დენიელ რედკლიფის შემოსავალმა 30 მლნ გირვანქა სტერლინგს გადააჭარბა. ჩანს, ჯოან როულინგის რომანების ეკრანიზაცია მისთვის ყველაზე მეტად მომგებიანი აღმოჩნდა.
თუ დენიელ რედკლიფის კუთვნილი კომპანია Gilmore Jacobs-ის საბუღალტრო დოკუმენტაციას ვენდობით, რომლის მეშვეობითაც იღებს ის ჰარი პოტერის შესახებ თავგადასავლების შესახებ ფილმებიდან ჰონორარებს, ამ ფილმების წყალობით დაგროვილი ქონება შარშან 3 მლნ გირვანქა სტერლინგით გაიზარდა და ახლა 31,2 მლნ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. 2010 წელს ახალგაზრდა მსახიობს 28 მლნ ჰქონდა. გასულ კვირას საგადასახადო ინსპექციაში შეტანილი კომპანიის დოკუმენტების მიხედვით, ამ ფულის დიდ ნაწილს ნისლიანი ალბიონის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მილიონერი აქციებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების სახით ინახავს. გარდა ამისა, მის საბანკო ანგარიშებზე 5 მლნ გირვანქა სტერლინგი დევს. თითქმის 9 მლნ დოლარი ინვესტიციაა უძრავ ქონებაში, სახლებსა და ბინებში ნიუ-იორკსა და ლოს-ანჯელესში.
"დენიელი ძალიან ჭკვიანი და შორსმჭვრეტელია, როცა საქმე მის ფინანსებს ეხება, - ამბობს დენიელის ახლო მეგობარი, - იმის ნაცვლად, რომ სხვა ახალგაზრდა ვარსკვლავებივით მილიონები წვეულებებსა და მატერიალურ ნივთებზე ხარჯოს, მათ უძრავ ქონებასა და აქციებში აბანდებს".
მიუხედავად იმისა, რომ ნორჩი ჯადოქრის როლმა დენიელ რედკლიფის მთელი მომავალი ცხოვრება უზრუნველყო, რასაკვირველია, სულაც არ აპირებს უქმად ჯდომას. ეშინოდა, რომ "პოტერიანის" შემდეგ პრობლემები ექნებოდა როლებთან დაკავშირებით. თუმცა მისი შფოთვა ფუჭი აღმოჩნდა. ჰარი პოტერის შესახებ ბოლო ფილმის გადაღებების შემდეგ მას მთავარი როლი შესთავაზეს ცნობილ ბროდვეულ სპექტაკლში "როგორ ვიყოთ წარმატებული ბიზნესში, ძალისხმევის გამოჩენის გარეშე".
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)