მაკა შალიკაშვილი ოჯახის დანგრევის მიზეზებზე ხმამაღლა ალაპარაკდა

მაკა შალიკაშვილი ოჯახის დანგრევის მიზეზებზე ხმამაღლა ალაპარაკდა

უკვე მეორე სატელევიზიო სეზონია, რაც მაკა შალიკაშვილს "მზეზე" გადაცემა "მზესუმზირები" მიჰყავს. პროფესიით მსახიობს ტელეწამყვანობა მაინცდამაინც არ გასჭირვებია. გული სწყდება, რომ ფილმებში აღარ აკავებენ, მაგრამ მადლიერია ყველა იმ ადამიანის, ვინც ტელეწამყვანად მიიწვია. ასე რომ არ ყოფილიყო, მაკას ვერც წარმოუდგენია, როგორ იცხოვრებდა თავის ერთ შვილთან ერთად.

- მაკა, ერთი პერიოდი ფილმებში აქტიურად იყავი დაკავებული. ბოლო დროს რატომღაც სიტუაცია შეიცვალა. როგორ ფიქრობ, რა არის ამის მიზეზი?

- ამ კითხვისთვის დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო. მართლა ვერ ვხვდები, რატომ აღარ მიღებენ ფილმებში. თითქმის არც ერთ ბოლო დროს გადაღებულ ფილმში არ მივუწვევივარ რეჟისორებს. ზოგი მსახიობი ამბობს, ისეთი არაფერი შექმნილა, რომ მე მეთამაშაო. ამას ნამდვილად ვერ ვიტყვი. საქართველოში გადაღებულ ყველა ახალ ფილმზე, რა თქმა უნდა, ჩემი აზრი მაქვს, რასაც საჯაროდ არ გავამხელ.

- არ გააკრიტიკებ?

- არც გავაკრიტიკებ და საერთოდ არც ვილაპარაკებ იმ არამსახიობებზე, რომლებიც იმ ფილმებში თამაშობენ. მსახიობები ალბათ უკეთ ვითამაშებდით იმ როლებს, მაგრამ რა ვქნა, ვერაფერს შევცვლი. არ უნდოდათ და არ დამაკავეს რეჟისორებმა ფილმებში. სამაგიეროდ ვმუშაობ ტელევიზიაში და ვიყავი თეატრშიც. რა თქმა უნდა, უფრო მეტი სამსახური მინდოდა მქონოდა. ტელევიზიაში იმიტომ ვმუშაობ, რომ თეატრში შტატში არ ვარ და არ მაქვს ხელფასი. დღეს ვითვლები ადამიანად, რომელიც ვაკეთებ იმ საქმეს, რისი დიდი სპეციალისტიც არ ვარ. მადლობა მათ, ვინც დამაკავა ტელევიზიაში და იმ პროდიუსერებს, ვინც დღევანდელ დღემდე მომიყვანეს. ამ შოუში რომ არ დამეწყო მუშაობა, არც კი ვიცი რა მეშველებოდა. თუმცა მე ისეთი ადამიანი ვარ, რაიმე სამსახურს აუცილებლად გამოვნახავდი. მე მყავს შვილი, რომელსაც ბევრი რამ სჭირდება. აღარ შემიძლია, ვიყო სპექტაკლში და ავიღო ორი ან ათი ლარი. ან თუნდაც გადამიღონ კინოში და ანაზღაურება არ ავიღო. იყო ასეთი პერიოდები ჩემს ცხოვრებაში. დღესაც არ გამოვრიცხავ, ასეთი დრო დადგეს და ფილმში თამაშზე ანაზღაურების გარეშე დავთანხმდე, მაგრამ ასეთ შემოთავაზებაზე მხოლოდ იმიტომ წავალ, რომ დღეს რაღაც შემოსავალი მაქვს. არ მაქვს ბინა, ჩემს დასთან ვცხოვრობ და ბევრი რამ მაკლია, მაგრამ ამის გამო არ ვდარდობ, ამით ცხოვრებაში ტრაგედიას არ შევიქმნი. მთავარია, ჩემი საყვარელი საქმე ვაკეთო. დღეს მე ვუერთდები იმ მსახიობებს, რომლებიც იძულებით არიან სხვადასხვა პროფესიაში. ამბობენ, ტელევიზია და მსახიობობა ერთმანეთთან ახლოს არისო, მაგრამ მე ასე ნამდვილად არ ვფიქრობ.

- რომელი უფრო რთულია, მსახიობობა თუ ჟურნალისტობა?

