იყო, მისი საყვარელი ჟურნალები "მნათობი" და "ცისკარი იყო, სადაც იმხანად შედევრები იბეჭდებოდა. რაც უნდა გახურებული ქეიფი ყოფილიყო, თუ მეორე დღეს სპექტაკლი ჰქონდა, სტუმრებს 11 საათზე დაითხოვდა, რომ ემუშავა, წაეკითხა.

-რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას?

- მისი ერთადერთი მეუღლე მსახიობი ელენე ყიფშიძე იყო, რომელიც ჯერ კიდევ ინსიტუტში სწავლისას შეუყვარდა თავდავიწყებით. მალე იქორწინეს, მაგრამ ქორწინება ხანმოკლე აღმოჩნდა. ამის შემდეგ დიდი სიყვარული აღარ სწვევია. ცხადია, ჰყავდა მეგობარი ქალბატონი, მაგრამ თავისი ცხოვრების ინტიმურ მხარეზე, ზოგიერთისგან განსხვავებით, საუბარი არ უყვარდა.

გადაუჭარბებლად შემიძლია ვთქვა, ჩემთვის ეროსი მამობილი, უახლოესი ადამიანი იყო. 1982 წლის 26 იანვარს, როცა მისმა მეზობლებმა დამირეკეს, ცუდად არისო, თეატრში (იმ დღეს "რიჩარდ III"-ს ვთამაშობდით) უკვე ჩაცმული სასცენო კოსტიუმი გავიხადე და სპექტაკლი მივატოვე. კიბეზე სესილია  თაყაიშვილი შემხვდა და მითხრა - ყველაფერი დამთავრებულიაო. ეროსი მანჯგალაძეს, დიდ არტისტსა და დიდ პიროვნებას ქართველი ხალხი დღემდე მხოლოდ სახელით იხსენიებს - ეროსი... და ვფიქრობ, ამით ყველაფერია ნათქვამი.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება