რუსეთში მოღვაწე ქართველ ბალერონს, ნიკოლოზ ცისკარიძეს 31 დეკემბერს 38 წელი უსრულდება. საიუბილეო და წინასაახალწლო განწყობას ცნობილი მოცეკვავე ყოველ წელს ერთნაირად და ერთი ღონისძიებით აღნიშნავს - 31 დეკემბერს დიდ თეატრში "მაკნატუნას" ცეკვავს. ამით საკუთარ თავს საჩუქარსაც უკეთებს, თუმცა წლევანდელი წელი მაინც გამონაკლისია. ბალერონი აცხადებს, რომ ამ სეზონზე თავისი ბოლო "მაკნატუნა" უნდა იცეკვოს. სპექტაკლის შემდეგ კი დაბადების დღე მის აგარაკზე, მეგობრებისა და ნათესავების წრეში გაგრძელდება.
თავის წინასაახალწლო ინტერვიუში ცისკარიძემ აღიარა, რომ საკუთარ დაბადების დღეს ვერ იტანს. მიზეზი ასაკია - ბავშვობიდანვე არ უნდა, რომ გაიზარდოს და წლები შეემატოს.
"ისეთი ფანტასტიკური ბავშვობა მქონდა, გაზრდა და ამ ასაკთან დამშვიდობება არ მინდოდა. დაბადების დღეებზე დედა "მაკნატუნაზე" დასასწრებ ბილეთებს მჩუქნიდა და ეს ყველაზე ძვირფასი საჩუქარი იყო.
ქორეოგრაფიულ სასწავლებელში რომ ვსწავლობდი, მოსკოვის დიდი თეატრის სპექტაკლებზე დასასწრებ აბონემენტებს გვირიგებდნენ. ეს აბონემენტები სასწავლებლის ადმინისტრატორის ხელში იყო და ძალიან ძუნწად იმეტებდა მათ, განსაკუთრებით ჩემთვის ენანებოდა. ამ ადამიანს "ჰებელსს" ვეძახდი. იცით რას მეუბნებოდა? "ბიჭო, რისთვის დადიხარ აქ, სარკეში ჩაიხედე, ამ მონაცემებით დიდი თეატრის სცენაზე ვერასოდეს ვერ იცეკვებო.
სასწავლებლის დასრულებისთანავე დიდი თეატრის დასში ამიყვანეს. ერთ-ერთი საგასტროლო ტურნეს დროს ლონდონის ალბერტ-ჰოლში, სამეფო ოჯახის თანდასწრებით გამოვედით და ძალიან დიდი მოწონება დავიმსახურეთ. სპექტაკლს "გებელსიც" ესწრებოდა. მან ჩემი ხელმძღვანელის წინაშე შემაქო, ვიცოდი, ამ ბიჭს დიდი მომავალი ელოდაო. მე კი ბავშვობის ბოღმა გამახსენდა და ყველას თანდასწრებით პირში მივახალე, რასაც წლების განმავლობაში ჩამჩიჩინებდა", - იხსენებს ცისკარიძე.
წელს მას "მაკნატუნას" ცეკვა დიდი თეატრის განახლებულ სცენაზე პირველად მოუწევს. არადა, სარემონტო სამუშაოების კრიტიკისას ცისკარიძეს ყველაზე მეტად ამ სცენაზე "მაკნატუნას" ცეკვა აეჭვებდა. მოცეკვავის განცხადებით, ორმო, რომელიც სპექტაკლში "უფსკრულის" ეფექტს ასრულებდა და მაყურებელს ნამდვილი ჯადოსნობის შთბეჭდილებას უქმნიდა, სცენაზე აღარ არის.
"ადრე 2 მეტრი სიღრმის სცენის ლუკებს ვიყენებდით და ეს სავსებით საკმარისი იყო. ახლა მოცეკვავეები, რომლებიც "უფსკრულში უნდა გადაეშვან ", სინამდვილეში პლასტმასის "სინჯარაში" ხვდებიან. ამ ახალ ორმოს პლასტმასის კედლები და 8 მეტრი სიღრმე აქვს. ანუ მსახიობი 8 მეტრის სიმაღლიდან ხტება და თითქოს ლიფტის შახტაში ეშვება. "მაკნატუნაში" ჩვენ ამ ორმოში "თაგვების მეფესთან" ერთად ვხტებით. მერე ორმოში კვამლს უშვებენ. ასე გაგუდულები ხველებ-ხველებით ვბრუნდებით სცენაზე. კიდევ იტყვიან, ცისკარიძე კაპრიზობსო. ძველ სცენაზე მსგავსი პრობლემები არ ყოფილა”, - ამბობს ბალერონი.
რაც შეეხება ბოლო "მაკნატუნას", ცისკარიძე მასზე უარს ერთი მიზეზით ამბობს. მისი თქმით, სპექტაკლი რთულია და "ცისკარიძის მანერით" მისი შესრულება ძალიან უჭირს.
"ადრეულ წლებში ბალეტის კრიტერიუმები გაცილებით მკაცრი იყო", - ამბობს მოცეკვავე, რომელსაც როგორც ჩანს, "მკაცრი კრიტერიუმების" დაცვით ცეკვა 38 წლის ასაკში აღარ გამოსდის.
მომზადებულია kp.ru-ს მიხედვით.