მოსკოვში 88 წლის ასაკში საბჭოთა მზვერავი, გევორქ ვართანიანი გარდაიცვალა. მან თავის დროზე მსოფლიოს სამი ლიდერი - უინსტონ ჩერჩილი, ფრანკლინ რუზველტი და იოსებ სტალინი სიკვდილს გადაარჩინა.
ვართანიანი ირანში, თეირანის რეზიდენტურასთან თანამშრომლობდა. ირანში მან აგენტების სპეცჯგუფი ჩამოაყალიბა, რომელიც ფაშისტური დაზვერვის წინააღმდეგ მუშაობდა. სწორედ ვართანიანმა და მისმა ჯგუფმა ჩაშალეს ჰიტლერის საიდუმლო გეგმა, რომელიც ჩერჩილზე, რუზველტსა და სტალინზე თავდასხმას ითვალისწინებდა.
მესამე რაიხის გასაიდუმლოებული ოპერაციის გეგმის თანახმად, 1943 წელს გერმანელ აგენტებს თეირანის კონფერენციაზე დასასწრებად ჩასულ "დიდ სამეულზე" თავდასხმა უნდა განეხორციელებინათ. ვართანიანმა ეს ჩანაფიქრი "გაშიფრა" და კონფერენციამდე რამდენიმე დღით ადრე თეირანში რამდენიმე გერმანელი აგენტი დააპატიმრა. მაშინ საბჭოთა მზვერავი მხოლოდ 19 წლის იყო.
ამ გახმაურებულ ჯაშუშურ სკანდალზე მოგვიანებით ცნობილი ფილმი, "თეირანი 43" გადაიღეს. ფილმი დიდი პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა თავად ვართანიანი აცხადებდა, რომ მასში "ზედმეტი სროლა და ბევრი სისულელე" შეიტანეს. მზვერავმა ფილმში ერთადერთი რეალური მომენტი დააფიქსირა - დივერსანტები საელჩოს შენობაში კანალიზაციის მილებით მოხვდნენ.
გევორქ ვართანიანი რეზიდენტთა ქსელში "ამირის" მეტსახელით იყო ცნობილი. მისი საქმიანობა 2000 წლამდე გასაიდუმლოებული იყო. მის მიერ ორგანიზებულ ბევრ სპეცოპერაციას დღემდე საიდუმლო გრიფი ადევს.
ვართანიანი 2010 წელს აშშ-ში რუსი ჯაშუშების გამოაშკარავების სკანდალსაც გამოეხმაურა და ანა ჩაპმანი დაიცვა.
"როცა მოღალატე გაგცემს, ვერანაირი კონსპირაცია ვეღარ გიშველის. იმ მზვერავებს ვგულისხმობ, ვინც ახლახან აშშ-ში გაშიფრეს. ამბობენ, რომ ცუდად მუშაობდნენ, სინამდვილეში კი ისინი მოღალატემ გასცა. სხვათა შორის, მოღალატეები ცუდად ამთავრებენ ცხოვრებას", - განაცხადა ვართანიანმა შარშანდელ ინტერვიუში. ვართანიანი ყოველთვის მეუღლესთან ერთად მუშაობდა, რომელიც თავადაც დაზვერვის გენერალი იყო.
გევორქ ვართანიანი 10 იანვარს კიბოთი გარდაიცვალა.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.