მხატვართა კავშირის თავმჯდომარის არჩევნები არაერთხელ მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში, გამონაკლისი არც ბოლო არჩევნები იყო, რომელზეც დიდი ხმაურის შემდეგ, თავმჯდომარედ ერთ-ერთი კანდიდატი, ციცინო მჭედლიძე აირჩიეს. ამის შემდეგ, მხატვრებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა. მხატვართა დიდი ჯგუფი კენჭისყრის შედეგებს ეჭვქვეშ აყენებს და ალტერნატიული შემოქმედებითი გაერთიანების შექმნას აპირებს. ამ საკითხზე მხატვართა კავშირის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი ყოფილი კანდიდატი, მხატვარი გურამ ცერცვაძე გვესაუბრება:
- მხატვართა კავშირის თავმჯდომარის არჩევნებზე გაყალბება უკვე წესად იქცა. ეს არჩევნები, ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, ფაქტობრივად, სამჯერ მოვიგე, მაგრამ სამჯერვე აკრძალული მეთოდები გამოიყენეს ჩვენს წინააღმდეგ კომისიის წევრებმა, 25 ხმა გააუქმეს. ამიტომ მხატვრებმა გადავწყვიტეთ, დავტოვოთ მხატვართა კავშირი. ჩვენს წინააღმდეგ აშკარად მოქმედებენ გარკვეული ძალები, ცდილობენ ჩემს დისკრედიტაციას. ვხედავ, ისინი დაინტერესებულნი არიან, არაფრით დაუშვან ჩემი მისვლა მხატვართა კავშირის სათავეში. არის საკითხის პოლიტიზების მცდელობაც.
- ალტერნატიულ მხატვართა კავშირს შექმნით?
- მას არ ერქმევა "კავშირი", ეს იქნება გაერთიანება, რომელიც შეიქმნება "შემოქმედებითი კავშირების შესახებ" კანონის მიხედვით, ახალი წესდებითა და პროგრამით. თავისუფალნი ვიქნებით მხატვართა იმ კავშირის მემკვიდრეობისგან, რომელიც თავისი მენტალიტეტით, სტრუქტურით 1960-იან წლებში დარჩა. ჩვენ მიერ შექმნილი ახალი ორგანიზაცია ქართული ხელოვნების, კერძოდ, მხატვრობის განვითარებისა და მხატვართა პრობლემების გადაჭრაზე იზრუნებს. ხელისუფლებისგან მოვითხოვთ იმ ქონების გადმოცემას, რაც კანონით გვეკუთვნის.
ნინო კვიტაშვილი
![]()
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)