"ყოველ წელს პრეზიდენტი საჩუქარს მიგზავნის"

"ყოველ წელს პრეზიდენტი საჩუქარს მიგზავნის"

მომღერალ ეთერ კაკულიას ახალი წელი ზეამაღლებულ განწყობას უქმნის, თუმცა ცუდ ხასიათზე მყოფი ეთერი ალბათ ცოტას თუ უნახავს. ყოველ შემთხვევაში ჩვენთან, ჟურნალისტებთან, ყოველთვის ხალისიანი და იუმორით სავსეა, ამიტომაცაა, რომ მასთან ინტერვიუს ჩაწერა ძალიან გვიყვარს და დიდ სიამოვნებასაც გვანიჭებს.

- ქალბატონო ეთერ, ნაძვის ხის მორთვის როგორი ტრადიცია გაქვთ? მარტო უმკლავდებით ამ საქმეს, თუ შვილი და მეგობრები გეხმარებიან?

- ვაიმეეე, ციციიიი, ნაძვის ხე მიყვარს ძალიან, ნამდვილად საზეიმო განწყობის შემქმნელია. ამჯერად მოზრდილი ნაძვის ხე შევიძინე, რადგან მისი ყურებისას სიცოცხლის ხალისი მემატება, 15 იანვრამდე ხელს არ მოვკიდებ, რადგან ძველ ახალ წელსაც უნდა შეხვდეს ამ დღესასწაულის მთავარი ატრიბუტი, ჩვენ ხომ ახალი წელიც ორი გვაქვს...

- აბა, რა. როგორ შეიძლება, ერთხელ აღვნიშნოთ ეს დღესასწაული?

- (იცინის) ვიმრავლოთ ქართველებმა ახალ წელთან ერთად. ორჯერაც აღვნიშნოთ ეს დღესასწაული თუკი გვსიამოვნებს, სამჯერაც, ოთხჯერაც და ასჯერაც, აბა როგოოორ?..

- ქალბატონო ეთერ, ყოველ წელს ახალ-ახალი სათამაშოების შემატება თუ გჩვევიათ?

- მჩვევია კი არა, ეს ახლა ისეა დანერგილი, როგორც კანონი. 30 წლის წინ ასე არ ვიქცეოდით, დიდ აუცილებლობას არ წარმოადგენდა სათამაშოების შემატება, მაგრამ ახლა ეს უკვე შთაგონებული გვაქვს და ვფიქრობ, სწორიცაა, მე მივესალმები ამ ტრადიციას. თუ ცოცხალი ხარ, ახალი რაღაც როგორ არ უნდა შემატო ნაძვის ხეს? ძველსაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან იმან უკვე გაგიხანგრძლივა სიცოცხლე და ახლა უკვე ახალია საჭირო. ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ სიტყვა სათამაშო არ მიმაჩნია სწორად, ეს უფრო არის ნაძვის ხის შესამკობიიიი (ფიქრობს) რაღაააც...

- ანუ სამკაული, ხომ?

- კი, კი, კარგად მოიფიქრე, ზუსტადაც რომ სამკაულია. ვააა, როგორ მომეწონა ეს სიტყვააააა (იცინის), როგორ შეიძლება, ნაძვის ხის სამკაულს სათამაშო ვუწოდოთ, ვიღაცამ არასწორად დაარქვა. სამკაული კი სწორედ მისი შესაფერისი სიტყვაა. ძალიან მომეწონა. ხომ იცი, მე ახალ სახელებს ვიგონებ ხოლმე, ჰოდა, ესეც ამიტომ მომეწონა. ხელჩლუნგიც ჩემი გამოგონილია, ლექსიკონში ასეთი სიტყვა არ არსებობს, მაგრამ სწორია, ვინაიდან მე სამზარეულოში არაფერი გამომდის, ამიტომ გამოვიგონე და საკუთარ თავს ხელჩლუნგი დავარქვი, კარგია, რომ გონებაჩლუნგი არ ვარ ჯერჯერობით (იცინის)...

მივუბრუნდეთ ნაძვის ხის აწყობას, ვგიჟდები ამ პროცესზე, ბედნიერების მომტანია. დილით რომ ავდგები და ნაძვის ხეს შევხედავ, სიცოცხლე მიხარია. გპირდები, 102 წლამდე ყოველ წელს მოვრთავ ნაძვის ხეს სამკაულებით და მერეც ვნახოთ, რა იქნება (იცინის), 102 წლის რომ ვიქნები და კიდევ დამირეკავ, მერე გაგახსენებ, გახსოვს, ციცი, ნაძვის ხის სათამაშოებს სამკაულები რომ შევარქვი და მაშინაც ბევრს ვიცინებთ, არააააა? (ერთად ვიცინით - ავტ.) ამ შესანიშნავ ნაძვის ხესთან ერთად, საახალწლო სუფრაზე აუცილებელია გოზინაყი და მეგრული გოჭი. მეგრულს იმიტომ ვამბობ, რომ მათი გოჭი ძალიან გემრიელია, რადგან სიმინდს აჭმევენ. საერთოდ, კულინარიული თვალსაზრისით, ჩემს საახალწლო სუფრას ჩემი ძვირფასი მეგობარი ანა უძღვება, რა ვქნა, მე არ მეხერხება. ნურავინ დამძრახავს ამის გამო, უნიჭო ვარ ამ სფეროში და რა გავაკეთოოო (იცინის)?

- ქალბატონო ეთერ, ახალი წლის შეხვედრის როგორი ტრადიცია გაქვთ? წელს როგორ შეხვდით?

- აუცილებლად ოჯახში ვხვდები ახალ წელს და მერე, როგორც წესი, კონცერტებზე გავრბივარ. წელსაც, ტრადიციისამებრ, 2012-ს სახლში შევეგებე და მერე მცხეთაში კონცერტზე გავეშურე. ვფიქრობ, ჯერ შენიანებს უნდა მიულოცო ეს დღესასწაული და მერე გახვიდე შინიდან.

- ვინ იყო წელს თქვენი მეკვლე?

- ჩემი შვილი. ეს უკვე დამკვიდრებული ტრადიციაა, პატარაობიდან ჩვენი ოჯახის მეკვლე ისაა. ადრე ჩემი მეზობლების მეკვლეობას ვკისრულობდი, მაგრამ ახლა გადავიდ-გადმოვიდნენ და აღარ დავდივარ მეკვლედ, არადა, ჩემს სართულზე მცხოვრები ყველა ოჯახის მეკვლე მე გახლდით. ისე, მე თუ მკითხავთ, მეკვლეობა საპასუხისმგებლოა, შენ კი გინდა, იმ ოჯახს შენი "ფეხით" კარგი მოუტანო, მაგრამ რაღაც ისე რომ არ მოხდეს, როგორც საჭიროა, მერე თითქოს თავს დამნაშავედ იგრძნობ. ადვილი ნამდვილად არ არის ვინმესთან მეკვლედ მისვლა. იცი რაააა, როცა შენი შვილია შენი მეკვლე, რაც უნდა მოხდეს, მაინც ყველაფერს უძლებ, კარგი იქნება თუ ცუდი, მაგრამ სხვასთან ძალიან საპასუხისმგებლოა.

- ახალ წელს თან სდევს სიურპრიზები და საჩუქრები, შეგიძლიათ, რომელიმე განსაკუთრებული გამოყოთ?

- ჩემთვის განსაკუთრებულია ის, რომ ყოველ ახალ წელს პრეზიდენტი მიგზავნის სანოვაგეს, ზოგი ამ ფაქტის გამო ქირქილებს, არადა, სულ ტყუილად, საერთოდაც არ არის ეს სასაცილო, მე ყოველთვის დიდი მოთმინებით ველოდები ამ საჩუქარს და ძალიანაც მსიამოვნებს, რომ ახალ წელს ქვეყნის პირველ პირს ვახსენდები. გარდა ამისა, მერიისგანაც ვიღებ საჩუქრებს და ძალიანაც მიხარია, რატომაც არააააა?!

- უჩვეულო და ორიგინალური ახალი წლის შესახებ რას გვეტყვით?

- ორიგინალურიც და განსაკუთრებულიც იყო ის ახალი წელი, რომელსაც პარიზში შევხვდი. ამ დღესასწაულზე თბილისი ხომ ძალიან ლამაზია? აი, პარიზიც იგივე იყო რაააა. ყველა ფანჯარაში სანთელი ენთო, რაც დაუვიწყარ ეფექტს ქმნიდა, თითქოს ეს ტრადიცია ჩვენთანაც დამკვიდრდა.

- კი, ოღონდ ჩვენთან შობას ანთებენ ხოლმე სანთლებს ფანჯარაში...

- ჰო და არაჩვეულებრივია. მაშინ მე, "ცისფერ ტრიოს", ქართლოს კასრაძეს გასტროლები გვქონდა ევროპაში და ზუსტად ახალი წლის ღამეს მოვხვდით პარიზში, არასდროს დამავიწყდება ის შთაბეჭდილებები. განათებულ თბილისს პარიზს ვამსგავსებ, იციიიი? ეს განახლებული "პლეხანოვი" ძალიან ჰგავს პარიზს, გამაოგნებელია რააააა. ვგიჟდები საახალწლო განათებებზე. ადამიანმა 100 წელი უნდა იცხოვროს და მაქსიმალურად უნდა დატკბეს ასეთი სილამაზით, აბა, მერე იქ ვინღა გვანახვებს მსგავს რაღაცებს? ამიტომ ჩვენ თვითონ უნდა გავიხალისოთ ცხოვრება და ვიყოთ ამაღლებულ განწყობაზე. აი, მე, მაგალითად, ყოველთვის ვცდილობ გადასარევ ხასიათზე ვიყო და სხვებსაც სიხარული მოვუტანო. არ შემიძლია არ გითხრათ და თქვენი ჟურნალის მეშვეობით არ გავახარო ჩვენი მეგობარი ნუგზარ წერეთელი, რომელიც გახლავთ გიგი წერეთლის მამა, ჩვენ, მე და ჩემი ძმა, ნუგზართან კარგა ხანია ვმეგობრობთ, გიგი კი ჩვენთან შედარებით პატარაა. ჰოდა, ჩემო ციცი, გადავწყვიტე, ნუგზარ წერეთლის ლექსების კრებულიდან ამოვარჩიო ერთ-ერთი ლექსი, მუსიკა ნუნუ გაბუნიას დავაწერინო და ერთი კარგი სიმღერა ჩავწერო. 20 სიმღერა ხომ ჩემი ძმის ლექსებზე მაქვს ნამღერი, მათ შორის საახალწლოც, ახლა კი მინდა, ერთი კარგი სიმღერა ნუგზარის ლექსზეც ჩავწერო.

- ჩანაფიქრის ასრულებას გისურვებთ. ქალბატონო ეთერ, დასასრულისკენ არ შეიძლება გამოვტოვო თქვენი და გივი სიხარულიძის საახალწლო ეთერი რადიოში.

- 31 დეკემბერს და 1 იანვარს გახლდით ეთერში და დაუვიწყარი, მხიარული დღე ვაჩუქეთ ჩვენს მსმენელს. გივის ნახვა მხოლოდ რადიოში შევძელი, ის, როგორც ქარბუქი და ტაიფუნი, ძნელი დასაჭერია, მით უმეტეს ახალი წლის დღეებში, მაგრამ მაინც შევხვდით ერთმანეთს და შამპანურით დავლოცეთ 2012 წელი.

ციცი ომანიძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება