ეროტიკული კინოს ქართველი ვარსკვლავი - ”ჩემი და ბიძინა ივანიშვილის ასისტენტია”

ეროტიკული კინოს ქართველი ვარსკვლავი - ”ჩემი და ბიძინა ივანიშვილის ასისტენტია”

იუნა შაფათავა ფართო აუდიტორიამ "იმედის" გადაცემა "100C"-დან გაიცნო, თუმცა მანამდე იყო ეროტიკული როლი ფილმში "მამაჩემის გერლფრენდი" - ერთ-ერთი ბანკის რეკლამა და შოთიკო კალანდაძის ფილმი. სამი პროფესია აქვს - ინგლისური ენის სპეციალისტი, ეკონომისტი და იურისტია. ოჯახში სამი დედმამიშვილი არიან, იუნას ტყუპისცალი და დეა ბიძინა ივანიშვილის ასისტენტია, უმცროსი - სოფია შაფათავა, 2011 წელს საქართველოში ნომერ პირველი ჩოგბურთელი გახდა.

იუნას შარდენზე შევხვდით. იქ მას თითქმის ყველა იცნობს, რადგან 2002 წლიდან ამ ქუჩაზე სხვადასხვა სამსახურში მუშაობს. ინტერვიუს დაწყებამდე, ისე, რომ ყინვამაც არ შეაშინა, საკმაოდ გულახდილ ფოტოსესიაზე დაგვთანხმდა, რაც თვითმხილველების გაფართოებული თვალების ფონზე მიმდინარეობდა. უფრო მეტიც, როდესაც იუნა ერთ-ერთი კაფეს წინ მაგიდაზე წამოწვა, მეზობელი ბარიდან მამაკაცების მთელი არმია გამოიშალა. ფოტოსესიის დანახვისას ისევ უკან შებრუნდნენ და ერთი წუთიც არ იყო გასული, რომ სიგარეტებით ხელში ისევ შემოგვიერთდნენ.

- იუნა, საკუთარ თავზე მოგვიყევი...

- ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი ვარ. 1993 წელს ჩემს ტყუპისცალ და დეასთან ერთად ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტში ჩავაბარე, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ დავამთავრე. მამა სკოლის დირექტორი იყო და რატომღაც გადაწყვიტა, რომ იმ წლებში სახიფათო იყო ჩვენი საქართველოში გაჩერება. პატარები ვიყავით, რუსული ტიპაჟები. თან მოსკოვში ბიზნესის საშუალება გამოუჩნდა და წავედით. მაშინ ჩვენი უმცროსი და სოფია ოთხი წლის იყო. სამწუხაროდ, მისი ბიზნესი არ აეწყო და მე და დეა თბილისში დავბრუნდით. სწავლისთვის თავი გვქონდა დანებებული და თავიდან ჩავაბარეთ, ამჯერად საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტზე.

მე და დეა ძალიან ვგავართ ერთმანეთს, ჩვენ შორის მარტო ხალია განსხვავება, რომელიც ბეჭზე მაქვს. კარგად ვსწავლობდით, სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრეთ. მესამე პროფესიაც გვაქვს, იურიდიულზე ვსწავლობდით. უცხო ენები ვერ დავამთავრეთ, მაგრამ ეს სპეციალობა მთელი ცხოვრება გამოგვყვა. ამას დაემატა ფრანგული ენა და რაღაც პერიოდი დიპლომატიურ კორპუსთან ვთანამშრომლობდით, ყოველდღიური შეხვედრები ელჩებთან, ატაშეებთან.

- გარდა ფიზიკური მსგავსებისა, ხასიათით თუ ჰგავხართ ერთმანეთს?

- არა, დეა ძალიან თავშეკავებული და ზედმეტად პედანტურია. "ქართუ"-ში მუშაობს, კარგად არც ვიცი, რა ჰქვია მის სამსახურს. ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურის ადმინისტრაციული ასისტენტია, არასოდეს ვერევით ერთმანეთის საქმეში. ბავშვობიდან უჭირდათ ჩვენი გარჩევა, ამაში მხოლოდ ჩვენი ხასიათი ეხმარებოდათ. მე ყველა ფოტოზე პირდაღებული ვიყავი, დეა - სერიოზული, დღემდე ამით ვხვდებით, ბავშვობის ფოტოებზე ვინ ვინ არის.

- შენ რას საქმიანობ?

- დიდი ხანი უძრავი ქონების განვითარების კომპანიაში ვმუშაობდი, დღეს თავისუფალი მხატვარი ვარ და ბევრი რაღაცის გაკეთება მიწევს.

- კინოკარიერაზე ვისაუბროთ... პირველად იყო ფილმი "მამაჩემის გერლფრენდი"...

- მთელი ცხოვრება მსახიობობაზე ვოცნებობდი. რამდენიმე კასტინგზეც გავედი, მაგრამ რუსული აქცენტი ხელს მიშლიდა. მსახიობი გიორგი მეგრელიშვილი ჩემი კლასელია, ერთხელ დამირეკა და მითხრა, ფილმს ვიღებთ და ხომ არ დაინტერესდებიო. ამ კაბით მივედი, რაც დღეს მაცვია. ჩემი საყვარელი სამოსია და ყველგან ასე დავდივარ. მანამდე ჩემს პატარა დას, სოფიკოს დავურეკე და წავიყვანე, მისი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია. პროფესიონალი ჩოგბურთელია, საქართველოს ნაკრების წევრი და 2011 წელს ნომერი პირველი ჩოგანი გახდა. ამაზე მერე ვისაუბროთ. მოკლედ, კასტინგზე უიმედოდ მივედი, იქ რეჟისორი ნიკა ხომასურიძე და ნიკა ავალიანი დამხვდნენ. კარგი საუბარი გამოგვივიდა. აღმოჩნდა, რომ პერსონაჟი, რომელიც უნდა მეთამაშა, ძალიან მგავდა. თავისუფალი ქალი, თავისუფალი სიყვარულით, რომელსაც სექსშოფის გახსნა სურდა. არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ ორივე ნიკას მოვეწონე. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ცხოვრებამ მომცა შანსი, რომ ოცნება ამეხდინა და მეც ყველანაირად ჩავეჭიდე. არანაირი კაპრიზი არ მქონია, სცენარი წაკითხული მქონდა, მაგრამ დეტალებს არ ჩავძიებივარ.

- იმედა არაბულთან საწოლის თამამი სცენები ითამაშე...

- თავიდან სცენარში ეწერა, რომ ხვევნა-კოცნით შევდიოდით სახლში. ამაზე არანაირი პრობლემა არ მქონდა. გადაღების დაწყებამდე მეგობართან ერთად ბარიდან რესტორანში წავედი. გამჭვირვალე თეთრი კაბა მეცვა. უცებ დავინახე, იმედა ჩემს მეგობარ გოგონასთან ერთად შემოვიდა. მივედი, ხათუნა გადავკოცნე და იმედას ვკითხე, უკაცრავად, თქვენ იმედა არაბული ხართ? დიახ, იმედა ვარო, მითხრა, ეგონა, მისი ფანი ვიყავი. ვუთხარი, შენ ჩემი მომავალი ბოიფრენდი ხარ ფილმში, ნიკა ხომასურიძესთან-მეთქი. თან დავაყოლე, ხომ გინდა, ერთად ვითამაშოთ-მეთქი. ამხედა-დამხედა, თან კაბამაც თავისი ქნა და ტკბილად დავშორდით.

- როგორ გაიხსენებ გადაღებებს?

- არ ვიცი, ეს ბედიის ირონიაა თუ ცხოვრება დამცინის, მაგრამ გამოდის, რომ ძალიან თავისუფალი ვარ, თუმცა ისეც არ არის, რომ მარტო სექსი მაინტერესებდეს. ბებია გინეკოლოგი მყავდა, უჭკვიანესი ქალი იყო და ფროიდივით სულ ამ თემიდან ამოდიოდა, ალბათ მეც ჩამიჯდა გონებაში.

- ფილმზე ვსაუბრობდით, ოჯახში ამასთან დაკავშირებით პრობლემა არ გქონია?

- არანაირი, მარტო დეა დაიძაბა. სცენარი არ წაუკითხავს, მაგრამ ჩემი საუბრიდან იცოდა რაც ხდებოდა. პირველი სცენა სწორედ ის ხვევნა-კოცნა გადავიღეთ. წარმოიდგინეთ, პირველი გადასაღები დღეა, მაკიაჟი გამიკეთეს და სარკეში რომ ჩავიხედე, უცებ საკუთარი თავი ვერ აღვიქვი. ხვევნა-კოცნა სასიამოვნოა, მით უმეტეს იმედა არაბულთან. მახსოვს, რეჟისორმა მკითხა, იუნა, ახლა კოცნა მოგიწევს და მზად ხარ? კი, ნიკა, მზად ვარ. ყოველთვის იმას გავაკეთებ, რასაც რეჟისორი მიკარნახებს. იმედაც ძალიან ნერვიულობდა.

