ძველი წელი ყოველთვის გვიტოვებს რაღაც "სახსოვარს". 2011 წელი ზოგისთვის ბედნიერი იყო, ზოგისთვისაც - უსიამოვნო და პრობლემებით სავსე. ვის რა სახსოვარი დაუტოვა შარშანდელმა წელმა, რა განწყობილებით ეგებება ახალს ან რომელი პერიოდი ახსენდება თავისი ცხოვრებიდან ყველაზე სასიამოვნოდ, - ამის გასარკვევად, რამდენიმე ცნობილ ადამიანს გავესაუბრეთ. მათი განწყობილება ბევრ რამეში ერთმანეთს დაემთხვა...
რეზო ჩხეიძე:
- 2011 წელს ბევრი ცუდი რამ მოხდა (მარტო 26 მაისიც კმარა!), მაგრამ სამაგიეროდ, წლის ბოლოს პოლიტიკურ არენაზე გამოჩნდა დიდი პიროვნება, რომელიც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში საქართველოს აღმშენებლობას უწყობდა ხელს, თვითონ კი ჩრდილში იდგა. ახლა ეს კაცი მიხვდა, რომ სამზეოზე უნდა გამოვიდეს, რადგან საქართველოს გადასარჩენად ასეა საჭირო. ამიტომაც 2011 წლის მნიშვნელოვან მოვლენად სწორედ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლას მივიჩნევ.
ბევრი წარმატებული და ბედნიერებით სავსე პერიოდი მქონია. ერთს მეორე მოჰყვებოდა, მეორეს - მესამე... ასე რომ, ვერც ერთს ვერ გამოვყოფ, მაგრამ ბოლოდროინდელ ნამუშევარზე გეტყვით: მალე დავასრულებ მხატვრულ ფილმს, რომელსაც ჰქვია "მაცხოვრის საფლავზე ანთებული სანთელი". ფილმი შვედი მწერლის, სელმა ლაგერლოფის ნაწარმოების მიხედვით გადავიღე. ნაწარმოებში სიუჟეტი იტალიაში იწყება და იერუსალიმში მთავრდება. ამბავი საქართველოში გადმოვიტანე, ფინალი კი ჩემს ფილმშიც იერუსალიმშია. 2012 წელს ჩემი ხალხისთვის ასეთი სურვილები მექნება: არ შეუშინდეს ხვალინდელ დღეს, არ შეეგუოს მდორე, მოჩვენებით "კეთილდღეობას", იყოს მხნედ და იბრძოლოს უკეთესი მომავლისათვის.
გიგა ლორთქიფანიძე:
- 2011 წელი ჩემი ოჯახისთვის ძალიან მძიმე წელიწადი გახლდათ. ჩემი მეუღლე, ქეთევან კიკნაძე, მძიმედ იყო ავად. მეც ხელი დამრია ავადმყოფობამ. ახლაც ლოგინში ვარ, მაგრამ რახან ჩემი ქეთინო გამომჯობინდა, საკუთარ თავს აღარ ვდარდობ. ისე ცუდად იყო, რომ კარგა ხანს თურქეთის კლინიკაში მკურნალობდა. ახლა უკვე თეატრშიც გავიდა და თავისუფლად ამოვისუნთქე. ეს - რაც პირადულს ეხება. ჩვენი ქვეყნის მდგომარეობით კი ვერ ვარ კმაყოფილი. ან როგორ შეიძლება, გულგრილად უყურო ამდენ უმუშევარს, უსახლკაროს?! ოჯახის ქალები რომ უცხოეთში არიან გახიზნულები, რათა იქიდან არჩინონ ოჯახები და ახლობლები, ეს ნორმალურია? სამწუხაროდ, ფუნქციადაკარგულმა მამაკაცებმა ეს მოვლენა ჩვეულებრივად მიიღეს, თითქოს ასეც უნდა იყოს და აი, ეს უკვე საშინელებაა. მეკითხებით, - ყველაზე კარგი პერიოდი როდის გქონდათო? გასახსენებელი მართლაც ბევრი მაქვს, მაგრამ მაინც გამოვყოფდი რამდენიმეს: ერთი, როცა "მარჯანიშვილში" დაიწყო დიდი აღმავლობა, მეორე - რუსთავის თეატრის დაარსება; მერე იყო "დათა თუთაშხიას" უბედნიერესი ხანა. მიმაჩნია, სხვა რომ არაფერი გამეკეთებინა, მარტო "დათა" იკმარებდა საამაყოდ. როგორ უგუნებოდაც უნდა ვიყო, ჩემი შვილების, შვილიშვილებისა და შვილთაშვილების დანახვაზე თბილი ტალღა გადამივლის და უსიამოვნება უკან რჩება... სამომავლოდ რას ვისურვებდი?.. მხოლოდ ერთს - რომ ჩემი ქვეყანა გამოფხიზლებულიყოს ილუზიური "ბედნიერებისგან", მიგვეგნოს ჩვენი ცხოვრების წესისთვის და სამართლიანად გვეამაყოს ნამდვილი წარმატებებით.
ჯემალ ჭკუასელი:
- 2011 წელს გაფაციცებული ვადევნებდი თვალყურს მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს. რაღაც-რაღაცებზე გული დამწყდა... ჩვენი ქვეყანა და ხალხი გაცილებით მეტს იმსახურებს, ვიდრე დღეს აქვს. ჩემი ნატვრაა, ერი და ბერი გამთლიანდეს, დავიბრუნოთ წართმეული ტერიტორია და ერთად ავაშენოთ ლამაზი ქვეყანა. გამორჩეულ და კარგ პერიოდებზე მკითხეთ... ჩემთვის, ბედნიერება სიმღერას უკავშირდება. მახსენდება წარსულის ის მშვენიერი დღეები, როცა ჩვენს ოჯახში - გურიაში, იკრიბებოდნენ საუკეთესო მომღერლები და მამაჩემთან ერთად, გურულ სიმღერებს მღეროდნენ. ეტყობა, მაშინ გადაწყდა, ჩემი სამომავლო გზა როგორი უნდა ყოფილიყო. ჩავაბარე სასოფლო ინსტიტუტში, მაგრამ ბოლოს მაინც სიმღერამ გადამძალა. მივხვდი, რომ სიმღერის გარეშე არ ვიქნებოდი ბედნიერი. ქართული ფოლკლორი ის ფენომენია, რომელიც დიდ სიხარულსაც იტევს, დიდ ტკივილსაც, დარდსაც და გამარჯვებასაც. როცა ვმღერით, ვმაღლდებით, რადგან ამ დროს ჩვენი ერისა და ქვეყნის გასაოცარ ისტორიას ვყვებით. ასეთი ფოლკლორის მქონე ერი კი ნამდვილად ღირსია, იყოს ბედნიერი.
გურამ ფირცხალავა:
- აბა, რა გითხრათ, რით გაგახაროთ? 2011-მა წელმა კიდევ უფრო დამიმძიმა ისედაც დამძიმებული გული. 26 მაისის მოვლენებმა ლამის გამაგიჟა. ბევრს იმედი გაუჩნდა მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა. ალბათ მალე მოვესწრებით იმ დღეს, როცა ოსიც და აფხაზიც გააცნობიერებენ შეცდომებს (ისე, ჩვენც ბევრი რამ გვაქვს მოსანანიებელი) და კვლავ ქართველებთან ერთად მოისურვებენ მომავლის შენებას. სიკვდილის შეცდომად მონათვლა არ შეიძლება, ის, რაც მოხდა ძმათამკვლელ ომში, დიდი ტრაგედია იყო, მაგრამ დროს დიდი ტკივილის განელებაც შეუძლია. ხომ ჩვენს წიაღში დაიბადა: "რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია"; ჰოდა, სიყვარულით უნდა ვაშენოთ მომავალი და გულწრფელად მოვინანიოთ დანაშაული... ჩემთვის ყველაზე ბედნიერი დღე მაშინ იყო, როცა მამა დაბრუნდა ფრონტიდან. გუშინდელივით მახსოვს ის დღე: მდინარის პირას მოთამაშეს თანასოფლელებმა მითხრეს, - მამა დაბრუნდაო. თავქუდმოგლეჯილი გავვარდი სახლისკენ... ლამის შევგლიჯე კარი და ყველამ ჩემკენ რომ გამოიხედა, უცებ შევდექი. თვალი სამხედროფორმიანი კაცისკენ გამექცა. ის წამოდგა (საოცრად ახოვანი იყო), ხელები გაშალა და მაგრად ჩამიხუტა გულში, მერე კი ზემოთ ამახტუნა... იმ წუთებში ჩემზე ბედნიერი ვინმე თუ იყო ამქვეყნად, არ მეგონა. ის სიხარული და მამის სითბო დღესაც მომყვება და თქვენ წარმოიდგინეთ, რთულ სიტუაციებშიც მშველის.
გია ბაღაშვილი:
- ლამაზი პერიოდი - მთლიანად ჩემი ცხოვრებაა, რომელმაც ლეგენდარული ანსამბლის, "ივერიის" თვალწინ ჩაიარა. ვუყურებდი "ივერიელებს" და სიმღერასთან ერთად, მათგან ვსწავლობდი მეგობრობას, მხარში დგომას, ურთიერთგატანას, მიტევებას - ერთი სიტყვით, ყველაფერს, რაც კი ამშვენებს ადამიანს. განსაკუთრებულად ბედნიერი დღე მაშინ იყო, როცა ჩემი თამუნა - ჩემი მეუღლე და შვილების დედა გავიცანი. 2011 წელი პირადად ჩემთვის იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ 29 ნოემბერს დაიბადა მეორე ქალიშვილი, ლიზა ბაღაშვილი. უფროსი - ნინი წლინახევრისაა და გაოცებული შესცქერის "ცოცხალ თოჯინას", სულ მის გვერდით ყოფნა სურს... საახალწლოდ რას ვუსურვებ ქართველ ხალხს?.. ჩემს საავტორო გადაცემას - "ქართული სიმღერა" - ტრადიციულად ასე ვამთავრებ ხოლმე: "გიყვარდეთ ქართული სიმღერა და მუდამ გემღერებოდეთ!" თქვენი ჟურნალის მეშვეობით, ამასვე გისურვებთ და კიდევ - 2012 წელს მშვიდობა, დოვლათი და ულევი სიხარული მოეტანოს ჩემი ხალხისთვის!
მარინა ბაბუნაშვილი
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)