სალომე გოგიაშვილს იანვრიდან დილის გადაცემა უნდა წაეყვანა "იმედის" ეთერში. ერთ-ერთ საიტზე გავრცელდა ინფორმაცია, სალომე გადაცემის წამყვანი იმიტომ ვერ გახდა, რომ ბერა ივანიშვილთან მეგობრობსო. სალომე ამბობს, რომ ურჩევნია, ამ ეტაპზე ტელევიზიაში არ იმუშაოს, ვიდრე ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან ურთიერთობაზე თქვას უარი. ბიზნესმენთან სალომეს ოჯახი თურმე ჯერ კიდევ მაშინ ახლობლობდა, როცა ის რუსეთში ცხოვრობდა. ახლახან სალომე გოგიაშვილი მესამედ დაოჯახდა. მისი რჩეული გეგა ფალავანდიშვილის მომავალი მეუღლის რუსკა გამყრელიძის ყოფილი ქმარია.
რატომ შურდა მშობლების
- სალომე, გაგვაცანი, ვინ არიან შენი მშობლები.
- დედა, თიკო გოგნიაშვილი პროფესიით ისტორიკოსია. ახალგაზრდობაში მუშაობდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მე გამაჩინა, აღარ უმუშავია. დიასახლისია. ძირითადად ჩემს გაზრდაზე მუშაობს. მამა, დათო გოგიაშვილი, "ქართულ ხმებში" მღეროდა.
- როგორ გაიცნეს და როგორ შეუყვარდათ მშობლებს ერთმანეთი?
- მამა ამ ამბავს ხშირად მიყვებოდა. ის ძალიან პოპულარული იყო გოგონებში. ახლაც ასეა, როცა სიმპათიური ბიჭი მღერის, პოპულარული ხდება. თურმე სადაც მამა მიდიოდა, სულ ყურადღების ცენტრში ხვდებოდა. ძალიან განებივრებული იყო. ერთ დღეს მეგობარმა გააცნო ვინმე თიკო. მამა იმასაც კი ჰყვებოდა, რა ეცვა მაშინ დედას და ღიმილით იხსენებდა, რომ კიკინები ჰქონდაო. თან დედა, ჩემგან განსხვავებით, ძალიან მშვიდი და გაწონასწორებულია. მამას დედა პირველი დანახვისთანავე მოსწონებია. მერე მათ შორის ფლირტი დაწყებულა. მამა ამბობდა, როცა მივხვდი, რომ ჩვენი ურთიერთობა ქორწილით უნდა გაგრძელებულიყო, მოვიტაცეო. მაგრამ ცხენით არ გაუტაცია (იცინის). მანქანაში ჩაუსვამს და უთქვამს, ხინკლის საჭმელად წავიდეთო. დედა ძალიან მიამიტი იყო. სამი საათის მერე უკითხავს, ხინკლის საჭმელად არ მივდივართო? მამას უთქვამს, ხინკლის ჭამა გადაიდო, დღეიდან ჩემი ცოლი ხარო.
ყველაფერი ამ ფოტოთი დაგვირგვინდა. მშობლები 15 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ ბედნიერად. მამას თვეობით უწევდა გასტროლებზე ყოფნა და დედას სულ ვეკითხებოდი, როგორ შეგეძლო, არ გეეჭვიანა-მეთქი. მამა ხან საფრანგეთში იყო, ხან ესპანეთში. როგორც ჩანს, ადრე განსხვავებული სიყვარული იცოდნენ. ყველას ცხოვრებაში არის რაღაც პრობლემები, მაგრამ დედას და მამას ყოველთვის განსხვავებული ურთიერთობა ჰქონდათ. მამა სიცოცხლის ბოლომდე ამბობდა, ჩემს თიკუნაზე მეტად არავინ შემიყვარდებაო. ვგრძნობდი კიდეც, რომ მამას ჩემზე მეტად დედა უყვარდა. მერე, როცა გავიზარდე და საკუთარი პირადი ცხოვრება შევქმენი, სულ ვამბობდი, დედისა და მამის ცოტათი მშურს-მეთქი.
მამა ახალგაზრდა გარდაიცვალა. მაშინ თექვსმეტი წლის ვიყავი და მამა ორმოცის იყო. მეგონა, ძალიან დიდი იყო. ზუსტად ერთ წელიწადში 30-ის ვხდები და ვხვდები, რომ ორმოცი წლის ადამიანი ძალიან ახალგაზრდაა, დედა 38 წლის იყო, როცა დაქვრივდა და გადაწყვიტა, რომ მისი პირადი ცხოვრება დამთავრდა. სხვებს მსგავს სტუაციაში პირადი ცხოვრება კიდევ აუწყვიათ. დედამ კი პირადი საერთოდ გადახაზა და თავისი ცხოვრება მთლიანად მე დამითმო. მამა ხუმრობდა ხოლმე, დედას ეუბნებოდა, რომ მოვკვდე, შენი დატოვება არ მეშინია, ზუსტად ვიცი, არ გათხოვდებიო. დედა რომ ეკითხებოდა, ასეთი დარწმუნებული რატომ ხარო, პასუხობდა, მთელი თბილისი მიცნობს და პატივს მცემს. ამიტომ შენ ცოლად არ მოგიყვანენ და თუ ისეთს გაჰყევი, ვინც მე არ მიცნობს, მაშინ რაც გინდა, ის გიქნიაო. რატომღაც მამა ასე ხუმრობდა და მართლაც ასე მოხდა. დედას დღემდე მამა ისე უყვარს, რომ ალბათ ვერც წარმოუდგენია, მის გვერდით სხვა მამაკაცი იყოს.
- ძალიან ლამაზი სიყვარულის ისტორია მოგვიყევი... დედისერთა ხარ. შემდეგ ფოტოზე რამდენი წლის იქნები?
- დაახლოებით სამის. მე და ჩემი მამიდაშვილი ცირკში წაგვიყვანეს, იქ ეს არაჩვეულებრივი მანქანა იდგა, სადაც შეგვეძლო, ფოტოები გადაგვეღო. მახსოვს, მე და ჩემმა მამიდაშვილმა ერთმანეთი დავხოცეთ იმაზე ჭიდილში, ვინ დაჯდებოდა საჭესთან. ბოლოს მე გავიმარჯვე.
- სახეზე გეტყობათ. შენ ბედნიერი სახით ზიხარ, მამიდაშვილი კი დაღვრემილია.
- (იცინის) გოგო რომ ვარ, ბოლოს იმიტომ დამითმო.
- ბავშვობაში ქერა ყოფილხარ...
- ძალიან ღია ფერის თმა მქონდა და მერე როგორც ბავშვების უმეტესობას ემართება, მეც გამიმუქდა. რაც არ გაქვს, როგორც წესი, ის გინდება. იმდენად მინდოდა ქერა თმა, რომ შევიღებე.
- სალომე რატომ დაგარქვეს?
- ბებიაჩემს ერთი მეგობარი ჰყავს, სალომე, რომელიც არაჩვეულებრივი ქალბატონია. ძალიან დადებითი ადამიანია და მის პატივსაცემად დამარქვეს. თუმცა სალომე ჩემს ერთ-ერთ ბებიას ერქვა და გამოდის, რომ მისი სახელიც მქვია.
- შემდეგ ფოტზე მითხარი, რომ მზიურშია გადაღებული და ძალიან გიყვარს. უფრო სწორად, ის ფეხსაცმელები გიყვარდა ძალიან, რომელიც ამ ფოტოზე გაცვია. გახსოვს, როგორ გიყიდეს ეს ფეხსაცმელი?
- შეძენის მომენტი არ მახსოვს. ნივთებისა და ჩასაცმელის ამოჩემება ვიცოდი. მახსოვს, ერთი ჯინსის ქვედაბოლო მქონდა, რომელსაც საწოლშიც კი არ ვიხდიდი, ამ ფეხსაცმელს კი ყველაფერზე ვიცვამდი, რატომ არ ვიცი, ალბათ ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი მასში თავს. ერთი წითელი ბოტები მქონდა ამოჩემებული, რომელიც ზამთარ-ზაფხულ სულ მეცვა. ვერავინ ახერხებდა, რომ გაეხადა.
რატომ დაუწერეს ფიზკულტურაში სამიანი
- შემდეგი ფოტო, როგორც მითხარი, რუსეთში ცხოვრების დროს არის გადაღებული.
- სურათი მოსკოვში ბებიასთან ცხოვრების დროს მაქვს გადაღებული.
- ბებია მოსკოვში ცხოვრობდა?
- მე ბევრი ბებია მყავს. ერთ-ერთი რუსეთში ცხოვრობდა. ფოტო დაახლოებით 11 წლის ასაკში მაქვს გადაღებული. თინეიჯერობამდე ცოტა მეკლდა და უკვე ვიპრანჭებოდი. ბებიასთან ფოტო არბატზეა გადაღებული.
- ოჯახმა რატომ გადაწყვიტა, რომ ბებიასთან გეცხოვრა?
- მოსკოვში ორი წლიდან პერიოდულად ჩავდიოდი ხოლმე. მერე თბილისში საშინელი პერიოდი დადგა. მაშინვე მომკიდეს ხელი და მოსკოვში გამიშვეს. იქ დიდხანს დავრჩი. ერთი პერიოდი მოსკოვში ვსწავლობდი. მოგვიანებით საფრანგეთში წავედი. გადაწყვეტილი მქონდა, რომ იქ კოლეჯში ვისწავლიდი და იქვე დავრჩებოდი. სამი თვე ვისწავლე საფრანგეთში. სწორედ ამ დროს მამა გარდაიცვალა და ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი აირია. თბილისში გავაგრძელე ცხოვრება. რა გეგმებიც მქონდა, ვეღარ განვახორციელე და თბილისში დავრჩი.
- ალბომის დათვალიერებისას შემდეგ ფოტოზე მითხარი, ფილმის კასტინგზე გადამიღესო.
- ეს ფოტო ერთ-ერთია იმ ფილმის კასტინგიდან, რომელზეც მე არ დამამტკიცეს, მაგრამ სურათები დამრჩა.
- ვინ დაამტკიცეს იმ როლზე?
- არ ვიცი. მაშინ მნიშვნელოვანი არ იყო ჩემთვის ფილმში მონაწილეობა. იმითაც კმაყოფილი ვიყავი, რომ სურათები გადამიღეს.
- მსახიბობაზე ოცნებობდი?
- ამ პერიოდში არა. კარგად მახსოვს, მაშინ დიზაინერობა მინდოდა. სიმართლე გითხრა, რატომ მინდოდა, არ ვიცი. მთელი ბავშვობა, ხელში წითელი მიკროფონი მეჭირა და ხან ვმღეროდი და ხან ლექსს ვკითხულობდი. რეალურად ეს სურვილი ამიხდა, ხან გადაცემა მიმყავს და ხან კონცერტი.
- ბავშვობის მერე ფილმში მონაწილეობა აღარ შემოუთავაზებიათ?
- გადაღებული ვარ ერეკლე ბადურაშვილის ფილმში "კიდევ ერთი ქართული ისტორია". დიტო ცინცაძის ფილმში ერთი ეპიზოდური როლიც მაქვს შესრულებული. ბალერინას როლს ვასრულებდი. ერეკლე ბადურაშვილი კიდევ აპირებს ფილმის გადაღებას და მითხრა, რომ ერთი როლი აქვს, რომელშიც მე მხედავს. სულ ვამბობ და მგონია, რომ ფილმში თამაშის დროს ვიკეტები, მიუხედავად იმისა, რომ კამერის შიში არ მაქვს, მაგრამ ერეკლე მეუბნება, რომ აუცილებლად გავართმევ თავს იმ როლს, რომელსაც მათამაშებს. იმედია, ერეკლეს ამ პროექტს დაუმტკიცებენ და კიდევ ერთ ფილმში გადამიღებენ.
- შემდეგ ფოტოზე დედაენის წიგნი გაქვს ჩახუტებული.
- წიგნი მართლა ჩავიხუტე სურათის გადაღებისას, - მიუხედავად იმისა, რომ სწავლა არ მიყვარდა. სწავლის პერიოდი ყველაზე მწარედ მახსენდება. საშინლად არ მიყვარდა და თან მიყვარს კიდეც ის პერიოდი, იმიტომ რომ უმეტესობა ჩემი მეგობრებისა სკოლიდან მომყვებიან. დღემდე ყურში მესმის დედაჩემის ხმა, როცა მეუბნებოდა, ადექი, სალომე, სკოლაში გაგვიანდებაო. დილით გაღვიძება და სწავლის პროცესი ძალიან არ მიყვარდა. მათემატიკის და სხვა ტექნიკური საგნების გაკვეთილები ჩემთვის ტანჯვა იყო. თითქოს ჩინურს მასწავლიდნენ. მიყვარდა ქართული, რადგან წერა მეხერხებოდა. კარგი მეხსიერება მქონდა და ლექსებსაც კარგად ვსწავლობდი. ისტორიაც მიყვარდა და უცხო ენებსაც კარგად ვითვისებდი. ჩემგან განსხვავებით, ჩემი შვილი კარგად სწავლობს და ძალიან მიხარია.
- რომელ სკოლაში სწავლობდი?
- თავიდან 53-ეში ვსწავლობდი, შემდეგ 55-ეში გადავედი და მერე მოსკოვში ვსწავლობდი.
- მოსკოვში უფრო ადვილი იყო სწავლა?
- მოსკოვში კარგად ვსწავლობდი. პოეზია კარგად ვიცოდი, როცა მასწავლებლები ხედავდნენ, რომ ვცდილობდი სწავლას, მაღალი ნიშნები დამიწერეს. თბილისის სკოლაში იმ ნიშნებით არ მიმიღეს. ყველა საგანი გადამაბარებინეს. იდენტური ნიშანები რომ მივიღე, მიხვდნენ, რომ მართლა კარგად ვსწავლობდი და ფიზკულტურაში გამომაყოლეს სამი. დედა დაიბარეს სკოლაში და უთხრეს, თქვენი შვილი ძალიან ჩამორჩენილია ამ საგანშიო. მახსოვს, თბილისში ბავშვებს მასწავლებლები გვირტყამდნენ და სწავლის სურვილი არავის გვქონდა. განათლებასაც შესაბამისს ვიღებდით. ჩემს შვილს ასე რომ მოექცეს ახლა ვინმე, ვერც კი წარმომიდგენია, რას ვიზამ. მოსკოვში კი მასწავლებლებს მოსწავლეებთან სულ სხვანაირი მიდგომა ჰქონდათ.
- შემდეგი ფოტო, როგორც ვხვდები, ბოლო ზარზეა გადაღებული.
- სურათზე ჩემს უახლოეს კლასელებთან ერთად ვარ.
- სკოლა დაამთავრე მხოლოდ ერთი დაბალი ნიშნით, რომელიც ფიზკულტურაში გეწერა?
- არა. საბოლოოდ ყველა საგანში კარგი ნიშანი გამომყვა.
როგორ შეუყვარდა სამი ქმარი, რომელთაგან ორი ნიკოლაიშვილია
- მომავალ პროფესიად მაინცდამაინც ჟურნალისტიკა რატომ აირჩიე?
- სკოლას რომ ვამთავრებდი, ძალიან მინდოდა მსახიობობა, მაგრამ მამამ მითხრა, რომ ამ სფეროში ძალიან გამიჭირდებოდა. ამბობდა, არ მინდა, ჩემი ერთადერთი ქალიშვილი თეატრში ცხოვრობდესო. მამა რომ გარდაიცვალა, მერე დავფიქრდი, რომელ პროფესიას შეეძლო შეეცვალა მსახიობობა. მივხვდი, რომ ასეთი შეიძლებოდა, ჟურნალისტიკა ყოფილიყო. ყველა ჟურნალისტი მეტ-ნაკლებად მსახიობია.
- როგორც მითხარი, მამას უნდოდა, რომ კარგი პირადი ცხოვრება გქონოდა. თუმცა შენ ძალიან ბევრი ტკივილი შეგხვდა ცხოვრებაში. შეგიძლია, კიდევ ერთხელ გაიხსენო პირველი სიყვარული? მეუღლე შენი პირველი სიყვარული იყო?
- რომელ მეუღლეზე მეკითხები? ბევრი მეუღლე მყავდა.
- პირველზე გკითხე. ისე, სულ სამი მეუღლე გყავს, ხომ?
- კი, ცოტა ხნის წინ ბოლოჯერ გავთხოვდი და ამით დავამთავრე გათხოვებები. პირველი მეუღლე იყო სანდრო ნიკოლაიშვილი, რომელიც მართლა ძალიან მიყვარდა. ცხრამეტი წლის ვიყავი, რომ გავთხოვდი. გამიჩნდა საყვარელი შვილი მაშიკო. სამწუხაროდ, მალევე დავშორდი. ალბათ ჩვენს დაშორებაში ყველაზე დიდი დამნაშავე ჩვენი ასაკი იყო. ახლა რომ მახსენდება მაშინდელი ჩემი ოჯახის პრობლემები, მეცინება. მართლა არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, მაგრამ მაშინ ვერც ერთი ვერ გავუმკლავდით შექმნილ სიტუაციას.
- სანდრო რას საქმიანობდა?
- როცა ოჯახი შევქმენით, სანდრო უმუშევარი იყო. სწავლის გაგრძელებას აპირებდა. ერთმანეთს მშვიდად ვუთხარით, არ გამოგვდის ერთად ცხოვრებაო... მაშიკო ერთი წლის იყო, როდესაც მეუღლეს დავშორდი. სანდრო კარგი მამაა მაშოსთვის. მასთან დაშორებიდან ხუთი წლის შემდეგ გამოჩნდა ადამიანი, რომელსაც ცოლად გავყევი და რომელმაც აბსოლუტურად თავდაყირა დააყენა ჩემი ცხოვრება. როცა ერთხელ დაგენგრევა ოჯახი, მეორედ ოჯახის შექმნა ძალიან რთულია. შეიძლება, ვიღაცისთვის ეს ადვილი მოსასმენი იყოს, მაგრამ ათასი კომპლექსი უჩნდება ადამიანს, განათხოვარი და შვილიანი რომ ხარ, საქართველოში ეს ამბავი სხვანაირად აღიქმება. ამ ყველაფრის მერე კიდევ ერთხელ გავთხოვდი, იმიტომ რომ იმ ბიჭმა საოცრებები გააკეთა. პირველ რიგში იმით მომხიბლა, რომ ჩემი შვილის მიმართ საოცრად ყურადღებიანი იყო. ის ბიჭი იყო ვასიკო თედორაშვილი. მასთან მყავს შვილი დათუნა. შვილს მამაჩემის სახელი დავარქვი, რომელსაც მოგვიანებით ციბუკა შევარქვი და მგონია, რომ ბოლომდე ეს სახელი შერჩება. შემდეგი ფოტო მე, მაშიკოს და ციბუკას გასულ ზაფხულს გვაქვს გადაღებული.
- ციბუკა რას ნიშნავს?
- რომ დაიბადა, ძალიან საყვარელი იყო და სიყვარულით ასე ვეძახი. ბევრჯერ მოვყევი და უკვე ალბათ ყველამ იცის, მეორე ქმარმა რომ მომატყუა და გაიქცა. მაშინ ციბუკა რვა თვის იყო. სულ მეშინოდა, რადგან ციბუკას გვერდით მამა არ ჰყავდა, მამაკაცთან ურთიერთობის დანაკლისი ექნებოდა და არ ეცოდინებოდა, რას ნიშნავს და როგორია მათთან ურთიერთობა. მაგრამ, ღმერთის წყალობით, ჩემი მეგობარი ბიჭები ჩემგან დაუკითხავად ამოდიან სახლში, მიჰყავთ ეს ერთი ციდა ბავშვი რესტორანში და მას ისე ექცევიან, როგორც თანატოლს. გარეთ რომ გამყავს და ვეკითხები, სად გინდა წასვლა-მეთქი, ლესტორანშიო, მეუბნება... ჩემდა საბედნიეროდ, ცოტა ხნის წინ კიდევ ერთხელ შევქმენი ოჯახი. ზუსტად ვიცი, რომ ეს ჩემი ბოლო ქორწინებაა. ალბათ ასაკმაც თავისი ქნა და ზუსტად ვიცი, რატომ გადავდგი ეს ნაბიჯი. ვახო ის ადამიანია, რომელსაც ყველანაირი კუთხით დაეყრდნობი. ის ძალიან განათლებულია.
- და ისიც ნიკოლაიშვილი, პირველი ქმრის მოგვარეა.
- ვახო ხუმრობს ხოლმე, ახლა ციბუკას ჩემს გვარზე გადმოვიყვან, ორივე შვილი ნიკოლაიშვილი იქნება და თავისუფლად შეგიძლია თქვა, რომ ერთხელ იყავი გათხოვილიო. ერთად ძალიან კარგად ვართ მე და ვახო. თავიდან რომ გავიცანი, ვახო ხისტი და მკაცრი იყო. მიხარია, რომ ციბუკას ვახო ძალიან უყვარს. არ ვაპირებ, შვილს დავუმალო, რომ ვახო მისი ბიოლოგიური მამა არაა, მაგრამ რეალურად ვახო მისი გამზრდელი და მშობელი იქნება.
- პირველი და მესამე მეუღლე იცნობენ ერთმანეთს?
- არა, არ იცნობენ.
- მოგვარეებს ნათესაური კავშირი ხომ არ აქვთ?
- არა, უბრალოდ მოგვარეები არიან. ვახოსაც ჰყავს შვილები რუსკა გამყრელიძისგან.
- მათ შვილებთან ურთიერთობ?
- კი, ძალიან მიყვარს, ჩვენთან რომ მოდიან. მთელი სახლი თავდაყირა დგება. უცბად აღმოჩნდა, რომ ჩვენ ოთხი შვილის მშობლები ვართ. ვახო საოცარი მამაა. შვილებს აბსოლუტურად ყველაფრით უზრუნველყოფს. შემდეგი ფოტო მე და ვახომ ცოტა ხნის წინ გადავიღეთ.
- ქორწილს როდისთვის გეგმავთ?
- ალბათ ივნისში. ახლა სულ მარხვის პერიოდია და თან ცივა. მე კი ქორწილი მაშინ მომწონს, როცა მზე ანათებს და ყველანაირი კაბა შეგიძლია მოირგო. გვინდა, გრანდიოზული ქორწილი გადავიხადოთ.
მერი კობიაშვილი
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)