სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2012 წლის საგაზაფხულო გაწვევა, 23 იანვრიდან დაიწყო. პრეზიდენტის ბრძანებულებით, მოქალაქეთა გაწვევა 23 იანვრიდან 2012 წლის 30 ივნისამდე უნდა განხორციელდეს.
ამავე ბრძანებულების მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ გასამხედროებულ დანაყოფებში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა განისაზღვრა 1300 წვევამდელით.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვის სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა - 650 წვევამდელით, ხოლო თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა - 2397 წვევამდელით.
აღნიშნული უწყებების მიერ გაწვეულ იქნებიან 18-დან 27 წლამდე ასაკის ის მოქალაქეები, რომლებსაც არა აქვთ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების ან მისი გადავადების უფლება.
18-დან 27 წლამდე ასაკის გასაწვევი მოქალაქეები, ვალდებულნი არიან გამოცხადდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამის სამსახურში (საცხოვრებელი) რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.
ამასთან, უახლოესი 10 დღის ვადაში განისაზღვრება ის სამედიცინო დაწესებულებები, რომლებშიც გაიგზავნებიან წვევამდელები დამატებითი სამედიცინო გამოკვლევისთვის.
მოქალაქეთა მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდა კი, განხორციელდება გაწვევის მთლიან პერიოდში, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის უწყების მიღებიდან 10 დღის ვადაში.
ბრძანებულების მიხედვითვე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა, აღმოუჩინოს დახმარება ადგილებზე - ადგილობრივი თვითმმართველობის, ხოლო ქალაქ თბილისში - რაიონის შესაბამის ორგანოებს იმ წვევამდელთა მოძებნასა და გამწვევ კომისიაზე გამოცხადებაში, რომლებიც თავს არიდებენ სამხედრო სავალდებულო სამსახურს.
სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის პროცესის კოორდინაცია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კომპეტენციაა.