უნგრელები ევროკავშირიდან გასვლას ითხოვენ. უცხოური მედიის ინფორმაციით, აღნიშნული მოთხოვნით ათეულობით ადამიანი ბუდაპეშტში, ევროკომისიის შენობასთან აქციას მართავს. მასში ოპოზიციის ლიდერებიც მონაწილეობენ.
დემონსტრანტებმა მიტინგზე რეფერენდუმის ჩატარება მოითხოვეს. აქციის მონაწილეების თქმით, რეფერენდუმის შედეგებით გაირკვევა, სურს თუ არა მოსახლეობას ევროკავშირის წევრობა.
უნგრელები მიიჩნევენ, რომ ზომები, რომელთა გატარებასაც ევროკავშირი უნგრეთს სთხოვს, ქვეყნის თავისუფლებას ზღუდავს.
პროტესტის ნიშნად აქციის მონაწილეებმა ევროკავშირის დროშაც დაწვეს.
ამავე დროს ხორვატები ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ გამოდიან. ზაგრებში ამასტან დაკავშირებით საპროტესტო აქციები იმართება. ადგილობრივი მედიის ცნობით , რამდენიმე ათასი ადამიანი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით დაგეგმილი რეფერენდუმის ჩაშლას ითხოვს, რომელიც 22 დეკემბერს უნდა შედგეს. მომიტინგეებს ხელში უჭირავთ პლაკატები, წარწერით "მე მიყვარს ხორვატია", "უთხარი არა ევროკავშირს".
ანტიევროპული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, დიანა გოლუბიჩის განცხადებით, შიშობენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ქვეყანას ვერც ეკონომიკურ კეთილდღეობას მოუტანს და ნაციონალურ იდენტობას და თვითმყოფადობასაც დააკარგვინებს.
ხორვატიის ხელისუფლება კი მიიჩნევს, რომ ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზა ევროკავშირში გაწევრიანებაა, რადგან ქვეყანაში უმუშევრობა 17%-ს, ხოლო ბიუჯეტის დეფიციტი 6,2%-ს შეადგენს.