ამერიკელ სამხედროებს სხვადასხვა "ნოუ ჰაუ" ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილი "სათამაშოები" რომ ხიბლავთ, ახალი ამბავი არ არის. ჯერ იყო და სტრატეგიულ თავდაცვით ინიციატივას ქმნიდნენ. შედმგომ საბრძოლო ლაზერებზე გადაერთვნენ. ბოლო დროს კი DARPA-ს დაკვეთით, კომპანია BAE Systems ახალი თაობის იარაღზე მუშაობს, რომლის ხილვაც დღემდე მხოლოდ ფანტასტიკურ ფილმებში შეიძლებოდა. ეს ლიანდაგური ქვემეხია, რომელსაც ასევე "რეილგანს" უწოდებენ.
მისი მოქმედების პრინციპი ძალიან მარტივია - ორი პარალელურ ელექტროდს (ლიანდაგები) შორის ელექტროგამტარ ობიექტს ათავსებენ, რომელიც თავის მხრივ, ჭურვს წარმოადგენს. ელექტროდებზე მუდმივი დენის მოქმედებით, ელექტრული წრედი იკვრება და გარკვეული ფიზიკური ძალების მოქმედებით, ჭურვი მოძრაობას იწყებს. მართალია ამ ყველაფერს ძალიან დიდი ენერგია სჭირდება, მაგრამ ამგვარ იარაღს თავისი პლუსები მაინც აქვს.
საქმე ის არის, რომ ლიანდაგურ ქვემეხებს 10-15 კგ-იანი ჭურვები ისეთ სიჩქარეებამდე მიყავთ, რომლელზე ჭურვს სამიზნის გაანდგურება მხოლოდ კინეტიკური ენერგიის ხარჯზე შეუძლია. ანუ სამიზნეში მოხვედრისას, ჭურვის დეტონაცია, მასში ფეთქებადი მასალის არარსებობის გამო არ ხდება. მარტივად რომ ვთქვათ, "რეილგანების" ჭურვები ფოლადის უბრალო ლუგვებია.
ამ ტიპის იარაღით DARPA 1990-იანი წლების დასაწყისში დაინტერესდა. მისი პერსპექტიულობის სათანადოდ შეფასების შემდეგ, გადაწყდა, რომ 2020 წლისთვის რეგულარულ არმიაში მოქმედი პროტოტიპების გადაცემა მოხდება. 2007-ში პირველი სერიოზული ექსპერიმენტები და პირველი გასროლაც ჩატარდა. ჭურვის ფრენის საწყისმა სიჩქარემ წამში 2520 მეტრი შეადგინა, რაც ბგერის სიჩქარეს რვაჯერ აღემატება.
დღეს ამ ერთობ უცნაური ქვემეხის გამოცდის ფარგლებში 1000-ზე მეტი საცდელი გასროლა შედგა.
ამ ქვემეხების კიდევ ერთი ნაკლი, მათ მსხვილ გაბარიტებში მდგომარეობს. ამიტომაც DARPA-მ, კომპანია Raytheon-თან 10 მილიარდის ოდენობის კონტრაქტი გააფორმა. გარიგება "რეილგანებისთვის" კომპაქტური ენერგიის წყაროს შექმნას ითვალიწინებს, რომელთა განლაგებაც სამხედრო ფლოტის ხომალდებზე იქნება შესაძლებელი.
მალე 155 მმ-იანი "რეილგანს" უახლეს ამერიკულ საესკადრო ნაღმოსნებზე გამოიყენებენ. "ზუმვალტის" კლასის პირველი ხომალდი მწყობრში 2013 წლისთვის ჩადგება. ხომალდს საკმაოდ უცნაური ფორმები აქვს, რაც მასში "სტელსის" ტექნოლოგიების გამოყენებით არის განპირობებული.
2005 წელს ჩატარებული გამოცდებისას, ქვემეხიდან გასროლილმა ჭურვმა სამიზნის განადგურება 110 კმ-ის დისტანციაზე შესძლო. ჭურვის ფრენის ხანგრძლივობამ 280 წამი შეადგინა.
"ზუმვალტზე" რელსური ქვემეხის დატენვას სპეციალური მექანიზმი უზრუნველყოფს. შესაბამისად ადამიანს მხოლოდ თითის ღილაკზე დაჭერა დასჭირდება. ყოველი გასროლის შემდეგ, ლულა გაგრილებას საჭიროებს, რისი უზრუნველყოფაც წყლის გამოყენებით ხდება.
როგორც ჩანს, ფლოტის მოდერნიზაციის საკითხს ამერიკელები სერიოზულად მიუდგნენ. ახლო მომავალში რაკეტებთან ერთად, "რეილგანების" გამოყენებაც მოხდება. ამ უკანასკნელის შემთხვევაში, მის სასარგებლოდ რაკეტების მეტისმეტად დიდი ღირებულება მეტყველებს. "რეილგანი" გაცილებით ძვირადღირებული სიამოვნებაა, მაგრამ რაკეტებისგან განსხვავებით, ჭურვები, რომლებსაც ის იყენებს გაცილებით, უფრო იაფი ღირს. გარდა ამისა, რაკეტისგან განსხვავებით, ჰიპერბგერითი სიჩქარით მფრენი ჭურვისთვის გზის გადაჭრა შეუძლებელია.
ნუკრი მგელაძე