სკოლის დამთავრების შემდეგ მამის ხათრით, იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა. მალე მიხვდა, იურისტობა მისი საქმე რომ არ იყო და სასწავლებლიდან საბუთები გამოიტანა, შემდეგ კი მეგობრის რჩევით, თეატრალურ უნივერსიტეტში ჩასაბარებლად მზადება დაიწყო. ამბობს, რომ არც შემცდარა. თავს იღბლიან ადამიანად მიიჩნევს. 18 წლიდან მუსკომედიის თეატრის შტატში ირიცხება. სცენაზე შესრულებული როლების შემდეგ, ერთ-ერთ რეიტინგულ სერიალში გადაიღეს და პოპულარულიც მალე გახდა. ჩემი რესპონდენტი 23 წლის მსახიობი - გიორგი ვარდოსანიძე გახლავთ. კარიერასა და პირად ცხოვრებაზე ის გულახდილად საუბრობს.
- ამბობენ, რომ სერიალში - "გოგონა გარეუბნიდან" ცვლილებებია. შენს გმირთან დაკავშირებით, რა სიახლეა?
- სცენარის ცვლილების გამო, ჩემი გმირი - ლევან ხომერიკი სერიალში აღარ იქნება.
- კიდევ რომელი მსახიობები დაითხოვეს?
- სხვაზე ვერაფერს გეტყვი, მხოლოდ ჩემს შესახებ შემიძლია ვილაპარაკო. ახლა სხვა საქმეზე ვარ გადართული.
- რას გულისხმობ?
- მე და ჩემმა მეგობარმა - გიორგი რუხაძემ კრეატიული სტუდია "ქამელეონი" დავაარსეთ. მალე პრეზენტაცია გვექნება. კრეატიული განხრით ვიმუშავებთ, მივიღებთ შეკვეთებს რეკლამაზე, პარალელურად კი გადაცემის მომზადებასაც ვფიქრობთ. შემდეგ ჩვენს ნამუშევარს ტელევიზიებს შევთავაზებთ.
- რა ჟანრის გადაცემის გაკეთებას აპირებთ?
- იუმორი, იუმორი, იუმორი! გიორგი ნიჭიერი ადამიანია. მისი იდეა იყო ყვავილების ფესტივალი შარდენზე, კათარზისის პროექტი - "შენც დაბერდები" და ა.შ. ამასთან, ბექა ელბაქიძე და კიდევ რამდენიმე მეგობარი გვეხმარება.
- იუმორისტული გადაცემები წამყვან ტელევიზიებს უკვე აქვთ...
- ჩვენ ჩვენსას შევთავაზებთ.
- წარმატებას გისურვებ! ახლა კი მიამბე, იურიდიული ფაკულტეტის მიტოვების შემდეგ, თეატრალურ უნივერსიტეტში როგორ აღმოჩნდი?
- ერთ დღეს,ბავშვობის მეგობარი, გიგი ქარსელაძე მოვიდა და მითხრა, - მოდი, თეატრალურ უნივერსიტეტში ჩავაბაროთ. იქ მაგარი გართობაა, კარგი გოგონებიც არიანო. მომზადება დავიწყეთ. მისაღები გამოცდები წარმატებით ჩავაბარეთ, უმაღლესი ქულები დავაგროვეთ და ჯგუფელები გავხდით. ახლა ორივე ერთ თეატრში ვთამაშობთ. გიგის მადლობელი ვარ: მას ჩემთვის ეს იდეა რომ არ შემოეთავაზებინა, დღეს სად ვიქნებოდი, არ ვიცი. ბავშვობაში პიონერთა სასახლეში, დრამწრეზე დავდიოდი; 11-12 წლის ასაკში სპექტაკლებშიც ვთამაშობდი, მაგრამ მერე ფეხბურთმა გამიტაცა, სხვა ინტერესები გამიჩნდა.
- პროფესიულ სცენაზე შენი პირველი როლი რომელი იყო?
- II კურსზე ვიყავი. ქალბატონი მანანა ბერიკაშვილი პუბლიცისტურ სპექტაკლ "ბედნიერ ერზე" მუშაობდა. კასტინგზე მივედი, თან ძალიან ვნერვიულობდი. იმავე დღეს ქალბატონმა მანანამ მითხრა: ხვალ რეპეტიციაზე მოხვალო. მაშინ ეს ჩემთვის შოკი იყო. მახსოვს, თეატრალურში რომ ჩავაბარე, ძალიან ბედნიერი ვიყავი, მაგრამ 100-ჯერ მეტად ბედნიერი გახლდით, როცა რეპეტიციაზე პირველად დამიბარეს. მერე მომცეს როლი "მარტოობის დღესასწაულში", შემდეგ დავით დოიაშვილმა "საშობაო ზღაპარში" დამაკავა, რასაც ჩემი შტატში აყვანა მოჰყვა. 18 წლის ბიჭისთვის ეს ძალიან დიდი წარმატება იყო. რეპეტიციების გამო ინსტიტუტში ხშირად ვერ დავდიოდი. პედაგოგები თეატრში მოდიოდნენ, ჩემს სპექტაკლებს ნახულობდნენ და ჩათვლებს ისე მიწერდნენ. არჩევანის წინაშე აღმოვჩნდი: ან თეატრში მუშაობაზე უნდა მეთქვა უარი, ან ინსტიტუტში სიარულზე. გავრისკე და თეატრი ავირჩიე.
- ლექციებს რომ არ ესწრებოდი, ამით არაფერი დაგაკლდა?
- არა. აქაური პრაქტიკა სულ სხვა რამეა. თეატრში ასაკით ყველაზე პატარა ვარ და უფროსი მეგობრები ცდილობდნენ, ჩემთვის თავიანთი ცოდნა გაეზიარებინათ. მოკლედ, დიდი გამოცდილება მივიღე.
- იღბლიანი ყოფილხარ.
- იღბლიანიც ვარ და მშრომელიც! წინააღმდეგობებს ვაწყდები, მაგრამ დასახული მიზნისკენ შეუპოვრად მივიწევ. არ არსებობს ბარიერი, რომ ვერ გადავლახო... რეცენზიები რომ იწერებოდა, ამას იმდენად განვიცდიდი, წაკითხვასაც ვერ ვახერხებდი, სხვას ვაკითხებდი. ჯანსაღი კრიტიკაც მომისმენია და შენიშვნებიც გამითვალისწინებია.
- "გოგონა გარეუბნიდან" ის სერიალია, რომელმაც პოპულარობა მოგიტანა.
- ნამდვილად, ამ სერიალმა დიდი პოპულარობა მომიტანა, განსაკუთრებით - IX სერიიდან. ხალხმა ჩემი გმირი - ლევანიე ხომერიკი შეიყვარა. ქუჩაში ყველა მცნობს და მიღიმიან, თბილ სიტყვებს მეუბნებიან, მეხუტებიან კიდეც. მიხარია, რომ მაყურებლისგან აგრესია არასდროს მიგრძნია. მე და დათო ჭაბაშვილმა (სერიალის რეჟისორმა) განვსაზღვრეთ, როგორი უნდა ყოფილიყო ჩემი გმირი. ორიგინალში ეს პერსონაჟი გეია. არ მინდოდა, ხომერიკი გეი ყოფილიყო. ვცდილობდი, ისე მეთამაშა, "გამავალი" პერსონაჟი არ ვყოფილიყავი. ძალიან მინდოდა, ჩემი გმირი ხალხს დამახსოვრებოდა.
- ეს ნამდვილად გამოგივიდა! გეის არასდროს ითამაშებ?
- არასდროს ვითამაშებ ისეთ გეის, რომელსაც ინტიმური სცენების შესრულება მოუწევს, მაგრამ კომედიაში - უარს არ ვიტყვი. გეებს არ ვერჩი. ყველას თავისი ცხოვრების წესი აქვს, მაგრამ მთავარია, ამით მე არ შემაწუხონ, თორემ მერე ცუდად მოვიქცევი.
- რომელიმე როლის შესრულებაზე ხომ არ ოცნებობ?
- დორიან გრეის თამაში მინდა. ოსკარ უაილდის "დორიან გრეის პორტრეტი" პირველად ინგლისურად წავიკითხე. ამ ნაწარმოებმა დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა. მერე რუსულად წავიკითხე, მერე - ქართულად და სულ გადავირიე. მთავარი გმირი ძალიან დიდ მეტამორფოზას განიცდის; ისე იცვლება, რომ ვფიქრობ, ნებისმიერი მსახიობისთვის საინტერესო როლი იქნება.
- ოჯახში შენი პოპულარობა ახარებთ?
- ძალიან! ცდილობენ გვერდით დამიდგნენ. სახლში ჟურნალ-გაზეთების "გორები" დგას. დედა განსაკუთრებით აქტიურია - მეზობლებსა და ნათესავებს ჩემს ინტერვიუებს აკითხებს.
- და-ძმა გყავს?
- დედისერთა ეგოისტი ვარ.
- ვიცი, შეყვარებული ხარ.
- 2 წელია, შეყვარებული ვარ. ჩემი რჩეული თამთა შალამბერიძეა. ის "ოცნების ქალაქის" გადაღებისას გავიცანი.
- ამ ფილმში არ თამაშობ და გადაღებაზე რა გინდოდა?
- ერთ დღეს გადაღებაზე მეგობრებთან - ნანკა კალატოზიშვილთან, რუსკა მაყაშვილთან და აჩი სოლოღაშვილთან - მივედი. აღმოჩნდა, რომ თამთაც მეგობართან იყო მოსული.
- მისით დანახვისთანავე მოიხიბლე?
- მოვიხიბლე კი არა, იმ საღამოს "გავჭედე". იქ უამრავი მოდელი, ლამაზი გოგო ტრიალებდა, მაგრამ თამთა რომ დავინახე, გარშემო ყველა და ყველაფერი წაიშალა...
- თამთა "ნუცას სკოლელია". მანამდე მის შესახებ არაფერი იცოდი?
- დილით ადრე ადგომა არ მიყვარს და შესაბამისად, ვერც დილის გადაცემებს ვუყურებ. თამთა "ნუცას სკოლაში" რომ მენახა, შეიძლება მისთვის ყურადღება არც მიმექცია. კადრები მოგვიანებით ვნახე და ვუთხარი: გოგო, რას ჰგავხარ-მეთქი (იცინის)?!
- პირველი შეხვედრის შემდეგ ურთიერთობა მალე ააწყვეთ?
- ჩვენ საერთო მეგობრები არ აღმოგვაჩნდა. იმ საღამოს მისი ერთი მეგობრისგან (რომელიც თავად რამდენიმე საათის გაცნობილი მყავდა) გავიგე, რომ თამთა შეყვარებული იყო. რაღა უნდა მექნა? მეორე დღეს გადაღებაზე ისევ ორივენი აღმოვჩნდით. თამთას მეგობარმა მითხრა, - გუშინ გეხუმრე, შეყვარებული არ ჰყავსო. მეც აღარ დავაყოვნე და თამთასთან მივიჭერი, მისი მობილური ავიღე და ფოტოების თვალიერება დავიწყე.
- არ გაგიბრაზდა?
- მოგვიანებით მითხრა: ისე იქცეოდი, ვერც კი გაგიბრაზდიო. ურთიერთობის აწყობა არ გაგვჭირვებია, ერთმანეთში ბევრი საერთო რამ აღმოვაჩინეთ.
- რით ჰგავხართ ერთმანეთს?
- ყველაფრით. ხანდახან გამაღიზიანებლადაც კი ვგავართ ერთმანეთს. გაცნობიდან 2 კვირაში ისეთი განცდა გვქონდა, თითქოს ერთურთს მთელი ცხოვრება ვიცნობდით. თავიდან დავმეგობრდით, გრძნობებზე ნაკლებად ვლაპარაკობდით, მაგრამ სულ ერთად ვიყავით, დავბოდიალებდით. უმისამართოდ ხეტიალის შემდეგ მივხვდი, მასთან მეგობრობაზე მეტი რამ მაკავშირებდა და ამას ისიც მიხვდა.
- სიყვარული როგორ აუხსენი?
- არაფერი ორიგინალური არ მომიფიქრებია. ხორვატიაში ვიყავი ერთი კვირა და თამთას გარეშე რა დამემართა, ვერ აღგიწერ. ძალიან მომენატრა. მისი ფოტოები ამოვბეჭდე და კედელზე გავაკარი. იმედა არაბული მეუბნებოდა: ბიჭო, რას აკეთებ, გოგო ცოცხალია და რა სურათების გადიდება დაიწყეო?! ხორვატიიდან რომ ჩამოვედი, მაინც საკუთარ თავს ვცდიდი, - მონატრებაში არ ამერიოს-მეთქი. მაშინ ვუთხარი: რაღაცის თქმა მინდა, მაგრამ საკუთარ თავში დარწმუნებული არ ვარ, რაღაცების გასარკვევად დრო მჭირდება-მეთქი. ბუნებრივია, მიხვდა, ეს "რაღაც" რა იყო, მაგრამ არაფერი უთქვამს. მერე ისრაელში გვქონდა გასტროლი და თამთას გარეშე იქ კიდევ უფრო მეტად გამიჭირდა. ჩამოვედი თუ არა, მასთან მივედი და ვუთხარი: მიყვარხარ-მეთქი. ეს იყო და ეს. ამ ამბიდან ერთი კვირის შემდეგ თავადაც იგივე სიტყვები მითხრა.
- თამთა შენი მომავალი კოლეგაა. სამსახიობოზე სწავლობს, არა?
- II კურსზეა, ნუკრი ქანთარიას ჯგუფშია.
- მის პროფესიულ არჩევანზე გავლენა შენ ხომ არ იქონიე?
- პირიქით - მისი მსახიობობის წინააღმდეგი ვარ და ამას ხმამაღლა ვამბობ.
- რატომ?
- არ მსურს ამ პროფესიით იმუშაოს. სულ მინდოდა, სიმღერას გაჰყოლოდა, მაგრამ სიმღერა მისთვის მეორეხარისხოვანი გახდა.
- მაინც არ ამიხსენი, მისი მსახიობობა რატომ არ გინდა?
- ამ პროფესიაში ბევრი რამ გამართლებაზეა დამოკიდებული და საკუთარი თავის რეალიზება რომ ვერ მოახდინოს, გული ეტკინება, მე კი ეს ყველაზე ნაკლებად მინდა. სხვათა შორის, ეს გულისტკენა გარკვეულწილად, საკუთარ თავზეც გამომიცდია.
- როცა ამ თემაზე ელაპარაკები, რას გეუბნება?
- მე ყველაფრისთვის მზად ვარო, - გაიძახის. ისეთი შემართებითაა, რომ ვეუბნები: მიდი, ბაჩა, აბა, შენ იცი-მეთქი.
- ბაჩა შენ შეარქვი?
- ჰო, ასე ვეძახი. ახლახან აღმოვაჩინე, რომ თურმე მამაც ასე ეძახდა დედაჩემს.
- თავად რას გეძახის?
- კინკრიხოს. ვეუბნები, - ჩუმად მაინც თქვი, არავინ გაიგონოს-მეთქი (იცინის).
- როგორ ერთობით?
- თავიდან სად აღარ დავხეტიალებდით, შეგვეძლო მთელი დღე გვებოდიალა. ახლა ჩემთან, სახლში ავდივართ და ფილმებს ვუყურებთ, მერე ვარჩევთ.
- თამთას მშობლებმა როგორ მიგიღეს?
- თამთას მამა 3 წლის წინ გარდაეცვალა, დედასთან კი კარგი ურთიერთობა მაქვს. განსაკუთრებით კარგად ვარ მამიდასა და მამიდაშვილთან. ჩვენ მათი ხშირი სტუმრები ვართ.
- პოპულარული რომ ხარ და ბევრ გოგოს მოსწონხარ, თამთა არ ეჭვიანობს?
- არა, რადგან ერთმანეთს ვენდობით. ხშირად ყოფილა შემთხვევა, უცნობებს ქუჩაში გავუჩერებივარ და ჩემთან ერთად სურათის გადაღება უთხოვიათ. ამ დროს თამთა "დაქაჩული" თვალებით იდგა ხოლმე, მაგრამ მერე ამაზე ორივე ბევრს ვიცინოდით.
- თქვენი ურთიერთობა ქორწინებით დაგვირგვინდება?
- ცოტა ხნის წინ ჩვენმა მეგობარმა - აჩი სოლოღაშვილმა ჯვარი დაიწერა. ეკლესიაში მათ შემდეგ, ყურადღების ცენტრში ჩვენ ვიყავით და ყველა იმას გვეუბნებოდა: ჰა, აბა, რას შვრებით? იცოდეთ, ახლა თქვენი ჯერიაო. ნუცამ თაიგული რომ ისროლა, თამთა ჩემკენ გამოიქცა, - უნებურად არ დავიჭირო, ასეთი რამეების მჯერაო. წინასწარ არ გვინდა რაღაცები დავგეგმოთ.
- თამთას გაოცებას ხშირად ახერხებ?
- ხშირად - ვცდილობ. ეს იმდენად ინტიმურია, მოსაყოლადაც არ ღირს. ჩვენ ერთმანეთს ცხოვრებას ვუფერადებთ, ვუხალისებთ და ვულამაზებთ...
თამუნა კვინიკაძე
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)