ახალ სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" ანი ტყებუჩავა გათხოვილი ქალის როლს თამაშობს, რომელსაც ჰყავს თავისზე ასაკით უფროსი ქმარი, ორი არაჩვეულებრივი შვილი და ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ბავშვობის დაქალი, რომელთა პრობლემებიც ანის ეკრანული ქმრის მოსაგვარებელი ხდება ხოლმე. გარდა იმისა, რომ ანი სერიალშია დაკავებული, ერთ-ერთ კერძო სკოლაში მეტყველებასაც ასწავლის. შემოქმედების გარდა მსახიობს პირად ცხოვრებასა და ზოგადად, მამაკაცებზეც ვესაუბრეთ.
- თეატრალურ უნივერსიტეტში კინოსა და თეატრის ფაკულტეტი დავამთავრე. როცა თეატრალურ სარდაფში, რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრებში მსახიობების მიღება გამოცხადდა, სტუდენტი ვიყავი და არც მიფიქრია კასტინგზე მისვლა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ჩემთვის რაღაცებს ვსაქმიანობდი, მერე კი მონაწილეობა მივიღე პროექტში "დასი", რასაც მოჰყვა სპექტაკლი "ბრალდება", ეს გახლდათ გოგი ქავთარაძისა და რობიკო სტურუას პიესა, რომელიც ნანუკა ხუსკივაძემ დადგა სცენაზე. ამის შემდეგ მუშაობა გავაგრძელე "ათონელის თეატრში", სადაც სანდრო კაკულიას პიესის მიხედვით დაიდგა სპექტაკლი, რომელიც მსახიობებისთვის საკმაოდ იღბლიანი აღმოჩნდა, რადგან ამის შემდეგ ყველა მეტ-ნაკლებად დავკავდით. მერე იყო გიორგი ლიფონავას "ჭამა და სექსი" და ახლა უკვე სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები".
როცა სერიალის გადაღება გადაწყდა, დამირეკა პროდიუსერმა და მისვლა მთხოვა, თან ამიხსნა, რა ტიპის სერიალზე იყო საუბარი. გარკვეული დროის შემდეგ, როცა ჯერ კიდევ კასტინგები მიმდინარეობდა, გიორგიმ თქვა, ნინას როლის შემსრულებელი უკვე გვყავს, ახლა კი სხვა გმირები უნდა შევარჩიოთო. მე მიგულისხმა და, რასაკვირველია, გამიხარდა ეს ამბავი. მოგეხსენებათ, ჩვენ ადრეც გვქონდა ერთად ნამუშევარი და იცოდა ჩემი შესაძლებლობები, ალბათ ჩათვალა, რომ ამ გმირს კარგად მოვერგებოდი...
- გვითხარი, რას ფიქრობ შენს გმირზე...
- მიუხედავად იმისა, რომ ნინა ხშირად ბუზღუნებს, მაინც ვთვლი, რომ საკმაოდ ბედნერი დედა და ცოლია. მართალია, ნინასა და მის მეუღლეს შორის ასაკობრივი სხვაობაა, მაგრამ ეს არ უშლის ხელს მათ ურთიერთობას. შეიძლება, სწორედ ასაკია იმის მიზეზი, რომ ასე მარტივად იტანს ეს ადამიანი ცოლის დაქალების თავგადასავლებს. ვინაიდან მე ოჯახი არ მაქვს, მიჭირს იმის თქმა, როგორი ვიქნები ნინას, ანუ გათხოვილი ქალისა და დედის ამპლუაში, თუმცა ალბათ შევეცდები, ნინაზე ნაკლები ვიჯუჯღუნო, არადა, ცხოვრებაში მახასიათებს ჯუჯღუნი, დავდივარ ხოლმე ჩემთვის და ოჯახის წევრებს ვებუზღუნები.
- როგორ ფიქრობ, რატომ მოხდა ისე, რომ შენ და ლევან ყოჩიაშვილი სერიალშიც და ფილმშიც "ჭამა და სექსი" ცოლ-ქმარს თამაშობთ? რა არის ამ დამთხვევის მიზეზი?
- არ ვიცი. ალბათ იმიტომ, რომ "ჭამა და სექსში" ბევრს მოეწონა ჩვენი წყვილი და თქვეს, რომ შედგა ჩვენი ცოლქმრობა. ლევანი ძალიან კარგი პარტნიორი და დადებითი პიროვნებაა, რაც ბევრს ნიშნავს მუშაობის დროს.
- ცხოვრებაში დასაშვებია, რომ ასაკით დიდმა, თუნდაც 20 ან 10 წლით უფროსმა მამაკაცმა შენი გული მოიგოს?
- სიმართლე გითხრათ, ამაზე არ მიფიქრია, მაგრამ თუ ორი ადამიანის ინტერესის სფეროები ემთხვევა და ერთად თავს კარგად გრძნობენ, ამ შემთხვევაში ასაკობრივი სხვაობა მნიშვნელობას კარგავს. ადრე მქონდა გართულება ასაკით პატარა შეყვარებულებზე, ანუ თუ 25 წლის გოგოს 18 წლის შეყვარებული ჰყავდა, სულ ვიცინოდი ხოლმე ამაზე. თუმცა ბოლოს მე აღმოვჩნდი ჩემზე სამი წლით პატარა ბიჭის გვერდით. მართალია, სამი წელი დიდი სხვაობა არ არის, მაგრამ ჩვენს ურთიერთობაში ეს საერთოდ არ იგრძნობოდა, რადგან ერთმანეთს არაჩვეულებრივად ვუგებდით. სამწუხაროდ, ის ავტოავარიაში დაიღუპა და დღეს ჩვენ გვერდით აღარ არის. მადლობელი ვარ ღმერთის იმის გამო, რომ გიო ჩემს ცხოვრებაში იყო. საერთოდ, არ ვლაპარაკობ ხოლმე ამ თემაზე და ახლაც არ მინდა ამაზე მეტის თქმა.
- მაშინ ის გვითხარი, როგორი მამაკაცები ხვდებიან შენი ინტერესის სფეროში?
- ჩამოყალიბებული კრიტერიუმები არ მაქვს, მაგრამ ადამიანი, რომელიც ჩემ გვერდით იქნება, პირველ რიგში, უნდა აზროვნებდეს ჯანსაღად, უნდა ჰქონდეს იუმორის გრძნობა, უყვარდეს ხელოვნება, გართობა, პატივს უნდა სცემდეს ჩემს პროფესიას და რაც შეიძლება ნაკლები კომპლექსი ჰქონდეს. ოჯახში კამათის საგანი არ უნდა გახდეს მეგობრებთან წასვლა, აღარაფერს ვამბობ ჩაცმასა და მსგავს წვრილმანებზე. ერთად ყოფნით ერთმანეთს ცხოვრება უნდა გავუადვილოთ და არ შევუქმნათ ზედმეტი, აბსურდული პრობლემები. რასაკვირველია, დათმობაც მოგიწევს ადამიანს გარკვეულ სიტუაციებში, მაგრამ ეს დათმობაც უნდა იყოს სასიამოვნო და სიყვარულზე დაფუძნებული. ჩემი აზრით, სიყვარული არის ყველაზე დიდი თავისუფლება. როცა გიყვარს, არ უნდა გაინტერესებდეს ბევრი სულელური რამ... რომ ვთქვა, სიმპათიური ბიჭები არ მომწონს-მეთქი, არ ვიქნები მართალი, მაგრამ ხშირად სიმპათიურობის მიღმა ფლიდი ადამიანი დგას, რაც საშინელებაა, ასეთ ადამიანს ვერასდროს შევეგუები.
- ანი, მამაკაცის გამო თუ გიტირია?
- კი, გოგო ვარ და, რა თქმა უნდა, მიტირია, მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ სენტიმენტალური, მიტირია, ბევრიც მიტირია. როდესაც ადამიანს საკუთარი თავი შეგეცოდება, მაშინ ყველაზე მეტს ტირი, მაგრამ თუ ძლიერი პიროვნება დგას შენ გვერდით, ეს არ უნდა მოხდეს. ვერ ვიტყვი, პირადი ცხოვრების დიდი გამოცდილება მაქვს-მეთქი, არ მივეკუთვნები იმ ადამიანთა კატეგორიას, ყოველ სეზონზე ახალი შეყვარებული რომ ჰყავთ. სულ ორჯერ მიყვარდა, პირველმა სიყვარულმა ძალიან იმოქმედა ჩემზე, როგორც გოგოსა და ზოგადად, ადამიანის ჩამოყალიბებაზე. ამის შემდეგ უფრო დიდი და სერიოზული სიყვარული მქონდა, რომელიც დამთავრდა.
- ეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ პირველი სიყვარული წარუშლელი და განსაკუთრებულია?
- ჩემი აზრით, როდესაც ადამიანთან გაქვს სასიყვარულო ურთიერთობა, ეს ნიშნავს იმას, რომ იმ ეტაპზე ის გიყვარს, შეიძლება გავიდეს დრო და მიხვდე, რომ ეს არ იყო ძლიერი გრძნობა, მაგრამ იმ მომენტში ის შენთვის გულწრფელი სიყვარულია. ბაღში ძალიან ბევრი ბიჭი მიყვარდა, რომ მაძინებდნენ, სულ ვიღაცის გამო ვტიროდი თურმე, მეუბნებოდნენ, ხან რომელი ბიჭის სახელს ამბობდი, ის მიყვარსო და ხან რომლისო და ამის გამო დღემდე დამცინიან (იღიმება). თუმცა არასდროს მივეკუთვნებოდი იმ გოგონების კატეგორიას, რომლებიც თაყვანისმცემლების რაოდენობით "მარიაჟობენ". სულ ბიჭებთან ვძმაკაცობდი, დავდიოდი კარატეზე, ასევე მუსიკაზე, ცეკვაზე, ინგლისურზე. ამის გამო ეზოში სათამაშოდ დრო არასოდეს მრჩებოდა.
- კარატეზე რატომ დადიოდი?
- გარდატეხის პერიოდში პუტკუნა ვიყავი. იმ დროს მამაჩემის ძმაკაცი კარატეს ასწავლიდა. შემოგვთავაზა, მასთან მივსულიყავი და ასეც მოვიქეცი, რითაც კმაყოფილი ვარ.
- რეალურად ცხოვრებაში კარატე გამოგიყენებია ოდესმე?
- არა, არასდროს დამჭირვებია. თუმცა ბავშობაში სკოლაში რამდენჯერმე მიჩხუბია.
- ვისთან, ბიჭებთან?
- არა, ბიჭებთან არა. სხვათა შორის, ერთხელ სკოლაში ერთი ბიჭი "საროჩკით" შემოვატრიალე და მისი პერანგი ხელში შემრჩა, ალბათ ეს ჩემი კი არა, დამდნარი პერანგის ბრალი იყო. ცხოვრებაში ძალიან უკონფლიქტო ვარ და მაქსიმალურად ვცდილობ, ასეთ სიტუაციებს თავი ავარიდო, მაგრამ ერთხელ ჩემი დაქალის გამო მომიხდა ჩხუბი. ჩემმა დაქალმა დაიწყო ჩხუბი, მე კი გავაგრძელე და კინაღამ გამლახეს... კინაღამ კი არა, ფაქტობრივად, გამლახეს, ხელი რომ მომიქნია, ისე ჩამოვპორჭყნე სახე, რომ თვალებიც დაპორჭყნილი ჰქონდა მგონი. ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ სახლში მოსულს ასეთი სცენა დამხვდა, ჩემი ძმა დედაჩემს გაკვეთილს აბარებდა, ამ დროს მე მივედი და ვუთხარი, დედა, ვიჩხუბე-მეთქი. ამის გამო მერე კარგა ხანს მრცხვენოდა, რადგან არანაირი სურვილი არ მქონდა, ჩემს კლასელ თუ სხვა ბიჭებს ასეთ სიტუაციაში დავენახე.
- ანი, თავზეხელაღებული თაყვანისმცემელი თუ გყოლია? იყო პერიოდი, როცა გოგონებს "ძველი ბიჭები" ხიბლავდათ და იზიდავდათ, შენ არ გქონია ეს ეტაპი?
- კი, როგორ არა. ბავშვობიდან ჩამოყალიბებული მქონდა აზრი, რომ თუ ადამიანთან ურთიერთობის გაგრძელება არ მსურდა, მისგან არც არანაირი საჩუქარი, ყვავილი და სხვა რამ არ მინდოდა. რაც შეეხება "ძველი ბიჭების " თემას, მეც მყოლია ასეთი თაყვანისმცემელი, ძალიან მაგარი ადამიანი იყო და არის, დღემდე მიყვარს და დიდ პატივს ვცემ, მაგრამ სულ ვცდილობ, არ ვნახო, რადგან ძალიან დადებითად ვარ მის მიმართ განწყობილი. უბრალოდ, ის ჩემი ქმრის როლში ვერასდროს იქნება, რადგან ჩვენი ცხოვრების წესი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება, მან ცხოვრების სრულიად განსხვავებული გზა აირჩია. გამიჭირდა მასთან ურთიერთობის უმტკივნეულოდ დამთავრება, მიუხედავად იმისა, რომ სერიოზული ურთიერთობა არ გვქონია. ისე, საკმაოდ რომანტიკული ადამიანია, ახასიათებდა აივნებზე ამოძრომა და ხელის გულზე ტარება, მაგრამ არ შეიძლებოდა ჩვენი ერთად ყოფნა.
- როგორ ფიქრობ, რა არის ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში მთავარი, იმისთვის, რომ გრძნობა და ინტერესი არ გახუნდეს?
- არ ვიცი, ამის ზუსტი რეცეპტი არ მაქვს, მაგრამ, ჩემი აზრით, უპირველესად სიყვარული და ლამაზ-ლამაზი ფერების შეტანაა აუცილებელი. მაქსიმალურად უნდა ეცადოს წყვილი, რომ ცხოვრება გაუმრავალფეროვნოს ერთმანეთს. არ უნდა შეეცადოთ ადამიანის შეცვლას და თუ რამე ეწყინებათ, ერთმანეთს უნდა გაუმხილონ იმის მაგივრად, რომ ბოღმით აივსონ, ლაპარაკს უნდა მიეჩვიონ ერთმანეთთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
- შენი აზრით, შვილები თუ არის მყარი ოჯახის გარანტია?
- არ ვიცი. ამბობენ, რომ შვილი კრავს ოჯახს, მაგრამ ხშირად არის შემთხვევა, როცა ოჯახში სიტუაცია არეულია და ამის მოსაგვარებლად მეორე ან მესამე ბავშვს აჩენენ, რაც, ჩემი აზრით, სწორი არ არის, ჯობია, ჯერ ურთიერთობები დაალაგონ და მერე იფიქრონ გამრავლებაზე. მე შვილი არ მყავს და ამაზე ლაპარაკი ძნელია, მაგრამ ამ ეტაპზე ჩემი პოზიცია ასეთია, ვნახოთ, შემდეგ როგორ შემეცვლება აზრი.
- დაბოლოს, გვითხარი, ამჟამად რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?
- არაფერი, ამჟამად შეყვარებული არ ვარ, არც არავინ მომწონს, სრულიად თავისუფალი გახლავართ.
- ვერ დავიჯერებ, რომ შენ ირგვლივ არ არიან ადამიანები, ვინც შენ მიმართ ყურადღებას იჩენენ...
- არა, რასაკვირველია, მეტ-ნაკლებად არიან ასეთი ადამიანები, მაგრამ ისე განვითარდა მოვლენები, რომ დღეს არავისზე არ ვფიქრობ და არც არავინ მომწონს.
- თუ შეგიძლია ინიციატორი იყო ურთიერთობაში?
- ნაკლებად, პირად ცხოვრებაში უფრო თავშეკავებული ვარ, მაგრამ როცა ადამიანს გრძნობა გაქვს, ქვეცნობიერად მაინც აფრქვევ შენს დამოკიდებულებას და ეს იმ კონკრეტული ადამიანისთვის შესამჩნევია.
ციცი ომანიძე
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)