ლონდონში ინგლისის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მარგარეტ ტეტჩერის შესახებ გადაღებული ფილმის - "რკინის ლედის" ევროპული პრემიერა გაიმართა. რეჟისორ ფილიდ ლოიდის ბიოგრაფიულ დრამაში, ექს-პრემიერის როლს მერილ სტრიპი ასრულებს. ფილმმა კინოკრიტიკოსებისგან დადებითი შეფასებები მიიღო, თუმცა 86 წლის ტეტჩერმა და მისი ოჯახის წევრებმა ფილმის ნახვაზე კატეგორიული უარი განაცხადეს.
როგორც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბრიტანულ პრესასთან საუბრისას აღნიშნა, მერილ სტრიპმა ვერ შეძლო ეკრანზე "რკინის ლედის" რეალური სახის შექმნა. ტეტჩერი აღშფოთებულია იმითაც, რომ დიდი ბრძოლისა და შრომის ფასად მოპოვებული მისი პოლიტიკური კარიერა ახლა "სანახაობად" გადაიქცა. ტეტჩერმა ამ განცხადებით კონსერვატული პარტიის მაღალჩინოსნებს აგრძნობინა, რომ სურს მათაც უარი თქვან ფილმის ნახვაზე.
ფილმთან დაკავშირებული შთაბეჭდილებები არაერთგვაროვანი იყო. მემარცხენე ძალების წარმომადგენლებმა ფილმი ყოფილი პრემიერის "გაუმართლებელ ქება-დიდებად" აღიქვეს. ტეტჩერის თაყვანისმცემლებმა კი ჩათვალეს, რომ ფილმის შემქმნელებმა რკინის ლედის პირადი ცხოვრების ხელყოფა გაბედეს - რამდენიმე ფრაგმენტში მათი "კერპი" უმწეო მოხუცია, რომელსაც ასაკობრივი გონებასუსტობა აწუხებს.
თავად მერილ სტრიპმა პრემიერის წინ აღიარა, რომ საკუთარი მშობლების მაგალითზე გააცნობიერა სიბერესთან დაკავშირებული სირთულეები, მთავარი პერსონაჟის სახის შექმნისას კი პირველ რიგში მის ადამიანურ თვისებებზე ზრუნავდა.
"ყველა ჩემი მთავარი როლი ჩემთვის დიდი პატივი იყო, მაგრამ ეს როლი აბსოლუტურად განსხვავებულია. მიზეზი მისი პროტოტიპის (ტეტჩერის) უარყოფითი დამოკიდებულებაა. მივხვდი, რომ ხალხი მას ან კერპად, ან მონსტრად აღიქვამს, მე კი ვეცადე ამ ორ კარიკატურას შორის ადამიანის სახე ამომეკითხა", - განაცხადა მსახიობმა.
მერილ სტიპს ტეტჩერის როლისთვის მესამე "ოსკარს" უწინასწარმეტყველებენ.
მომზადებულია itar-tass.com-ის მიხედვით.