- და ბოლოს ხვევნა-კოცნის ნაცვლად სექსი გადაიღეთ?

- დიახ, პირველად დავდექი კამერასთან და ეს იყო სექსის სცენა. ლოგინი რომ დავინახე, ვთქვი, აჰააა (იცინის). გავგორდით მე და იმედა, ვიკოტრიალეთ... ცხოვრებაში აქტიური ვარ და ინიციატივაც ყოველთვის ჩემს ხელშია. თუ ადამიანი მომწონს, არ ვმალავ. მოკლედ, დავიწყეთ სექსი, მაგრამ მე ქართველი კდემამოსილი ქალი ვარ და როგორ შეიძლება, ხელ-ფეხი გავანძრიო და დაძაბული ვიწექი. თურმე როცა გადასაღებ მოედანზე ასეთ სცენებს იღებენ, მინიმალური ოდენობის ხალხი რჩება, მაგრამ მე რომ პროფესიონალი ვყოფილიყავი, პირიქით ვთხოვდი, ბევრი ხალხი ყოფილიყო მხარდასაჭერად. არ იფიქრონ, რომ გიჟი ვარ და ჯგუფური სექსი მიყვარს, მაგრამ ასეა. ვწევარ დაძაბული და პირველი დუბლი საწყალი, მიჭმუჭნული სექსი გამოგვივიდა, სექსი არა, მაგრამ ხვევნა-კოცნა და კოტრიალი კი იყო. მაკიაჟი გამისწორეს, იმედამ რა მიყო სახეზე, არ მახსოვს. თან ვიწრო კაბა მეცვა და არ უნდა გამეხადა, ისეთი ლამაზი თეთრეული მეცვა, მერჩივნა, გახდილი გადაეღოთ, მაგრამ რეჟისორს ხომ ვერ ვეტყოდი. დაიწყო მეორე დუბლის გადაღება, ორივე გავთამამდით, მაგრამ იმედა ქამარს რომ იხსნიდა, ბალთა გაიჭედა. ვიფიქრე, ჯანდაბას, გამოვიჩენ ინიციატივას-მეთქი და ბოლოს ისე გამოვიდა, ისიც აზარტში შევიდა და კაბა ჩამომქაჩა. მერე ვთქვი, მორჩა, ახლა მოხდება, რაც მოხდება (იცინის)... და ეს კადრი დარჩა კინოში. არ ვნანობ, რადგან ხელოვნება ნატურალიზმს ითვალისწინებს. მეორე სცენა ირაკლი მიქავასთან ცალ-ცალკე გადაგვიღეს. ორგაზმი უნდა განმეცადა. რეჟისორს ვთხოვე, გადასაღებ მოედანზე ბევრი ხალხი ყოფილიყო. ბიჭები რომ იდგნენ, კარგ ხასიათზე მოვედი. შემდეგ იყო ერთ-ერთი ბანკის რეკლამა...

- და ბოლოს შოთა კალანდაძის ფილმი...

- შოთა "ფეისბუქზე" ვიპოვე, ადრე ერთმანეთს ვიცნობდით, მაგრამ დიდი ხანი ურთიერთობა არ გვქონია. როცა გათხოვილი ვიყავი, სამყაროს მოვწყდი... დავურეკეთ მე და შოთამ ერთმანეთს, შევხვდით...

- ამ ფილმში რა ხდება, შეგიძლია მოგვიყვე?

- შოთამ კარგად იცის ჩემი პირადი ცხოვრების შესახებ, რამდენჯერმე კინაღამ გამაუპატიურეს და გადაწყვიტა, ეს თემა გადაეღო. ჩემ გარდა სამი ბიჭი თამაშობს, ძალიან კარგები, მაგრამ ასაკით პატარები. გადაღებაზე აუზიდან მივედი. 19 წლის ბიჭი მაინც პატარაა, სხვა რეაქცია ჰქონდათ (იცინის), მაგრამ კარგად გამოუვიდათ.

- რამდენ ხანს იყავი დაოჯახებული?

- ჩემი მეუღლეც პლეხანოველი იყო და თავიდან ისე აღვიქვამდი, როგორც მეზობელს. თავიდან არ მიყვარდა, თვითონ ვუყვარდი. ყურადღებიანი იყო, სამსახურამდე მანქანით მივყავდი, ასევე მოსწავლეებთან, რომლებსაც ინგლისურში ვამზადებდი. მთვარე რომ ყოფილიყო ციდან ჩამოსახსნელი, ჩემი გულისთვის ამასაც შეძლებდა. ვეუბნებოდი, რომ არ მიყვარდა, ის კი მპასუხობდა, არა უშავს, ჩემი სიყვარული ორივეს გვეყოფაო. დედა წინააღმდეგი იყო, რადგან ის მძიმე წონის მოკრივე გახლდათ. ბოლოს ისე მოხდა, რომ საზოგადოებრივმა აზრმა ჩამიყოლა და 2005 წელს ხელი მოვაწერეთ. მალე მივხვდი, რომ ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდა. როგორც უნდა ისე გაიგოს საზოგადოებამ, მაგრამ ქართველი მამაკაცები შორს არიან თავისუფლებისგან და იყო რაღაცები, რაშიც ჩვენი აზრები არ ემთხვეოდა. ერთმანეთი რომ არ დაგვეკლა, გაშორება ვამჯობინეთ. ახლა ვმეგობრობთ. გამიხარდება, თუ დაოჯახდება, მაგრამ ცოლს ალბათ მე შევურჩევ, შევეცდები, კარგი გოგონა იყოს.

- გადაცემაში "100C-ით" გივი სიხარულიძესთან საკმაოდ საინტერესო საუბარი გქონდა.

- თქვენ კადრს მიღმა არ მოგისმენიათ (იცინის). დაახლოებით ხუთი წლის წინ შარდენზე მოვდიოდი, ხელში საქაღალდეები მეკავა. გივისთან ერთ-ერთი ტელევიზია ინტერვიუს წერდა. გამჭვირვალე კორსეტი მეცვა და უცებ გივიმ რომ დამინახა, დამიძახა, უი, შენ შემოგევლე, მოდი ერთი წუთითო. ძველი თაობიდან მანამდეც ვიცოდი, რომ კოლორიტული პიროვნება იყო. მივედი, უცებ ხელი მომკიდა, ხელის თითებიდან დაიწყო კოცნა და გულ-მკერდი დამიკოცნა. გაოგნებული დავრჩი, ვუთხარი, ბატონო გივი, მე ქმარი მყავს და თან მოკრივეა-მეთქი. მითხრა, ააა, გებოქსავება ლოგინში?.. (იცინის) გივის პატივს ვცემ, მამაჩემის ასაკის კაცია და არაფერი მითქვამს. ეს კადრი ტელევიზიით რომ გავიდა, ჩემი მამამთილი უკვე გარდაცვლილი იყო და მისმა მეგობრებმა ჩემს მეუღლეს დაურეკეს, გაიგე, გივიმ შენს ცოლს რა უთხრაო. ჩემი მეუღლე პლეხანოველია და ალბათ გივის რაღაცას შეუთვლიდა... არ ვიცი, ეს ამბავი ახსოვს თუ არა ბატონ გივის, მაგრამ არ შეიძლება სხვისი ცოლის ხელის ხლება, ეს მამაკაცების დაუწერელი კანონია. მახსოვს, მეუღლე ძალიან გაბრაზდა, ავუხსენი როგორ მოხდა ყველაფერი... გადაცემაში რომ დავსხედით, გივი გვერდით დამიჯდა და მითხრა, მიდი, ტელეფონის ნომერი ჩაიწერეო, ვაიმე, ვიფიქრე, აშკარად არ ვახსოვარ-მეთქი, თან გამომწვევად მეცვა. ბატონო გივი, მე კაცებს არ ვურეკავ-მეთქი, მაშინ შენი ტელეფონი მომეციო. აზრი არ აქვს-მეთქი და ამაზე აილეწა. ხომ იცით, გივის უყვარს პუბლიკაზე მუშაობა, მაინც მსახიობი კაცია. საწყენად არ ვამბობ, პატივს ვცემ როგორც მსახიობს, მაგრამ თბილისელ კაცს ქალისა და კაცის ურთიერთობაში ცოტა სხვა რამ მოეთხოვება. შვილად ვერგები. ბროლივით მკერდი გაქვსო, არადა, აშკარად არ მაქვს ბროლივით მკერდი (იცინის). მოკლედ, მორჩა ეს გადაცემა და ისე წავიდა, არც დავემშვიდობე. ყველამ იცის მისი ლოველასობის ამბავი და ის, რომ ასაკით პატარები უყვარს...

- იუნა, სანამ ინტერვიუზე მოვიდოდი, მცირე გამოკითხვა ჩავატარე. აღმოჩნდა, რომ საზოგადოებას აინტერესებს, ვინ მიგაჩნია ყველაზე სექსუალურ პოლიტიკოსად?

- მეც ვფიქრობდი ამაზე, მაგრამ მინდა გითხრათ, როგორც თავისუფალ მოქალაქეს, პოლიტიკოსები არ მიყვარს. იყო დრო, როდესაც ლევან ვარშალომიძეს ვიცნობდი როგორც ჩვენს მოიჯარეს და ძალიან მომწონდა. მინახავს, როგორ თამაშობს ჩოგბურთს, მეფური მანერა აქვს, ძალიან მომწონდა ლევანი, მართლა საინტერესო ტიპაჟია.

- გაჰყვებოდი ცოლად პოლიტიკოსს?

- ცოლად არავის არ გავყვები.

- სხვათა შორის, ლევანი დღემდე არ დაოჯახებულა..

- ააა (იცინის). სიამოვნებით ვიქნებოდი აჭარის დედოფალი, თუმცა პოლიტიკისგან შორს... უბრალოდ გამახსენდა, რომ ლევანი საინტერესო ტიპაჟია, მაგრამ ცოლობაზე უკაცრავად, ალბათ არასოდეს გავთხოვდები. ზედმეტად თავისუფალი ვარ, კატასავით ვარ და თავისუფალი ურთიერთობები მირჩევნია.

- დეა როგორ რეაგირებს შენს იმიჯზე?

- როდესაც "მამაჩემის გერლფრენდის" თრეილერი ნახა, თმა გადაიღება. რაც შეეხება გადაცემას, დაურეკეს, რა მაგარი დაიკო გყოლიაო.

- შენი და ბიძინა ივანიშვილთან მუშაობს, შენ თუ იცნობ გაპოლიტიკოსებულ მილიარდერს?

- ბიძინას არა, ბერას ვიცნობ. ძალიან კარგი ბიჭია, როდესაც მისი მანერები ვნახე, მივხვდი, რომ პატარა პრინცია. პირადად მე არც ერთ პარტიაში არ გავწევრიანდები, ფილოსოფიური თემები მაინტერესებს. გაგიკვირდებათ და, ჩაცმასაც კი არანაირ მნიშვნელობას არ ვანიჭებ.

- ბიძინა ივანიშვილსაც აინტერესებს ფილოსოფია...

- (იცინის) რატომ ავლებთ პარალელებს ჩემთან. მე პოეტი ვარ, ლექსებს ვწერ. ჩემი პირველი ინგლისურენოვანი წიგნი 2001 წელს გამოქვეყნდა, მაშინ ძალიან შეყვარებული ვიყავი. ასევე ვწერ ესეებსა და ნოველებს. არ იფიქროთ, რომ გიჟი ვარ, მაგრამ ბავშვობიდან ვოცნებობ, ნობელის პრემია ავიღო მშვიდობისა და კაცობრიობის განვითარების დარგში. პაციფისტი ვარ, ინტეგრაციისა და გახსნილი საზღვრების მომხრე და ნეიტრალიტეტი მინდა კავკასიისთვის.

- ისე ლაპარაკობ, მიხეილ სააკაშვილმა არ მიგიწვიოს სამუშაოდ...

- პირისპირ მინახავს რამდენჯერმე, ძალიან ქარიზმატული პიროვნება იყო, ახლა დიდი ხანია არ მინახავს. შეიძლება, ახლა სულ სხვანაირია და მტკივნეულადაც აღიქვამდეს ყველაფერს.

- მოდი ამჯერად ინტერვიუ შენი ლექსით დავასრულოთ...

- ბებიას საყვარელ ნაწყვეტს წაგიკითხავთ, ჩემი მოთხრობის პროლოგია, რომელსაც "მომენატრები" ერქვა და დეას თხოვნით, "თეთრი ვარდები უკანასკნელად" დავარქვი.

"არასოდეს მყვარებიხარ ცხოვრებავ ისე, როგორც ახლა,

არასოდეს მეშინოდა შენი დაკარგვის, როგორც ახლა,

არასოდეს მყვარებიხარ, როგორც ახლა,

მინდა, შენთან ერთად იყოს ეს ცხოვრება

მხოლოდ კი, მხოლოდ კი ახლად".

ნინო გიგიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება