რუბრიკის სტუმარია მსახიობი ნატო გაგნიძე, რომელმაც 2000 წელს დაამთავრა თეატრალური ინსტიტუტი, მუშაობდა მეტეხის თეატრში. დღეს ნატო ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში ტელესერიალებს ახმოვანებს, ხოლო სერიალში "გოგონა გარეუბნიდან" ლიკას როლს თამაშობს:
- ძალიან რეალისტი ვარ. მიმაჩნია, რომ ეს კარგია, თუმცა ცუდი არ იქნება, რომ ცოტა მეოცნებე, ცოტა ფანტაზიორი ვიყო.
- ამბობენ, რომ ტელესერიალი "გოგონა გარეუბნიდან" ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელმა რუსკა მაყაშვილმა დატოვა...
- ზუსტად არ ვიცი. დაველოდოთ ახალ სეზონს, რომელიც, სავარაუდოდ, თებერვლის დასაწყისიდან განახლდება და შემდეგ გაირკვევა, ვინ იქნება სერიალში და ვინ - არა.
- რომელიმე ცნობილ ადამიანს თუ გამსგავსებენ?
- მამსგავსებენ ცნობილ მსახიობ ჟულიეტ ბინოშს, თუმცა მე მსგავსებას ვერ ვხედავ. არ მსიამოვნებს, როდესაც ვინმეს მამსგავსებენ, რადგან მიმაჩნია, რომ ადამიანი ინდივიდია როგორც გარეგნობით, ასევე შინაგანად.
- ახალ წელს სანტა კლაუსის ფორმაში გამოწყობილი მიხეილ სააკაშვილი შინ რომ მოგდგომოდა, როგორი რეაქცია გექნებოდა?
- ძალიან ბევრს ვიცინებდი. მას წარმატებულ წელს ვუსურვებდი. ისე, ახალ წელს საკმაოდ ხალისიანად შევხვდი, მიყვარს ეს დღესასწაული, მაგრამ წლების მატებასთან ერთად ჩემთვის ახალი წელი ნელ-ნელა უფერულდება.
- წარმოიდგინე, გირეკავს ჰოლივუდის რომელიმე წამყვანი რეჟისორი და გამტკიცებს ფილმზე, რომელშიც პარტნიორობას ბრედ პიტი გაგიწევს, რას ეტყოდი?
- ბრედ პიტი? ეს უკვე საინტერესოა (იცინის). ისე კი, როდესაც სახელგანთქმული რეჟისორი ასეთ წინადადებას შემოგთავაზებს, პარტნიორს რა მნიშვნელობა აქვს? მსახიობებიდან გამორჩეულად რობერტ დაუნი უმცროსი, შონ პენი, მერილ სტრიპი და ჟულიეტ ბინოში მომწონს.
- შენს გმირს, ლიკას თუ ჰგავხარ?
- არა. ძალიან ხშირად არ ვეთანხმები ჩემი გმირის გადაწყვეტილებებს.
- სერენადა თუ უმღერიათ შენთვის?
- დიახ, რაც ძალიან სახალისოდ და სასიამოვნოდ აღვიქვი. ისე, მთავარია, ვინ გიმღერებს სერენადას, თუ ის, ვინც გიყვარს, ძალიან სასიამოვნოა.
- წარმოიდგინე, განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი მოადგა შენს ფანჯრებს და გიმღერის სერენადას...
- მოულოდნელობისგან ჯერ გამეცინება, მერე კი შაშკინს გადავძახებ, მეტი საქმე არ გაქვს-მეთქი?
- ნატო, დიდი ხანია, რაც უცხოურ ტელესერიალებს ახმოვანებ...
- ოოო, დამიჯერებთ, რომ ჩემ მიერ გახმოვანებული ტელესერიალების შინაარსიც არ ვიცი? არც ერთი ტელესერიალი არ მინახავს, მით უმეტეს, ჩემ მიერ გახმოვანებული.
- როგორი რეაქცია გექნება ანონიმურ წერილზე, რომელშიც გატყობინებენ, რომ საყვარელი ადამიანი გღალატობს...
- ძალიან გავბრაზდები და მეწყინება. აუცილებლად გავარკვევ. საერთოდ, ჭორებს ადვილად არ ვიჯერებ, მაგრამ როდესაც ერთსა და იმავე ამბავს რამდენიმე ადამიანისგან შევიტყობ, უკვე დამაჯერებლად მეჩვენება.
- წარმოიდგინე, დაგიბარა საქართველოს პრეზიდენტმა და სოფლის მეურნეობის მინისტრად დაგნიშნა...
- აზრზე არ ვარ, რა ხდება სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ამიტომ მოვითხოვ ამიხსნას, რატომ გადაწყვიტა მინისტრად ჩემი დანიშვნა. თუ ამ ყველაფერს დამიკონკრეტებს, იქნებ მართლა მიხილოთ სოფლის მეურნეობის მინისტრად (იცინის). სიმართლე გითხრათ, მინისტრობა არ მინდა, რადგან მაქვს ჩემი საქმე და მსურს, ის ვაკეთო.
- წარმოიდგინე, მიმდინარეობს ერთ-ერთი სერიის გადაღება ტელესერიალისა "გოგონა გარეუბნიდან", სადაც შენი თაყვანისმცემლების რიცხვს რეჟისორები კახა ბენდუქიძესაც "მიამატებენ" ისე, რომ შენ არაფერი იცი. როგორი რეაქცია გექნება?
- ბენდუქიძეს ვეტყოდი, შენი გადაცემა "შეგირდი", რომელიც ასევე ტელეკომპანია "იმედზე" გადიოდა, დიდი ხნის წინ დასრულდა და პავილიონი შეგეშალა-მეთქი.
- რას აჩუქებდი საქართველოს პრეზიდენტს?
- ამაზე არ მიფიქრია და ამიტომაც - არაფერს.
ფსიქოლოგის დასკვნა
მარიამ ღონღაძე, ფსიქოლოგი: - რეალისტი, გაწონასწორებული, მიზანდასახული და თვითკრიტიკული ადამიანია. ერთგულებას ძალიან აფასებს.
ნინო მაისურაძე
![]()
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)