"როგორ შეიძლება სიმღერა გადააკეთო, კაბა ხომ არ არის?"

"როგორ შეიძლება სიმღერა გადააკეთო, კაბა ხომ არ არის?"

კომპოზიტორ ნუნუ დუღაშვილის გულში ჩამწვდომი მუსიკა, მელოდია ეროვნული დვრიტითა და ჰარმონიულობით გამოირჩევა. საქვეყნოდ ცნობილი სიმღერები "კახეთო", იმერეთის ნიავო", "ერთხელ ამამღერე", "ღმერთი სიყვარულისა" და მრავალი სხვა სახალხოდ იქცა და ზოგჯერ, ხალხურიც ჰგონიათ... კომპოზიტორი და მომღერალი ნუნუ დუღაშვილი მუსიკალურ სამყაროსა და ჩვენს საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებზე გვესაუბრება:

- სიმღერა იწერება ლექსზე, კარგ პოეზიაზე, და არა ტექსტზე. ლექსის ხელყოფა დანაშაულია, მაგრამ ზოგჯერ გიხდება რაღაცის ჩამატება, შეცვლა... იოსებ ნონეშვილის ლექსი ასე იწყებოდა: "ცივ გომბორიდან სიმღერით სიცოცხლის გადასახედი, მოსჩანს იისფერ ნისლებში კახეთი, ჩემი კახეთი"... მე ბატონ იოსებს ვთხოვე: თუ შეიძლება, წოდებით ბრუნვაში გადავიყვან-მეთქი: "გხედავ იისფერ ნისლებში, კახეთო, ჩემო კახეთო"... დიდი პოეტი უყოყმანოდ დამეთანხმა - რა კარგია, ნეტა ეგრე დამეწერაო! მერე, დასაწყისისთვის კიდევ ვთხოვე, დაეწერა ისეთი ლექსი, როგორიც კახური "მრავალჟამიერია" - გრძელი მრავალჟამიერი, რომელშიც სულ რამდენიმე სიტყვაა, მაგრამ მომღერლები ახერხებენ გენიალური მუსიკის ფონზე ტექსტი აქა-იქ თქვან...

იოსებ ნონეშვილმა დამიწერა: "მიყვარხარ, ტკბილო კახეთო, დიდო ალაზნის ჭალაო, ქვეყანა შემოვიარე, ვერ ვნახე შენისთანაო"... და ა.შ. დღეს კი რა ხდება, - არც პოეტს უწევენ ანგარიშს, არც კომპოზიტორს, და როგორც მოესურვებათ, ისე ეპყრობიან ჩვენს სიმღერებს... ამიტომ ყოველთვის დიდი სიფრთხილით ვაძლევ სიმღერას მომღერალს...

ზოგჯერ ამა თუ იმ სიმღერის იმგვარ ვარიანტს მოისმენთ, გული შეიძლება გაგისკდეთ. და ამას ათასგვარ რაღაცას უწოდებენ: რემიქსი, რემინისცენცია. ერთი სიტყვით, ძველის გადაკეთებით არიან დაკავებული. როგორ შეიძლება სიმღერა გადააკეთო, ეს ხომ კაბა და პალტო არ არის, ინტელექტუალური საკუთრებაა.

მაგალითად, ოპერა "ქეთო და კოტე", რომლის 3 ვარიანტი არსებობს, კარგია, ლამაზია, მაგრამ რატომ არ სცემენ პატივს კომპოზიტორს, მუსიკას, რომელიც მან შექმნა? თვითონ დაწერონ, შექმნან მუსიკა და მერე გადააკეთონ-გადმოაკეთონ. რაც შეეხება იმას, ლექსი უფრო ადრე იწერება თუ მუსიკა, ორივენაირად ხდება: კვერცხისა და ქათმისა არ იყოს, ეს ამოუხსნელია...

- "პატარა მწყემსის სიმღერა" მართლა 5 წლისამ დაწერეთ?

- 5 წლისამ კი არ დავწერე, შევთხზე მუსიკა, მელოდია მუსიკალურად გავმართე. მუსიკალურ სკოლაში ჯერ კიდევ 5 წლის ასაკში მიმიყვანა დედაჩემის მეგობარმა, ულამაზესმა მსახიობმა - თამარ ციციშვილმა... ჩემს მასწავლებელთან, მარო აგლაძესთან ერთი მშვენიერი გოგონა დადიოდა, მახსოვს, გრძელი ლამაზი ნაწნავი ჰქონდა და შუბერტის "ექსპრომტს" უკრავდა, მას შევნატროდი... ამ დროს მამამ წამიკითხა იროდიონ ევდოშვილის მოთხრობა "მწყემსი გაგნა", პატარა მწყემსისადმი საოცარი სიბრალულის გრძნობა გამიჩნდა და ასე შევქმენი მუსიკა, შიგადაშიგ კი ვუკრავდი ნაწყვეტს შუბერტის "ექსპრომტიდან"... უკვე წლები გავიდა და ახლა შემიძლია ვთქვა, კომპოზიტორმა შალვა მშველიძემ იმხანად თქვა: არ ვიცი, ეს გოგონა ვინ გამოვა, მაგრამ საკუთარი მარცვალი მან ახლავე დაგვანახაო... დღემდე ვცდილობ, გავაღვივო ეს მარცვალი.. მეამაყება, რომ ჩემს "იმერეთის ნიავო"-ზე ირაკლი აბაშიძე ამბობდა, ჩემთვის ეს სიმღერა სიმღერების დასაწყისი და დასასრულიაო.

კარგი პიანისტი ვიყავი, დიდ მომავალსაც მიწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ სიზარმაცემ მძლია, პიანისტობის ტვირთს ვეღარ გავუძელი და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საკომპოზიციო ფაკულტეტზე ჩავირიცხე, ცნობილი მაესტროს, ანდრია ბალანჩივაძის კლასში. ამის შემდეგ დავიწყე პროფესიული მუსიკის წერა. ჩემი პირველი აღიარება კი მაშინ მოხდა, როცა გიული ჩოხელმა სიმღერა შეასრულა პრაღის საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალზე, რომელიც 1963 წელს ჩატარდა და რომლის თავმჯდომარე უდიდესი მომღერალი ელა ფიტცჯერალდი იყო. ჩოხელმა ოქროს მედალი აიღო, მე კი იმჟამინდელ პრესაში გამლანძღეს: სამწუხაროა, რომ ქართველი კომპოზიტორი ქალი ჯაზით იწყებსო, მაგრამ ფარ-ხმალი არ დავყარე.

- თქვენს სიმღერებს არაერთი პოპულარული ანსამბლი და მომღერალი ასრულებს.

- მომღერლებთან ურთიერთობა არ მიჭირს, მათ შორის, არც ახალგაზრდებთან, მაგრამ სამწუხაროდ, დღევანდელი ახალგაზრდები უცხოური ჰანგების დიდ გავლენას განიცდიან, ქართულ სიმღერაზე უკეთ უცხოურს მღერიან; მომღერლები, რომლებსაც ქართული ხალხური სიმღერა უყვართ, შედარებით ადვილად ამყარებენ ჩემთან კონტაქტს... როგორც ამბობენ, ჩემი სიმღერები რთული შესასრულებელია და, როგორც ჩანს, ზოგიერთი თავს არ იწუხებს... მომღერალს აქვს უფლება, ნაწარმოები საკუთარი ინტერპრეტაციით შეასრულოს, მაგრამ რემიქსების წინააღმდეგი ვარ, ეს მიტაცებაა. არც მსიამოვნებს, როცა ესა თუ ის მომღერალი ჩემს სიმღერას ისე ასრულებს, როგორც ახლა მოდურია: კივილით რომ მღერიან, ყელს ჩაიგლეჯენ და მერე დაბალი რეგისტრისთვის ხმა აღარ რჩებათ. სამწუხაროდ,  ახალგაზრდები ცდილობენ, იოლად გავიდნენ ფონს,

- რას ფიქრობთ ბიძინა ივანიშვილის ჩართვაზე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში და მას შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე?

- პოლიტიკური აქტიურობისგან შორს ვარ, მაგრამ პოლიტიკისგან შორს ვარ-მეთქი, ვერ ვიტყვი, რადგან საზოგადოების სრულყოფილი წევრი ვარ და ცხადია, ჩემი ქვეყნის ბედი მაღელვებს. ჩემი წინაპრები საეკლესიო პირები იყვნენ, მორწმუნე ოჯახიდან ვარ და მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიური ცხოვრებით არ ვცხოვრობ, ქველმოქმედება მართლმადიდებლობის დედაბოძად მიმაჩნია, ხოლო ბიძინა ივანიშვილი ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში შემოვიდა, როგორც დიდი ქველმოქმედი...

არასოდეს მითქვამს ის, რასაც ახლა ვამბობ: მყავს და, რომელიც სამსახურიდან გაათავისუფლეს, ადრე კი გაზიფიკაციის სფეროში მუშაობდა, საქართველოს მასშტაბით, თითქმის ყველა პროექტი მისი განხორციელებულია, დღეს კი დახმარება გაუუქმეს, შენმა დამ გარჩინოსო! მე კი პენსიონერი ვარ, ნიჭიერ ბავშვთა ათწლედში ვასწავლი კომპოზიციას, მომავალ კომპოზიტორებს ვზრდი, თუმცა, სულ 2-3 მოსწავლე მყავს. ასევე უმუშევარია ჩემი ვაჟი, კინოდოკუმენტალისტი გიორგი გურგენიძე, რომელიც სამსახურიდან წამოვიდა, რადგან ხელშეკრულება არ გაუგრძელეს... რა უნდა ქნას ჩემმა ოჯახმა, რით ირჩინოს თავი? ბატონი ბიძინა ივანიშვილის დახმარება ჩემთვის ღვთის საჩუქარია... თუ არჩევანის საშუალებას დამიტოვებენ, ივანიშვილის დახმარებაზე უარს არ ვიტყვი, ვფიქრობ, ასევე უნდა მოიქცნენ სხვა ხელოვანებიც, თუმც, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვერ ვხედავ, რაც კარგი გაკეთდა. მომწონს, რომ ჩვენი პრეზიდენტი სხვაზე მაღალი და ლამაზია. მიყვარს კიდეც და გაბრაზებულიც ვარ მასზე.

ბიძინა ივანიშვილი ხომ სახელმწიფოს გასაკეთებელს აკეთებს? თუ მიხეილ სააკაშვილი შეძლებს და დემოკრატიულად შეეჯიბრება არჩევნებში ბიძინა ივანიშვილს, ეს მას მხოლოდ ღირსებას შემატებს. რატომ უნდა მოეკიდონ ერთმანეთს მტრად პრეზიდენტი სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი? ივანიშვილი გვერდით უდგას კულტურის მოღვაწეებს, ვისაც უჭირს, ეხმარება და ამით ქართველ ხალხს ემსახურება!

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება