გოგი ლევაშოვ - თუმანიშვილი "მთვარეულებს" იღებს

გოგი ლევაშოვ - თუმანიშვილი "მთვარეულებს" იღებს

რეჟისორი გოგი ლევაშოვ-თუმანიშვილი წლების განმავლობაში, ინგლისში მოღვაწეობდა, ამჟამად კი საქართველოშია და ორიგინალურ ფილმს იღებს, რომელშიც ცნობილი ქართველი და უცხოელი მსახიობების გარდა, სხვადასხვა პროფესიის ხალხი მონაწილეობს: აკადემიკოსებიც და მეძავებიც...

გოგი ლევაშოვ-თუმანიშვილი, რეჟისორი:

- დღეს მსოფლიო კატასტროფულ ვითარებაშია და ნორმალური ადამიანი ამას უნდა გრძნობდეს. საქართველო "არხეინა" ქვეყანაა. აქ ყველა ისე ცხოვრობს, როგორც თავად სურს - არსებული კატასტროფული ვითარების გამოსასწორებლად არაფერს ცდილობს. ფილმში ხანდაზმულები შევკრიბე, რადგან ჩემი აზრით, ისინი უფრო ჭკვიანები არიან, ვიდრე ახალგაზრდა ინტელექტუალები. დღეს აკადემიკოს ჯუმბერ ლომინაძეს ვესაუბრე. ისე ერთნაირად ვაზროვნებთ, რომ გავოგნდი. ბატონი ჯუმბერი ასტრონომი, მსოფლიოში ცნობილი ავტორიტეტია, მე კი ის კინორეჟისორი და მხატვარი გახლავართ, რომელმაც სკოლაში გამრავლების ტაბულა ვერ ისწავლა. სამაგიეროდ, შემეძლო შექსპირის, შოთა რუსთაველის შემოქმედება მესწავლა...

- ფილმში მის გადაღებასაც აპირებთ?

- რასაკვირველია! ის ერთ-ერთი მთავარი გმირი იქნება. ამ კაცის მოსვლამ ფილმში ბევრი რამ შეცვალა. მერწმუნეთ, იმდენი უბედურება, რაც ბოლო 10 წლის განმავლობაში მოხდა, მთელ XX საუკუნეში არ მომხდარა და Bბატონმა ჯუმბერმა ამის შესახებ საოცრად დასაბუთებულად იმსჯელა. მან ფიზიკის შესახებ გასაგებად ილაპარაკა და როცა ოთახიდან გადიოდა, დასძინა: ყველაფერთან ერთად, ძალიან კარგად ვცეკვავო. ჩავეხუტე!.. ჩვენ ღვთისგან ბოძებული ნიჭი უნდა გამოვიყენოთ და შევეცადოთ, მთელი მსოფლიო გამოვაფხიზლოთ. ქართველებმა უნდა იმღერონ, იცეკვონ, ისაუბრონ მოსალოდნელ კატასტროფებზე და ბიბლია წაიკითხონ. იქ წერია ყველაფერი ის, რაც დღეს ხდება. ფილმში ჩვენი მსახიობები სპექტაკლს ბიბლიის საფუძველზე დადგამენ.

- შემოქმედებითი ჯგუფის შეკრება არ გაგიჭირდათ? როგორც ვიცი, მსახიობების გარდა, ფილმში სხვა პროფესიის ადამიანებიც მონაწილეობენ.

- საქართველოში მსახიობური ნიჭის მქონე ადამიანების პოვნა იოლია. მაგალითად, ფილმში გადავიღებთ აკადემიკოს ნოშრევან თავხელიძეს, რომელიც ისე მღერის, როგორც ნამდვილი ოპერის მომღერალი... ფილმში ყველა საკუთარ თავს ასახიერებს. შემიძლია გითხრათ, რომ ჟანას გმირი სამხატვრო აკადემიის ყოფილი "ნატურშიცაა" - მხატვრებთან შიშველი პოზირებდა,A ახლა თეატრში დამლაგებლად მუშაობს... ფილმში სამი რეალური, ხანში შესული მეძავი თამაშობს. ამ პროფესიის ადამიანს კიდევ ვეძებთ, რადგან მეძავებს ძალიან დიდი სოციალური გამოცდილება აქვთ, შესანიშნავი ფსიქოლოგები და ამასთანავე, ძალიან არტისტულები არიან: მღერიან, ცეკვავენ... თავდაპირველად, ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფის წევრი სხვა ქალები მათ ზიზღით უყურებდნენ, ახლა ყველაფერი რიგზეა. სხვათა შორის, მეძავის როლს ერთი პროფესიონალი მსახიობიც ასრულებს.

- მეძავის პროფესია არცთუ ისე სახარბიელოა...

- სახარბიელო რატომ არაა? რეალისტები უნდა ვიყოთ! მეძაობა ერთ-ერთი უძველესი პროფესიაა. ნებისმიერ საზოგადოებაში, სადაც ბიზნესი ვითარდება, ბოზებიც საჭირონი არიან. სხვათა შორის, მათ "ასენიზატორებსაც" უწოდებენ. ისინი რომ არ იყვნენ, დანაშაულის (მკვლელობა, გაუპატიურება) რიცხვი გაიზრდება; საშინელება დატრიალდება, განსაკუთრებით ისეთ ქვეყანაში, როგორშიც ჩვენ ვცხოვრობთ.

- ფილმს რა ჰქვია?

- თავდაპირველად, "სიბრძნე სიბერისა" ერქვა, მერე ნოშრევან თავხელიძემ შემოგვთავაზა: რადგან კინოსტუდიას "მთვარის გლობუსი" ჰქვია, ფილმსაც "მთვარეულები" (ანუ რომანტიკოსები, რომლებიც მსოფლიოს გადარჩენაზე ფიქრობენ) დავარქვათო....

- ამ ფილმით რისი თქმა გინდათ?

- იულიუს ფუჩიკის ლოზუნგს მოვიშველიებ: "ადამიანებო, იყავით ფხიზლად!" ბიზნესი ვითარდება და ეკოლოგიას სპობს. შესაბამისად, კატასტროფებმა იმატა, მსოფლიო უფსკრულისკენ მიდის და უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ ვუშველოთ მას....

- ფილმის საფუძველზე შეგიძლიათ გვითხრათ, გამოსავალს რაში ხედავთ?

- ხელოვნების დანიშნულება "ფორმულის" შექმნა კი არა, საკითხის დასმაა. ჰოდა, მეც დავსვამ საკითხს, ჩემზე ჭკვიანებმა და გამოცდილებმა კი უნდა იფიქრონ იმაზე, თუ რა გააკეთონ....

- თქვენს ფილმში ცნობილი ქართველი მსახიობები რა როლს თამაშობენ?

- კახი კავსაძე ჩვენს საკმაოდ რთულ "სტრუქტურაში" ბრწყინვალედ "ჩაჯდა": თეატრიდან გაგდებული მსახიობის როლშია, რომელიც თბილისი-თელავის სამარშრუტო ტაქსის მძღოლად მუშაობს...

- რა ჰქვია სპექტაკლს, რომელსაც ფილმის გმირები დგამენ?

- თავდაპირველად, ფილმის გმირებს "ჰამლეტის" დადგმა უნდოდათ, მერე - "რომეო და ჯულიეტასი", "მეფე ლირის"... ბოლოს თქვეს: ეს ყველაფერი სისულელეა; ისეთი რაღაც დავდგათ, რაც კაცობრიობისთვის აქტუალურია, საზოგადოებას გამოაფხიზლებსო. მოკლედ, ეს საკითხი ჯერ კიდევ არ გადაგვიწყვეტია... დარწმუნებული ვარ, ფილმს ბევრი ქვეყანა იყიდის, რადგან სკანდალური იქნება. ის მოქალაქეებს გააღიზიანებს კიდეც - ადამიანებს ხომ სიმართლე არ უყვართ... ვფიქრობ, თუ გინდა, ახლობელი გადაარჩინო, მას ზუსტი დიაგნოზი უნდა დაუსვა. როცა ადამიანს ფეხის ამპუტაცია სჭირდება, მას სიმართლე უნდა გავუმხილოთ და ფეხი მოვკვეთოთ, თორემ შხამი მთელ ორგანიზმს მოედება და ავადმყოფი მოკვდება... თუკი ამ ფილმმა საზოგადოების ინტერესი არ გამოიწვია, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ ამ თემაზე ლაპარაკი ზედმეტად ადრე დავიწყე.

ნუგზარ ანდღულაძე:

- 5 წელი რუსთაველის თეატრის მსახიობი ვიყავი, მერე კი ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში ვმუშაობდი. მოგვიანებით სამხატვრო აკადემიაში, პრორექტორად (სასწავლო დარგში) გადამიყვანეს. 20 წელი ხელოვნების ისტორიისა და თეორიის კათედრის გამგე ვიყავი... ამ სიბერეში გოგი ლევაშოვ-თუმანიშვილმა დამირეკა და მითხრა: ბატონო ნუგზარ, ახალგაზრდობა და მსახიობობა უნდა გაგახსენოთ, ფილმში უნდა გადაგიღოთო. გამიგონია, - ადამიანი, რომელიც სცენის მტვერს ერთხელ ჩაყლაპავს, სცენას ვეღარ შეეშვებაო. მე კი შევეშვი, მაგრამ ის მტვერი ორგანიზმში ისე ჩამრჩა, რომ გადასაღებ მოედანზე მოსვლა გავბედე. ჩოხოსნის როლს ვასრულებ. სხვათა შორის, ჩემი გმირი და მე სეხნიები ვართ.

- სახელის გარდა, თქვენს პერსონაჟთან რა საერთო გაქვთ?

- უპირველეს ყოვლისა, ის, რომ ჩემს გმირს თავისი ქვეყანა საოცრად უყვარს, დღევანდელ ვითარებაზე წუხს... ბედნიერი კაცი ვარ, რომ ყოველთვის საოცარი ხალხის გარემოცვაში ვმუშაობდი და ახლაც ასეა - ძალიან კარგი შემოქმედებითი ჯგუფი "შეიკრა". ფილმი ფილოსოფიურად რთული და ამავე დროს, მრავალჟანრიანია. გვიხარია, რომ ბატონ გოგის ლონდონიდან ინგლისელი მსახიობები, რეჟისორები, პროდიუსერი ჩამოჰყავს და შეიძლება, ფინალური სცენები ლონდონშიც გადავიღოთ. გოგი ლევაშოვ-თუმანიშვილს Aახალგაზრდობიდან ვიცნობ, მაგრამ როგორც რეჟისორს, პირველად შევხვდი. მასთან მუშაობა სასიამოვნოა. კეთილი კაცია და იცის, თავისი საქმე როგორ წარმართოს. წარმატებას ვუსურვებ!

შოთა ჩაკვეტაძე:

- 16-17 წლის ასაკში ჯანო ბაგრატიონის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში ვცეკვავდი, მერე მუსიკაზე "გადავერთე": კონსერვატორია დავამთავრე. მოგვიანებით სოფელ მარტყოფში მუსიკალური სკოლა დავაარსე, შემდეგ ოპერაში, სოლისტად მიმიწვიეს - პენსიაზე იქიდან გავედი. გარდა ამისა, წარმატებული კომპოზიტორი ვიყავი: ჩემი არაერთი ნაწარმოები ოპერის ვარსკვლავებმა და მსახიობებმა ფილარმონიის დიდ დარბაზში, ბათუმში, ქუთაისში შეასრულეს. 3 წიგნიც გამოვეცი, რომელმაც დიდი სახელიც მომიტანა და "სახრავიც" (იღიმის). მესამე წიგნი კვლევითი ხასიათისაა, დაკარგული ავტორების შესახებ. მაგალითად, "წინწყარო" ყველას ხალხური ჰგონია. არადა, მისი ავტორი ქართლ-კახური სიმღერების დიდი მცოდნე - ვანო მჭედლიშვილი გახლავთ...

- ფილმში მონაწილეობის გამოცდილება თუ გაქვთ?

- დიახ. პირველად ლია ელიავამ ფილმში - "მზიანეთი" მიმიწვია, შემდეგ სხვადასხვა ფილმში ეპიზოდური როლები შევასრულე. ბევრ როლზე უარიც მითქვამს, რადგან საამისოდ არ მეცალა... ახლა გადაღებებზე ბატონმა გოგიმ მომიწვია. ფილმში ოპერის სოლისტს ვთამაშობ: ოპერაში "ჩემი" საიუბილეო საღამოა - საოპერო კარიერას ვასრულებ და სპექტაკლის შემოქმედებით ჯგუფს ვუერთდები, სადაც საკუთარ "ნავსაყუდელს" ვპოულობ...

ნოშრევან თავხელიძე:

- პენსიონერი ვარ. მეგობარმა ფილმში მონაწილეობა შემომთავაზა და მეც დავთანხმდი. მეცნიერის როლს ვასრულებ. გოგი ლევაშოვ-თუმანიშვილი ძალიან საინტერესო კაცია და რასაც მეუბნება, იმას ვაკეთებ.

- სამსახიობო გამოცდილება გაქვთ?

- კი. სამოქალაქო ომის დროს თბილისში ვიღაც უნგრელი რეჟისორი ჩამოვიდა, რომელმაც ფილმში - "ეს სულელი ბროწეული" მიმიწვია. გენერლის ფორმა ჩამაცვეს... ისე, ის ფილმი არც მინახავს.

ტარიელ ბერაძე:

- ხაჩატურიანის სახელობის მე-10 ხელოვნების სკოლის დირექტორი ვარ. ეს დიდი სკოლაა, რომელშიც დაახლოებით 90 პედაგოგი და 400-მდე მოსწავლეა. კონსერვატორია ფორტეპიანოს განხრით დავამთავრე. როგორც ყველა მეტ-ნაკლებად განათლებულ და კულტურულ ადამიანს, თეატრი მეც მიყვარს. მამაჩემი - კლასიკური ფილოლოგიის კათედრის გამგე - 2 სეზონის განმავლობაში, რუსთაველის თეატრის მსახიობი გახლდათ, თეატრი მისი ახალგაზრდული ჟინი იყო...

- აქამდე თუ გქონიათ შეხება თეატრთან ან კინოსთან?

- ზოგჯერ დირექტორი მსახიობიც უნდა იყო: ბავშვს ისე უნდა მოეპყრა, რომ დააინტერესო... მე-10 კლასის მოსწავლე ვიყავი, როცა სკოლაში "რობინ ჰუდი" ინგლისურ ენაზე დავდგით. ნაკითხი კაცი ვარ, თუმცა ვიცი, დღეს ამით არ ამაყობენ. კარგად მახსოვს კარლ ჩაპეკის ერთ-ერთი მოთხრობა, რომელშიც იუმორისტულ "ჭრილშია" აღწერილი, თუ როგორ იღებენ ფილმს. ჰოდა, როცა ამ ფილმში მონაწილეობა შემომთავაზეს, დავინტერესდი - ნუთუ გადასაღებ მოედანზე მართლა ისეთი სიტუაციაა, როგორიც კარლ ჩაპეკმა თავის მოთხრობაში აღწერა-მეთქი?.. თურმე მსახიობობა არც ისე ცუდად გამომდის: ყოფილი სუფლიორის როლს ვასრულებ, რომელიც 30 წელიწადის განმავლობაში, თეატრის "ბუტკაში" იყო ჩამალული და ტექსტს სხვას უკარნახებდა, ახლა კი უნდა, შემოქმედებითი ჯგუფი ჩამოაყალიბოს და რეჟისორი იყოს, საუკეთესო სპექტაკლი დადგას... რადგან მუსიკალური განათლება მაქვს, ზოგ მუსიკალურ ნომერშიც ვმონაწილეობ...

ჟანა კალატოზიანი:

- ფილმში დამლაგებლის როლს ვასრულებ, რომელიც ჯერ "ნატურშიცა" იყო, მერე - მეძავი... ფილმში ჩემი გმირი მეგობრებთან ერთად, სპექტაკლებს დგამს. მათ უნდათ, საკუთარი თეატრი ჰქონდეთ...

- ფილმში მონაწილეობის გარდა, ამჟამად რას საქმიანობთ?

- ვზივარ, ყავას ვსვამ, სიგარეტს ვაბოლებ, მერე სტუდიაში მოვდივარ... მე და ჩემი მეგობარი, არქიტექტორი ლენ ბერიძე ფილმში ერთად ვთამაშობთ. სხვათა შორის, ის ჩემთვის დაცაა, შვილიც, დედაც... მოკლედ, საუკეთესო მეგობარია!

- ერთმანეთი გადასაღებ მოედანზე გაიცანით?

- არა, სამხატვრო აკადემიაში. ჩვენ ერთმანეთთან დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს და ფილმშიც მეგობრები ვართ.

ხათუნა ბოკუჩავა:

- პროფესიონალი მსახიობი ვარ, ფილმში კი ბოზის როლს ვასრულებ. ჩემი გმირი ცხოვრებამ აიძულა, "პანელზე" გასულიყო. როცა ქალბატონ ჟანას პერსონაჟს მსახიობები დასჭირდება, თავისთან მიგვიწვევს - შემოქმედებით ჯგუფს ჩემი და ქალბატონი მაგულის გმირები უერთდებიან.

- ფილმში თქვენთვის საინტერესო როლს ასრულებთ?

- რა თქმა უნდა! სპექტაკლებსა და სერიალებში მეძავის როლში ბევრჯერ ვყოფილვარ, მაგრამ ამ ფილმში ჩემი გმირი განსხვავებულია - საოცრად გულჩათხრობილია... ცირკთან, სანაპიროსთან ბევრჯერ გამივლია და ცხადია, იქ მდგომი ახალგაზრდა მეძავი გოგონებიც დამინახავს. ჩემი აზრით, ეს საქმე არც ერთ მათგანს არ სიამოვნებს, მაგრამ იძულებული არიან, ასე მოიქცნენ, ოჯახი რომ დაღუპვისგან იხსნან. ვფიქრობ, დასაფასებელი ადამიანები არიან. ბოლოს და ბოლოს, პროფესიით არავინ იბადება...

მაგული ჩერქეზიშვილი:

- მსახიობის ამპლუაში პირველად ვარ, სხვადასხვა ეპიზოდში ვთამაშობ. პროფესიით ფეიქარი გახლავართ, მაგრამ ამჟამად, ჩემი საქმით არ ვარ დაკავებული...

ნონა ღამბაშიძე, ფილმის რედაქტორი:

- დოკუმენტური ფილმების კინოსტუდიის მთავარი რედაქტორი ვარ. სამწუხაროდ, დაფინანსების უქონლობის გამო, ფილმს იშვიათად ვიღებთ. გამიხარდა, როცა ჩემმა ბავშვობის მეგობარმა - გოგი ლევაშოვ-თუმანიშვილმა ფილმზე სამუშაოდ მიმიწვია. გამორჩეულად უცნაურმა თემამ განსაკუთრებულად დამაინტერესა - ახლა ასეთ ფილმებს არ იღებენ, მაგრამ გოგისგან არ გამკვირვებია: ის ყოველთვის ორიგინალურად აზროვნებს, რაც მის ყველა ნამუშევარს (მაგალითად, "ათოვდა ზამთრის ბაღებს", დოკუმენტური ფილმი - "პრემიერა", ზესტაფონის სახალხო თეატრის შესახებ) ეტყობა კიდეც...

25 წელია, ბატონი გოგი ინგლისში მოღვაწეობს. სწორედ იქ გადაიღო "ბედიანი", რომელშიც ზურა ყიფშიძე და ტიმ პიგოტ სმიტი თამაშობენ. ტიმ პიგოტ სმიტი და სხვა ცნობილი უცხოელი მსახიობები - როჯერ ლოიდ პეკი, ენ ფერბენქსი, ბილ მაკკალისტერი, პროდიუსერი დევიდ როუზი - "მთვარეულებშიც" ითამაშებენ. მოგეხსენებათ, მათი მოწვევა დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, მაგრამ ამ მსახიობებს არაფერი უნდათ, ოღონდ კი გოგი ლევაშოვ-თუმანიშვილის ფილმში მიიღონ მონაწილეობა. ბატონ გოგის, როგორც ნიჭიერ ადამიანს, ყველა ენდობა. მისი ღირსება მხოლოდ ნიჭიერება არაა: ცდილობს, ყველას დაეხმაროს. მაგალითად, როცა მღებავი აბო (რომელიც "მთვარეულებშიც" მონაწილეობს) თაღლითობის მსხვერპლი გახდა და სახლიდან უსამართლოდ გამოაგდეს, მას გოგიმ ბინა უქირავა... გარდა ამისა, შიმშილით სიკვდილს ფილმში მონაწილე ბევრი ადამიანი გადაარჩინა.

დღეს ქართულ კინემატოგრაფში მდარე ხარისხის პროდუქცია იქმნება: ხელში კამერას დაიჭერენ და ჰგონიათ, რომ გადაღება იციან. სინამდვილეში კი არც გადაღება იციან, არც - რეჟისურა. საუბედუროდ, ასეთ ხალხს აფინანსებენ... დარწმუნებული ვარ, ჩვენი ფილმით ბევრი დაინტერესდება, განსაკუთრებით - ეროვნული კინოცენტრი, რომელსაც სათავეში ნიჭიერი მენეჯერი - თამარ ტატიშვილი უდგას და ბევრ კარგ საქმეს აკეთებს.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება