"შუა ქალაქის" მსახიობები კომედი-ჯგუფში გადავიდნენ

 "შუა ქალაქის" მსახიობები კომედი-ჯგუფში გადავიდნენ

სერიალის - "შუა ქალაქში" მსახიობები: თამუნა ნიკოლაძე, თათული ედიშერაშვილი, გოგა ბარბაქაძე და მაია დობორჯგინიძე "კომედი ჯგუფის" წევრები გახდნენ. მათი მონაწილეობით "კომედი ჯგუფი" ახალი სერიალის გადაღებას იწყებს, რომელსაც ტელემაყურებელი სულ მალე იხილავს... ჩვენ სერიალის - "შუა ქალაქში" ერთ-ერთი ძველი და ხალხისთვის საყვარელი გმირის, ქეთევან ღლონტის როლის შემსრულებელ თამუნა ნიკოლაძეს ვესაუბრეთ, რომელიც სიხარულით ელის იმ დღეს, როცა მაყურებლების წინაშე ახალ ამპლუაში წარდგება...

- მიმაჩნია, რომ მკითხველსა თუ მაყურებელს თავი არ უნდა მოვაბეზრო და ინტერვიუს მიცემაზე ამიტომაც ვამბობდი უარს. ნებისმიერი ცნობილი ადამიანის ცხოვრებაში დგება პერიოდი, როცა მას სურს, "პაუზა აიღოს". მინდოდა, მკითხველები მომნატრებოდა, ხალხს მეც მოვნატრებოდი. ყველას ვულოცავ შობა-ახალ წელს და დიდ სიყვარულს, წარმატებებს, გამრავლებას, გახარებას ვუსურვებ!.. რაც შეეხება ჩემს შემოქმედებით ცხოვრებას, ყოველდღე ახალ-ახალ შემოთავაზებას ვიღებ, რისთვისაც ღმერთს მადლობას ვწირავ. როცა ქუჩაში ტელემაყურებლები მხვდებიან, მეუბნებიან: სერიალის - "შუა ქალაქში" "გამეორებებს" ვუყურებთ; ახლა მივხვდით, როგორ გვყვარებიხარ, მართლა გვენატრებიო. ალბათ, მალე ახალ სერიალში გამოვჩნდები - ჩემი საყვარელი კოლეგები და მეგობრები რაღაც პროექტის განხორციელებას ვაპირებთ, რაც "კომედი ჯგუფის" შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! გახლავთ. ამასთან დაკავშირებით, ჯერ ვერაფერს ვიტყვი - პირველ ნაბიჯს რომ გადავდგამთ, შემდეგ ვილაპარაკოთ.

- არ გეშინია, რომ შეიძლება, შენი ახალი პერსონაჟი სერიალის - "შუა ქალაქში" გმირს დაემსგავსოს? მით უმეტეს, რომ პარტნიორობას ძველი შემოქმედებითი ჯგუფის წევრები გაგიწევენ.

- არა, ამის ნამდვილად არ მეშინია! სხვათა შორის, ჩვენს ჯგუფს რამდენიმე ახალი მსახიობიც შემოემატება და ერთად ვეცდებით, კარგი სერიალი "გავაკეთოთ"... ქეთევან ღლონტმა ხალხის დიდი სიყვარული მომიტანა, მაგრამ მსახიობი მხოლოდ ერთ როლზე არ უნდა "გაიყინოს", სხვადასხვა პერსონაჟი უნდა განასახიეროს და შემოქმედებითად გაიზარდოს. ძალიან მსიამოვნებს, რომ რამდენიმე კვირაში ტელემაყურებლების წინაშე ახალი გვარ-სახელით წარვდგები... "შუა ქალაქში" ჩემთვის ყოველთვის ლამაზ მოგონებად დარჩება; ის 4 წელი, როცა მასში ვმონაწილეობდი, ძალიან ტკბილად მახსენდება...

- განახლებულს თუ უყურებ?

- როცა შინ ვარ, ვუყურებ. ამ სერიალში ბევრი ჩემი კოლეგა, მეგობარი მონაწილეობს და ცხადია, თითოეულ მათგანს სულითა და გულით ვგულშემატკივრობ. მინდა, ეს ადამიანები - წარმატებულები, სერიალი კი რეიტინგული იყოს.

- სერიალში ძველი პერსონაჟები ჩნდებიან ხოლმე, მაგრამ შენ მასში მონაწილეობას ვეღარ მიიღებ. ამის გამო გული ხომ არ გწყდება?

- 4 წლის განმავლობაში ისე "დავნაყრდი", რომ გული არ მწყდება; 300 სერიაში ვმონაწილეობდი, ეს კი ცოტა ნამდვილად არაა. მინდა, სერიალის ახალმა მონაწილეებმა თამაში კარგად განაგრძონ.

- შემოდგომაზე, როცა გადაღება დაიწყო და გაირკვა, რომ სერიალში მონაწილეობას აღარ მიიღებდი, არ დაიბენი?

- რაღაცები დასაბნევი და შეიძლება, გულსატკენიც იყო, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც საჭირო იყო...

- თამუნა, ახლახან "თავისუფალი თეატრის" სცენაზე სპექტაკლის - "ხვალ შობაა" პრემიერა შედგა, რომელშიც მონაწილეობ. პრემიერით კმაყოფილი ხარ?

- ძალიან თბილი შემოქმედებითი ჯგუფი "შეიკრა". ისეთი სპექტაკლი დავდგით, როგორიც ქართული შობის დღესასწაულს ეკადრება. სპექტაკლში - "ხვალ შობაა", რომლის რეჟისორი - გიორგი სიხარულიძე, დრამატურგი - ქეთი პატარაია, მხატვარ-სცენოგრაფი - ვანო ხუციშვილი, ქორეოგრაფი კი გიორგი ბარბაქაძე გახლავთ, ძველი და ახალი თაობის "ჭიდილია" ასახული. მე ახალგაზრდა გოგონას როლს ვასრულებ, რომელსაც ქართული ტრადიციები არ მოსწონს და ამის გამო, უფროს თაობას ებრძვის. გოგონას "ზეამოცანაა", საქართველოდან გაემგზავროს და ამერიკაში იცხოვროს. მომწონს, ჩემგან რადიკალურად განსხვავებულ ადამიანს რომ ვასახიერებ. მსიამოვნებს, როცა ჩემი პერსონაჟი "უცხოა" და ერთმანეთთან საერთო არაფერი გვაქვს...

- არ გაქვს სურვილი, რომ ეკრანზეც მრავალფეროვანი, ერთმანეთისგან განსხვავებული პერსონაჟები განასახიერო?

- სიმართლე გითხრათ, დიდი სურვილი მაქვს დრამატული, სერიოზული როლიც შევასრულო. ჯერ ყველაფერი წინაა... თეატრში ყველანაირ ჟანრში მიწევს მუშაობა: კომედია, ტრაგიკომედია, ფსიქოლოგიური დრამა... ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სპექტაკლი "თოჯინების სახლია" (ჰენრიკ იბსენის პიესის მიხედვით). ეს გახლავთ ფსიქოლოგიური დრამა, რომელიც ვანო ხუციშვილმა დადგა. "თოჯინების სახლზე" მუშაობის პერიოდი ძალიან საინტერესო იყო, რეპეტიციები 6 თვის განმავლობაში გვქონდა.

- როგორც აღნიშნე, სპექტაკლში - "ხვალ შობაა" შენს პერსონაჟს ტრადიციები არ უყვარს. შობის დღესასწაული თავად როგორ აღნიშნე?

- ძალიან ტრადიციულად. შობა, ძველით ახალი წელი, აღდგომა, გიორგობა, თამარობა, მარიამობა ჩემს ოჯახში ყოველთვის აღინიშნება. მიყვარს, როცა კერძებს ვამზადებ და სტუმრებს ვუმასპინძლდები. ვცდილობ, დაბადების დღეც შინ გადავიხადო, მაგრამ წელს ეს ვერ მოვახერხე იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ 50 კაცს სახლში ვერ დავტევდი, ამიტომ დაბადების დღე რესტორანში აღვნიშნე... ვერ ვიტყვი, რომ შინ ჩაკეტილი და გაზქურაზე "შემომჯდარი" ვარ, მაგრამ როცა დრო მაქვს, კერძებს სიამოვნებით ვამზადებ და მეგობრებს ვუმასპინძლდები.

- სპექტაკლის პრემიერისთვის მზადებამ ახალი წლის სამზადისში ხომ არ შეგიშალა ხელი?

- საახალწლო სამზადისისთვის მართლაც, ცოტა დრო მქონდა, მაგრამ ნაძვის ხის მორთვაც მოვასწარი (დიდი, ულამაზესი ნაძვის ხე მაქვს!) და გოზინაყიც მოვამზადე - სულ რომ ფეხებით ჩამომკიდონ, ამ ტრადიციას ვერ დავარღვევ! ახალი წლის ღამეს შევეცადე, რომ დამდეგს სახლში შევხვედროდი, შემდეგ კი მეგობრებთან ერთად, რესტორანში წავედი... სხვათა შორის, დეკემბერში მე და ჩემი მეგობრები - გოგა და თათული სარეკლამო გადაღებაზე თურქეთშიც ვიყავით...

- როგორც ვიცი, თათული მეორე შვილის მოლოდინშია. ორსულს მუშაობა არ უჭირს?

- თათული ძალიან აქტიურია, ყველაფერს ახერხებს. მერწმუნეთ, ის ოჯახს და პროფესიას ერთმანეთს კარგად უთავსებს.

- ძალიან კარგი! დაბოლოს, რამის თქმა ხომ არ გინდა?

- ამას წინათ სუფრასთან სადღეგრძელო თქვეს და მკითხეს, - ვის უხდი მადლობასო? ვთქვი: მადლობას ვუხდი უფალს, რადგან ბევრი საქმე მაქვს; ასევე, ჩემს ოჯახს, დას - სოფოს და სიძეს - კოკოს; ჩემს მეგობრებს, საყვარელ ადამიანებს, პროფესიას - ჩემს ერთგულ "მეგობარს", "თავისუფალ თეატრს", რომელშიც "ვცხოვრობ" და შემოქმედებითად ვიზრდები-მეთქი...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება