ამერიკელმა სპეციალისტებმა მართვადი ტყვია შექმნეს

ამერიკელმა სპეციალისტებმა მართვადი ტყვია შექმნეს

თანამედროვე ტექნოლოგიები მეცნიერებსა და სპეციალისტებს წარმოუდგენელი შესაძლებლობების იარაღის შექმნის საშუალებას აძლევს. ის, რაც რამდენიმე წლის წინ ყოვლად წარმოუდგენელი იყო, დღეს რეალობად იქცა. როგორც ჩანს, ამერიკელმა მეცნიერებმა პენტაგონს დიდი ხნის სურვილი აუსრულეს - სანდიას ნაციონალური ლაბორატორიის მეცნიერებმა გლუვლულიანი ხელის იარაღისთვის მართვადი ქვეკალიბრული ტყვია შექმნეს.

მართვადი ტყვიის შექმნის სურვილი პენტაგონმა ჯერ კიდევ 2008 წლის ბოლოს გამოთქვა და მსხვილკალიბრიანი სნაიპერული შაშხანებისთვის მართვადი ტყვიების შესაქმენლად 22 მილიონი დოლარი გამოყო. აშშ-ის თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნების თქმით, მსგავსი ტყვიები ბრძოლის დროს, ჯარისკაცებს საბრძოლო მასალის დაზოგვის საშუალებას მისცემენ, სნაიპერების მოქმედების ეფექტურობა კი ერთ-ორად გაიზრდება.

მართვადი ტყვიის შექმნის იდეით ამერიკელი სამხედროები უკვე მრავალი წელია არიან შეპყრობილნი. ქვემეხებისთვის განკუთვნილი მართვადი საარტილერიო ჭურვების შექმნისგან განსხვავებით, სნაიპერული იარაღისთვის მართვადი ტყვიების შექმნა მრავალ პრობლემასთან იყო დაკავშირებული. ტყვიის ზომებიდან გამომდინარე, საჭირო იყო ძალზე მცირე ზომების ელექტრონული შიგთავსის შექმნა.

2008 წლის დეკემბერში, აშშ-ის თავდაცვის უწყების სამეცნიერო კვლევითმა ცენტრმა - DARPA, ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც მონაწილეობის სურვილი ორმა კომპანიამ გამოთქვა. ტენდერის პირობების თანახმად, მონაწილეებს საკუთარი ძალისხმევით, მსხვილკალიბრიანი (12,7 მმ) სნაიპერული შაშხანები უნდა შეექმნათ, რომლებიც ახალი თაობის სამიზნეებით იქნებოდნენ აღჭურვილნი. ოპტიკური სისტემის გარდა, სამიზნეში ტყვიის დამიზნებისთვის საჭირო ლაზერული მოწყობილობაც უნდა ყოფილიყო ჩამონტაჟებული.

სანდიას ნაციონალურ ლაბორატორიაში შექმნილი ტყვიის ცხვირა ნაწილში ოპტიკური სენსორია განლაგებული, მის უკან კი ძალიან მცირე ზომის ელექტონული სისტემა, აკუმულატორი და ელექტრომაგნიტური მოწყობილობები, რომლებიც ძალიან თხელი მართვის ზედაპირების მოძრაობას უზრუნველყოფენ. ყველაფერი ეს იმდენად მინიატურულია, რომ ტყვიის კორპუსშია ჩატეული.

ამ უნიკალური გამოგონების ავტორების მტკიცებით, ასეთი ტყვიის გამოყენება, მიზანში სასროლად 2000 მ-მდე დისტანციებზე შეიძლება. შესაბამისად მსხვილკალიბრიანი სნაიპერულ შაშხანებში ის შეუცვლელი იქნება. დღეისთვის შექმნილი მართვადი ტყვიის სიგრძე 10 სანტიმეტრზე ოდნავ მეტია.

ამჟამინდელი პროტიტიპი გასროლის შემდეგ ლაზერის სხივით იმართება. ანუ მისი მიზანში მორტყმისთვის საჭიროა, რომ სამიზნე ლაზერის სხივით იყოს მონიშნული. კომპიუტერულმა სიმულაციამ აჩვენა, რომ მსხვილკალიბრიანი სნაიპერული შაშხანიდან გასროლილი ჩვეულებრივი ტყვია, 1000 მეტრზე სროლისას, სხვადასხვა ფაქტორების გამო მიზანს შეიძლება 6-7 მეტრით ასცდეს. ლაზერით მართვადი ტყვიის შემთხვევაში კი ეს სიდიდე მხოლოდ 0,2 მეტრით განისაზღვრება.

მაგრამ მიზანში სროლამდე ჯერ კიდევ შორია. ამჟამად უნიკალური კონსტრუქციის ტყვია გამოცდებს გადის. პირველ რიგში, სპეციალისტები დარწმუნდნენ, რომ ტყვიაში ჩადებული ელექტონული შიგთავსი უძლებს გასროლისას წარმოქმნილ დიდ აჩქარებასა და დატვირთვებს.

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, 30 მმ-იან ჭურვშიც კი ელექტრონული შიგთავსის ჩამონტაჟება, გასროლის შემდგომ მის სამართავად, წარმოუდგენელი სირთულის ამოცანას წარმოადგენდა. განსაკუთრებით პრობლემატური საკითხი, ჭურვის ფრენისას, მისი ბრუნვით წარმოქმნილი გადატვირთვები იყო, რაც ელექტრონიკის მუშაობაზე უარყოფითად აისახებოდა.

ამოცანის გასამარტივებლად, სუპერ-ტყვიის შემქმნელებმა უარი თქვეს კუთხვილიან იარაღზე და არჩევანი გლუვლულიანზე შეაჩერეს. მართალია, მცირე ზომის ფრთებით აღჭურვილი ელექტრონული ტყვია მაინც ბრუნავს ფრენის დროს, მაგრამ მისი ტემპი წამში მხოლოდ 2-3 ბრუნს შეადგენს. ეს კი კუთხვილიანი შაშხანიდან ნასროლ ტყვიასთან შედარებით 3-4-ჯერ ნაკლებია.

ამჟამად მიმდინარე გამოცდებისას, გასროლის შემდეგ ტყვიის ფრენის საშუალო სიჩქარე 732 მეტრი წამშია, რაც დაახლოებით 2635 კმ/სთ-ის ექვივალენტურია. მაგრამ ამერიკელები ირწმუნებიან, რომ სიჩქარის გაზრდა კიდევ შეიძლება.

ნუკრი მგელაძე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე