მომღერალი ქეთათო ჩარკვიანი მიიჩნევს, რომ ბედნიერებაც და უბედურებაც ადამიანის ხელშია. ამბობს, რომ გადაწყვეტილებას ყოველთვის დამოუკიდებლად იღებდა; რომ მის საქმეში მშობლები უხეშად არასდროს ერეოდნენ და ყოველთვის ყველაფრის უფლებას აძლევდნენ. აქვე გეტყვით: თურმე, წლების წინ მომღერალი "მოძველბიჭო" ტიპებსაც არ არიდებდა თავს და მეგობრების გამო, მათ უპირისპირდებოდა კიდეც.
- ჩემთვის თინეიჯერობა სილაღესთან, თავისუფლებასთან ასოცირდება. ამ დროს ადამიანის ტვინი ღრუბელივითაა და ყველაფერს იოლად ისრუტავს. ასე მგონია, ყველა ზრდასრულ ადამიანს აქვს თინეიჯერობის პერიოდის ნოსტალგია.
- პირადად შენ, ყველაზე მეტად რა გენატრება?
- იცი, რა, მოზარდი უფრო მეტად თამამი ხარ. ამ ასაკში პიროვნებად ყალიბდები, აკეთებ პროფესიულ არჩევანს და რაც მთავარია, თინეიჯერს ყველაფერი, მათ შორის, შეცდომაც კი გეპატიება; მერე, როცა "დაღვინდები", უფრო მეტი პასუხისმგებლობა გეკისრება. ჰოდა, ამიტომაც, ვიდრე დროა, სილაღე, მეგობრებთან ურთიერთობა არ უნდა მოიკლო. მერწმუნეთ, თავისუფლებაზე კარგი არაფერია.
- შენ რისი გაკეთება ვერ მოახერხე თინეიჯერობის წლებში და რამეზე ხომ არ გწყდება გული?
- მე არ ვარ ის ადამიანი, რომელსაც წარსულზე დასწყდება გული. მთავარია, რაღაც გულით მინდოდეს და ყოველთვის ყველაფერს ვახერხებ. ბავშვობიდანვე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდი მუსიკას - ეს ჩემი სულიერი საზრდოა და ამიტომაც, ვიდრე სახლიდან გავიდოდი, საყვარელ სიმღერას ვუსმენდი ხოლმე.
- ბავშვობის მერე ალბათ, მუსიკალური გემოვნებაც შეგეცვალა...
- რა თქმა უნდა, მაგრამ არის მუსიკალური ჟანრი, რომელიც ძველებურად მომწონს. იცი, მოზარდები უფრო დაუნდობლები არიან და იმ ასაკში მეც საკმაოდ ირონიულად ვუყურებდი მათ, ვინც უგემოვნო მუსიკას "აკეთებდა" ან უსმენდა. განსაკუთრებით არ მომწონდა სოული (ოღონდ, პოპმუსიკას კი არა, პაპსას ვგულისხმობ), რომელიც მხოლოდ ერთ სეზონზეა გათვლილი; მდარე ხარისხის მუსიკა ყოველთვის მაღიზიანებდა და მას, ვინც ჩემს გემოვნებაში არ "ჯდებოდა", თამამად ვაქილიკებდი. თინეიჯერობის ასაკში ბევრად პრინციპული ხარ. ზუსტად იცი, რა მოგწონს და ხელმძღვანელობ პრინციპით: ვინც ჩემთან ერთად არაა, ის ჩემი მტერია... ახლა, როცა ზრდასრული ვარ, გაგებით ვეკიდები ყველაფერს, ვითვალისწინებ ადამიანის "ბეგრაუნდს". ახლა მესმის, რომ ბევრს არა აქვს მოთხოვნილება, მთები გადადგას, მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ ასეთი მოთხოვნილება მიზარდობის ასაკში აუცილებლად უნდა გქონდეს. თინეიჯერი ყოველთვის უფრო მეტად რისკიანია... მაგრამ მოზარდსაც გააჩნია - ზოგი ასაკით პატარა, მაგრამ შინაგანადაა ბებერი. მასთან ურთიერთობისას ადამიანს გრჩება შთაბეჭდილება, რომ მუმიას ეკონტაქტები.
- სანტერესოა, შენი თაობის თინეიჯერები როგორ ერთობოდნენ?
- მახსოვს, კინოსახლში ფილმების საყურებლად მივდიოდი, კონცერტებს, სპექტაკლებს (იშვიათად, მაგრამ მაინც) ვესწრებოდი. ქორეოგრაფიულ სკოლაში ვსწავლობდი და კულტურასთან შეხება ყოველთვის მქონდა, რამაც ჩემზე უდიდესი გავლენა მოახდინა... სხვათა შორის, ყოველთვის მქონდა იმის საშუალება, რომ არჩევანი დამოუკიდებლად გამეკეთებინა, მშობლები ჩემს აზრს პატივს სცემდნენ და ჩემს საქმეებში უხეშად არასდროს ერეოდნენ. არიან მოზარდები, რომლებსაც ვიღაცის დამხარების იმედი აქვთ, მე კი ყოველთვის ვამბობდი, რომ ადამიანს პირველ რიგში, საკუთარი თავის იმედი უნდა ჰქონდეს. ბედნიერებაა, როცა შენი თავის ბატონ-პატრონი ხარ! თინეიჯერობისას დამოუკიდებლობის გრძნობა გამძაფრებულად გაქვს და მერე, წლების შემდეგ ცხოვრებამ თუ არ მოგდრიკა, არ დაგაჩოქა, ბევრს მიაღწევ, მაგრამ სამწუხაროდ, რაღაც მიზეზების გამო ბევრი იჩაგრება; პრობლემებს ვერ უმკლავდებიან და ასეთი ადამიანების უმეტესობა ბოროტდება კიდეც.
- ქეთათო, ბედნიერი ხარ?
- რა თქმა უნდა! თუ ცოცხალი ხარ და საკუთარ თავს ფლობ, ეს იმას ნიშნავს, რომ ბედნიერება შენს ხელთაა. შეიძლება ცხოვრებაში ბევრი პრობლემა შეგექმნას არა მარტო მორალური, არამედ მატერიალური თვალსაზრისითაც, მაგრამ უნდა ეცადო, ამ ყველაფერს ღირსეულად გაუმკლავდე. როცა ცუდად ხარ, აუცილებლად უნდა იფიქრო იმაზე, რომ ოდესმე შენს ცხოვრებაში კარგი პერიოდიც დადგება. ნოსტალგია რომ მომაწვება, შეიძლება, ვიტირო კიდეც, მაგრამ მერწმუნეთ, მე ამ დროსაც ბედნიერი ვარ. ვფიქრობ, როცა ნოსტალგია გაქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ვიღაც გენატრება. ჰოდა, თუ ამ ცხოვრებაში უკვე შეხვდი ისეთ ადამიანს, რომლის გამოც ცრემლს ღვრი, ეგეც ბედნიერებაა. შეიძლება ის ვიღაც შენ გვერდით აღარაა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ოდესღაც შეგხვდა. მართალია, ეკლესიაში ხშირად არ დავდივარ, მაგრამ ვიცი, რომ დიდი ცოდვაა, როცა ადამიანი საკუთარ ბედ-იღბალს უჩივის.
- შენ მითხარი, რომ ყოველთვის გქონდა სულიერი საზრდო. არიან მოზარდები, რომლებიც თეატრსა თუ კინოთეატრებში სიარულის სიამოვნებას მოკლებულები არიან, ვერ უსმენენ ე.წ. გემოვნებიან მუსიკას მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ინფორმაციას მხოლოდ ტელეეკრანიდან იღებენ, ქართულ ტელესივრცეში კი მოგეხსენება, ძირითადად, სერიალებს "ატრიალებენ"...
- ვაჟა-ფშაველაც რაიონიდან იყო და მასზეც შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ის სულიერ საზრდოს მოკლებული გახლდათ... სინამდვილში, ამ მწერალმა ხომ შედევრები შექმნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ზოგისთვის ბუნებასთან სიახლოვეც კი სულიერი საზრდოა... იგივე ტელევიზიის მეშვეობით, ჩემი 8 წლის გოგონა ბევრ ინფორმაცის იღებს - ძირითადად შემეცნებით, არაქართულ გადაცემებს უყურებს...
- თინეიჯერობის ასაკში ბევრ გოგონას "ძველბიჭური" ტიპები მოსწონს...
- ამ მხრივ ნამდვილად გამონაკლისი ვიყავი. ყოველთვის საინტერესო ადამიანები მომწონდა, "ძველი ბიჭები" კი ჩემთვის საინტერესოები არასდროს იყვნენ. მერწმუნეთ, კაცობა ღრიალსა და ყვირილში არ გამოიხატება. ასეთ ბიჭებს იარაღი რომ მიუშვირო, შეიძლება, პირველებმა ჩაისვარონ, მე კი სულიერად ძლიერი ადამიანები მომწონდა... ბევრ ჩემს მეგობარ ბიჭს საყურე ეკეთა და განსხვავებული იმიჯის გამო, ისინი ვიღაცებს არ მოსწონდათ. არაერთხელ ყოფილა მომენტი, როცა "მოძველბიჭო" ტიპები მათ დაჩაგვრას ცდილობდნენ და ამ ჩხუბში ბევრჯერ ჩავრეულვარ. მახსოვს, ერთხელ ჩემი მეგობრები ვიღაცებმა აიძულეს, ტროლეიბუსიდან ჩასულიყვნენ.
მე ტრანსპორტიდან არ ჩავედი და როცა იმ ბიჭების პირისპირ მარტო აღმოვჩნდი, მათ ვუთხარი: აბა, ერთი თვალებში შემომხედეთ; კაცობას ბეჭდებისა და რაღაც აქსესუარების მიხედვით რომ საზღვრავთ, ამის მერე რა კაცობაზე დებთ თავს-მეთქი? გაოგნდნენ: ასეთი გოგო იმ ბიჭებთან როგორ მეგობრობ, მათთან რა საერთოს პოულობო? ვუპასუხე: ვისთან რა მაკავშირებს, ეგ მე ვიცი და თქვენ თუ იცით, ამ ცხოვრებისგან რა გინდათ-მეთქი?.. ასეთ უგვანო ტიპებს ერთი-ორჯერ რომ დაველაპარაკე, თვალები გაუნათდათ და მიხვდნენ, რომ აქსესუარები არაფერს ნიშნავს, რომ განსხვავებული იმიჯის მქონე ადამიანებთან მეგობრობა იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად მშიშარა იქნები. ისე, ზოგიერთთან ლაპარაკი არ ჭრიდა და ამ დროს, ბიჭებს შორის მუშტი-კრივიც არაერთხელ გამართულა.
- გოგონები სიტუაციის განმუხტვას არ ცდილობდით?
- ძალადობისკენ არავის მოვუწოდებ, მაგრამ ისიც ვიცი, რომ თუ სახლში შეიარაღებული ადამიანები შემოგიცვივდებიან, უმოქმედოდ არ უნდა დაჯდე; ხელს თუ არ გაანძრევ, დაგჩაგრავენ...
- შენი მეგობრები იარაღს ატარებდნენ?
- სხვათა შორის, ბავშვობიდან ასაკით უფროსებთან ვმეგობრობდი, თანატოლებთან - ნაკლებად, პატარებს კი ვერ ვუგებდი. ჩემი მეგობრები იარაღს ატარებდნენ და ალბათ ამიტომაც, მათი დიდი ნაწილი ცოცხალი აღარაა. ვფიქრობ, მოზარდმა არც ცივი და მით უმეტეს, არც ცეცხლსასროლი იარაღი უნდა ატაროს, თუნდაც - თავდაცვის მიზნით.
- ხშირად გოგონები მეგობარ ბიჭებს დათვურ სამსახურს უწევენ და მათ იარაღს ინახავენ...
- მსგავსი რამ არ მახსენდება, მაგრამ 19 წლის ასაკში ერთი-ორჯერ მეც ჩავიდე დანა ჩანთაში. ოღონდ, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რად მინდოდა...
- ქეთათო, თანატოლებისგან რით გამოირჩეოდი?
- პირველ რიგში, დედის მიერ შერქმეული უცნაური სახელით - მე ხომ ქეთათო მქვია (იღიმის). რა ვიცი, სხვა რა გითხრათ, საკუთარ თავს და გამორჩეულობაზე ლაპარაკი უხერხულია.
- შენი მეგობარი ბიჭები თავიანთი იმიჯით იქცევდნენ ხალხის ყურადღებას. თავად, რის გამო ხვდებოდი ყურადღების ცენტრში?
- ხშირად ვიცვლიდი თმის ფერს, ვისვამდი წითელ პომადას და ა.შ.
- სკოლის მოსწავლეს პედაგოგები ამის უფლებას გაძლევდნენ?
- ჩემთან შეგონებები და აკრძალვები არ ჭრიდა - ეს იცოდნენ და არაფერს მეუბნებოდნენ.
- შენი იმიჯის გამო უკმაყოფილებას მშობლებიც არ გამოთქვამდნენ?
- არა და საერთოდაც, სისულელეა, როცა ადამიანს რაღაცას უკრძალავენ. მერწმუნეთ, აკრძალვით ვერავინ ვერაფერს მიაღწევს, უფრო მეტიც - აკრძალული ხილი უფრო გემრიელია.
- კი, მაგრამ ყველა მშობელი ასე ნამდვილად არ ფიქრობს...
- მე ამ მხრივ გამიმართლა - შეგნებული მშობლები მყავდა.
- ისინი ყველაფრის უფლებას გაძლევდნენ თუ იყო ისეთი რაღაცები, რისი გაკეთებაც არ შეგეძლო?..
- არა, ნამდვილად არაფერს მიკრძალავდნენ! დედას მხოლოდ იმას ვეკითხებოდი, ესა თუ ის ტანსაცმელი მიხდება თუ არა-მეთქი? მერე ამ საკითხთან დაკავშირებით რჩევას ირაკლის ვეკითხებოდი... მოკლედ, მოზარდისთვის რაღაცის აკრძალვა კარგს არაფერს მოგვიტანს. ჯობია, ბავშვმა თავად განსაზღვროს, რისი გაკეთება შეიძლება და რისი - არა.
- და საკუთარ შეცდომებზე ისწავლოს, არა?
- თეორიულად ყველამ ბევრი რაღაც ვიცით, მაგრამ ამ ყველაფერს პრაქტიკაში არ ვიყენებთ და შესაბამისად, გამოდის, რომ ცოდნა არაფერში გვეხმარება. ალბათ სულელები ვართ, სხვის გამოცდილებას პრაქტიკაში რომ არ ვიყენებთ. ხომ გაგიგონიათ: უტვინოები საკუთარ შეცდომებზე სწავლობენ, ჭკვიანები - სხვისაზეო...
- რა არის საჭირო იმისთვის, რომ მშობლებმა და შვილმა იმეგობრონ?
- სიყვარული და ნდობა!
- შენი გოგონა - ნანა ჯერ პატარაა, მაგრამ მაინც, მასთან მეგობრობას თუ ცდილობ?
- მერწმუნეთ, ის ჩემი მეგობარია; ნანა ის ადამიანია, ვის აზრსაც მართლა ვითვალისწინებ...
- ქეთათო, როგორი მოსწავლე იყავი?
- კარგი, მაგრამ იყო საკითხები, რომელთა სწავლაზეც პრინციპულად ვამბობდი უარს. მასწავლებლებმაც იცოდნენ, როგორც უნდა დაეძალებინათ, იმ რაღაცას არ ვისწავლდი. სამაგიეროდ, იყვნენ მწერლები, მაგალითად, გალაკტიონი და ვაჟა, რომელთა შემოქმედება ლამის ზეპირად ვიცოდი...
- ალბათ, "შატალოზეც" დადიოდი...
- "შატალოზე" დავდიოდი კი არა, ძირითადად, ამ ყველაფრის წამომწყები, ბუნტისთავი მე ვიყავი.
- და სად მიდიოდით ხოლმე, როგორ ერთობოდით?
- მივდიოდით ე.წ. არტოს ბაღში, კაფე-ბარ "გირჩებში", დავძვრებოდით სახლის სახურავებზე, ვაწყობდით ფართებს, სადაც თითქმის ერთნაირად მოაზროვნე, სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები ვიკრიბებოდით და ვუსმენდით მუსიკას, ვლაპარაკობდით, ერთმანეთს ახალ საინტერესო ინფორმაციებს ვაწვდიდით...
- საინტერესოა, ვისი ფანი იყავი?
- შეიძლება ითქვას, რომ "როკსტარების" ფანი ვიყავი, მაგალითად - ჯონ ლენონის, ჯიმი მორისონის, ფრედი მერკურის, დევიდ ბოუის.
- და შენი ფანობა რაში გამოიხატებოდა?
- მათ მუსიკას ვუსმენდი და პლაკატებს ვაგროვებდი - ჩემი ოთახი უცხოელი მომღერლების სურათებით მქონდა აჭრელებული... მახსოვს, ერთხელ ვიღაცამ მითხრა: ვიღაც კაცი პლაკატებს ჩუმად ყიდისო. ჰოდა, მათ შესაძენად რაღაც უცნაურ უბანში, სრულიად მარტო წავედი და იმ დღეს ლამის დავიკარგე კიდეც.
- ამბობენ, - როკერები და რეპერები ერთმანეთს ვერ იტანენო. თქვენს შემთხვევაში როგორ იყო?
- იმ ბიჭებს, რომლებსაც შავი ქურთუკები, რაღაც სასაცილო ტანისამოსი ეცვათ, რომლებიც სასაცილო მანქანებში ისხდნენ და 2პაც-ს უსმენდნენ, ნამდვილად ვერ ვიტანდი; მაღიზიანებდა 2PAC-ისა და სნუპის მუსიკა, მაგრამ როცა "დავღვინდი", მივხვდი, რომ რეპს ორივე კარგად ასრულებს, ამ ჟანრში ძალიან მაგრები არიან. მე უბრალოდ, იმ ადამიანების მენტალობა მაღიზიანებდა, რომლებიც მხოლოდ რეპს უსმენდნენ. მათზე ვფიქრობდი, რომ ნაადრევად დაბერებული ახალგაზრდები იყვნენ.
- საინტერესოა, იმ ადამიანებზე რას ფიქრობ, ვინც საკმაოდ ზრდასრულ ასაკშიც კი სულით თინეიჯერია?
- ყველა ასაკს თავისებური შარმი აქვს და ადამიანმა ზომიერების გრძნობა არ უნდა დაკარგო. რაც მთავარია, სასაცილო არ უნდა გახდე!
- როგორც ვიცი, თავის დროზე მომავალი მეუღლის, ირაკლი ჩარკვიანის ფანიც იყავი...
- კი, ასეა! ირაკლი ყოველთვის მომწონდა. ის რაღაც სხვანაირი, ყველასგან გამორჩეული, ძალიან ჭკვიანი, საოცარი აზროვნების მქონე და საინტერესო პიროვნება იყო. ერთადერთი ნათელი წერტილი გახლდათ საქართველოში. ბედნიერი ვარ, რომ ასეთ ადამიანთან მქონდა ურთიერთობა.
- ირაკლი სად გაიცანი?
- მის ბინაში, სადაც მეგობრებთან ერთად ავედი - მაშინ ასე ვთქვათ, მოდაშიც კი იყო სახლებში სიარული და ჩაის სმა. სხვათა შორის, ირაკლის მიმართ ინტერესი თავიდანვე გამიჩნდა. ერთი დანახვით მიხვდი, რომ ძალიან კარგი, საოცრად "ღრმა" პიროვნება იყო. ჩვენ 10 წელი ვიცხოვრეთ ერთად და მერწმუნეთ, მთელი ამ დროის განმავლობაში მისდამი ინტერესი წუთითაც არ გამნელებია. მართალია, ასაკი ემატებოდა, მაგრამ ბოლომდე თინეიჯერული სული ჰქონდა. მასთან ურთიერთობა გარდა სასიამოვნოსი, ერთგვარი ახალგაზრდობის ელექსირიც კი იყო...
- 19 იანვარს ნათლისღების დღესასწაულს ვიზეიმებთ. ვინ არიან შენი ნათლია-ნათლულები?
- ნათლულები არ მყავს. ჩემი ნათლიები დები - თამრიკო და ლალი არიან. ისინი ძალიან მიყვარს და მათთან დღემდე საოცრად თბილი ურთიერთობა მაქვს. ახლა ვერ ვახერხებთ, მაგრამ ბავშვობაში ნათლიებს ტაძარში, წირვაზე დასასწრებად ხშირად დავყავდი და სხვათა შორის, "დიდ მარხვასაც" ვიცავდი ხოლმე. ჩემი ნათლიები ძალიან ეკლესიურები არიან. ახლა დატვირთული დღის რეჟიმის გამო, მათთან მხოლოდ სტუმრად თუ მივალ... რაც შეეხება ჩემს ქალიშვილს, მისი ნათლია თამრიკო ხუბულურია. ნათლიას ნანა ძალიან უყვარს და ხშირად დაჰყავს ეკლესიაში, ზიარებაზე.
- დაბოლოს, რას ურჩევ მოზარდებს?
- მათ ვერაფერს ვურჩევ, საკუთარ თავს ამის უფლებას ვერ მივცემ... მხოლოდ ერთს ვიტყვი: თინეიჯერები უნდა შეეცადონ, რომ ეს ასაკი ცოდნის მისაღებად, მაქსიმალურად გამოიყენონ. ბევრი ინფორმაცია უნდა დააგროვონ და მერე ეს ყველაფერი მათი ცხოვრების შემდგომ ეტაპზე დადებითად აისახება. იყვნენ მაქსიმალურად ლაღები და ნურაფერზე დაიბოღმებიან.
ლიკა ქაჯაია
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)