- კარგ ჟურნალისტს შეუძლია, ფილმში ითამაშოს, მაგრამ კარგი ჟურნალისტი სცენაზე ვერ ითამაშებს. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ თეატრის მსახიობობა რთული საქმეა.

- როგორ ფიქრობ, რატომ ინგრევა ოჯახები?

- ეს ძალიან რთული თემაა. მე კონკრეტულად საკუთარ ოჯახზე შემიძლია გითხრა. ალბათ მე და ჩემს ქმარს სათანადოდ არ გვიყვარდა ერთმანეთი.

- არადა, მახსოვს თქვენი ძალიან ლამაზი სიყვარულის ამბავი, რომელიც ბევრჯერ მოგვიყევი ჟურნალისტებს...

- ყველაფერი მართლაც ძალიან ლამაზი იყო, მაგრამ თინანოს დაბადების შემდეგ ყველაფერი დაიკარგა. მთელი სიყვარული შვილზე გადავიტანეთ და ამით ჩემსა და მეუღლეს შორის ყველაფერი დამთავრდა. ერთმანეთის მიმართ გრძნობა აღარ დაგვრჩა. ხომ არიან ადამიანები, რომლებიც აღარ ვითარდებიან და ერთ ადგილას ჩერდებიან. ჩვენი სიყვარულიც აღარ განვითარდა. ჩვენი დაშორების შემდეგ დიდი დრო გავიდა და ახლა უკვე ბევრ კითხვას გავეცი ჩემთვის პასუხი. უკვე კატეგორიულად შემიძლია ვთქვა, რომ ოჯახის დანგრევაში ჩვენ შორის ასაკობრივი სხვაობა არაფერ შუაში იყო. არადა, რატომღაც ყველას ეს ჰგონია მთავარი მიზეზი. ოცწლიანი ასაკობრივი სხვაობაც არის ხოლმე ცოლ-ქმარს შორის, მაგრამ ისინი მაინც ახერხებენ სიყვარულისა და ოაჯახის ბოლომდე შენარჩუნებას. ცხოვრება ლატარიაა, ან გა­გიმართლებს, ან - არა.

- როგორ ფიქრობ, ოჯახის დანგრევის მიზეზი შენი გულახდილი როლები ხომ არ იყო?

- არა, რა თქმა უნდა.

- მახსოვს, ერთხელ ინტერვიუში მითხარი, რომ მეუღლის ოჯახს არ მოსწონდა შენი როლები.

- ოჯახი ორი ადამიანის საქმეა. როცა ერთი მხარე უშვებს ოჯახში ერთ, ორ, სამ, ოთხ ადამიანს, იქ უკვე ყველაფერი ინგრევა. პირადად მე ვცდილობდი, ჩვენს ურთიერთობაში სხვები არ ჩამერია. ჩემმა ყოფილმა ქმარმა კი ვერ შეძლო იმავეს გაკეთება.

- ქალებს გულისხმობ?

- ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ ღალატს. როდესაც ორს შორის ვიღაცები ერევიან, ეს ძალიან ცუდია.

- თუმცა ამბობენ, რომ ოჯახს მესამე არ ანგრევს. თუ ურთიერთობა ინგრევა, ეს მხოლოდ ორი ადამიანის ბრალი შეიძლება იყოს.

- მეც ზუსტად მაგას ვამბობ. გამოჩნდეს მესამე, მაგრამ ჩვენ ისეთი მაგარი ტიპები უნდა დავხვდეთ, უნდა მიხვდეს ის მესამე, რომ მისი ადგილი არაა და წავიდეს. ჩვენს შემთხვევაში ვერ დავხვდით მაგარი ტიპები. ამიტომ ჩვენს ურთიერთობაში შემოვიდა მესამეც, მეოთხეც და მეხუთეც. კარგად იგულავეს და ჩვენ დავშორდით ერთმანეთს. კიდევ ერთხელ ვამბობ, თავიდან ეს პიროვნებები არ იყვნენ ქალები. ჩვენი ურთიერთობა რომ დაირღვა, მერე გაჩნდა სხვა ქალი. როცა ქალსა და კაცს შორის ურთიერთობა ირღვევა, მერე აცეცებენ სხვისკენ თვალებს. მე არასდროს მექნება პრეტენზია ჩემი ყოფილი ქმრის რომელიმე ქალთან.

- როგორ უნდა მოიქცეს ქალი, რომ ცოლ-ქმარს შორის ბზარი არ გაჩნდეს? ხომ ამბობენ, რომ ქალი ჭკვიანი უნდა იყოს და ბევრი რამ უნდა გათვალოს...

- მე ვარ ადამიანი, რომელმაც არაფერი არ გავთვალე. ჩემი ოჯახის შექმნისას არანაირი კომერციული გათვლა არ მქონია.

- კომერციულ გათვლას არ ვგულისხმობ. ამბობენ და მგონი, მართალიცაა, რომ ბედნიერება თავისით არ მოდის, უნდა იშრომო და მოიპოვო...

- კი, უნდა იშრომო, მაგრამ მარტო კაცი ჭამაშიც ცოდოაო. როცა არ მოგყვება გვერდით საყვარელი ადამიანი, რა უნდა გააკეთო? მარტო ვერ ვიმუშავებდი. ცნობილია, რომ ოჯახური წყვილისთვის ყველაზე მძიმე პირველი სამი წელია, როდესაც ბავშვი პატარაა. ჩვენს შემთხვევაში ცუდად აეწყო ყველაფერი. ყველანაირი წინაპირობა შეგვექმნა იმისთვის, რომ ერთად არ ვყოფილიყავით, სრულფასოვანი ოჯახი არ გვქონოდა.

- მეორედ ოჯახის შექმნაზე არ გიფიქრია?

- ახლა არაფერს ვფიქრობ ამასთან დაკავშირებით.

- არის ადამიანი შენს ცხოვრებაში, რომელიც ძალიან გიყვარს?

- მე ახლა მარტო ვარ.

- თუ გიფიქრია, პირველი ოჯახის დანგრევის შემდეგ რა შეცდომას აღარ გაიმეორებდი მამაკაცთან ურთიერთობისას?

- რა თქმა უნდა, მიფიქრია, მე ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვი.

- შეგიძლია გულახდილად გვითხრა, რა შეცდომები დაუშვი?

- არ შეიძლება, კაცს ტვინი უბურღო. როცა იცი სადაა წასული და შენთან ერთად არ სძინავს, არ არის საჭირო უამრავჯერ დარეკვა თუნდაც იმის გამო, რომ ცოლი ხარ და გინდა, ქმარი სახლში გყავდეს. პანიკა არ უნდა მოაწყო. უნდა აცალო და თვითონ დარეკავს, ანუ მოთმინება ქალის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია. კაცისთვის ჭკუის სწავლება ისეთი არასწორი ფორმით, როგორც მე ვაკეთებდი, არაფრით არ შეიძლება. კაცის დედა და მომვლელი არ უნდა იყო. ეს მას არაფერში სჭირდება. დედა და მომვლელი ისედაც ჰყავს და თან ქართველი დედები ისედაც ზედმეტად კარგად აკეთებენ ამ ყველაფერს. როცა უვლი და ცივ ნიავს არ აკარებ, სისულელეა ეს ყველაფერი.

- შენი აზრით, ქალი არ უნდა იყოს ეჭვიანი?

- ცოტა უნდა იეჭვიანო და უნდა მოუარო კიდეც. ქმარი ფეხებზე არ უნდა დაიკიდო, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან ჭკვიანურად და ზომიერად უნდა გააკეთო. ისე, რომ კაცს ყოველთვის ჰქონდეს თავისუფლების შეგრძნება. შეზღუდვა არავის უყვარს. მე არ მიყვარს შეზღუდვები და მით უფრო ჩემ გვერდით მყოფ მამაკაცს არ მოეწონებოდა ეს.

- შენმა ყოფილმა ქმარმა ოჯახი რომ შექმნას, როგორი რეაქცია გექნება?

- არანაირი. მთავარია, თვითონ კარგად გრძნობდეს თავს. მინდა, რომ თინანო მამასთან მივიდეს და იქ კარგი გარემო დახვდეს.

- შენი შვილი ალბათ ძალიან განიცდის მშობლების დაშორებას...

- თინანომ ჩვენი დაშორების ამბავი რომ გაიგო, ისეთი რეაქცია ჰქონდა, როგორიც ნებისმიერ დანგრეული ოჯახის შვილს ექნებოდა. როდესაც ამ თემაზე ვსაუბრობ, მისი ემოციებით არ ვსპეკულირებ. ვინც კარგად მიცნობს, იცის, რომ არ ვარ ის ადამიანი, რომელიც შვილის ემოციებით რაიმეს დაბრუნებას ეცდება. არ უნდა ბევრი მსჯელობა იმას, რომ ოჯახის დანგრევის შემთხვევაში ყველაზე მეტად ბავშვები ზარალდებიან. საბოლოო ჯამში მეც კარგად ვიქნები და ჩემი ყოფილი ქმარიც. აუცილებლად ვნახავთ ისეთ ად­ა­მიანებს, რომლებიც ჩვ­ენ გვერდით იქნება, და თუ ვერ ვნახავთ, არც ეგ იქნებიან პრ­ობლემა. პირადად მე საერთოდ არ მაღელვებს ეგ პრობლემა.

- ძნელი არ არის უსიყვარულოდ ცხოვ­რება?

- უსიყვარულოდ არ ვცხოვრობ. ბევრი ადამიანი მყავს გარშემო, რომლებიც ძალიან მიყვარს.

- მე მამაკაცის სიყვარულზე გეკითხებოდი...

- ძნელია, მაგრამ უღირს მამაკაცთან ცხოვრებას, ჯობს, მარტო იყო. რა საჭიროა ისეთი სიყვარული, რომელიც ტკივილს მოგიტანს?

- არსებობს ისეთი სიყვარული, რომელსაც ტკივილი არ მოაქვს?

- ამ საკითხში ძალიან არაკომპეტენტური ვარ. ნამდვილად ვიცი, რომ მიყვარს თინანო, ჩემი მამა, დედა და ჩემი და. მიყვარს ჩემი საქმე, სამშობლო და პატრიარქი. დანარჩენზე ვერ ვილაპარაკებ. ძალიან ბევრი რამ არსებობს ჩემს ცხოვრებაში ისეთი, რითიც შემიძლია ვიამაყო. კაცის გამო ტრაგედიას ვერ შევქმნი და ვერ ვიტყვი, რა უბედური ვარ-მეთქი.

- მეუღლესთან შერიგების შანსი აღარ არის?

- შანსი ყოველთვის არის, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ვერაფერს გეტყვი. ყველაზე მეტად ჩემი შვილის გაურკვევლობა მტკივა. ხანდახან მან არ იცის, მამას წაჰყვეს თუ ჩემთან იყოს. რა ქნას თინანომ, რომელსაც სრულფასოვანი ოჯახი უნდა? მე და ჩემი და ვცხოვრობთ ერთად და ბავშვმა გადაწყვიტა, რომ მამასთან უნდოდა. ბოლო დროს ასეთი სურვილი ბევრჯერ გამოთქვა და ვკითხე, რატომ უნდოდა მათთან. მიპასუხა, თქვენ ორნი ხართ და ისინი ბევრნი არიანო. პატარა ბავშვს ბევრ ადამიანთან უნდა ცხოვრება. ჩემს შვილს ამ სიტუაციიდან გამომდინარე თვალზე ცრემლი რომ მოადგება, მაშინ იწყება ჩემი კატასტროფა. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ოჯახის აღდგენა მინდა. მე არც ოჯახის აღმდგენი ვარ, არც მე დამინგრევია და არც ჩემი ინიციატივით შემიქმნია. ყველაფერი თავისთავად მოხდა. ყოფილი ქმარი რომ დავინახე, არ გადავრეულვარ და არ მითქვამს, აუცილებლად მისი ცოლი უნდა გავხდე და ის ჩემი ქმარი-მეთქი. თინათინს რომ უჩნდება დისკომფორტი ჩვენი დაშორების გამო, ის მაწუხებს, თორემ რაში მჭირდება კაცი, რომელსაც არ სჭირდება მაკა და რაში მჭირდება ისეთი ოჯახი, რომლის წევრებსაც მაკა არ უნდათ და მისით აღფრთოვანებულები არ არიან?.. ამ ყველაფრით იმის თქმა მინდა ხაზგასმით, რომ როცა თინათინის ემოციებზე ვლაპარაკობ, ქვეცნობიერად ქმართან შერიგება არ მინდა. არაფერში არ მჭირდება კაცი, რომელსაც მე არ ვჭირდები.

- თუ გიფიქრია და გიოცნებია მამაკაცზე, როგორიც გინდა, შენ გვერდით იყოს?

- ისეთი მამაკაცი მინდა გვერდით, რომელსაც ვეყვარები, როგორიც ვარ, მაგრამ ქალებს კარგი კაცი მართლა საოცნებო გვაქვს. სადღა არიან ნამდვილი კაცები? მგონი, მამონტებივით გადაშენდნენ.

მერი კობიაშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება